რატომ იმატა ძალადობამ ბავშვებსა და მოზარდებში?!

„მე არ მჭირდება, გიჟი არ ვარ და საერთოდ, რატომ უნდა წავიდე ფსიქოთერაპევტთან?!“ _ მსგავსი პათოსი არახალია, თუმცა უამრავი საბაბი გვაქვს, რომ სპეციალისტის კონსულტაციით ვიხელმძღვანელოთ.
ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ დეპრესიისა და ფსიქიკური აშლილობის მკურნალობას ფსიქოთერაპიით ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებში ძალიან კარგი შედეგი აქვს.

რა როლს თამაშობს ფსიქოთერაპევტი ადამიანის ცხოვრებაში? რამდენად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მოზარდებს, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში? რატომ იმატა ძალადობამ ბავშვებში? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის“ ექიმი, ფსიქოთერაპევტი ქეთევან ჭელიძე:

_ რა დანიშნულება აქვს ფსიქოლოგს ადამიანის ცხოვრებაში და რა შემთხვევაში შეიძლება ვესტუმროთ ფსიქოტერაპევტს, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს?
_ ფსიქოლოგთან ადამიანი მაშინ მიდის, როდესაც უსიამოვნო შეგრძნებები რაღაც დროის განმავლობაში გრძელდება და იგი პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ აგვარებს. მაგალითად, თანამშრომლის შემთხვევით შენიშვნას ვერ ივიწყებთ და ეს გაწუხებთ ან თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან ვერ ლაგდება ან თქვენი შვილის ნათქვამზე მძაფრი რეაქცია გაქვთ და მყისიერად ყვირილს იწყებთ და ა. შ. _ აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს.
ფსიქიატრიულ დაავადებათა სპექტრი ძალიან ფართოა. მოსახლეობის დიდ პროცენტს ფსიქიატრიული აშლილობა აქვს _ მაგალითად, ნევროზი, დეპრესია და ა. შ. საქმე ის არის, რომ საქართველოში ნევროზსა და დეპრესიას ერთმანეთში ურევენ. ეს საკმაოდ მძიმე და შემაწუხებელი დაავადებაა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ნორმალური ცხოვრებისეული წესის წარმართვაში. ნევროზისა და დეპრესიის გასამკლავებლად აუცილებლად გვჭირდება ფსიქიატრი, სადაც ორი მიმართულებაა: 1. მედიკამენტოზური მკურნალობა; 2. ფსიქოთერაპევტიული გზა. ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიდგომას მოიცავს. მთავარია, გაიგო პრობლემის მიზეზი, რომ შემდეგ ამ ყველაფერთან გამკლავება შეძლო. შემდეგ სწავლობ გამკლავების მეთოდებს, აღმოაჩენ „არასწორ აზრებს“, მცდარ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე უყალიბდებათ ხოლმე ადამიანებს. ამ დროს, რატომღაც, პაციენტთა დიდი ნაწილი ნევროლოგს მიმართავს და არა _ ფსიქოთერაპევტს. მაგალითისთვის ნევროზი ან დეპრესია რომ მოვიხმოთ, მასზე მკურნალობა არ შედის ნევროლოგის კომპეტენციაში. ადამიანთა კონკრეტული კატეგორია თვითნებურად იწყებს მკურნალობას: სვამს წამალს ან ისეთ არასწორ მეთოდებს მიმართავს, როგორიც არის ალკოჰოლის გამოყენება და ა. შ.
_ ესეც უცოდინარობითაა გამოწვეული?
_ რა თქმა უნდა, ეს დაბალი სოციალური კულტურის მაჩვენებელია. რატომღაც, ჰგონიათ, რომ თუ ფსიქიატრთან წახვალ, საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანად გამოგაცხადებენ, გიჟს დაგიძახებენ, ამიტომ ადამიანი ამ ფაქტს მალავს. დაკვირვებული ვარ: ბავშვსაც თუ შეამჩნევენ უცნაურ საქციელს, მშობელს ყველა სპეციალისტთან მიჰყავს იგი, ფსიქიატრის გარდა.
_ რა არის იმისთვის საჭირო, რომ მშობელმა მსგავსი შეცდომა არ დაუშვას და, ზოგადად, ხალხი როდის უნდა მიხვდეს, რომ ფსიქიატრთან სიარული სირცხვილი არ არის?
_ პირველ რიგში საჭიროა ფსიქოგანათლება. სხვათა შორის, ჩვენი კოლეგები ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებენ და მოსახლეობაში პოპულარული ენით საუბრობენ, თუ რა დაავადებები არის გავრცელებული, როგორ ამოვიცნოთ ის, ვის მივმართოთ ასეთ დროს და ა. შ. ნევროლოგის მანდატში არ უნდა შედიოდეს ასეთი პაციენტის მომსახურება. ოჯახის ექიმს უნდა ჰქონდეს უნარი, თვითონ მართოს მარტივი და რთული შემთხვევები, რის შემდეგაც პაციენტი უნდა გადაამისამართოს იმ მიმართულებით, რომელიც მას ესაჭიროება. ასევე სასურველია, რომ ყველა სკოლაში იყოს ფსიქოლოგი, რადგან ფსიქიატრიული დაავადებების უდიდესი ნაწილი სწორედ გარდატეხის ასაკში იჩენს თავს.
_ ამ დროს აუცილებელია პროპაგანდა, მედიის ჩართულობა. რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს ამ თემებზე, მოვუსმინოთ სპეციალისტებს, პროფესიონალებს და საზოგადოებაში ავამაღლოთ ცოდნის დონე.
_ ნამდვილად! ზოგადად, მასმედია დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. კარგია, რომ ამ ყველაფერს თქვენც უწყობთ ხელს.
თუ ადამიანი ხედავს, რომ ვერ უმკლავდება პრობლემას ან აქვს ძლიერი შფოთვა და ეს უმახინჯებს ცხოვრებას, ალკოჰოლსა და ნარკოტიკს კი არ უნდა მიეძალოს, არამედ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს უნდა მიმართოს.
_ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრისთვის პანდემიის პერიოდი ძალიან რთული გახლდათ. სახლში გამოკეტვას თან სდევდა უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახა ადამიანთა ცხოვრებაზე. სოციალურ ქსელში ხუმრობით წერდნენ კიდეც, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ფსიქიატრებზე იქნებაო. რამდენად გამართლდა ეს სიტყვები და თუ მოიმატა პაციენტების რაოდენობამ?
_ რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას. მოგეხსენებათ, სოციალურ იზოლაციას თან სდევდა საფრთხის განცდა, განგაში. ეს არის ძალიან დიდი გამშვები მექანიზმი, რომელიც ჩვენს ფსიქიკურ პრობლემებს ამწვავებს. საფრთხის მოლოდინი უკვე სტრესია და როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრისა და პრობლემების გაზიარების საშუალება არ გააჩნიათ, შფოთვაც იწყება. ჯანმრთელ ადამიანურ ურთიერთობას და არა ვირტუალურს, თერაპიული ეფექტი აქვს, ინტერნეტით კი სრულფასოვანი ურთიერთობა ვერ შედგება. ეს არის ნაკლული ურთიერთობა: ამ დროს სმენაც სხვანაირია, აღქმაც, რომელსაც სრულად ვერ გამოვხატავთ და ვერ გადმოვცემთ ემოციებს. ეს სუროგატი ურთიერთობებია და სისავსის გრძნობას არ გიტოვებს, რაც ემოციურად დამღლელია. პანდემიის დროს ბევრს გაუმწვავდა ფსიქოლოგიური პრობლემები, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სამსახური ჰქონდათ სტრესული და პირიქით _ სახლში ყოფნა გაუხარდათ, ეს ერთგვარი შვება აღმოჩნდა.
_ სკოლა და ფსიქოლოგია _ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს სკოლებში ფსიქოლოგია ისწავლებოდეს?
_ სასურველია, რომ ისწავლებოდეს ან, მინიმუმ, სკოლაში უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვებს დააკვირდება. სკოლის პედაგოგებსაც უნდა ჰქონდეთ ელემენტარული ფსიქოლოგიური კომპეტენცია, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ბავშვებს და ამოიცნონ, ვინ რა ცვლილებას განიცდის. მაგალითად, ძალიან საგულისხმოა მკვეთრი, ხასიათობრივი ცვლილებები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ადამიანი მკვეთრ ცვლილებებს ავლენს, აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის ზომებს. თუ პიროვნება რადიკალურად იცვლება, აუცილებლად უნდა მიექცეს მას ყურადღება. საგულისხმოა ისიც, რომ თუ ადამიანი ძალიან გახსნილი იყო და უცებ ჩაიკეტა, ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყველაფერი ეს უნდა იყოს გამადიდებელი შუშის ქვეშ, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი ტემპია, ურბანული გარემო ისე მანკიერად მოქმედებს ფსიქოლიგიურად, ადამიანები სულ გადარბენაზე ვართ, ნახევარ ცხოვრებას გზაში ვატარებთ, ეს გაუთავებელი საქმეები, სირბილი ერთი სამსახურიდან მეორეში, ამიტომ ვეღარ ვაკვირდებით ერთმანეთს.
_ სწორედ ეს უყურადღებობა ქმნის პრობლემების ჯაჭვს. ამ მხრივ შემაძრწუნებელია მოზარდებში სუიციდის მცდელობა…
_ მოზარდობის ასაკი სუიციდის მხრივ სარისკო ხანად მიიჩნევა _ იგი ნორმასა და პათოლოგიას შორის ზღვრული მდგომარეობაა. მოზარდების 5% გაწონასწორებულია, დანარჩენი ე. წ. აქცენტირებული ხასიათისაა და ძალიან ადვილია საშიში ზღვრის გადალახვა. შეიძლება, ოდნავ პრობლემურმა გარემო პირობებმაც კი უბიძგოს მოზარდს სუიციდისკენ და ასეთ დროს იგი ადვილად გადადის პათოლოგიის მხარეს. მოზარდების ასაკისთვის დამახასიათებელია უკიდურესობისკენ მიდრეკილება, მძაფრი შთაბეჭდილებებისკენ სწრაფვა, კატეგორიული აზროვნება, ადვილად და ემოციურ ნიადაგზე გადაწყვეტილებების მიღება და შედეგებზე ნაკლებად ორიენტირებულობა. ამ დროს წყენაც უფრო მძაფრად აღიქმება და ამ ყველაფერმა შეიძლება, თინეიჯერს სუიციდისკენ უბიძგოს. ამიტომ მათთან ურთიერთობაში დიდი სიფრთხილე გვმართებს.
_ და ხშირად ეს მნიშვნელოვანი დეტალები მშობლებს ეპარებათ.
_ სამწუხაროდ! ზოგიერთი მშობელი საერთოდ ვერ ნახულობს ბავშვს, რომელიც კომპიუტერის ტყვეა. ამ დროს ბავშვი არ კონტროლდება, თუ რა ინფორმაციასთან აქვს მას წვდომა, ვისთან მეგობრობს. ზოგიერთი მშობელი კი პირიქით, ძალიან სტრესავს და თრგუნავს ბავშვს, რომელსაც განძრევის საშუალებას არ აძლევს. ამ დროს საჭიროა ოქროს შუალედი.
_ რა რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს, რომელთა შვილებიც გარდატეხის ასაკში არიან?
_ თუ ბავშვთან მიმართებით ისეთი პრობლემა აღმოცენდა, რომელსაც ჩვენ ვერ ვჭრით, მაგალითად, ჩაკეტილობა, ფეთქებადი ხასიათი, სარისკო ქცევებში ჩაბმა, ემოციების რეგულაციის გართულება, ხშირი პრობლემები, დაბალი თვითშეფასება და ამის გამო ტანჯვა, ჩემი რეკომენდაციაა, რომ მშობლებმა იგნორირება არ გაუკეთონ ამ ყველაფერს და აუცილებლად დაიხმარონ ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. ზოგჯერ 2-3 კონსულტაცია საკმარისია, რომ ბავშვმა გაიაზროს: ის მარტო არ არის და მხოლოდ მას არ აქვს პრობლემები.
ჩვენი ორგანიზაცია სკოლებში გარდატეხის ასაკზე გაკვეთილებს ნერგავს, რომელმაც პილოტაჟი უკვე გაიარა, სავალდებულო პროგრამაში სექტემბრიდან ჩაეშვება და მე-7 კლასიდან შეასწავლიან. უკვე ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ. ბავშვებს ელემენტარულად ავუხსენით, თუ რა პრობლემებს ეჯახებიან ისინი გარდატეხის ასაკში. ეს თერაპიული ეფექტი იყო.
_ ქალბატონო ქეთევან, რატომ იმატა ძალადობამ ბავშვებსა და მოზარდებში?
_ ზოგადად, ჩვენი საზოგადოებაა მოძალადე. მარტივად, „ფეისბუქს“ რომ თვალი გადავავლოთ, ჩვეულებრივი კამათი შეურაცხყოფასა და სიძულვილში გადადის. ემოციის რეგულაციის კულტურა დავკარგეთ. ადამიანებმა ემოციების მართვა არ იციან, როგორ გამოხატონ იგი ისე, რომ სხვები არ შეურაცხყონ და საკუთარი თავი არ დათრგუნონ. ამავდროულად, არსებობს ღირებულებების პრობლემაც. ბევრი კანონი მივიღეთ ძალადობის სფეროში, მაგრამ ეს უფრო დაკვეთაა დასავლეთიდან, ვიდრე ბუნებრივი პროცესი.
საზოგადოება ძალადობას, როგორც აქტს, არ გმობს, _ თუ შენ იძალადებ და გაიმარჯვებ, ეს კარგი საქციელია. მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლა არაფერ შედეგს გამოიღებს, თუკი ღრმა ფსიქოლოგიური ცვლილებები არ გატარდა საზოგადოების ცნობიერებასა და აღზრდაში. უამრავი აქტი გვაქვს, მაგრამ კანონი, მისი ღირებულებები საზოგადოებამ თუ არ გაითავისა, რას მოგვცემს?
_ ხშირად გვსმენია, რომ ჩვენი ბებია-ბაბუების დროს სულ სხვანაირად ურთიერთობდნენ, მეტი პატივისცემა და ნაკლები უბედურება იყოო. დღეს რა ხდება, _ დრომ მოიტანა ეს ზიზღი, უპატივცემულობა, სიბოროტე?
_ ჩვენ პოსტტრავმული საზოგადოება ვართ: გავიარეთ ოთხი ომი, შიდა დაპირისპირებები, ნგრევა. რაღაცაზე აწყობილებები ვიყავით, მოგვიხდა სხვა სისტემაზე გადაწყობა. ეს ყველაფერია სწორედ სტრესი და მძიმე ტრავმა _ ეკონომიკური სიდუხჭირე, ომები, დაქცევა და ა. შ. ამ მოვლენებმა კვალი დატოვა ჩვენს ფსიქიკაზე. ჰემინგუეი პირველი მსოფლიო ომის ახალგაზრდებს „დაკარგულ თაობას“ უწოდებს. ჩემი თაობაც „დაკარგული თაობაა“, რადგან მახსოვს პერიოდი, როცა გასვენებებში დავდიოდით ყოველ მეორე დღეს. ეს ბავშვები იმ ხალხის გაზრდილია, რომელიც ქუჩაში ავტომატებით დარბოდა და ასე იმკვიდრებდა თავს. პოსტტრავმულ საზოგადოებას სხვანაირი მკურნალობა სჭირდება.
ძალიან საინტერესოა ბავშვებზე დაკვირვება, თუ რას თამაშობენ ისინი. თქვენ რომ ომის თაობას დააკვირდეთ, მიხვდებით, რაც ხდება. აფხაზეთიდან ლტოლვილთა ფსიქოლოგია კიდევ შესასწავლია და დასაკვირვებელი, იმ პატარა ბავშვებს უკვე შვილები ჰყავთ. ეს პოსტტრავმული პერიოდი ფსიქიკაში ილექება და ბავშვების აღზრდაშიც იჩენს თავს. დევნილი ბავშვები თამაშისას გაუთავებლად მარხავდნენ სათამაშოებს, შემდეგ კი ამოთხრიდნენ. წარმოიდგინეთ, მათი ფსიქიკა. ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ბავშვების გარემოცვას, თუ რას თამაშობენ ისინი. ბევრი დრო უნდა დავუთმოთ შვილებს და ბავშვობიდან მივაჩვიოთ ისინი ჯანსაღ ურთიერთობებს, ჯანსაღ ემოციურ რეგულაციებს. ეს ძალიან რთულია, ბევრს ნერვები არ ჰყოფნის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. მათ უნდა ვასწავლოთ, რომ ძალადობით არ მიაღწიონ სიმართლეს. სხვანაირად ბავშვი მოძალადე გაიზრდება. ძალიან ხშირად ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი მომავალში მოძალადედ გვევლინება.

გიორგი საკარული