გია ხუხაშვილი: „ივანიშვილმა გახარიას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება უნდა მისცეს“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არა ძალაუფლების შენარჩუნება, არამედ ამ ყველაფრისგან განთავისუფლებაა. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილისთვის ძალაუფლება ტოქსიკური გახდა და ახლა არ იცის, როგორ გავიდეს თამაშიდან ისე, რომ კეთილდღეობა და უსაფრთხოება შეინარჩუნოს.
გია ხუხაშვილი ივანიშვილს ამ მოცემულობიდან გამოსავალს სთავაზობს.

„ქრონიკა+“-სთან საუბარში ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი აღნიშნავს, რომ დროა, ქვეყანა ახალგაზრდობას გადააბარონ და ამ პროცესში მზად არის, ივანიშვილს დაეხმაროს.
უფრო კონკრეტულად, რას სთავაზობს პოლიტოლოგი ბიძინა ივანიშვილს და ასევე როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს? _ ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრა:

_ ბატონო გია, ხელისუფლება და ოპოზიციაც თავიანთ დამსახურებად მიიჩნევენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თქვენი აზრით, ვისი დამსახურებაა საკონსტიტუციო ცვლილებები?
_ პირველ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები ახალგაზრდების დამსახურებაა, როდესაც მათ სრულიად სპონტანურად, აქტიურად დაიწყეს ამ მოთხოვნის ფორმირება. შარშანდელი ივნისის მოვლენებს ვგულისხმობ. მოგეხსენებათ, თავიდან პოლიტიკური კომპონენტი არც ფიგურირებდა, მეტსაც გეტყვით: იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც ახლა ამ თემის კაპიტალიზაციას ცდილობენ, პირველ დღეებში ტრიბუნასთან არც უშვებდნენ. ასე რომ, ეს აქტიური მოძრაობა, რასაც შედგომში ხელისუფლების მხრიდან პროპორციული არჩევნების საჯარო დაპირება მოყვა, პრინციპში, მათი ინიცირებულია, ეს თემა სერიოზული ფორმით სწორედ მაშინ აქტუალიზდა, შესაბამისად, ამ ახალგაზრდობის, რომელსაც ქვეყნის მომავალი ეკუთვნის, დამსახურება ძალიან დიდია. ამის ტექნიკური გაფორმება და ხელისუფლების პრაქტიკულად იძულება, რომ ამ დაპირებასთან მიახლოებული მოდელი დღეს უკვე მიღებულია, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი დამსახურებაა, _ რომ არა მათი ძალიან სერიოზული ძალისხმევა და პროცესში პირდაპირი შესვლა, შემდგომში კი გარანტირება, რომ შეთანხმებისას დადებული პირობა შესრულებულიყო, შედეგი არ დადგებოდა. ამ ნაწილში იმოქმედეს ჩვენმა პარტნიორებმა, რაზედაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თუ დამსახურებაზე ვსაუბრობთ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქართველი ახალგაზრდობისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეს პროცესი ერთ დიდ აბსურდად აქციეს და თავდაყირა დააყენეს. ოპოზიციამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ამ ცვლილებებს, არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და თან იბრალებს, რომ ეს ცვლილება მისი დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც ჯერ ამ ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, შემდეგ კი ვაჭრობდა 100/50-ზე და ა. შ., საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა, ეს ცვლილებები მიეღო. ისიც იბრალებს, რომ მისი დამსახურებაა. ასეთ აბსურდამდე დავიდა ეს ყველაფერი. ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოს თავი რომ დავანებოთ, საკონსტიტუციო ცვლილებები იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი!
_ ის, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაზე მეტყველებს?
_ ოპოზიციამ ამ პროცესს პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით შეხედა; არა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი პროცესის პრიზმაში, არამედ პოლიტიკურ პრიზმაში და პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით გადაწყვიტა, რომ არ მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ილუზია გაუჩნდა, რომ მას დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა აქვს. მათ გადაწყვიტეს, ეს მხარდაჭერა ბოროტად გამოეყენებინათ და იფიქრეს, ყველაფერი შერჩებოდათ და დასავლეთი ყველა შემთხვევაში მათ მხარეს იქნებოდა. მათ ეს სიბრიყვე გამოავლინეს, როგორც კენჭისყრასთან დაკავშირებით, ასევე მაშინ, როცა ძალიან არაეთიკური შეტევა განახორციელეს გერმანიის ელჩზე. მიუხედავად იმისა, შეეშალა თუ არა რამე გერმანიის ელჩს, ოპოზიციის შეფასებები ხშირად გასცდა იმ წითელ ხაზებს, რაც ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთიბებს შეეფერება. შესაბამისი შედეგიც მიიღეს. ეს სიბრიყვე ოპოზიციას საკმაოდ ძვირი დაუჯდა, როდესაც ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შეუტრიალა და საკმაოდ კარგადაც გამოიყენა. ასე რომ, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება _ ჯერ ხელისუფლება ჩახტება ტლაპოში და ოპოზიცია გამოაცხადებს გამარჯვებას, მერე თავში აუვარდება, თავად ოპოზიცია ჩახტება ტლაპოში და ხელისუფლება გამოაცხადებს გამარჯვებას. აი, ამ მანკიერებაში გვაცხოვრებენ. მათ მიაჩნიათ, რომ სამყაროში მხოლოდ ისინი არიან და მათ მიღმა არაფერი არსებობს, არც ქართული საზოგადოება, არც რეალური დასავლეთი. მათ ძალიან მოკლე ხედვები აქვთ. პატარა წარმატება თავში უვარდებათ, რის შემდეგაც სიბრიყვეში გადადიან. ეს არის სქემა, რომლითაც ორივე მხარე მოქმედებს. ფაქტობრივად, ჩვენი მთელი პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, ერთი ალგორითმით მოქმედებს. ეს არის ძალიან ვიწრო არაპროფესიონალური, არასახელმწიფოებრივი ხედვები და მოკლევადიანი დივიდენდის რეალიზებაზე ფიქრი.
_ ჩვენ ვისმენთ მმართველი გუნდის დამოკიდებულებას კონგრესმენების მიმართ, რომლებსაც „ნაციონალებს“ ეძახიან თავიანთი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ახლა კი ოპოზიცია უწოდებს გერმანიის ელჩს „ქოცს“. ამ კუთხით დაისვა თუ არა ტოლობის ნიშანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
_ მე, როდესაც ერთ ალგორითმზე ვსაუბრობ, ზუსტად ამას ვამბობ, რომ ერთსაც და მეორესაც თავში უვარდება და ელემენტარულ ეთიკურ ნორმებს არ იცავს. ერთი მხრივ, ორივე მხარე აცხადებს, რომ პროდასავლელები არიან, მეორე მხრივ, ასეთი რამ ხდება: ძალიან ნიშანდობლივი და ტრაგიკომიკური იყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ნათელაშვილის მაგივრად ბოდიში მოუხადა გერმანიის ელჩს. კობახიძის მაგივრად რატომ არ უხდიან ბოდიშს?! იმ კობახიძის, რომელმაც, ლამის, კორუფციაში დასდო ბრალი კონგრესმენებს და ეჭვები შეიტანა მათი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობაში? ხელისუფლების არაერთი სისულელე ვნახეთ, ძალიან ბევრი მძიმე წონიანი დასავლელი პოლიტიკოსის მიმართ ეთიკის მიღმა გაკეთებული განცხადებები. ეტყობა, კობახიძეს თეთრი ბილეთი აქვს და ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ ისევ ნათელაშვილის მაგივრად მოიხადეს ბოდიში.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთი ალგორითმით მოქმედებს. ამაში, ალბათ, იმ მოჯადოებულ წრეს გულისხმობთ, რომელშიც ქართული პოლიტიკა 30 წელია, ტრიალებს. რა ფორმულა არსებობს ამ წრის გასარღვევად?
_ ერთადერთი ფორმულა არსებობს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში პოლიტიკური ინტერესი პოლიტიკურ ბრძოლაში მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი. პოლიტიკოსებმა წითელი ხაზების დაცვა უნდა ისწავლონ. შენ პოლიტიკაში ისეთი ქმედებები არ უნდა აწარმოო, რაც სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს, _ ეს არის ზღვარი. სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, უნდა გვესმოდეს, რომ პროცესში სახელმწიფო ინტერესი დომინანტია და არა პირიქით, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამ ინტერესს მუდმივად საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს უქვემდებარებს. რამდენად შესაძლებელია, ეს ცნობიერება ამ პოლიტიკურმა ელიტამ აითვისოს და შეისისხლხორცოს, ეს უკვე არ ვიცი. ვფიქრობ, ჩვენს პოლიტიკაში ელიტის ცვლილება გვჭირდება და ეს გარდაუვალიც არის. სხვანაირად ქვეყანას ვერ განვავითარებთ და ამ მოჯადოებულ წრეში დავრჩებით. ამის სიმპტომი იყო 2019 წლის ივნისი, როდესაც ახალგაზრდებმა უარი უთხრეს წარსულს და მათი პროტესტი მიმართული იყო როგორც მანკიერი წარსულის, ასევე მანკიერი აწმყოს წინააღმდეგ. ეს ახალგაზრდები ცვლილებებს ითხოვდნენ. ვფიქრობ, 2024 წლისთვის ჩვენი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი შეიცვლება, რადგან სხვანაირად ჩვენ არ გვიწერია ნორმალური, ცივილიზებული განვითარება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენი 90-იანელების მისია ერთადერთია, _ არა ის, რომ ჩვენს ადგილს ვეპოტინოთ და მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთოთ, არამედ ჩვენი ვალია, რომ ნელ-ნელა ახალი თაობისთვის, ახალი ენერგიისთვის გადაბარების პროცესი დავიწყოთ, რადგან ჩვენი რესურსი ნელ-ნელა ამოვწურეთ და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის პოზიტიური გამოცდილების ახალგაზრდებზე გადაცემა და იმ შეცდომებისგან დაზღვევა, რომლებიც მრავლად დავუშვით. საკუთარ თავზეც ვსაუბრობ, რადგან მეც ამის ნაწილი ვარ, მაგრამ, ჩვენი მოქმედი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მე მაქვს უნარი, რომ კრიტიკულად შევაფასო საკუთარი როლი, შეცდომები და შევეცადო, ჩვენმა შვილებმაც იგივე შეცდომები არ დაუშვან. მე მათაც მოვუწოდებ, რომ ასე იაზროვნონ, ნუ ჩაუკეტავენ ახალგაზრდებს გზას, პირიქით, ჩვენ უნდა გავუხსნათ მათ გზა და ეს იქნება ჩვენი ისტორიული მისია, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მუდმივად იქნება.
_ თქვენ ადეკვატურად აფასებთ მოცემულობას. რამდენად უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ მოჯადოებული წრის მთავარი ფიგურანტები შეძლებენ სიტუაციის ასე გაანალიზებას და თუ ეს მათ ვერ მოახერხეს, რა არის გამოსავალი?
_ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. ადრე თუ გვიან, ყველა მივა აქამდე და ვინც ვერ მივა, ის ძალიან ცუდად დაამთავრებს. ეს ფრაზა არ მიყვარს, თუმცა მაინც გამოვიყენებ: თუ ვინმეს არ უნდა ისტორიის სანაგვეზე მოხვედრა, ის პროცესის ადეკვატური უნდა იყოს. შენ უნდა იცოდე, როდის მოხვიდე, მაგრამ უნდა იცოდე, როდის წახვიდე. ძალიან ბევრმა მათგანმა წასვლა უკვე დააგვიანა, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. როდესაც რაღაცას ეპოტინები, საბოლოო ჯამში, შენთვის უარესად მთავრდება. ეს ყველას ეხება _ პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს. მან შეასრულა თავისი ისტორიული ფუნქცია, მაგრამ ის აღარ ატარებს არანაირ პოზიტიურ ენერგიას. მას არ აქვს მომავლის ხედვა და წარსულში აკავებს ქვეყნის განვითარებას. მისი დრო წავიდა და ივანიშვილმაც უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ნუ ეპოტინება ძალაუფლებას, ეს ძალაუფლება დღეს მას პრობლემების მეტს არაფერს უქმნის და ხვალ-ზეგ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამას ვეუბნები მას და იგივე ტექსტს ვეტყვი ძალიან ბევრ ქართველ პოლიტიკოსს, რომელმაც თავისი დრო უკვე მოჭამა.
_ საკონსტიტუციო ცვლილებებს რომ დავუბრუნდეთ, მათი მიღების შემდეგ მმართველი გუნდისგან გაისმა შეფასება _ „ახალი ოპოზიცია“. რაზე მიანიშნებს ეს გზავნილი?
_ „ახალი ოპოზიცია“ _ ეს არის ტაქტიკური მონახაზი. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონიათ, რომ სამყაროში მხოლოდ ისინი არსებობენ, მუდმივად ერთმანეთის კბენაში არიან. რეალურად კი „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობა“ მაშველი რგოლია. ისინი ვერ ქმნიან ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს, ერთადერთი პროპაგანდისტული ხაზი, რითაც ისინი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, ეს არის არა ის, რომ ხვალ უკეთესი იქნება, არამედ ის, რომ თუ „ნაციონალები“ დაბრუნდებიან, კიდევ უარესი იქნება. მაგრამ დროდადრო ისინი ამ დემონიზაციის პროცესში ახალ-ახალ კარტს ათამაშებენ. რეალურად, „ქართული ოცნებისთვის“ „ახალი ოპოზიცია“ სრული კოშმარია, რადგან მთავარი არგუმენტი ეცლებათ და ამ შემთხვევაში უკვე ჩანს, რომ მეფე შიშველია.
_ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ დასჭიდა, თვითონვე შექმნის ოპოზიციას. ხომ ვერ ხედავთ ამ ნიშნებს მმართველი გუნდის მიერ „ახალ ოპოზიციად“ წოდებულ გაერთიანებაში?
_ შეიძლება, ამის შესახებ ვიღაცები რაღაცებს ამბობდნენ და რაღაც თეორიებს აგებდნენ, მაგრამ კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ის ამაზე არასდროს წავა. მას შეუძლია, რაღაც პოლიტიკური ძალა ან ჯგუფი ერთჯერადად იყიდოს, მაგრამ ის რაღაც გრძელვადიან ალიანსს ვინმესთან არ გააფორმებს. ამით ეჭვქვეშ არ დააყენებს საკუთარ აბსოლუტურ ძალაუფლებას. ამაზე, რა თქმა უნდა, წამსვლელი არ არის.
_ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ სურს და არც _ „ნაციონალური მოძრაობა“, დღევანდელი მოცემულობით, რა არჩევანის წინაშე დგას? არსებობს თუ არა ალტერნატივა მისთვის?
_ წინასაარჩევნო ყველაზე მსხვილ სეგმენტს, რომელსაც არ უნდა არც წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და არც აწმყო „ქართული ოცნების“ სახით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ აქვს ფორმირებული არჩევანი. პოლიტიკურ ბაზარზე შეთავაზებები არის, მაგრამ საკმაოდ სუსტი. ამ ამომრჩევლის მოზიდვას, ჯერჯერობით, ვერც ერთი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ვერ ახერხებს. ამ ბაზარზე პარტია, რომელიც კლასიკური პოლიტიკური სქემით ვითარდება, მხედველობაში მაქვს: ინფრასტრუქტურა, მხარდამჭერებისა და აქტივის მობილიზაცია, ნაციონალური მასშტაბით ინფრასტრუქტურის გაშლა, ოფისები და გარკვეული ბრენდირება, ამას, ჯერჯერობით, მხოლოდ „ლელო“ ახერხებს. არის სხვა ეპიზოდებით, მაგრამ უფრო კამერული, სატელევიზიო ერთკაციანი პარტიები, რომლებიც მხოლოდ ტელევიზორში ლაპარაკითა, ჩხუბებით და ვიღაცის შეურაცხყოფით ამახსოვრებენ საზოგადოებას თავს.
_ რა სჭირდება „ლელოს“ იმისთვის, რომ რეალურ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს, რომელზეც ნეიტრალური ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს?
_ „ლელოს“ სჭირდება ლოკომოტივი. სარკინიგზო ტერმინოლოგიით რომ გითხრათ, „ლელო“ ქმნის ვაგონებს და აყენებს რელსებზე, ამას საკმაოდ კარგად აკეთებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ვერც ერთი შემადგენლობა ვერსად წავა თუ მას ლოკომოტივი _ ორთქლმავალი არ ჰყავს. ორთქლმავალი, რომელიც, „ლელოს“ შემთხვევაში, ამ საკმაოდ კარგად აწყობილ შემადგენლობას ჩაიბამს და „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში მიიყვანს, არ ჩანს, ორთქლმავლის გარეშე კი ეს შემადგენლობა შეიძლება, დეპოში დარჩეს. ვინ არის ეს ლოკომოტივი ან რა ჯგუფია, ჯერჯერობით, არ ვიცი. თვითონ ხაზარაძე ამ როლს ვერ ქაჩავს. ის განვითარდა, გარკვეულწილად, გაიზარდა, მაგრამ მას ჯერ კიდევ უჭირს ბანკირის სტიგმის ჩამოშორება, ანუ მდიდარი ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში „ხალხს სისხლს სწოვდა“ და ახლა პოლიტიკაში წასვლა მოინდომა. ამ სტიგმის მოშორებას მეტი ხალხურობა სჭირდება: ადამიანი ხმას აძლევს თავისიანს. შესაბამისად, მას სჭირდება ხალხში გასვლა, რომ მას ხალხმა ხელი მოჰკიდოს, ხელი დაადოს და იგრძნოს, რომ მათიანია (ფიგურალურად ვამბობ); რომ ხელისუფლებაში მათი პრობლემების გადასაჭრელად მოდის და არა _ საკუთარის. ეს გზა ხაზარაძემ, ჯერ კიდევ, უნდა გაიაროს, ამისთვის დრო აქვს, დანარჩენს ვნახავთ. ვფიქრობ, ხაზარაძის განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია, მაგრამ, ჯერჯერობით, დღეის საზომით, არასაკმარისია პოლიტიკურ პროცესში მეტ-ნაკლებად სერიოზული როლის სათამაშოდ.
_ ამ ყველაფრის პარალელურად, დასავლეთიდან კვლავ ისმის კრიტიკული შეფასებები, ვგულისხმობ ბოლო დროს კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიას. რა ტიპის წარმოდგენა ჩამოყალიბდა დასავლეთში საქართველოში არსებულ მმართველობაზე და როგორ აისახება ეს 2020 წლის არჩევნების კონტექსტში?
_ სამწუხაროდ, დასავლეთში ძალიან მძიმე განწყობა ჩამოყალიბდა და იგი სისტემურია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ცალკეული განცხადებები განიხილოს, მაგრამ უმძიმესი დამოკიდებულებაა. ჩრდილოვანი მმართველობის ფორმულა დასავლეთის ცნობიერებაში იმდენად მყარად არის გამჯდარი, რომ ამის უარყოფას აზრიც არ აქვს. ხელისუფლება კი ცდილობს უარყოფას, მაგრამ მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებს ან არ აკეთებს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, ვის მართავს ქვეყანასო, ყველა გიპასუხებთ, _ ბიძინა ივანიშვილიო, არავინ გეტყვით, გახარია მართავს ქვეყანასო. ეს არის ანაქრონიზმი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისგან არ არის გასაკვირი. არ ვეთანხმები აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ის არ თანამშრომლობს, მაგრამ მეორე მხრივ, მისი ცნობიერება ჩამოყალიბდა რუსეთში და როგორც იმართება სახელმწიფო, მან ეს საკუთარი გამოცდილებით რუსეთში ისწავლა. მან სხვანაირი მართვა არ იცის. მართვის სტილი, რომელიც ეფუძნება ტოტალური კონტროლის პრინციპს, ეს არის წმინდა რუსული მოდელი და მან იქიდან წამოიღო ეს ყველაფერი. მეტიც: არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფრისგან განთავისუფლება უნდა. ის ხვდება, რომ ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება, მათ შორის, მის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, რაც მომავალში, შეიძლება, კიდევ უფრო დამძიმდეს. მას უნდა აქედან განთავისუფლება, მაგრამ გზას ვერ ხედავს. მან ეს ყველაფერი აიკიდა და ახლა არ იცის, როგორ გავიდეს თამაშიდან ისე, რომ შეინარჩუნოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება.
_ რა გამოსავალს შესთავაზებთ მას?
_ დიახ, მე მას ვასწავლი, როგორ უნდა მოიქცეს. იყო პერიოდი, როდესაც ის მიჯერებდა და ერთად ბევრი კარგი რამე გვაქვს გაკეთებული. მე მას ვურჩევდი, რომ აქედან გამოსავალი არის ერთადერთი: მან თამაშიდან უნდა გაიყვანოს ყველა სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც მასთან აფილირებდა (ვგულისხმობ „ქართუსთან“ ასოცირებულ პირებს) და გახარიას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება უნდა მისცეს. გახარიამ უკვე გამოავლინა მართვის გარკვეული უნარები. ეს ერთი და მეორე, _ თამაშიდან უნდა გაიყვანოს ყველა ინტერესჯგუფი, რომელიც მასთან ასოცირდება და რომელიც ხელს აფათურებს ქართულ ეკონომიკაში. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯებს გადადგამს, ამით აღდგება ინსტიტუციური წესრიგი, ანუ მთავრობა დაემსგავსება მთავრობას. გადაწყვეტილება მიიღება იქ, სადაც კაბინეტზე აწერია პრემიერ-მინისტრი და არა სადღაც გვერდით _ ბიძინა ივანიშვილის სასახლეში, _ ამის განცდა უნდა გაჩნდეს საზოგადოებაში. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მას რბილად გასვლის საშუალება მიეცემა. ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა დღეს ძალაუფლების შენარჩუნება არაა, მისთვის ძალაუფლება ტოქსიკურია. ძალაუფლებისგან განთავისუფლება მისი მთავარი პრობლემაა და მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამის გაკეთება, ეს სახელმწიფოებრივადაც კარგი იქნება და _ მისთვისაც. მას უყვარს დენდროპარკები, თავადაც თქვა, მებაღეობა მინდაო, ის უნიჭიერესი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ საქმეში იქნება ნაყოფიერი, მათ შორის, მებაღეობაში. ვიცი, რომ მას ეს საქმე უყვარს და ნამდვილად ბედნიერი იქნება, თუ ამ ზედმეტი ტვირთისგან განთავისუფლდება. მით უმეტეს, ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ის საკუთარ თავში აღარ ატარებს არანაირ პოზიტივს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. მისი ეს მართვის ტექნოლოგიები და ხედვები მე-20 საუკუნისაა, მომავლის საქართველოსთვის კი ჩალის ფასიც არ გააჩნია. ერთად აღვზარდოთ ახალგაზრდობა, მეც მივეხმარები ამაში და ეს ქვეყანა ნელ-ნელა გადავაბაროთ ახალგაზრდებს. კობახიძისნაირს კი არა, რომელიც გაყინულია და სადღაც არის ჩარჩენილი, არამედ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პოზიტიურად აზროვნებენ, რომლებიც უფრო მეტად არიან ენთუზიასტები, გულანთებულები და, გარვეული აზრით, რომანტიკულები. ერთად ავიღოთ ეს პროექტი და განვახორციელოთ, ბიძინა ივანიშვილი მე სულ ნუ დამელაპარაკება, სხვა კაბინეტში დავჯდები და ისე გავაკეთებ ჩემს საქმეს.

ნენე ინჯგია