ტარიელ ნაკაიძე: „პოლიტიკაში წასვლა მუსლიმ მრევლთან შევათანხმე“

რა გეგმებით მოდის პოლიტიკაში? რომელ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას? რამ განაპირობა მისი პოლიტიკაში წასვლა და რას შეცვლის „მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე თავისი ამომრჩევლისთვის?
აღნიშნული თემებების შესახებ „ქრონიკა+“ ტარიელ ნაკაიძეს ესაუბრა:

_ ბატონო ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
_ მიმაჩნია, რომ რასაც ვაკეთებდი „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარის რანგში, გარკვეული პოლიტიკა აქაც იყო: მიწევდა ადამიანის უფლებების დაცვა, მუსლიმი თემის უფლებების დაცვა და არა მარტო რელიგიურ ჭრილში საქმიანობა, არამედ საზოგადოებრივი მიმართულებითაც. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოცდილებაც შევიძინე. 2010 წლიდან მოყოლებული, მუსლიმ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ. ზოგადად, თემი უნდა იყოს ძლიერი, აქტიური და, შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს ვინმემ თემიდან, რომელიც ამ ქვეყნის მართვაში შეძლებს მონაწილეობას. ამიტომ, დაახლოებით, რვა თვის განმავლობაში დავდიოდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც კონკრეტულად ეკომიგრანტები, აჭარლები ცხოვრობენ. ისინი ერთი რეგიონიდან არიან. მათთან ვსაუბრობდი, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. ძირითადად, ყველას სურვილი იყო, რომ მათი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო პოლიტიკაში, რამაც მიბიძგა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო და პოლიტიკაში წავსულიყავი. ეს არ არის ერთი და ორი დღის ნაფიქრი, საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
_ რომელ პოლიტიკურ პარტიაზე შეაჩერეთ არჩევანი, სად გიხილავთ?
_ შემოთავაზება გვქონდა „ევროპული საქართველოდან“, იყო სხვა პარტიებიც, მაგრამ მათ ვერ დავასახელებ, რადგან უკვე მივიღე გადაწყვეტილება და ეს არ იქნება სწორი. „ევროპული საქართველოს“ შემოთავაზება ჩემთვის მომხიბვლელი იყო არა მარტო პირადი, არამედ მათი საქმიანობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მოსვლა არ გულისხმობს, რომ მხოლოდ დეპუტატი ვიყო. მინდა, ვაკეთო პოლიტიკა, წარმოვადგინო ადამიანები, კუთხე, ასევე თემი. პრიორიტეტი იქნება საკითხთა მრავალფეროვნება და მხოლოდ მუსლიმი თემის მიმართულებით არ ვიმუშავებ. ჩემი ხმა, უფრო სწორად, მათი ხმა, კარგად უნდა წარმოვაჩინო საკანონმდებლო დონეზე. ამ მიმართულებით „ევროპულ საქართველოს“ ჩემთვის მისაღები ღირებულებები აქვს და უფრო მეტად ჩამოყალიბებული აზრი ზოგად პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თემებზე. არ ვემხრობი, როდესაც პოლიტიკური პარტიის თავში ერთი ადამიანი ზის და ყველა მასზეა დამოკიდებული, რასაც ის იტყვის, უნდა შესრულდეს და თუ რამეში არ ეთანხმები ჩუმად უნდა იყო. „ევროპულ საქართველოში“ მსგავსი არაფერი ხდება. აქ შესაძლებლობა გაქვს, საკუთარი თავი წარმოაჩინო, ღიად გამოთქვა აზრი, თუნდაც შენი პოზიცია არ იყოს პარტიისთვის მოსაწონი. პარტიის ასეთმა პოზიციამ უფრო მეტად მომცა სტიმული. ჩვენი ღირებულებების ორბიტა ერთმანეთს ემთხვევა, _ ეს არის ლიბერალური, პროდასავლური დამოკიდებულებები, რაც მეტ შანსს მაძლევს, რომ ამ მიმართულებითაც განვავითარო თემიც, კუთხეც და საკუთარი თავიც. აი, ყოველივე ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ვითანამშრომლო ამ პარტიასთან.
_ მუსლიმ მრევლზე როგორ აისახება პოლიტიკაში თქვენი წასვლა?
_ ეს გადაწყვეტილება მუსლიმ მრევლთან ერთად მივიღე, რადგან „მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი“ ვიყავი და ვალდებულად მივიჩნიე თავი, მათთან გამევლო კონსულტაციები. ეს ნაბიჯი უფრო მათი სურვილიდან გამომდინარე გადავდგი. ისინი ფიქრობენ, რომ „მუსლიმთა კავშირში“ საკმაოდ ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებდი როგორც თემისთვის, ასევე ქვეყნისთვის და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობით უფრო გავაღრმავებდი მუშაობას. ამდენად, მუსლიმ თემში არანაირი განხეთქილება არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ძალიან სერიოზულ ხაზზეც გავდივარ, არასდროს ვარ იმის მომხრე, რომ რელიგიამ პოლიტიკა გადაკვეთოს, იქნება ეს ქრისტიანული თუ მუსლიმური. ორივე რელიგიას თავისი დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში უფრო თემის წარმომადგენლობაზე ვისაუბრებ, ვიდრე რელიგიური თემით პოლიტიკაში შესვლაზე. ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა, რომ წითელი ხაზები არ გადავკვეთო, სახელმწიფოს პოლიტიკურ ვექტორს არ გადავუხვიო და არ დავაზიანო, ერთი მხრივ, ქვეყანა და მეორე მხრივ, არ შევლახო ვინმეს რელიგიური გრძნობები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც და სერიოზული გარდატეხაც არის საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე, რადგან ჩემი ბეგრაუნდის ადამიანი პოლიტიკაში ჯერ არ ყოფილა და, ჩემი აზრით, შეიძლება ამით ძალიან კარგი რაღაც შევძინო ქართულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, მეყოლებიან მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ეს პოლიტიკის მთავარი ნაწილია.
_ თქვენ იცით, რა პრობლემებიც აქვს მუსლიმ მრევლს აჭარაში. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მათ დახმარებას? მათი მთავარი პრობლემა მეჩეთია, რათა ღია ცის ქვეშ არ მოუწიოთ ლოცვა. ამ მხრივ რა გეგმები გაქვთ?
_ ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება პრობლემების მიმართ არის შემდეგნაირი: ნებისმიერი საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს. მეჩეთის საქმე უკვე გასაჩივრებულია და, შესაბამისად, ეს თემა ამოწურულია. სასამართლოს სხვა გზა არ დარჩება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს: ეს სამართლიანი დავაა, ბათუმში მყოფ მუსლიმებს ეკუთვნით შენობა, რასაც ჰქვია მეჩეთი და სადაც ისინი შეძლებენ ლოცვას. ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკური ნება! მე მხოლოდ ხელს ვუწყობ ამ პოლიტიკური ნების აღსრულებას. პოლიტიკაში იმიტომ არ მოვდივარ, რომ მეჩეთის საკითხი გადავწყვიტო, იგი უჩემოდაც გადაწყდება, რადგან ქვეყანას აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა. სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმებმა შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, იქ უკვე დროებითი მეჩეთი დგას და 2017 წლის შემდეგ ყველა რიტუალი სრულდება. რეალურად, მეჩეთი არსებობს, მხოლოდ შეუსაბამო შენობაა და ამიტომ ლოცულობს ხალხი ქუჩაში. დაახლოებით 2-3 ათას კაცამდე ყოველ პარასკევს იკრიბება და ლოცულობს.
_ ბატონო ტარიელ, რომელ ოლქში იქნებით? ინფორმაცია გვაქვს, რომ მაღალმთიან რაიონში, კერძოდ კი ხულოში აპირებთ ბრძოლას.
_ ოლქებთან დაკავშირებით ჯერ თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს _ დედაქალაქში პარტიებს შორის შეთანხმება მიმდინარეობს. ჩვენ მთავარ ნაწილში შევთანხმდით, რომ მე უნდა ვიყო ამ პარტიასთან, ამის შემდეგ კი გაჟღერდება, თუ რომელ ოლქში ვიყრი კენჭს.
_ რა იქნება თქვენი მთავარი გეგმები რეგიონში?
_ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი არაა ვალდებული, გზებს აკეთებდეს, ქუჩაში იდგეს და რაღაც ისეთ თემებს არჩევდეს, რომელიც მუნიციპალურ საქმიანობას ეხება. მე არ ვიქნები და ვერ ვიქნები ტენდერების დეპუტატი, მე ვიქნები ხმა ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ პრობლემები, გაჭირვება და ეს პრობლემა უნდა მოუგვაროს ხელისუფლებამ და არა დეპუტატმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე უნდა ვიყო ხმა, ვინც მოსახლეობის პრობლემებზე დაელაპარაკება ხელისუფლებას და ფაქტებზე პირუთვნელად ისაუბრებს. ამ მხრივ საკმაოდ მკაცრი ვიქნები და შევეცდები, არ გავჩუმდე! გამოვიყენებ იმ ტრიბუნას, რომელიც საშუალებას მომცემს, ღიად გავაჟღერო ჩემი ამომრჩევლის ტკივილი.
სამწუხაროდ, აქამდე თუნდაც ზემო აჭარაში არსებული პრობლემების შესახებ არსად გახმოვანებულა, აჭარელ პოლიტიკოსებს ამაზე არაფერი უთქვამთ. ისინი რეალურად სხვა საქმიანობებით არიან დაკავებულები, ვიდრე პოლიტიკით, ეს ღიადაც ჩანს.
ჩემი პრიორიტეტი იქნება ხალხი.

ხვიჩა მამულაძე