მურმან დუმბაძე: „ოცნებამ“ არჩევნებისთვის ზონდერჯგუფების ფორმირება დაიწყო“

ისევე როგორც სხვა ბევრ რამეს, საქართველოში სპორტსაც რუსული ელფერი დაედო. რუსული სპორტი ცნობილია, როგორც სისხლიანი სპორტი. ჩვენი სპორტსმენები, ბოლო დროს, სულ უფრო ბევრ სკანდალში ეხვევიან. კუნთმაგარ ხალხს რომ ზონდერებად იყენებენ, ეს იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ამაზე რეაქციაც კი აღარ გვაქვს. ოპონენტებისთვის თავპირის დასალეწად ზონდერებს ყველა ხელისუფლება იყენებდა. ეს მავნე ტრადიცია არც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია. მეტიც: მათ „ნაციონალების“ დროინდელი ზონდერებიც გადაიბირეს და ერთი მათგანი პარლამენტის ვიცესპიკერის სავარძელშიც კი ჩასვეს.

ამ ზონდერებთან არაერთხელ ჰქონია შეხება პარლამენტის ყოფილ ვიცესპიკერ მურმან დუმბაძეს. მას ზონდერების დაწინაურებაზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც აქვს განცხადებები გაკეთებული. ამ თემაზე სხვა პოლიტიკოსებიც ხმაურობენ, მაგრამ ხელისუფლებას მათი აზრი არ აინტერესებს და არჩევნებისთვის ზონდერების ახალ დაჯგუფებებს ამზადებს, რომლებმაც ოპოზიცია უნდა დაარბიონ. ამის შესახებ მურმან დუმბაძეს თავად მოჭიდავეებმა უამბეს.

როგორ ხვდებიან პარლამენტში ცნობილი დამრბევები? რას სთავაზობენ მოჭიდავეებს ზონდერობის სანაცვლოდ? რას უნდა ველოდოთ არჩევნებზე? რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს სპორტის დაფინანსებაში? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მურმან დუმბაძე ესაუბრება:

_ ბატონო მურმან, ქართული სპორტი სულ უფრო სისხლიანი ხდება. სპორტსმენები ფიგურირებენ გიორგი შაქარაშვილის საქმეში და გასულ კვირას ბათუმში დააკავეს სპორტული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებსაც ადამიანის გატაცებასა და წამებაში ედებათ ბრალი. კუნთმაგარი ადამიანების სახელს კიდევ ბევრი დარბევა და უბედურება უკავშირდება. რა სჭირს ამ ხალხს, რატომ იქცევიან ასე?
_ ქართულ სპორტში ძალიან ცუდი ამბები ხდება და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს. უბედურება ის არის, რომ სპორტსმენების ზონდერებად ჩამოყალიბებას ყოველთვის ხელისუფლება უწყობდა ხელს. ამ ტრადიციას გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ეს დღემდე გრძელდება. ამ ადამიანებს ხელისუფლება ხელს რომ არ უწყობდეს, ისინი წარმატებას, ალბათ, ვერ მიაღწევდნენ. ელემენტარულად, ვერ ივარჯიშებდნენ, ვარჯიშის გარეშე კი ვერაფერს მოიგებ. ისინი ხელისუფლების წინაშე ვალში არიან და მათ თხოვნებსაც ასრულებენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სპორტული სამყაროს წარმომადგენლები საარჩევნო პროცესს ჩამოვაშოროთ.
ისე არავინ გაიგოს, რომ სპორტსმენებს არჩევნებში მონაწილეობას ვუკრძალავთ. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ არჩევნებში ხმის მიცემაც შეუძლიათ და კენჭისყრაც, მაგრამ ზონდერებად არ უნდა გამოიყენონ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სპორტი გახდეს პროფესიული. ფედერაციების ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს. ძალისმიერ სპორტის სახეობების დაფინანსებაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება, რაც გაუმართლებელია.
მესმის, რომ ყველა სპორტსმენის გამარჯვება და აფრიალებული ქართული დროშა ძალიან საამაყოა, მაგრამ ამის უკან მანკიერი რაღაცებიც დგას. როდესაც ერთი სპორტსმენი რაღაცას აშავებს და ამაზე სპორტული სამყარო ან დუმს, ან ტაშს უკრავს, ეს ნიშნავს, რომ ისინიც ამ დანაშაულის თანამონაწილენი არიან. რატომ უნდა იხდიდეს მურმან დუმბაძე ან ნებისმიერი თქვენი მკითხველი ბიუჯეტში თანხას იმისთვის, რომ შემდეგ ამ თანხით დაფინანსებულმა სპორტსმენმა ხელისუფლების დავალებით ვიღაც დაჩაგროს? დროა, ეს პრობლემა მოგვარდეს. არ შეიძლება, 30 წელი ერთი და იგივე გაგრძელდეს.
_ ამ თემაზე სასაუბროდ შემთხვევით არ შემირჩევიხართ: როცა თქვენ პარლამენტში იყავით, პლენარულ სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთეთ და მსოფლიო ჩემპიონ მუხრან ვახტანგაძის თანამდებობაზე დანიშვნა გააპროტესტეთ. ამბობდით, რომ ის ცნობილი მარბიელი და ზონდერი იყო. მაშინ თქვენთვის არავის მოუსმენია, დღეს კი ვახტანგაძეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ვიცესპიკერის პოსტი უკავია.
_ მუხრან ვახტანგაძესთან დაკავშირებით პარლამენტში ოფიციალური და ხმამაღალი განცხადება გავაკეთე. ასეთი გაცხადების გაკეთება მარტივი არაა. საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა და აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ამ ქვეყანაში ადამიანის სახელისა და გვარის დასახელება ცოტა რთულია, მაგრამ როცა ეს ადამიანი ზღვარს გადადის, ის აუცილებლად უნდა ამხილო. ვახტანგაძეზე მხოლოდ პარლამენტში არ გამიკეთებია განცხადება. მის საქმიანობაზე არაერთ ინტერვიუში მისაუბრია. ეს კაცი რიგითი მარბიელი არ გახლავთ. რიგითი მარბიელი რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი.
_ რიგითი მარბიელობა დანაშაული არაა?
_ რიგით მარბიელობას იცით, რას ვეძახი? _ ვიღაც კუნთმაგარი საარჩევნო ყუთთან რომ მოგაყენებს შეურაცხყოფას. ფიზიკური ძალადობა კი უკვე სხვა რამეა. მუხრან ვახტანგაძე, ჯერ კიდევ, ასლან აბაშიძის დროიდან ამზადებდა სპეციალურ ზონდერჯგუფებს. ეს იმდენად სერიოზული ამბავია, რომ ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ამ ადამიანების კისერზე ძალიან ბევრი დარბევაა. მუხრან ვახტანგაძესთან დაკავშირებით ვერც მიხეილ სააკაშვილმა ივარგა, რომ ვახტანგაძისთვის სათანადო ადგილი მიეჩინა. იმის მაგივრად, რომ პასუხი მოეთხოვათ, დააწინაურეს. ის „ნაციონალების“ დროსაც საკმაოდ წარმატებული იყო. 2008 წელს ვახტანგაძე „ნაციონალების“ საარჩევნო სიით პარლამენტის წევრობასაც კი აპირებდა.
_ აბაშიძის მარბიელი „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში იყო?
_ კი, კი. ცოტა უკან იყო ჩაწერილი და პარლამენტში ვერ მოხვდა. ამაზე ძალიან გაბრაზდა და ერთი ამბავი ატეხა. საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვეში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა. შემდეგ იქ ჩასვეს „ნაციონალებმა“ სიაში. მაშინ უკვე სიის პირველ ათეულში იყო, მაგრამ იქაც ვერ მოხვდა.
_ რა უიღბლო ყოფილა.
_ სამაგიეროდ, ახლაა პარლამენტის ვიცესპიკერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ აბაშიძის მარბიელი მიშა სააკაშვილის დროსაც დაფასებული იყო. ის ხელისუფლებისგან ფინანსდებოდა, ასევე მისი დაჯგუფებაც. 2003 წლის 23 ოქტომბერს აბაშიძის ხალხმა ბათუმში ოპოზიციის მიტინგი დაარბია. იქ სასტიკად სცემეს კობა დავითაშვილი. ამ დარბევას ვახტანგაძე ხელმძღვანელობდა. ის ოპოზიციას „ნაციონალების“ დროსაც არბევდა, მაგრამ დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახლავთ. სამწუხაროა, რომ მუხრან ვახტანგაძე გამონაკლისი არაა.
როდესაც მასზე პარლამენტში განცხადება გავაკეთე, მეგონა, სპორტული სამყარო ამაზე აღშფოთდებოდა და სათანადო რეაგირებას მოახდენდა, მაგრამ პირიქით _ მათი მხრიდან თავდასხმის ობიექტი მე გავხდი. ალბათ, გაგებული გექნებათ დავით გობეჯიშვილი და რომან რურუა. ორივე მათგანი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები არიან. მათ საგანგებო ბრიფინგი გამართეს ჩემ წინააღმდეგ. თქვეს, მურმან დუმბაძე რაღაცებს ბოდავს და სახელოვან სპორტსმენ მუხრან ვახტანგაძეს შეურაცხყოფას აყენებსო. რურუაც და გიობეჯიშვილიც დიდი სპორტსმენები არიან, მაგრამ მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, ისინი ცუდი მოქალაქეები არიან.
კონსტიტუციის ჩემეული ვერსია მაქვს დაწერილი, სადაც შავით თეთრზე მიწერია, რომ ბიუჯეტის თანხები პროფესიულ სპორტზე არ უნდა დაიხარჯოს. ჯერ კიდევ 10 წლის წინათ ვფიქრობდი, რომ ეს სახსრები ბავშვთა სპორტის დაფინანსებაზე უნდა იყოს მიმართული. მართლა არ მესმის, რატომ უნდა იხადოს მოქალაქემ ფული იმისთვის, რომ შემდეგ ვიღაც კუნთმაგარმა ისინი დაარბიოს?! აქ მარტო მოქალაქეების დარბევაზე არაა საუბარი. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. გობეჯიშვილმა და რურუამ გამლანძღეს და ერთს არ უკითხავს, რამდენად მართალი იყო ჩემი განცხადება.
_ თქვენ გგონიათ, რომ რურუამ და გობეჯიშვილმა ვახტანგაძის მარბიელობის შესახებ ყველაფერი არ იციან? თქვენზე კარგად იქნებიან ინფორმირებული, თუ რას საქმიანობს ეს ადამიანი.
_ როგორ არ იციან, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს კოლეგის დაცვა. სახელოვანი სპორტსმენები კი არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათგან ყველაფერი დაიჯერება.
_ მაიკ ტაისონი მათზე სახელოვანი სპორტსმენი იყო, მაგრამ როცა კანონი დაარღვია, ციხეში უკრეს თავი.
_ იმიტომ, რომ ის ამერიკაში ცხოვრობდა, იქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველოშიც ასე უნდა იყოს. იმედი მაქვს, მომავალი ხელისუფლება აღარ დააფინანსებს პროფესიულ სპორტს. ამ დაფინანსებულებიდან ვიღაცა მოიგებს და ვიღაცას ზონდერებად გამოიყენებენ. ივანიშვილი თუ კიდევ აპირებს მათ გამოყენებას ხალხის დასარბევად, რევოლუციას მიიღებს. ამ განცხადებას ჰაერზე არ ვაკეთებ. საზოგადოება ამდენ ძალადობას უკვე აღარ მოითმენს.
_ ბოლო პერიოდში ამ ზონდერებზე დიდი ამბები ატყდა და ხელისუფლება კიდევ გაბედავს მათ გამოყენებას?
_ ჩემი აზრით, ხელისუფლება და თავად ზონდერებიც სიფრთხილეს გამოიჩენენ. ამას ჩემი პოლიტიკური გამოცდილება მალაპარაკებს. როცა უკვე გარდაუვალია ხელისუფლების ცვლილება, მაშინ სპორტსმენებისა და ზონდერების გამოყენება ცოტა რთულდება.
_ თქვენი აზრით, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია?
_ სულ რამდენიმე თვე დარჩა „ქართულ ოცნებას“. ამას ზონდერებიც გრძნობენ. გაგახსენებთ 2003 წლის ამბებს: სანამ მიშა საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა, ასლან აბაშიძის ხალხი აჭარაში სასტიკად გვარბევდა ოპოზიციას. 2004 წლის 4 იანვარს სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. აჭარაში დარბევები შემცირდა, არადა, რამდენიმე თვე კიდევ ასლანი იყო ხელისუფლების სათავეში. 2004 წლის 28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. აჭარაში ამ არჩევნებმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა. ზონდერებმა ხალხისა და ოპოზიციის დარბევა ვეღარ გაბედეს. მათ ეს ბრძანება კი ჰქონდათ მიღებული, მაგრამ თავს იკავებდნენ. ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და მათ პრობლემები შეექმნებოდა.
დარწმუნებუილი ვარ, ოქტომბერში არჩევნებზე საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. ამას ყველა ხვდება. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასშტაბური დარბევები ვიხილოთ. ასეთი გაბედულება რეგვენ და მშიშარა ადამიანებს არ აქვთ. მე ზონდერებს მშიშარა ადამიანებად მივიჩნევ.
_ მშიშრები რატომ არიან?
_ მშიშარა ადამიანები რომ არ იყვნენ, ყველა დავალებას არ შეასრულებდნენ. ხელისუფლება მალე შეიცვლება და, შესაბამისად, მათგან ამ არჩევნებზე ნაკლებ წნეხს ველოდები. ზონდერების გამოყენებაზე სრულად უარს არ იტყვიან, მაგრამ მასშტაბები შემცირდება.
_ კორცხელის მსგავს ინციდენტებს იმედია, აღარ ვიხილავთ.
_ მთლად კორცხელი შეიძლება, არ ვიხილოთ, მაგრამ ამასთან მიახლოებული ამბები იქნება, რადგან ასეთი დარბევის არც ერთი მონაწილე არ დასჯილა. არ დასაჯეს და ეს ამბავი გაგრძელდა აეროპორტში.
_ აეროპორტში რა გაგრძელება მოჰყვა?
_ რა და გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს დაესხნენ მოჭიდავეები თავს. მზე და მთვარე კი არ ამომდის ამათზე, მაგრამ როგორ შეიძლება, როცა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აწყობ თავდასხმას?
_ აბა, გამოძიებას ჰკითხეთ, უგულავას იქით ბრალდება მსოფლიო ჩემპიონის დაჟეჟვა.
_ გიგიმ თუ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს სძლია, მაშინ ეგ დავაფინანსოთ და გავუშვათ ტურნირზე, რაღა ზონდერებს ვაფინანსებთ? გიგიზე კიდევ უფრო მაგარი გამოდგა გოკა გაბაშვილი. როგორც უგულავა ყვება, გაბაშვილს ვიღაც ჩემპიონი შეუბოჭავს.
კორცხელის ინციდენტში მონაწილე ადამიანები პირდაპირ კახა კალაძესთან არიან კავშირში და ეს ბევრი რამით მტკიცდება. კორცხელის გამო არ დაისაჯნენ და აეროპორტშიც შეასრულეს დავალება.
_ ფიქრობთ, რომ ისინი ხელისუფლების დავალებით დაესხნენ თავს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს?
_ ამაში ეჭვიც არ მეპარება. საკუთარი ინიციატივით ისინი ამას არ გააკეთებდნენ. ეს თავდასხმა არც უანგაროდ განუხორციელებიათ. ისინი „ქართული ოცნებისგან“ ხეირს ელოდებოდნენ.
_ ხეირში რას გულისხმობთ?
_ ბიუჯეტიდან უზარმაზარ დაფინანსებას ღებულობენ. სანაცვლოდ ყველა იმ დავალებას ასრულებენ, რასაც მათ ხელისუფლება აძლევს. მომავალმა ხელისუფლებამ ამაზე უარი ოფიციალურად თუ არ თქვა, ამ თემას საქართველოში დასასრული არასდროს ექნება.
_ ამასობაში ქართული სპორტი ძალიან სისხლიანი გახდა.
_ ასეა, მაგრამ ყველა სპორტსმენზე ვერ ვიტყვით, რომ ზონდერია. საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ. როდესაც ესა თუ ის სპორტსმენი დანაშაულს სჩადის და ძალადობს, ფედერაცია უნდა გაემიჯნოს მას და მისი დასჯა მოითხოვოს. ჩვენს რეალობაში ასეთი რამე, სამწუხაროდ, არ ხდება.
როგორც უკვე გითხარით, გამონაკლისებიც არიან და ასეთი გამონაკლისები ძმები წულუკიძეები გახლავთ. ეს ძმები ევროპის ჩემპიონები არიან და მათ ყველა პატივს სცემს. დღეს მათი სასამართლო პროცესი მიდის. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს ბიჭები ოპოზიციას ეხმარებოდნენ.
_ ამიტომ ხომ არ დასაჯეს?
_ დარწმუნებული ვარ, რომ მიზეზი სწორედ ესაა. როგორც მე ვიცი, „ქართულ ოცნებას“ მათი გადაბირება სურდა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ერთი ძმა ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული და მეორე მის მხარდასაჭერად მიტინგებს მართავს. ეს ადამიანი ყვება, რომ ის აჭარის პოლიციის უფროსმა, ვინმე ანანიაშვილმა დაიბარა თავის კაბინეტში. წულუკიძე მივიდა, სადაც მას აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა შეხვდა.
_ დავით რიჟვაძეზე საუბრობთ, რომელიც „ნაციონალების“ დროს ცნობილი მარბიელი იყო და მასთან დაკავშირებითაც არაერთი განცხადება გაქვთ გაკეთებული?
_ სწორედ ეგ ცნობილი მარბიელი დავით რიჟვაძე შეხვდა წულუკიძეს ანანიაშვილის კაბინეტში. რიჟვაძე რომ მარბიელი იყო, ამაზე ივანიშვილთანაც არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. დღემდე აგრძელებს მარბიელობას.
_ რა უნდოდა რიჟვაძეს წულუკიძისგან?
_ რიჟვაძემ წულუკიძეს უთხრა, რომ მას საარჩევნოდ უნდა შეექმნა ჯგუფები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ დაეხმარებოდა. კაბინეტიდან გამოსულმა წულუკიძემ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა. ასეთი რამე რომ ღიად თქვა, ამას დიდი სამოქალაქო გმირობა სჭირდება. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, მრავლად არ არიან.
ამ ჯგუფების შექმნის სანაცვლოდ მას ფულადი სახსრების გამოყოფაც შესთავაზეს. გააფორმეს, რომ მათი ოჯახები ვითომ სოციალურად დაუცველია. თორნიკე რიჟვაძემ სარეზერვო ფონდიდან ამ ოჯახებს 2000-2000 ლარი გადაურიცხა.
ხელისუფლება გავეშებული მუშაობს თითოეული ადამიანის გადაბირებაზე. განსაკუთრებით ისეთი ხალხის გადაბირებაზე მუშაობენ, ვისაც კუნთი უჭრის და ადამიანებზე ამ გზით ზემოქმედება შუძლიათ.
_ ხელისუფლება ამ ხალხის გამოყენებას ყოველთვის შეეცდება. თქვენ მათ რას ურჩევდით?
_ რა უნდა ვურჩიო იმის გარდა, რომ წულუკიძის მაგალითს მიბაძონ? ადამიანებს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაუბრუნდებათ მათ მიმართ ნდობა. ახლა სპორტსმენებს ნდობაც დაკარგული აქვთ და _ პატივისცემაც. თავიანთი ცუდი საქციელით მხოლოდ საკუთარ თავს არ აზარალებენ, იმ სახეობასაც აძულებენ ხალხს, სადაც ისინი ასპარეზობენ. ცნობილია, რომ ერთ ადამიანს ძალიან ბევრის გასვრა შეუძლია. პირადად მე მოჭიდავეების მიმართ ნდობა დაკარგული მაქვს.
_ მეც აღარ ვგულშემატკივრობ მათ და ასეა ბევრი ადამიანი.
_ ასეთი ადამიანების წრე კიდევ გაიზრდება. ამაზე თავად სპორტსმენები უნდა დაფიქრდნენ. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა და საინტერესოა, ისინი როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას? მე მაწუხებს, ჭიდაობის მიმართ რომ შენელდა ნდობა და თავად არ აწუხებთ? ფედერაცია ამაზე სერიოზულად უნდა მუშაობდეს.
_ ჭიდაობის ფედერაციაზე ამბობთ? ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაესხა თავს ერთ მოჭიდავეს, რომელიც იძულებული გახდა, საქართველოდან გადახვეწილიყო და ის დღეს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ზურა დათუნაშვილზე მოგახსენებთ.
_ ეს ახალგაზრდა კაცი მე და ბატონმა ნიკა მელიამ, დაახლოებით, სამი კვირის წინ გავიცანით. ამ ბიჭმა ჩემთან შეხვედრის სურილი თავად გამოთქვა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანია.
_ რატომ მოინდომა თქვენთან შეხვედრა?
_ წულუკიძეების შესახებ ბოლოს ბევრს ვსაუბრობდი. ამ ბიჭმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სურდა. შევხვდი. მან გვიამბო, რომ ხელისუფლება ზონდერებს ამზადებს საარჩევნოდ. მისი თქმით, ახალგაზრდები, რომლებსაც ქვეყანა უყვართ, ოპოზიციას გვერდით დაუდგებიან. წულუკიძეც მზადაა, ჩვენ გვერდით დადგეს.
_ ესეც ხომ ზონდერობა გამოვა, არა?
_ არა. ამ ბიჭმა თქვა, არანაირ ძალადობაზე არ წავალთ, მხოლოდ თქვენს უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთო. მასთან ერთად მოვიდა ზურაბ დათუნაშვილი და იქ გავიცანი ეს ადამიანი. ის და წულუკიძე მეგობრები არიან. ეს ბიჭიც ხმამაღლა ამბობს, რომ ხელისუფლება მოჭიდავეებს ოპოზიციის დასარბევად ამზადებს. ამ დარბევებით ვერავის შეაშინებენ. ამ ამბავში სამწუხარო ისაა, რომ ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს. ის ევროპის ჩემპიონია. მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან მოუხდა ჩხუბი. გეგეშიემ მას დაარტყა, ამის გამო ფედერაციის პრეზიდენტი არ დაუსჯიათ. დათუნაშვილი კი საქართველოს სახელს აღარ დაიცავს.

შორენა მარსაგიშვილი