რატომ არ მოწმდებიან სკოლების პედაგოგები ტუბერკულოზზე და გვყავს თუ არა დაავადებული მოსწავლეები?!

2018 წელს, როდესაც თბილისის 152-ე ბაგა-ბაღში პედაგოგს ტუბერკულოზი დაუდგინდა, სრულიად მერია ფეხზე დადგა, კახი კალაძემ კი იკადრა და დაინტერესდა, _ რა ხდებაო? მაშინ იყო, აღნიშნული ბაგა-ბაღის დირექტორი რომ გამოვიდა და განმარტება გააკეთა: ჩვენს პედაგოგს, რომელსაც ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა, შესაბამისი პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება გავლილი ჰქონდა… როგორც ჩანს, მერე გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თორემ სამართლებრივად ყველა დოკუმენტი წესრიგში გვაქვს და, ზოგადად, პანიკის საფუძველი არ არსებობსო. იგივე გაიმეორა მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემაც.

„ქრონიკა+“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუას ესაუბრება:
_ 2018 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ტუბერკულოზით ბაგა-ბაღის პედაგოგის დაავადების ერთადერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც 2018 წელს ფართოდ გაშუქდა და დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა. საუბარია 152-ე საბავშვო ბაგა-ბაღზე, რომლის შემდეგაც საპარლამენტო და საკრებულოს კომიტეტის სხდომები იმართებოდა, ხოლო თბილისის მერი ბაგა-ბაღების კონტროლის ახალ რეგულაციებზე ალაპარაკდა. მაშინ გაჟღერდა მხოლოდ ერთი შემთხვევის შესახებ, დღეს კი „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ ხელთ აქვს ნუსხა ტუბერკულოზით დაავადებული ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მათი აღსაზრდელების შესახებ. ასაკობრივი ცენზი ლავირებს 2 წლიდან 60 წლამდე.
_ რომელ საბავშვო ბაგა-ბაღებზეა საუბარი?
_ ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ კონკრეტული ბაგა-ბაღების გაჟღერებისგან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ასოციაციას აქვს. შემიძლია დაგისახელოთ მხოლოდ ბაგა-ბაღები რაიონების მიხედვით, ტუბერკულოზით დაავადებულ მასწავლებელთა და ბავშვების რაოდენობა.
_ გისმენთ…
_ დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც 2018 წელს 152-ე ბაგა-ბაღის შემთხვევა გაჟღერდა, ეს ყველაფერი ისე წარმოჩინდა, თითქოს ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა. რომ არც 2018 წლამდე იყო ბაგა-ბაღების მასწავლებლების ტუბერკულოზით დაავადების ფაქტები. ჩვენ ვფლობთ ნუსხას, რომლის მიხედვითაც, 152-ე ბაგა-ბაღში 2017 წელს ასევე დასნებოვნდა ტუბერკულოზით სხვა თანამშრომელი. ფაქტი არ გახმაურებულა. 2018 წელს ატეხილი ხმაური გახლდათ მეორე შემთხვევა.
_ ე. ი. 152-ე ბაგა-ბაღმა მაშინ ეს ფაქტი დამალა?
_ როგორც ჩანს, არ გააჟღერა. მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ 152-ე ბაგა-ბაღი არ არის ერთადერთი. ბაგა-ბაღების პერსონალის ტუბერკულოზით დაავადების დინამიკა ასოციაციის მიერ მოპოვებულ ნუსხაში მოიცავს 2017, 2018, 2019 წლებს, რომლის განმავლობაშიც ბაგა-ბაღებში აღმზრდელების ტუბერკულოზით დაავადების ცალკეული შემთხვევები ფიქსირდებოდა.
_ დაგვისახელეთ ეს ბაღები რაიონების მიხედვით.
_ ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები: 2016 წელს _ მთაწმინდის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღის მასწავლებელი; 2017 წელს _ ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღის მასწავლებელი; 2019 წელი _ მთაწმინდის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღის თანამშრომელი; 2019 წელი _ საბურთალოს რაიონში მდებარე ბაგა-ბაღის თანამშრომელი; 2017-2019 წწ-ებში ზემოხსენებულ ბაგა-ბაღში ხუთი ბავშვი დაავადდა ტუბერკულოზით: 2 წლის, 3 წლისა და სამი _ 5 წლის ბავშვი.
_ ბავშვებს აღმზრდელებისგან გადაედოთ?
_ როდესაც ერთსა და იმავე ბაღში აღმზრდელიც არის დაავადებული და ბავშვიც, ლოგიკური ბმა ჩნდება. მაგრამ ჩვენი კვლევის მთავარი მიზეზი, აღნიშნული ჩამონათვალის გარდა, არის ის, რომ ყველა დაავადებული პედაგოგი ტუბერკულოზზე შემოწმებული იყო და მათ ცნობა ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზი არ აქვთ.
_ ანუ ტუბერკულოზით დაავადებულ მასწავლებლებს ხელთ ჰქონდათ ცნობა, რომ ჯანმრთელები იყვნენ?
_ დიახ.
_ იქნებ, ცნობის აღების შემდეგ დაავადდნენ?
_ როგორ?! _ იქ ტუბერკულოზის შორს წასულ ფორმებზეა საუბარი, რომელსაც წელიწადზე მეტი სჭირდება განსავითარებლად.
_ ე. ი. ეს ცნობები ყალბი იყო?
_ საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ევალებათ, წელიწადში ერთხელ მაინც გაიარონ შემოწმება ტუბერკულოზზე და მიიტანონ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. ყველა დაავადებულ პედაგოგს ეს ცნობა ჰქონდა. ყალბი იყო თუ არა, ამაზე ვერ გიპასუხებთ. სავარაუდოდ, აქ საქმე ეხებოდა კვლევის იმ მეთოდს, რომელმაც ტუბერკულოზი ვერ აღმოაჩინა.
_ ამ კვლევის დროს რენტგენს არ უღებენ?
_ პედაგოგების კვლევა ტარდება კერძო პოლიკლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში, რომელსაც ბაღის მასწავლებელი თავად ირჩევს. იქ კი იყენებენ სწრაფ ტესტებს, რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ 40%-ში უჩვენებს დაავადებას.
_ რატომ არა 100%-ში?! აქ ხომ მცირეწლოვან ბავშვებზეა საუბარი?
_ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ საკითხს აყალიბებს შემდგ პუნქტებად: საჯარო ბაღებს შინაგანაწესში უწერიათ, რომ ბაღების პერსონალი ვალდებულია, გეგმურად გაიაროს სამედიცინო შემოწმება. რატომ უწერიათ ეს შინაგანაწესში და არ არის ჩადებული კანონში? რატომ მხოლოდ საჯარო ბაღებში და არა კერძო ბაღებში. რა მეთოდებით მოწმდებიან ეს პედაგოგები და ვინ აძლევს მათ ფორმას, რომელიც ადასტურებს, რომ ტუბერკულოზისგან თავისუფლები არიან?
_ რატომ სწრაფი ტესტები და არა სხვა 100%-იანი კვლევის მეთოდები?
_ როგორც „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაარკვია, ბაგა-ბაღების აღმზრდელები სავალდებულო შემოწმებას გადიან მათ მიერ არჩეულ ნებისმიერ პოლიკლინიკაში. სწორედ ეს ამბულატორიული ცენტრები იძლევიან ამ დოკუმენტებს. ამ დროს, მთელი რიგი კვლევებისა, რომელიც ადასტურებს, მართლა არის თუ არა ორგანიზმში კოხის ჩხირი, ამ ამბულატორიული ცენტრებისთვის ხელმიუწვდომელია. რატომ მისცა მერიამ უფლება, რომ კვლევები გაევლოთ იქ, როდესაც საქართველოს მთავრობამ, გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობით, უზარმაზარი თანხა ჩადო და აგვიშენა რეფერალ-ლაბორატორია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში? ვის ინტერესებში შედის, რომ პოლიკლინიკებმა ფული აკეთონ ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე?
_ რას აპირებთ? _ თქვენს ადგილზე ნებისმიერი გაასაჯაროებდა ამ ბაგა-ბაღების ნომრებს.
_ 2018 წელს 152-ე საბავშვო ბაღში პედაგოგისთვის დასმული ტუბერკულოზის დიაგნოზის საკითხს დედაქალაქის მერი კახი კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრევენციის მიზნით, ყოველწლიურად, პედაგოგები ვალდებულები არიან, ამ მიმართულებით შემოწმება გაიარონ და ეს უნდა გახდეს უმკაცრესი მოთხოვნაო. კი ბატონო, გაიარეს პედაგოგებმა შემოწმება, აიღეს ცნობები ჯანმრთელობის შესახებ იგივე პოლიკლინიკებში და დღეს კიდევ გვყავს დაავადებული პედაგოგები. სად შესრულდა მერის მოთხოვნა? 2017 წელს 152-ე საბავშვო ბაღში ტუბერკულოზით დაავადებული თანამშრომლის შემთხვევა რომ საჯარო გამხდარიყო, 2018 წელს აღარ გვეყოლებოდა იგივე ბაღში ავად გამხდარი მასწავლებელი.
_ რას აპირებთ?
_ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ გადის კონსულტაციებს ექსპერტებთან და მომავალ კვირას დავაანონსებთ საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც სრულად შეისწავლის საჯარო ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებას ტუბერკულოზით ინფიცირების შემთხვევების შესახებ. დიდი იმედი გვაქვს მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების მხარდაჭერის, რათა საერთო ძალისხმევით გაკონტროლდეს ბაგა-ბაღებში ტუბერკულოზით ავადობის დინამიკა. ასევე შემდეგი კვირიდან აქტიურად ვიწყებთ სკოლებში ტუბერკულოზით დაავადების მონიტორინგს, რადგან არ მოწმდება. თქვენ წეღან კითხვა დამისვით, _ რა მოხდება, თუ მხარს არ დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას? ამ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ. თუ სახელმწიფომ არ დაგვიცვა, თავად დავიცვათ საკუთარ თავს. ორიენტირებული ვართ საქმეზე, კონკრეტულ შედეგზე და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით თუნდაც ამ საბავშვო ბაღების რეპუტაციას.

თამარ როსტიაშვილი