ლაშა ხუსკივაძე: „ახალგაზრდები 2020-ის არჩევნებზე თავის სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვიან!“

ერთი წლის წინ რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტმა სრულიად შეცვალა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის მონაწილეები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა პროტესტი გააგრძელეს სამი მოთხოვნით, მათ შორის, ერთ-ერთი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, ორი კვირის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ჩატარდება.

ვისი მონაპოვარია საკონსტიტუციო ცვლილებები? რა დასკვნების გაკეთება შეიძლება 20 ივნისიდან ერთი წლის თავზე და როგორია ახალგაზრდების როლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „თავისუფალი ზონის“ წევრ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა:

_ ლაშა, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. რა მოცემულობა გვაქვს ამ ეტაპზე? 120/30-ზე რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი?
_ საერთაშორისო მედიატორების დიდმა ძალისხმევამ და ივანიშვილის ისტერიულმა შიშმა, რომ მას ქონებას დაუყადაღებდნენ, თითქმის პროპორციულ საარჩევნო სისტემამდე მიგვიყვანა, რაც იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია. 120/30 სისტემა არის სისტემა, რომელიც დღევანდელ მოცემულობაში, პრაქტიკულად, გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობას და ეს ფაქტი ნამდვილად წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა სპექტრმა შეძლოს ამომრჩევლის ნების დაცვა და არ მისცეს დამნაშავე ხელისუფლებას არჩევნების ტოტალური გაყალბების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამარჯვება რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.
_ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკონსტიტუციო ცვლილებებს თავიანთ დამსახურებად მიიჩნევენ. რეალურად, ვისი დამსახურებაა და როლი ჰქონდა ამ პროცესებში ახალგაზრდებს?
_ ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ ცვლილებები მათი დამსახურება კი არა, ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების აქტიური მუშაობის შედეგად დადგა დღის წესრიგში. ეს იყო ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, რამაც ისინი აიძულა, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათი როლი ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში განუზომელია და ეს არაერთხელ დადასტურდა. ახალგაზრდებმა ბევრჯერ აჩვენეს, რომ ისინი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე შვილები არიან და აღარცერთ ხელისუფლებას _ ხაზს ვუსვამ _ აღარცერთ ხელისუფლებას _ აღარ მისცემენ მათი თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვის უფლებას.
_ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაზედაც მმართველი გუნდი აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა დესტრუქციულობა. როგორ ახსნით ოპოზიციური პარტიის ამ ქმედებას?
_ სისულელეა ეს ყველაფერი. განა, არის კიდევ ვინმე, ვისაც ხელისუფლების ამ რიტორიკის სჯერა? ეს ადამიანები უტიფრად განაგრძობენ საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას და ახლა ცდილობენ, შეთანხმებული მესიჯბოქსით თავს დაესხან მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან გულმხურვალე „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც კი იციან, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ ცვლილებებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი, როდესაც ისინი დარჩნენ პრინციპების ერთგული და მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის პირობებში. ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობაშია, 8 მარტის შეთანხმება არის შეუსრულებელი და სწორედ ამით იხელმძღვანელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
_ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, მმართველი გუნდი ახალ ოპოზიციაზე ალაპარაკდა (დამოუკიდებელი დეპუტატები). რაზე მიანიშნებს ეს გზავნილი?
_ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ცდილობს რადარებიდან გააქროს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას მათი ლიდერების განცხადებებიც მოწმობს. ბუნებრივია, ძალას, რომელსაც სურს ხელისუფლების უზურპაცია, განზრახული აქვს, ხელოვნურად შექმნას კომფორტული ოპოზიცია. ისეთივე „ოპოზიცია“, როგორიც არის პატრიოტთა ალიანსი. ახლა კი, როდესაც პარლამენტში მოხვედრის შანსი უამრავ პარტიას მიეცა, ეს გაცილებით მარტივად ესახებათ და ახალ-ახალი მოძრაობების შექმნას ცდილობენ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი აზრი იმდენად მკაფიოა, „ქართულ ოცნებას“ ვეღარანაირი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მანევრი ვერ იხსნის გარანტირებული მარცხისგან.
_ 20 ივნისის თემასაც მინდა, შევეხოთ: დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ 20 ივნისის მოვლენებს, ფიქრობთ თუ არა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის თავიანთი ინტერესებისთვის გამოყენება სცადეს?
_ 2019 წლის 20 ივნისი იყო დღე, როდესაც ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, კოლაბორაციონიზმმა, ადამიანებს მოთმინების ფიალა აუვსო. არ დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ეს სამართლიანი პროტესტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ეს არ ყოფილა საზოგადოების რომელიმე კონკრეტული სეგმენტის პროტესტი, ეს იყო პროტესტი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფის გამო! ეს იყო პროტესტი ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის გამო! ეს იყო პროტესტი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და სწორედ ამ ყოველივეს გამო პროტესტი არ შეიძლება შეფასდეს ახალგაზრდების ან რომელიმე პოლიტიკური ძალის პროტესტად! ეს იყო გაბრაზებული, ხელისუფლებისა და მტრისაგან დამცირებული, მოტყუებული საზოგადოების პროტესტი!
_ რა შედეგი მოიტანა გავრილოვის ვიზიტის გაპროტესტებამ და რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გადადგომის ნაცვლად, დაწინაურდა და დღეს იგი პრემიერია?
_ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, საზოგადოების უკლებლივ ყველა სფეროს წარმომადგენელი, უამრავი განსხვავების მიუხედავად, ერთმანეთის გვერდით დადგა. ეს იყო მართლაც არნახული ერთობა, რომელიც უკანასკნელ წლებში ნამდვილად აკლდა ჩვენს საზოგადოებას. გავრილოვის ღამემ აჩვენა, რომ ჩვენს ხალხს გადამწყვეტ წამს, მაშინ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხს, ერთად დგომა შეუძლია. ჩვენმა ერთობამ აჩვენა, რომ მიუხედავად ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა, საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვას. ხოლო ის ფაქტი, რომ ამ სისხლიანი ღამის შემოქმედი გახარია დღეს პრემიერ-მინისტრია, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ხელისუფლების მესვეური, ფეოდალი ივანიშვილის დამოკიდებულებას ჩვენი საზოგადოების მიმართ. ივანიშვილს ფეხებზე კიდია ქართველი ხალხის ნება, ის არავის და არაფერს ანგარიშს არ უწევს გარდა ჩრდილოელი ბატონისა და სწორედ ამის ნათელი მაგალითია ქართველი ხალხის სისხლის დამღვრელი გიორგი-რუსი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა. მერწმუნეთ და თქვენი მკითხველიც დამეთანხმება, რომ ქართველი ხალხი არავის აპატიებს ამგვარ შეურაცხყოფას და შემდეგ არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს ოლიგარქსა და მის ლაქიებს.
_ 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდებს სამი მოთხოვნა გქონდათ, თუმცა არც ერთი სრულად არ შესრულებულა. ეს მეტყველებს თუ არა ოპოზიციის სისუსტეზე?
_ ვიმეორებ: ეს არ ყოფილა მხოლოდ ახალგაზრდების პროტესტი, ეს იყო პროგრესულად მოაზროვნე ქართული საზოგადოების პროტესტი. 20 ივნისს რუსთაველზე იყვნენ როგორც ახალგაზრდა, ასევე სხვა თაობის ადამიანები, რომლებიც ერთმა იდეამ გააერთიანა _ არა ოკუპაციას! რაც შეეხება შეთანხმების დარღვევას, ზედმეტი გულუბრყვილობა იქნებოდა დაგვეჯერებინა, რომ ოლიგარქი თავისი ნებით რამეს დათმობდა ან რომელიმე დაპირებას შეასრულებდა. ზედმეტად დიდი წარმოდგენის უნდა ვიყოთ ბიძინა ივანიშვილზე და “ქართულ ოცნებაზე”, რომ მისი დაპირების ვირწმუნოთ. მე პირადად მზად ვიყავი, რომ ივანიშვილი თავისი მაქინაციებით დააპირებდა ფონს გასვლას, რაც გამოიხატა კიდეც კოლექტიური დაჩი ბერაიების ე. წ. პოზიციაში. სინამდვილეში კი კოლექტიური დაჩი ბერაიების დემარში სწორედ სოლოლაკის შუშის კოლბიდან იყო ორკესტრირებული და დირიჟორიც სწორედ ოლიგარქი ივანიშვილი იყო. მთელ ამ პროცესში ჩემთვის, სხვა ყველა საკითხთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების საკითხი. მაშინ, როდესაც გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება, მე პირადად, ძალიან მეუხერხულება, სხვა ყველა საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდო. ქვეყანას, რომელსაც ჰყავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული პოლიტპატიმრები და ასევე შერყეული აქვს საერთაშორისო რეპუტაცია _ მისთვის ეს არის უმთავრესი პრობლემა. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითი, გავიხსენოთ როგორ დაიწყო იანუკოვიჩის რეჟიმის რყევები. გავიხსენოთ მოლდოვის მაგალითი და ყველაფერს თვალნათლივ დავინახავთ. ვერ ჩავთვლი ოპოზიციის სისუსტედ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება არად დაგიდევთ ნებისმიერი ადამიანის ან სუბიექტის აზრს გარდა ერთისა. სწორედ ოპოზიციის მუშაობის შედეგია 8 მარტის შეთანხმება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ოპოზიციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხელისუფლების უპასუხისმგებლობასა და შეთანხმებების უგულებელყოფაზე არასწორად მიმაჩნია.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდების როლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში?
_ ახალგაზრდების როლი ნებისმიერ არჩევნებში შეუფასებელია, თუმცა 2020 არჩევნებში საქართველოს ახალგაზრდობა თავის სათქმელს გაცილებით ხმამაღლა იტყვის, ვიდრე ოდესმე. ამის თქმის საფუძველს მაძლევს განვლილი ბოლო რამდენიმე წელიწადი, როდესაც ახალგაზრდების აქტიურობამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. დიდწილად სწორედ ახალგაზრდების პროტესტმა აპოვნინა ზაზა სარალიძეს სამართალი, სწორედ ახალგაზრდების დაუღალავმა პროტესტმა გამოიტანა სააშკარაოზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ხელისუფლების დანაშაული, სწორედ ახალგაზრდების პროტესტმა აიძულა გახარია, ბოდიში მოეხადა საქართველოს მოსახლეობისთვის. მე მჯერა, რომ ახალგაზრდები 2020 წლის არჩევნებზე თავის სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვიან!
_ 2020 წლის არჩევნების კონტექსტში, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსს, როგორ წარმოგიდგენია საკუთარი როლი?
_ ვიქნები იქ, სადან გამოვადგები ჩემს ქვეყანას, ხალხსა და საერთო მიზანს!

ნენე ინჯგია