ზვიად კუპრავა: „რატომ მიუთითებს გიორგობიანი გამოძიებას, რომ მისი ნათესავი მოწმე დაზარალებულია, რომლის სტატუსიც არ შეიცვლება?“

გიორგი შაქარაშვილის საქმე იმაზე ბევრად უფრო სკანდალურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. უკვე ბევრი საეჭვო დეტალია გამოკვეთილი, წინ კიდევ დიდი სკანდალები გველოდება. სისხლიანი წვეულებიდან მხოლოდ ორი კვირის თავზე გავიგეთ, რომ ფოტოგრაფი, რომელიც ამ წვეულებაზე იყო და ყველაფრის თვითმხილველია, შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსის ნათესავია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ იაკობ ბრეგაძე შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავი იყო. ვინაობა კუპრავას შეგნებულად არ დაუწერია და ამის გამხელისკენ ბრეგაძის ნათესავს მოუწოდა.

შაქარაშვილის საქმეზე რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა, ამაში ეჭვი არც ზვიად კუპრავას ეპარება. თუმცა მას ამ ხელისუფლების ჩატარებული გამოძიების არ სჯერა. მას ნინო გიორგობიანთანაც აქვს კითხვები და ეჭვები. თავის ეჭვებზე ზვიად კუპრავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ „ხორავას ქუჩის“ საქმის გაყალბებას ძალიან დიდი მღელვარება მოჰყვა. ელოდით, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება კიდევ გაბედავდა სხვა ხმაურიანი საქმის მიჩქმალვას, როგორც ეს „შაქარაშვილის საქმესთან“ დაკავშირებით ხდება?
_ ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. საქმეების გაყალბება ამ ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. კარგად მახსოვს ქუთაისში პოლიციის მიერ მირზა ბუაჩიძის ლიკვიდაცია. მაშინ შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი იყო. მან განმარტება გააკეთა, რომ ბუაჩიძისგან პოლიციელებს საფრთხე ემუქრებოდათ და სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, მისთვის ესროლათო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბუაჩიძეს კეფაში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. ეს ადასტურებს, რომ პოლიციას მისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა.
გავიხსენებ თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევასაც: ბავშვი საწოლში მოკლეს. ეს ოპერაცია სუსმა ჩაატარა. სუსის პრეს-სამსახურის უფროსი მაშინ ასევე ნინო გიორგობიანი იყო. მან გვითხრა, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა ეჭირა ხელშიო. მოგვიანებით, ხელყუმბარა საქმეში საერთოდ აღარ ფიგურირებდა.
გაყალბება ვიხილეთ „სარალიძის საქმეშიც“. ექსპერტიზამ პირდაპირ დანა გაგვიყალბა _ ის დანა, რომლითაც თავდამსხმელებმა დათუნა სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. საგამოძიებო უწყებამ დანა გაღუნა, ეს შეგნებულად გააკეთა, რათა სიმართლე არ დადგენილიყო.
ახლა ჩვენ ყველანი თვალს ვადევნებთ გიორგი შაქარაშვილის საქმეს, სადაც უკვე ძალიან ბევრი სკანდალური დეტალია გამოკვეთილი. გვეუბნებიან, თირკმლების გაკვეთით დავადგენთ, გიორგი დაიხრჩო და თუ უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალშიო. ჩატარდა ეს ექსპერტიზა და ახლა ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე გვეუბნება, რომ ამის დასადგენად მხოლოდ თირკმლის დათვალიერება საკმარისი არ არის. არადა, პირველ შემთხვევაში ამბობდა, რომ თირკმლების გამოკვლევა სრულიად საკმარისი იქნებოდა იმის დასადგენად, ადამიანი დაიხრჩო, თუ უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში. ამ შემთხვევაში ის სიმართლეს ამბობდა.
_ მხოლოდ თირკმლის გამოკვლევით შეიძლება ამის დადგენა?
_ დიახ, თირკმლის გამოკვლევა საკმარისია იმის დასადგენად, ადამიანი დაიხრჩო თუ არა. თუ თირკმელსა და ფილტვებში წყალია შესული, ეს იმას ნიშნავს, რომ წყალში ცოცხალი იყო და წყალმა დაახრჩო; თუ უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში, მაშინ ორგანიზმში წყალი ვერ შევა. გვამი წყალს ვერ ყლაპავს, ეს გამორიცხულია. პირის ღრუდან და ცხვირის ღრუდან გვამში წყალი ვერ შევა. შესაბამისად, თირკმლისა და ფილტვების გამოკვლევებით შესაძლებელია გარკვევა, დაიხრჩო თუ არა ადამიანი. მათ ძალიან კარგად იციან, რაც ხდება, მაგრამ გეჯაძე გვეუბნება, რომ ეს საკმარისი არაა და ლაბორატორიული კვლევის პასუხს უნდა დაველოდოთო. ეს ხომ დიდი ტყუილია, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამეა. გეჯაძე კიდევ ერთ ამბავს მალავს: მან გვითხრა, რომ ამ საქმის ექსპერტი არის. ეთერებში დადის და საქმეზე ლაპარაკობს. მის ნალაპარაკევს ახლა არ შევაფასებ. სინამდვილეში, გეჯაძე არ არის ამ საქმის ექსპერტი.
_ რას ნიშნავს, ამ საქმის ექსპერტი არ არის?
_ იმას, რომ მას გიორგი შაქარაშვილის გვამი გეჯაძეს არ გაუკვეთავს. მას გვამი ნანახიც კი არ აქვს. საქმის ექსპერტი გახლავთ კახაბერ ერისთავი, გვამი სწორედ მან გაკვეთა. იმ მომენტისთვის, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, კახაბერ ერისთავის კომენტარი ამ საქმეზე არავის მოუსმენია. რატომღაც, გეჯაძეს ალაპარაკებენ, რომელსაც მე პირადად არ ვენდობი.
_ რატომ არ ენდობით?
_ თუნდაც იმიტომ, რომ ის ამ საქმის ესქსპერტი არ არის. სერიოზული ტყუილები გვითხრა და მთავარი: ის არაა დამოუკიდებელი ექსპერტი, როგორადაც თავს წარმოაჩენს. სინამდვილეში, ის არის პროკურატურის ექსპერტი. ამის მტკიცებულებებიც არსებობს და ეს „მთავარი არხის“ ეთერში აჩვენეს.
შაქარაშვილის გვამი რაკი ერისთავმა გაკვეთა, მან უნდა გვითხრას, რა სურათი დახვდა იქ. მაგრამ ის არ საუბრობს, ალაპარაკებენ პროკურატურის ექსპერტ გეჯაძეს და რაღაც დეტალებს გვიმალავენ. ასევე დაგვიმალეს ის, რომ სისხლიანი წვეულების მონაწილე ფოტოგრაფი არის შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ნინო გიორგობიანის ნათესავი.
_ ეს რატომ უნდა დაემალათ? არ შეიძლება, ნინო გიორგობიანის ნათესავი სადმე წვეულებაზე წასულიყო?
_ პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება რაღაც დეტალებს მალავს და არა ის, რომ იმ საბედისწერო დაბადების დღეზე ნინო გიორგობიანის ნათესავი აღმოჩნდა. გამუდმებით მალავენ დეტალებს, შემდეგ ისინი უფეთქდებათ და თავის მართლების რეჟიმში უწევთ ყოფნა. მე არ მესმის, რაღაცაში თუ არ არის საქმე, რატომ დამალეს, რომ ბრეგაძე გიორგობიანის ნათესავი იყო?
_ გიორგობიანმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში, იაკობ ბრეგაძე ჩემი ნათესავიაო.
_ მე რომ პოსტი არ დამეწერა, ის ამ განცხადებას ასი წელი არ გააკეთებდა. ამის გამკეთებელი რომ ყოფილიყო, პირველივე დღეებში დაწერდა კომენტარს.
_ „სარალიძის საქმეზეც“ თქვენ გახეთქეთ, რომ საქმის მონაწილე პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ თქვა მირზა სუბელიანმა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მისი შვილიც მონაწილეობდა.
_ ასე იყო. ორივე შემთხვევაში თავიდან მაღალჩინოსნების გვარები არ დავასახელე და მათ მივმართე, რომ მათგან გაეგო საზოგადოებას სიმართლე. მე ბევრად ადრე ვიცოდი, რომ იაკობ ბრეგაძე გიორგობიანის ნათესავი იყო, მაგრამ თავიდანვე არ დავწერე ამის შესახებ. ეს ინფორმაცია დეტალურად გადავამოწმე და როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, მაშინ დავწერე, რომ ის ბავშვი მაღალჩინოსნის ნათესავი იყო.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით (და ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მაქვს), იაკობ ბრეგაძე კონტაქტზე იყო ნინო გიორგობიანთან. სწორედ გიორგობიანმა გამოუგზავნა მას თბილისიდან შკოდა მისი იქიდან ევაკუაციისთვის.
_ იმაში უჩვეულოს რას ხედავთ, თუკი ნათესავმა გიორგობიანს დახმარება სთხოვა და მანაც იქიდან წამოიყვანა?
_ ნათესავმა გიორგობიანს დახმარება რომ სთხოვა, ეს დანაშაული არ არის. დანაშაული ისაა, რომ მან მხოლოდ თავის ნათესავის ევაკუაცია მოახდინა და ამით დასრულდა ყველაფერი. ამით ქალბატონმა გიორგობიანმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. მან იცოდა, რა ხდებოდა აგარაკზე, მაგრამ არაფერი გააკეთა, უფრო სწორად, ვერ გააკეთა. მას ამის გაკეთება აუკრძალეს.
_ ვინ აუკრძალა?
_ ამას ჯერ კიდევ ვაზუსტებ. მათ ვინაობასაც დავასახელებ. დღეს სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი, რომ მინისტრის მოადგილის რანგის მოხელემ ვერ მოახერხა, ინციდენტის ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გაეშვა. ერთადერთი ის შეძლო, რომ გაუშვა „შკოდა“ და მისი ნათესავი წამოიყვანა.
_ ცოტა დაუჯერებელია, რომ მინისტრის მოადგილის რანგის მოხელეს ინციდენტის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების გაშვება ვერ მოეხერხებინა.
_ ფაქტია, რომ ვერ მოახერხა. ნინო გიორგობიანი კი არის გავლენიანი პერსონა, მაგრამ მასზე ბევრად გავლენიანი ფიგურებიც არსებობენ. როგორც ჩანს, მას საპატრულო ეკიპაჟის გაშვება აუკრძალეს. მისთვის ამის გაკეთება რომ არ აეკრძალათ, ის შემთხვევის ადგილზე აუცილებლად გააგზავნიდა საპატრულო ეკიპაჟებსაც და სასწრაფო დახმარებასაც. ის ქალი და დედაა და ასე გულგრილად არ გაატარებდა მოზარდებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას.
_ 112-ში დარეკვის უფლება და საშუალება ყველას აქვს და ამიტომაა ძნელი დასაჯერებელი, რომ გიორგობიანმა ეს ვერ გააკეთა.
_ მას ამის უფლება არ მისცეს. ამაზე ხვალ და ზეგ აუცილებლად დავდებ კონკრეტულ და გადამოწმებულ ინფორმაციებს. ახლა გიორგობიანი უნდა ადგეს და სიმართლე გვითხრას. ის პოსტი, რაც მან ფეისბუქში დაწერა, სიმართლე არ არის. არც ამ განმარტებას გააკეთებდა, მე რომ არ დამეწერა, იაკობ ბრეგაძე მაღალჩინოსნის ნათესავია-მეთქი. თუ მართლა არაფერი მოხდა იმ ღამეს, გამოსულიყო და ეთქვა შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსს თავიდანვე, ბრეგაძე ჩემი ნათესავიაო. არანაირი დანაშაული იმაში არაა, რომ შენი ნათესავი, თუნდაც შვილი, წვეულებაზეა, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. და რაკი დამალა, ეტყობა, ამის მიზეზი ჰქონდა.
_ გამორიცხავთ, რომ მას ამის შესახებ მართლა გვიან გაეგო, როგორც ამას თავად ამბობს?
_ გამორიცხულია. მას იმავე საღამოს დაუკავშირდა იაკობ ბრეგაძე და ამიტომაც გაუგზავნა „შკოდა“.
_ იქნებ, ბრეგაძემ მას უთხრა, რომ ისეთი რაფერი ხდებოდა და უბრალოდ წამოსვლა უნდოდა და ვერ ახერხებდა?
_ თუ ისეთი არაფერი ხდებოდა, რატომ გააგზავნა „შკოდა“? პოლიციის რესურსის ასე გამოყენება ვის გაუგია? სამინისტროს მაღალჩინოსნის ნათესავი თუ დათვრა, შსს-მ მის წამოსაყვანად მანქანები უნდა აგზავნოს? ეს არ შეიძლება.
_ საქართველოში ყველაფერი მოსულა.
_ ეს გავიგე, მაგრამ ქალბატონმა გიორგობიანმა კეთილი ინებოს და განმარტებები გააკეთოს. მან უნდა გვითხრას, თუ ვინ წააშლევინა იაკობ ბრეგაძეს ფოტოაპარატიდან გადაღებული მასალა? შემთხვევით არც ერთი ფოტოგრაფი არ წაშლიდა ამ მასალას. ნატურმორტის ფოტო რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს არავინ წაშლიდა საკუთარი ნებით. მას ეს მასალა ვიღაცამ წააშლევინა. გაქრა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
_ როგორც ამბობენ, წაშლილი ფოტოების აღდგენა თავისუფლად არის შესაძლებელი.
_ მონდომება თუ იქნება, ყველაფერი შეიძლება. მაჩალიკაშვილს ექვსი და შვიდი წლის წინანდელი ვოტსაპის წაშლილი მიმოწერები ამოუყარეს. გიორგობიანს თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ მოითხოვოს, რომ გამოძიებამ მისი და ბრეგაძის ყველა მიმოწერა და ზარი ამოიღოს. ამოსაღებია ვოტსაპისა და ვაიბერის მიმოწერებიც. ნახონ ის მიმოწერები და ყველაფერი გაირკვევა. თუ ამას არ გააკეთებენ, რჩება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ქალბატონი გიორგობიანი ჩართულია ან ჩათრეულია საქმის გაყალბებაში. რაც არ უნდა დამალონ, სიმართლე მაინც გაირკვევა. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ დადგინდეს, თუ რა მოხდა 19 ივნისს აგარაკზე. რაღაც ინფორმაციები მაქვს. კიდევ რაღაცებს მოვიპოვებ და ამ ყველაფერს ეტაპობრივად გავასაჯაროებ. ჯერ ამისგან თავს ვიკავებ.
_ დეტალებს არ ამბობთ, მაგრამ ის გვითხარით, რამდენად სწორად მიდის გამოძიება?
_ საგამოძიებო ორგანო არ ვარ და შეფასებების კომპეტენცია არ მაქვს, მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და შემდეგ გადააგდეს წყალში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები ამაზე მეტყველებს. ახლა მთელი სახელისუფლებო აპარატი ჩართულია, რომ საქმე გააყალბონ. არ გამოუვათ, უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება. ჩემი სიტყვები არაერთ სხვა ხმაურიან საქმეში დადასტურებულა და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება.
_ საქმე, როგორც ამბობენ, სერიოზულად გაყალბებულია და ამ ხელისუფლების პირობებში ელოდებით სიმართლის დადგენას?
_ სიმართლის დადგენა ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ყველაფერი იმაზე მალე გაირკვევა, ვიდრე ეს ვიღაცებს ჰგონიათ.
_ საქმე თუ უკვე გაყალბებულია?
_ ეგ არაფერს ნიშნავს. სარალიძის საქმეშიც ძალიან ბევრი რამე იყო გაყალბებული, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ დანაშაული. ჩვენთან მაშინ სუსიც დამარცხდა და შინაგან საქმეთა სამინისტროც. ვიღაცები მისცეს პასუხისგებაში, ვიღაცები ჯერ ისევ გარეთ არიან, მაგრამ მათაც მოუწევთ პასუხისგება. სიმართლესთან აუცილებლად დამარცხდებიან. სიმართლეს აუცილებლად გავიგებთ, მათ შორის, ამ პირობებშიც, მაგრამ საკითხავია, რამდენად მიეცემა ამას სამართლებრივი შედეგები. მეეჭვება, დამნაშავეები სათანადოდ დასაჯონ.
_ ხელისუფლების მომხრეები ამაზე ამბობენ, რაღა გინდათ, 17 ადამიანი ხომ უკვე დააკავეს ამ საქმეზეო.
_ 17 ადამიანის დაკავება არაფერს ნიშნავს. ეს ადამიანები დაკავებულები რომ არიან, არ მგონია, რომ ისინი სათანადოდ აგებენ პასუხს. შევხედოთ, რა მუხლებით დააკავეს ეს ახალგაზრდები. როცა საქმე მკვლელობასთან გვაქვს და ამ დროს ხალხი 125-ე მუხლით დააკავეს, იქ ბევრი სალაპარაკო არ არის. 2-3 თვეში ეს ადამიანები უკვე გარეთ იქნებიან და კიდევ ვიღაცები წუწუნებენ, რომ თურმე მავანს სპორტული კარიერა დაენგრა.
_ სპორტული კარიერა გიორგი შაქარაშვილსაც დაენგრა და ბავშვი ცოცხალი აღარ არის.
_ ვიღაცას ის ადარდებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპორტულ კარიერაში ჩავარდნა ექნება. ეს განცხადებები გვესმის მკვლელობის საქმეზე, ამიტომ არაფერს ნიშნავს ჩემთვის 17 ადამიანის დაკავება. ეს არ არის დასჯა. ისე არავინ იფიქროს, რომ მე ვიღაცის დასჯას ვითხოვ.
_ დამნაშავის დასჯა რატომ არ უნდა მოითხოვოთ? რატომ არის ასეთი მოთხოვნა მიუღებელი?
_ მე სხვა ადამიანების დასჯაზე ვსაუბრობ, თორემ დამნაშავეები რომ უნდა დაისაჯონ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამასთან, დამნაშავე ადეკვატურად უნდა დაისაჯოს. სამართალი უნდა იყოს ადეკვატური. მკვლელობისთვის 2 და 3-თვიანი პატიმრობა არაა დასჯა.
საზოგადოების მხრიდან „შაქარაშვილის საქმეზე“ დიდი ზეწოლა თუ არ იქნა, დაკავებულები 2-3 თვეში გარეთ იქნებიან.
_ ასე მალე გამოვლენ?
_ მათ ისეთი მუხლები აქვთ წაყენებული, ისინი, მაქსიმუმ, 9 თვეში იქნებიან გარეთ.
_ ისევ გიორგობიანის თემას დავუბრუნდეთ და ერთი დეტალი გავარკვიოთ. თქვენ ამბობთ, რომ მას შემთხვევის ადგილზე არ მისცეს საპატრულო ეკიპაჟების გაგზავნის უფლება. რატომ აუკრძალეს მას ამის გაკეთება და საიდან იცოდა იმ ვიღაც ამკრძალავმა, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში მცხეთაში აგარაკზე?
_ რაკი აუკრძალეს, ეტყობა, იცოდა. აქ ძალიან სერიოზული ამბავია. შესასწავლია ბრეგაძის ჩვენებაც, რომელიც გვეუბნება, რომ თავიდან დაურეკა პატრულს და შემდეგ ეს გამოძახება გააუქმა. ასე არ ხდება. პატრულში გამოძახება თუ დაფიქსირდა, რაც არ უნდა გაუქმებაზე დარეკონ, პატრული ვალდებულია, ადგილზე მივიდეს და თავად დარწმუნდეს, თუ რა ხდება იქ. ზარის გაუქმება არაფერს ნიშნავს.
_ ბრეგაძესთან, რატომღაც, კრიმინალური პოლიცია მივიდა. და რაკი მას პატრულში ჰქონდა დარეკილი, ჯერ პატრული არ უნდა მისულიყო? კრიმინალური პოლიცია ხომ პატრულის შემდეგ მიდის ადგილზე?
_ ჩვენ ხომ არ ვიცით, ჯერ დეიდასთან დარეკა ფოტოგრაფმა თუ პატრულში? დეიდასთან, ანუ გიორგობიანთან თუ დარეკა, პირველი „შკოდა“ მივიდოდა მასთან, თუ არადა, _ პატრული. ეს საქმე იმაზე ჩახლართულია, ვიდრე ერთ შეხედვით ჩანს. ამაზე ჩახლართული იყო ხორავას ქუჩის საქმე, მაგრამ მან დღის შუქი მაინც ნახა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. პასუხისგებაში ყველა არაა მიცემული, მაგრამ ადამიანებმა სიმართლე იციან. გიორგობიანთან დაკავშირებით ერთი კითხვა მიჩნდება და ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში: რატომ მიუთითებს გიორგობიანი გამოძიებას, რომ მისი ნათესავი მოწმე არის დაზარალებული, რომლის სტატუსიც არ შეიცვლება? ეს, ჩემი აზრით, ჩინოვნიკის მხრიდან გამოძიებაზე ზეწოლაა.

შორენა მარსაგიშვილი