ომი ფულისთვის, რომელსაც ნავთის სუნი ასდის

mn

პოლიტოლოგი გია კუჭავა აცხადებს, რომ ევროპელი ექსპერტები, რომელთაც 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს, პუტინს ჯერ კიდევ ომამდე ჰყავდა მოსყიდული. მისივე ვარაუდით, აგვისტოს ხუთდღიანი კოშმარი იყო ომი არა უბრალოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ, იმისთვის, რომ ნაბუკოს გაზსადენის მარშრუტზე დაძაბულობა შექმნილიყო. მოგეხსენებათ, ნაბუკო წარმოადგენს რუსული სამხრეთის „ნაკადის“ ალტერნატივას, ანუ აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ბუნებრივი აირი ევროპაში საქართველოსა და თურქეთის გავლით უნდა წასულიყო. ფაქტია, ცხინვალში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსეთმა მიზანს მიაღწია და ნაბუკოს პროექტი შეჩერდა.

გია კუჭავა:

_ ყველგან, სადაც კი ვლადიმირ პუტინი რუსულ აგრესიას ატარებს, ქმნის გაუგებარ პოლიტიკურ კონსტრუქციებს, თუმცა გაუგებარი მხოლოდ ერთი შეხედვით ითქმის.

„ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით“, _ ამბობდა კარლ ფონ კლაუზევიცი. თუმცა პუტინის სქემების მიხედვით, პრუსიელი გენერლისა და სამხედრო თეორეტიკოსის შეხედულებას დავამატებდი შემდეგს: პოლიტიკა ეკონომიკის გაგრძელებაა, ეკონომიკა კი ზუსტად განსაზღვრავს პუტინის ქცევებს. მისი ხარბი და გულღრძო ხასიათიდან გამომდინარე უფრო სწორი იქნებოდა პუტინის პოლიტიკის უხეში შეფასება, რუსეთის სახელით პუტინის ყველა აგრესიულ ქმედებას განსაზღვრავს ფული.

_ რომელიც მას საკმაოდ ბევრი აქვს, თუმცა შესაძლოა წაართვან კიდეც. ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის ბანკში ვლადიმირ პუტინის პირადი საკუთრება, 40 მილიარდი დოლარი, შესაძლოა დააყადაღონ.

_ ეს არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად ეცდებიან ისინი, ვისაც ხელეწიფება, „პირველ რუსს“ მეტისმეტად გამაღიზიანებლად დააჭიროს ფეხი. ეს ის ფულია, რომელიც რუსეთის პირველმა პირმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვით დააგროვა. ამ კაპიტალის გასამყარებლად  ვლადიმირ ვლადიმირის ძე მზად არის, არაერთხელ გამოიყენოს რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის, ანუ მის მიერ წარმოებული ნებისმიერი ომის მიზეზი უნდა ვეძიოთ ეკონომიკაში. მეტიც, მსოფლიოში საკვანძო ეკონომიკურ საკითხებთან, კერძოდ ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ ყველა მოვლენაში, რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული, რუსული კვალი იკვეთება.

_ ხომ არ ჰგავს ეს შეფასება მიდგომას, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი ძლევამოსილი „კაგებეს“ დამსახურება იყო?

_ იმისათვის, რომ რუსული აგრესიული პოლიტიკის განმსაზღვრელი ყველა ფაქტორი დავაზუსტოთ, მოვლენებს შორიდან მივყვეთ: 1999 წლის თებერვალში, როდესაც პუტინი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, Bრენტ-ის მარკის ნავთობი ღირდა $10 ბარელი. ამ დროიდან მოყოლებული ნავთობის ფასი მუდმივად იზრდებოდა, ვიდრე არ დაიწყო 2008 წლის ცნობილი კრიზისი. მანამდე, სულ ცოტა ხნით ადრე, ნავთობის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია. ერთი ბარელი ნავთობი ღირდა $135. ნავთობზე ფასის ყველაზე სწრაფი ზრდა დაიწყო 2004 წლიდან და მომდევნო 4 წელი, ფაქტობრივად, „ოქროს ხანად“ იქცა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის. როგორც საერთოდ ხდება, ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, ასევე სწრაფი ტემპით იზრდებოდა ფასები ბუნებრივ აირზე.

ამ პერიოდში რუსეთმა მიიღო საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებელი ფინანსური წყარო. ენერგომატარებლებზე დაწესებულმა მაღალმა ფასებმა კი პუტინს, მისი წინამორბედი ლოთი და უიღბლო ბორის ელცინისგან განსხვავებით,  პოზიტიური იმიჯი შეუქმნა.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის დინამიკამ და ზემოგებამ რუსეთის ხელისუფლებას დამართა სიხარბით ინტოქსიკაცია. რატომღაც, კრემლში მიიჩნიეს, რომ  ბუნებრივ აირზე, ნავთობსა და ოქროზე ფასები მუდმივად მზარდი იქნებოდა. ამასთან, გაუჩნდათ ახალი ინტერესი, ყოფილიყვნენ არა მხოლოდ ბუნებრივი აირის მიმწოდებლები, გაეკონტროლებინათ მილსადენები. რუსეთის ხელისუფლების ეს ინტერესები და საქართველოში ბუნებრივი აირის მილსადენის მაგისტრალის შესაძლო გაყიდვის ამბები (იმ დროისთვის ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი პირის, კახა ბენდუქიძის ინიციატივით) ერთდროულად ხდებოდა. ამჯერად არ მოვყვები იმის გარჩევას, თუ რა კავშირში უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან ეს ორი ამბავი. მთავარია, რომ საქართველოს გაზსადენი მაგისტრალი კვლავ ჩვენს საკუთრებაშია.  იმ დროისთვის კი პუტინის იმპერიული ამბიციები ენერგომატარებლებზე ფასების ზრდასთან ერთად იზრდებოდა, მაგრამ 2008 წელს მოხდა კატასტროფა _ დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ენერგომატარებლების ფასებმა იკლო. იკლო მოთხოვნამაც. რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ კრიზისი დროებითი მოვლენა იყო. თუმცა, პუტინმა სტატუს ქუო-ს, ანუ ევროპაში ენერგომატარებლების იმპორტის მონოპოლიის შესანარჩუნებლად მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება, უარი თქვა უკვე ხელმოწერილ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც თურქმენული გაზის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიის გავლით უნდა განხორციელებულიყო. „დროულად“ აფეთქდა კომუნისტების მიერ აშენებული გაზსადენი, რომელიც თურქმენეთს და რუსეთს აკავშირებდა ერთმანეთთან. კონტრაქტის გაუქმებამდე ორი კვირით ადრე მომხდარი ამ ამბის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაჩნდა ტექნიკური პრობლემა. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ მოხდა დივერსია. ამის შემდეგ თურქმენეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა კეკლუცობა კრემლთან და გადაინაცვლა ჩინეთის ბაზარზე. უარი თქვა ევროპაზე, რითაც გაზპრომმა კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოიშორა.

_ „ნაბუკოს პროექტის“ ჩაშლამდე თურქმენეთის ბუნებრივი აირი ხომ კვლავ რჩებოდა რუსეთისა და „გაზპრომის“ თავისტკივილად, როგორც რუსული „სამხრეთის ნაკადის“ ალტერნატივა?

_ დიახ, „ნაბუკოს“ ჩაშლას უფრო სერიოზული მიზეზები სჭირდებოდა, ვიდრე მილსადენზე თუნდაც ათასი დივერსია. ამიტომაც გახდა საჭირო ომი საქართველოში, რითაც ნაბუკო ჩაიშალა. შესაბამისად, ეს აგრესია უფრო ძვირი დაუჯდა რუსეთს, ვიდრე „სამხრეთის ნაკადის“ დასამარება.

2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ დასჭირდა ინფორმაციული უზრუნველყოფა. მაშინ რუსულმა მედიამ აამუშავა „ტვინის გამორეცხვის“ ტოტალური მექანიზმი, რათა რუსეთის მოქალაქეებს შეყროდათ ნეოიმპერიალიზმის ვირუსი. თუმცა უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ ამ ვირუსით რუსეთის მოსახლეობას ნელ-ნელა კვებავდნენ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან. უბრალოდ, პროცესი დაჩქარდა.

_ თქვენ ბრალდებას უყენებთ საერთაშორისო ექსპერტებს, ვინც საქართველო  აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ამბობთ, რომ ისინი პუტინმა მოისყიდა.

_ ვიმეორებ იმას, რაზეც ძალიან ბევრი ითქვა ევროპაში (რუსეთმა  ევროპის მოსყიდვისთვის არ დაიშურა თანხები. არ იშურებს დღესაც და, შესაბამისად, ვიმკით შედეგებს). 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ ცნობილი ევროპელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთმა მოისყიდა როგორც ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეები, პარტიებიც კი. შესაბამისად, რუსული კაპიტალი დაილექა ევროპელი ლობისტებისა და მედიის ანგარიშებზე. შედეგად შეიქმნა საქართველოს მიმართ აბსურდული ვითარება, რუსული ფულით ნაყიდი ევროპელები აცხადებდნენ, რომ საქართველო თავს დაესხა რუსეთს და ეს საბრალო, მძინარა დათვი აიძულა, თავი დაეცვა. ამ შედეგმა რუსეთი დაარწმუნა (სავსებით სამართლიანად), რომ ევროპულ სტრუქტურებს არ გააჩნიათ ხერხემალი. თუ ფული გაქვს, მართავ მათ და რასაც გინდა, იმას აკეთებ. რამდენად აგრესიული უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკა, რუსეთი ამას არც საქართველოში ომამდე ეკითხებოდა ვინმეს და ცხინვალის ამბების სათავისოდ დარეგულირების შემდეგ სამხედრო აგრესია საერთოდაც მისი საგარეო პოლიტიკის არსენალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

_ რა გამოდის, პუტინი რყვნის და მართავს ევროპას და ამას მოახერხებს, სანამ ფული აქვს?

_ ფაქტია, კრემლში გადაწყვიტეს, რომ ევროპის ენერგობაზარი მკაცრად უნდა აკონტროლონ. შესაბამისად, საფინანსო ოპერაციების სქემებით დიდძალი თანხები თეთრდებოდა და ილექებოდა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ელიტისა და ევროპაში მათი გავლენის გამაძლიერებელი აგენტების ანგარიშებზე. ამ საფინანსო ნაკადის შემცირება უშუალოდ დაეტყობა კრემლის მესვეურების როგორც ბიუჯეტს, ისევე მათ ავტორიტეტს ევროპაში. რუსეთის საშინაო ამბიციები საშუალებას იძლეოდა მრავალმილიონიან საჯარო მოხელეთა და ძალოვანი სტრუქტურების „გამოსაკვებად“. მათ ლოიალურობას ეყრდნობა პუტინის რეჟიმი. ამიტომაც ენერგომატარებლებისგან მიღებული ფინანსების შემცირება კრემლის რეჟიმისთვის  სიკვდილის ტოლფასია.

_ იქნებ, სლანცის საბადოების სახით ახლოვდება კრემლის რეჟიმის დასასრული?

_  შეიძლება ვთქვათ, რომ რუსებს უბედურება დაატყდათ თავს. სლანცის აირი შეერთებულ შტატებში რუსეთისთვის მეხის გავარდნის მსგავსი ამბავი იყო. „გაზპრომის“ თავმჯდომარე მილერმა წელიწადნახევრის წინათ მასხრად აიგდო სლანცის თემა და ამტკიცებდა, რომ ეს სიმდიდრე მხოლოდ ამერიკული პროპაგანდა იყო, რომელიც, ადრე თუ გვიან, საპნის ბუშტივით გასკდებოდა. თუმცა აშშ-ში მალევე ისე დაეცა ბუნებრივი აირის ფასი, რომ ბარელი 100 დოლარზე ნაკლები გახდა. რუსებმა ამასაც მოუძებნეს „ახსნა“, შტატები სლანცის აირის მოპოვების ტექნოლოგიების ფარულ სუბსიდირებას ახდენსო, მაგრამ 100 $-იან ამერიკულ გაზთან რომ რუსული 450 $-იანი აირი მძიმედ ჩანს, ამას ვეღარ უარყოფენ. მილერის სარკაზმიც მაშინვე გაქრა, როგორც კი აშშ-მ უარი თქვა თხევადი აირის იმპორტზე. ამასთან, დასავლეთ სანაპიროზე დაგეგმილია ახალი ტერმინალების მშენებლობა თხევადი აირის მისაღებად, სამხრეთ კორეაში კი ზღვაში ჩასაშვებად მზად არის თხევადი აირის გადამზიდი გემები. ამ ფლოტის შემკვეთი არის პატარა არაბული სახელმწიფო ყატარი, რომელსაც აქვს ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგი. ეს სახელმწიფო იმდენად მდიდარია, რომ თხევადი აირის გადამზიდი ფლოტის გარდა, საკუთარ ავიაკომპანიებს შეუკვეთა უახლესი ძვირდღირებული ავიალაინერები. დღეს მათ აქვთ 130-მდე უახლესი თვითმფრინავი და კიდე 50 ლაინერი ელოდება დასრულებას. ცხადია, ყატარი ჩამორჩება ემირატებს, რომელსაც 230 უახლესი თვითმფრინავი ჰყავს, მაგრამ ძალიან წარმომადგენლობითია რუსულ ავიაკომპნია „ტრანსაეროსთან“ შედარებით, რომელსაც, სულ რაღაც, 103 ძველი თვითმფრინავი ჰყავს.

_ ყველა ამ ფაქტორთან ერთად, ყატარის სიძლიერეს განაპირობებს ისიც, რომ მის უკან ამერიკა დგას, თუმცა სირიაში ამანაც ვერ უშველა.

_ დიახ, მას შემდეგ, რაც აშშ-მ უარი თქვა ყატარიდან თხევადი აირის მიღებაზე, ევროპის ქვეყნებთან უშუამდგომლა, სადაც ყატარულ გაზს მწვანე შუქი აუნთეს და დაიწყეს საუბარი ბუნებრივი აირის მიღების დივერსიფიკაციაზე. გაჩნდა პრობლემები. ყატარს აქვს საშუალება, მიაწოდოს აირი, მაგრამ საჭიროა ტერმინალები, რომელთა აშენებას სჭირდება დრო და ფული. მშენებლობა მიმდინარეობს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ ეს არ კმარა ევროპის აირით სრულად მოსამარაგებლად.  ყატარს ასევე არ აქვს ბუნებრივი აირის მილსადენები ევროპასთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ამ პრობლემის გადაჭრა დამოუკიდებლად სცადა, _ მილსადენის მიყვანა თურქეთამდე და შემდეგ მისი მიერთება ნაბუკოზე. ეს შეიძლებოდა ერაყის ან სირიის გავლით.

_ ერაყში დიდი ხანია, მუდმივი სამოქალაქო ომი მძვინვარებს…

_ ყატარი რომ გეგმებს აწყობდა, სირიაში სიწყნარე იყო, ამიტომაც ამ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. მაშინ ასადიც თანახმა იყო პროექტის რეალიზებაზე, მაგრამ რუსულ დიპლომატიას „არ ეძინა“. რუსებთან ურთიერთობის შემდეგ ბაშარ ასადმა უარი განაცხადა სირიის ტერიტორიაზე ყატარის გაზსადენის გატარებაზე. შემდეგ სირიაში რა ტრაგედიაც დატრიალდა, ყველამ კარგად ვიცით. გინდა თუ არა, აქაც შესანიშნავად ჩანს რუსული „კგბ“-„ფსბ“-ეს და „გაზპრომის“ ხელწერა. შედეგად ევროპისკენ მიმავალი არარუსული გაზის ეს დერეფანიც დაიხურა.

რუსეთის დიპლომატიამ ბრწყინვალედ იმუშავა, ყველა კონკურენტი თითქოს ჩამოიშორა, ყველგან, სადაც გაზსადენის ალტერნატიული მარშრუტი უნდა გაეყვანათ, დაძაბული სიტუაციაა და მაღალი რისკის გამო ინვესტორები ერიდებიან  კაპიტალდაბანდებებს.

_ უკრაინა სლანცის გამო იწვის?

_ გარდა იმისა, რომ მოულოდნელად, ბელარუსს არ მიბაძა და მილსადენი არ გადასცა რუსეთს, აღმოჩნდა, რომ უკრაინას ყველაზე დიდი სლანცის აირის მარაგი აქვს ევროპაში. დიახ, ყველაზე მეტი მარაგია დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში. ამიტომაცაა გამძაფრებული ბრძოლები სლავიანსკისთვის და ამიტომაც წამოტივტივდა ე.წ. „ნოვოროსიის“ თემა. თუ რუსეთი დაკარგავს დონეცკს და ხარკოვს, უკრაინის აირი უკრაინული გაზსადენებით წავა ევროპაში. პუტინმა ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეეყვანა. არ შევცდები, თუ აღვნიშნავ, რომ „ნოვოროსიის“ მიტაცება არის რუსეთის გადარჩენის ერთადერთი საშუალება, რადგან თუკი რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს უკრაინაზე გავლა აეკრძალება, რუსეთი, როგორც ენერგეტიკული ზესახელმწიფო დასამარდება.

ამიტომაც ევროპელმა ლობისტებმა მიიღეს დავალება, ყველა საშუალებებით ჩაახშონ სიმართლე. გაშუქდეს მოვლენები რუსეთის სასარგებლოდ, რომ თითქოს უკრაინაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს და არა რუსული ინტერვენცია.  კრემლმა განაცხადა, რომ მხოლოდ 2015 წელს ევროპის ლობისტურ კომპანიებში აპირებს დახარჯოს 20 მილიარდ დოლარზე მეტი! ვფიქრობ, შესაძლოა, რუსეთს გაცილებით ადრე ჰქონდა დაგეგმილი ყირიმის ანექსია და საბრძოლო ოპერაციები აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ სირიაში მიმდინარე პროცესებმა გადაავადებინა ეს ამბავი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ომს პოსტსაბჭოთა სივრცეში აწარმოებენ „გაზპრომი“ და ის პირები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მილსადენის ქონა-არქონა მათი სიცოცხლის ტოლფასია. თუ ამ კუთხით შევხედავთ არსებულ სიტუაციას, მოსკოვის ყველა ქმედებას განსაზღვრავს ერთადერთი მიზანი, _ ევროპამ ენერგომატარებლები მხოლოდ მისგან შეიძინოს.

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირი აშენებდა გაზსადენს „ურენგოი-პომარი-უჟგოროდ-დასავლეთ ევროპა“ შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, გააფრთხილა ევროპელები, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემთხვევაში მძიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. მაშინ რეიგანმა სანქციებიც კი დაუწესა კრემლს. მისი წინასწარმეტყველება თითქმის 35 წლის მერე აუსრულდა ევროპას.

რუსეთის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებით, სლანცის აირს მოჰყვა სლანცის ნავთობის მოპოვება, რისი თვითღირებულება დღითი დღე კლებულობს და ამასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია კრემლისთვის სასიკვდილო დარტყმის ტოლია. მიიღებს თუ არა საბოლოო დარტყმას მოსკოვი, ეს უკრაინაში გადაწყდება.

 

                                                                                                 ელენე იმერლიშვილი