მსოფლიო სცილასა და ქარიბდას შორის

მსოფლიო ვირუსთან თანაარსებობის, ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებისა და საზღვრების გახსნის სტადიაში შევიდა.

ეს აზრი დომინირებდა საზოგადოებაში და მასმედიაში, სულ რაღაც, 2 კვირის წინ, თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ მსოფლიო მხოლოდ ნაწილობრივ და ძალიან ფრთხილად იხსნება _ რაც, ფაქტობრივად, არასაკმარისია გლობალური ეკონომიკური კოლაფსის დასაძლევად.
კაცობრიობა დღეს დიდი ფობიის ტყვეობაშია და ბოლომდე ვერ გადაუწყვეტია, რა გზით იაროს და რა არის უარესი _ ინფექცია თუ ეკონომიკური ვარდნა?
ყველა ქვეყანა აცნობიერებს, რომ დიდხანს ჩაკეტილ მდგომარეობაში ჯდომა შეუძლებელია, _ ბოლოს და ბოლოს, გარეთ გასვლის დროც მოდის. თუმცა გასვლაც მარტივი და უსაფრთხო არაა _ იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ, ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში პანდემიის პიკმა ჩაიარა, მსოფლიო მასშტაბით ვირუსი არათუ არ დამარცხდა, არამედ ჩვეული ტემპებით, თითქმის ისევე, როგორც დასაწყისში, იზრდება და ვრცელდება.
სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა მოდუნება არავის შეუძლია _ თუ საკუთარ ქვეყანაში ყველაფერი შედარებით ნორმალურადაა, მაგრამ სამეზობლოში შავი ჭირი ბობოქრობს, ყურადღების შესუსტება დაუშვებელია.
ამიტომაც ქვეყნები იხსნება, მაგრამ ისეთი შეზღუდვებით, რომ ვერ გაიგებ, _ ეს გახსნაა, თუ შეზღუდვების ახალი ფორმა?
ივნისის შუა რიცხვებიდან საზღვრების გახსნა ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს, ოღონდ მხოლოდ ერთმანეთში და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. ზოგი მხოლოდ უშუალო მეზობლებს უხსნის კარს, ზოგი კი ქვეყნებს კატეგორიებად ყოფს _ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მასშტაბების მიხედვით.
სია ყოველ 2 კვირაში ახლდება _ ქვეყანა, სადაც განვლილ 14 დღეში ნაკლები დაინფიცირება მოხდა _ მაღალ კატეგორიაში, მეტი კი _ დაბალში გადადის.
ეს ყველაფერი ძალზე არასტაბილური და მყიფეა _ შესაძლოა, გუშინ საღამოს ქვეყანა უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, დღეს დილით კი _ პირიქით. ამიტომაც დიდ და შორს მიმავალ გეგმებს არავინ აწყობს.
მაგალითად, საბერძნეთი, გასაგები მიზეზების გამო, მაქსიმალურ დონეზე გახსნასა და მომაკვდავი ტურისტული სეზონის გადარჩენას ცდილობს, თუმცა, _ წარუმატებლად. ბერძნული სასტუმროების რეკლამა, საოცარი ხედები ზღვაზე, ულამაზესი ქათქათა საკურორტო ქალაქები, ეს ყველაფერი მშვენიერია, თუმცა დღეს მსოფლიო საკუთარი ქალაქის გარეუბანზე შორს გასამგზავრებლად მზად არაა, მით უმეტეს, თვითმფრინავით გადაადგილებისთვის.
ეს ხომ დიდი დისკომფორტია _ ყველა ქვეყანაში უცხოელებისთვის განსხვავებული წესები მოქმედებს: ზოგ ქვეყანაში კვლავაც სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინი, ზოგან აუცილებელია ტესტირება, ზოგან კი არაფერი _ უბრალოდ, გაივლი და არაფერს გეკითხებიან.
თუმცა არავინ იცის, რამდენად სტაბილურია თუნდაც უკვე დღეს მოქმედი წესები? შესაძლოა, როდესაც სხვა ქვეყანაში შემოხვედით, ერთი იყო, გასვლის დროს კი _ სულ სხვა.
შესაძლოა, კარგად გატარებული შვებულების შემდეგ სახლში დაბრუნებულს ისევ 2 კვირა ჩაკეტილი ყოფნა მოგიწიოთ.
ამის ალბათობა დღეს უკვე საკმაოდ დაბალია _ ქვეყნები, მოხსნილი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებშიც კი, ყველანაირად თავს იკავებენ. თუმცა ვინ იცის, 2 კვირაში რა მოხდება? ვინმეს რამე გარანტიის მიცემა შეუძლია? ცხადია, _ არა. და თუ არა, მაშინ არსად მივდივართ, ვსხედვართ სახლში, უცხოეთში კი უკეთეს დროს ვიმოგზაურებთ.
ამიტომაც საბერძნეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სასტუმრო კომპლექსმა Miraggio Thermal Spa Resort -მა ამ სეზონზე გახსნა გადაიფიქრა. ეს 2020 წლის ტურისტული სეზონის სრული კრახის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია.
ქვეყნები შესაძლებლობებს ებღაუჭებიან და რეალობას ჯიუტად არ აღიარებენ _ იგონებენ რაღაც „მწვანე დერეფნებს“, რომლებიც საზღვრების გახსნის პირობებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევა. თუმცა, ამავე დროს, რა აკეთონ, ბოლომდე არ იციან და საკუთარი ქმედებების სისწორეში დარწმუნებულები არ არიან, ამიტომაც დღეს კონკრეტულ ქვეყნებთან საზღვრებს ხსნიან, მერე ისევ ხურავენ.
ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში ავიამიმოსვლამ კრიზისამდელის 65%-ს მიაღწია _ ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა ის მხოლოდ დიდი ქვეყნების შიდა ფრენების ხარჯზეა მიღწეული. საერთაშორისო ფრენების აღდგენა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ხოლო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, კონტინენტთაშორისი ფრენები, უკეთეს შემთხვევაში, წლის ბოლოს განახლდება.
შექმნილი ვითარების არამდგრადობის საუკეთესო მაჩვენებელია ჩინეთი _ ის ხან იხსნება, ხან იხურება, ხან შიდა ფრენებს აახლებს, ხან ასობით ავიარეისს აუქმებს, ხან კორონავირუსს დამარცხებულად აცხადებს, ხან მთელ ქალაქებსა და რეგიონებს ხურავს.
არასტაბილურობის დონეზე ნავთობის ფასიც მეტყველებს, რომელიც ხან იზრდება და ხან ისტერიულად ეცემა _ მსოფლიო ეკონომიკამ ვერაფრით ვერ გაიგო, ბოლოს და ბოლოს, ვიხსნებით, თუ არა?
საგულისხმოა სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, სადაც, ყველაფერთან ერთად, ისეთი მყიფე ფაქტორის არსებობა, როგორიცაა იღბალი, ნათლად დადასტურდა.
გახსნის პირველივე, ფრთხილი მცდელობების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს მეორე ტალღა ისე დაატყდა თავს, რომ ჯერ პირველიც არ დასრულებულიყო. იქ დღეში ასობით ახალი დაინფიცირებული და ათობით გარდაცვლილია. შესაბამისად, აზერბაიჯანი ისევ კარანტინშია, სომხეთი კი ჯერ თავს იკავებს.
ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის გახსნის საკითხი საერთოდ არ განიხილება. და ეს მაშინ, როდესაც სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანია ჩვენთან ტურისტული ნაკადის მხრივ მთავარი პარტნიორი და ასევე მათზეა დამოკიდებული ავტომობილების რეექსპორტის დარგი.
საქართველოში კი, ამ დროს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, თითქმის იდეალური სიტუაციაა, ოღონდ ამას საკუთარ ორგანიზებულობასა და დისციპლინას ნუ მივაწერთ _ ქართველმა ხალხმა ვირუსის გასავრცელებლად ყველაფერი გააკეთა: სუფრები მოაწყო, ეკლესიებში იარა, საერთო კოვზით ეზიარა და ა. შ.
საქართველომ კარანტინი თითქმის ისევე დაიცვა, როგორც მეზობელმა ქვეყნებმა, უბრალოდ, გაგვიმართლა _ ვირუსი არაა მათემატიკა და ზუსტი მეცნიერება, ის ქაოსურად ვრცელდება და ამ დროს გამართლება-არგამართლებას შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ჩვენთან ყველაფერი ზუსტად ისევე ხდება, როგორც ყველგან _ იგივე ფობიები, იგივე მომავლის გაურკვევლობა და იმპულსურობა: რა ვქნათ, გავხსნათ საზღვრები? აბა, ტურისტების გარეშე რა გავაკეთოთ? და ტურისტებთან ერთად ინფექციაც შემოვა? და იქნებ, კონტროლი გავამკაცროთ? მაშინ ჩვენთან ვინ ჩამოვა? _ ეს არის კითხვები, რომლებზედაც პასუხები, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს არ იქნება.
ამ დროს ვაქცინა და წამალი, რომელიც ამას ყველაფერს წერტილს დაუსვამს, ჯერაც არ არსებობს.
ამიტომაც კაცობრიობა კვლავ დგას სცილასა და ქარიბდას შორის და კარის ისეთნაირად გახსნას ცდილობს, რომ ვირუსი არ შემოუშვას. ჯერ არცთუ წარმატებულად.
თანაც, ყველა მეორე ტალღას ელის…

თენგიზ აბლოთია