ბადრი შელია: „გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჯერარნახულ აქციებს გამოიწვევდა“

პრაქტიკულად, არავის ეპარება ეჭვი, რომ ჟურნალისტისა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმა ჩრდილოეთში მომზადდა. ამ ეჭვს, სხვა თუ არაფერი, ისიც ამყარებს, რომ ჯერ კიდევ შარშან, როცა პირდაპირ ეთერში ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს გაბუნიამ ცოცხალი და მკვდარი აგინა , ამით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება გამოხატა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური ჩვენს კოლეგას ღიად დაემუქრა. მართალია, რამზან კადიროვი ახლა „თავს იცავს“, მკვლელობა რომ შემეკვეთა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდიო, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“: თითქმის ყველა ის ადამიანი, რომელიც პუტინს ნერვებს უშლიდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სწორედ კადიროვის ხელით მოიცილა.

ამ ფონზე საინტერესოა, როგორ გახდა ჯოხარ დუდაევის ექსთანამებრძოლ ახმად კადიროვის ვაჟი პუტინის ყურმოჭრილი მონა და, საერთოდ, როგორ გეგმავს რუსული სპეცსამსახურები ამა თუ იმ არასასურველი პიროვნების ლიკვიდაციას? ამასთან, ისიც საკითხავია, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლის გადაწყვეტილება პირადი შურისძიების ნიადაგზე მიიღეს თუ ამ ვერგანხორიციელებულ სისხლიან ანგარიშსწორებას სხვა მიზანიც ჰქონდა _ მაგალითად, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი არეულობის დაწყება?
ყველა ამ თემის შესახებ „ქრონიკა+“ „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელ ბადრი შელიას ესაუბრა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი რესპონდენტი ყოფილი სამხედროა, რუსული სპეცსამსახურების მუშაობას კარგად იცნობს. შესაბამისად, შელია ჩვენს გამოცემასთან საუბრისას, ლიტვინენკოს მოწამვლის გარდა, კიდევ ერთ შეკვეთილი მკვლელობის საქმეს იხსენებს, რომელიც სისრულეში ვერ მოიყვანეს, თუმცა ამ საქმეზე რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს და, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ მოსკოვი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის მერის ლიკვიდაციას აპირებდა.
ერთი სიტყვით, წინამდებარე ინტერვიუში ქართველი ყოფილი სამხედრო რუსული შეკვეთილი მკვლელობების ანატომიას შიფრავს და არც იმის თქმას ერიდება, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოკუპანტ მეზობელს უპირისპირდება, საფრთხის ქვეშაა.

_ ბადრი, ის, რომ კრემლსა და, საერთოდ, რუსულ სპეცსამსახურებს შეკვეთილი მკვლელობებისკენ აქვთ მიდრეკილება, ახალი არაა, მაგრამ ოკუპანტი მსხვერპლს, თქვენი აზრით, რა ნიშნით ირჩევს ხოლმე?
_ მართალი ბრძანდებით: ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ბევრი შეკვეთილი მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის შესახებ მოვისმინეთ. სამიზნე პიროვნებას კი სხვადასხვა მიზნით არჩევენ. მიზანი შეიძლება იყოს რაიმე კონკრეტული, როგორც ისინი უწოდებენ, „პრობლემის გადაწყვეტა“, მაგალითად, გავლენიანი ან ცნობილი პიროვნების გარკვეული საქმიდან ჩამოშორება, რადგან ეს პიროვნება რუსული გეგმის შესრულებას ხელს უშლის.
ამასთან, ცნობილი ადამიანის ლიკვიდირების მიზანი შესაძლოა, არეულობების გამოწვევა იყოს, რათა ამ მკვლელობის შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსების წინასწარ დაგეგმილ ინტერესებს მოემსახურება. ერთი ცნობილი ადამიანის ლიკვიდირების მიზანი შესაძლოა, სხვა ცნობილი ადამიანების დაშინება და მათთვის „ჭკუის სწავლებაც“ იყოს.
ყველაფერ ამის გარდა, პიროვნების ლიკვიდაციის მიზანი შეიძლება, შურისძიებაც გახლდეთ. მაგალითად, 2020 წლის 3 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ქალაქის მერის, ონდჟეი კოლარჟის ინიციატივით, საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლი აიღეს. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის ცენტრიდან ამ ძეგლის აღებას 30 წელი ითხოვდა, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგებოდა. მეტიც, ჩეხეთში რუსეთის საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ეს „ისტორიული მნიშვნელობის“ ძეგლი არ აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამდა და ასეც მოხდა.
_ ანუ?
_ ძეგლის აღებიდან, დაახლოებით, 3 კვირაში, კონკრეტულად, 28 აპრილს, ჩეხეთის სპეცსამსახურებმა პრაღის აეროპორტში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი და მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ ჰქონდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსი აგენტი, შურისძიების მიზნით, პრაღის მერის მოწამვლას გეგმავდა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ რუსეთის მიერ მსხვერპლის შერჩევის „კრიტერიუმები“ მრავალფეროვანია.
_ ე. ი., შეკვეთილი მკვლელობის მიზანი, რომლის უკანაც სპეცსამსახური დგას, შესაძლოა, ადამიანებში შიშის დათესვაც იყოს და პირადი შურისძიებაც, არა?
_ დიახ, შეიძლება, ერთიც იყოს და _ მეორეც.
ასევე შეკვეთილ მკვლელობას მაშინაც „მიმართავენ“, როცა მაგალითად, რუსეთის „სასარგებლო იდიოტები“ (ადამიანები, რომლებიც სამიზნე ქვეყანაში რუსების ინტერესებისთვის მუშაობენ) ძალიან მნიშვნელოვან დავალებას ვერ ასრულებენ და ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე იქმნება. ხშირად ამა თუ იმ პერსონის ლიკვიდირების ოფიციალური, ასე ვთქვათ, საბაბი, შეიძლება, სულ სხვა იყოს, რეალური მიზანი კი _ სხვა.
_ როგორც ცნობილია, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება კადიროვმა გასცა. თქვენი აზრით, საქმის კურსში პუტინიც იყო თუ გაბუნიას მოკვლით კადიროვს პუტინისთვის ერთგულების დამტკიცება სურდა?
_ პუტინი, რა თქმა უნდა, საქმის კურში იქნებოდა.
_ ამ აზრის დასაბუთება შეგიძლიათ?
_ ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინი საბჭოთა „კაგებეს“ მზვერავი იყო და მისი მოვალეობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე თვალთვალი და მონაცემების შეგროვება გახლდათ.
_ ეს რა შუაშია?
_ დღეს პუტინი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კი არა, რუსეთის ფედერაციის უშიშროებისა და სხვადასხვა საიდუმლო სამსახურის საერთო კურატორიცაა.
საერთოდ, შეკვეთილი მკვლელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ოპერაციად მიიჩნევა და მას მხოლოდ უმაღლესი რანგის კურატორის ნებართვით ახორციელებენ. ამ შემთხვევაში კი პუტინი თავად წარმოადგენს უმაღლესი რანგის კურატორს.
ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ გიორგის მკვლელობის დაგეგმვა პუტინთან წინასწარ შეთანხმებული იქნებოდა!
რაც შეეხება კადიროვის მხრიდან პუტინისთვის ერთგულების დამტკიცებას, ვფიქრობ, მისი დანიშნულება პუტინისთვის ერთგულების დამტკიცება არაა, თან ძველი „კაგებეს“ პუტინისნაირი გამოცდილი წევრებისთვის ცნება „ერთგულება“ არ არსებობს. მათ ტვინი ისე აქვთ მოწყობილი, რომ თუ საქმეს დასჭირდება, უახლოეს პიროვნებასაც გაიმეტებენ და მოკლავენ. ამის მაგალითია რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელ ანდრეი ლუგავოის მიერ ამავე სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მისი უახლოესი და ერთგული მეგობრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს ინგლისში „პოლონიუმ 210-ით“ მოწამვლა.
აქვე, გეტყვით, რომ „პოლონიუმ 210“ ძალიან ძვირადღირებული ნივთიერებაა, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე მაღალი უსაფრთხოების ბირთვული ობიექტი აწარმოებს და ის სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
ლიტვინენკოს სასიკვდილო განაჩენი იმიტომ გამოუტანეს, რომ მან ბერეზოვსკის მოწამვლაზე უარი განაცხადა, დავალება კი მისმა ერთგულმა და დიდი ხნის მეგობარმა შეასრულა.
რაც შეეხება კადიროვს, ის, უბრალოდ, პუტინის ყურმოჭრილი მონაა, რომელსაც ვალდებულება აქვს, პუტინის დავალებები შეასრულოს, მათ შორის, ისეთიც, როგორიც შეკვეთილი მკვლელობაა.
ისე, ბოლო დროს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობების კვალი კადიროვთან მიდის. ის ასრულებს იმ მოვალეობას, რაც დააკისრეს, სანაცვლოდ კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის სავარძელს ინაჩუნებს და აბსოლუტური ძალაუფლებაც აქვს. ამასთან, უზარმაზარ თანხებს იღებს და მთელი რუსეთის მასშტაბით ხელშეუხებელიცაა.
_ ვინ არის კადიროვი, ანუ როგორ და რატომ გახდა იგი პუტინის ყურმოჭრილი ხელქვეითი?
_ კადიროვი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, ანუ 1994-1996 წლებში, ახმად და რამზან კადიროვები რუსეთის წინააღმდეგ გენერალ ჯოხარ დუდაევის სარდლობის ქვეშ ომობდნენ. მოგეხსენებათ, ეს ომი რუსეთის დამარცხებითა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა. სამი წლის განმავლობაში ჩეჩნეთი, როგორც იჩქერიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისე არსებობდა და მისი, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის ცენტრალური დაფინანსების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრობდა და რუსეთში დაგეგმილ არც ერთ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებაში, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში, არ მონაწილეობდა, მაგრამ ოდნავ მოძლიერდა თუ არა, როგორც ისტორიულად სჩვევია, 1999 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია და იჩქერიის რესპუბლიკას მოულოდნელად, ანუ ომის გამოუცხადებლად, თავს დაესხა. ასე დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი.
ომის დაწყებისთანავე ახმად კადიროვი და მისი შვილი რამზანი რუსეთის მხარეს გადავიდნენ და საკუთარი ერის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ომში იჩქერიის რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ იჩქერია, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მოექცა და მისი პირველი პრეზიდენტი ახმად კადიროვი გახდა. ახმადი 2004 წლის 9 მაისს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ცენტრალურ სტადიონზე, ფაშიზმის დამარცხების წლისთავისადმი მიღძვნილ საზეიმო ცერემონიალზე, მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. ამ დროს რამზან კადიროვი მამამისის, ანუ პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსი იყო…
მამის გარდაცვალების შემდეგ რამზანმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მდივნის პოსტი დაიკავა, შემდეგ კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.
რამზან კადიროვი პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრია, ასევე პოლიციის გენერალ-მაიორია.
მოკლედ, ასე გახდა რამზან კადიროვი პუტინის ყურმოჭრილი მონა.
_ ისე, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციამ ზოგიერთს გიორგი სანაიას მკვლელობა გაახსენა. ამ ორ საქმეს შორის პარალელის გავლება შეიძლება და თუ შეიძლება, რატომ?
_ ვინაიდან სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან მწირ ინფორმაციას ვფლობ, არ შემიძლია, ამ ორ საქმეს შორის პარალელი გავავლო, თუმცა ვფიქრობ, რომ სანაიას მკვლელობა უფრო ქვეყნის შიგნით დაგეგმილი იყო, ვიდრე _ გარეთ.
_ სხვათა შორის, თუ გადავხედავთ, იმ შეკვეთილი მკვლელობების კვალი, რომლებიც რუსეთში ან მის სამეზობლოში მომხდარა, უმეტესად, ჩეჩნეთის ხელისუფლებამდე მიდის. ყოველ შემთხვევაში, ბევრ საქმეში სწორედ კადიროვი ან მისი გარემოცვა ფიგურირებს. ამას რა ახსნა აქვს?
_ კადიროვი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სპეციალურად შეკვეთილი მკვლელობებისთვის შექმნილი და „გამოყვანილი“ კადრია, რომელსაც, როგორც ჩანს, ასეთი საქმეების დაორგანიზებისა და შესრულების განსაკუთრებული „ნიჭი“ აღმოაჩნდა.
გარდა ამისა, ის რუსეთის სპეცსამსახურებს ყურებით ჰყავს დაჭერილი და ვინაიდან კარგი შემსრულებელია, ასეთი ტიპის დავალებებსაც, უმეტესად, მას აძლევენ.
_ ზოგადად, რას მისცემდა პუტინს გაბუნიას მოკვლა?
_ ძალიან კარგი კითხვაა. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც კი გიორგი გაბუნიამ თავის გადაცემაში პუტინი, როგორც ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი და ყველა უბედურების სათავე, ისე მოიხსენია, რუსეთში მაშინვე დაიწყო საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ გაბუნია პუტინის მტერია, რომელიც რუსეთის მხსნელს შეურაცხოფს და ამისთვის სასტიკად უნდა დაისაჯოს. ის ისტერიული ფონი, რაც რუსულმა ტელევიზიებმა, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით შექმნეს, იმას ნიშნავდა, რომ მკაცრად ჩაკეტილი და პუტინის, როგორც ნაციის მხსნელის იდეოლოგიით გონებადამუშავებული რუსული საზოგადოება ისე აელაპარაკებინათ, რომ მას ხელისუფლებისგან გაბუნიას დასჯა მოეთხოვა. პუტინისა და, შესაბამისად, რუსეთის შეურაცხმყოფელის დასჯის მეთოდი კი უკიდურესად მკაცრი უნდა ყოფილიყო. ეს „სიმკაცრე“, რუსული გაგებით, ლიკვიდაციას ნიშნავს.
სამწუხაროდ, ეს ნარატივი საქართველოშიც გაავრცელეს _ პრორუსულად განწყობილი და, მათ შორის, რელიგიური თვალსაზრისით შეცდომაში შეყვანილი ადამიანები გიორგის აქაც ემუქრებოდნენ და აქციებიც კი მოაწყვეს. ყველაფერი ეს კი, რა თქმა უნდა, იმწამსვე გაავრცელეს რუსულმა ტელევიზიებმა და ამით „რუსი ხალხის“ აღშფოთებას მეტი დამაჯერებლობა შეჰმატეს.
საზოგადოების „ტვინზე შეტევის“ ეს ოპერაცია, რა თქმა უნდა, რუსულმა სპეცსამსახურებმა მოიფიქრეს. გაბუნიას გამოსვლაში რუსულმა სპეცსამსახურებმა იმის შესაძლებლობა დაინახეს, რომ ეს ფაქტი საქართველოში შესაძლოა, სხვა მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ. უბრალოდ, ისინი შესაფერის დროს ელოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას გაბუნიას გამოსვლას პერიოდულად ახსენებდნენ, მის დასასჯელად კი რუსეთსა და რუსეთს გარეთ მცხოვრები პრორუსებისთვის აზრი უკვე მომზადებული იყო.
ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, „გაბუნიას საქმე“ თაროდან ჩამოეღოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი დრო დგება _ საპარლამენტო არჩევნებია.
რუსებმა იფიქრეს, რომ ჩვენი პრორუსული ხელისუფლების, მოსახლეობის განწყობის შესაცვლელად ძალიან დიდი თანხის დახარჯვის, ბევრი პრორუსული იატაკზედა თუ იატაკქვეშა ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და აშკარად პრორუსული პოლიტიკური პარტიების აქტივობების მიუხედავად, კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ინტერესებს საფრთხე ემუქრება. ასევე დაინახეს, რომ არსებულ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნია და არც ქართული საზოგადოება აპირებს, რომ არჩეულ პროდასავლურ კურსს გადახედოს. ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ერთადერთი გზა დარჩათ _ არეულობების მოწყობა, ანუ ჩვენი ქვეყანის „ვენესუელიზაცია“ ან იგივე პროცესების გათამაშება, რაც სირიაში მიმდინარეობს. ყველაფერ ამით რუსეთი გარკვეული სახის კონტროლის შენარჩუნებას შეეცდებოდა და შემდეგში სასურველ შედეგს მიაღწევდა.
_ ანუ, ბადრი, დარწმუნებული ხართ, რომ ცნობილი ჟურნალისტის ლიკვიდაციას საქართველოში დესტაბილიზაცია მოჰყვებოდა?
_ ჩემი აზრით, გიორგის ლიკვიდაციას ჯერარნახული აქციები აუცილებლად მოჰყვებოდა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ადამიანებიც კი გაერთიანდებოდნენ. ეს აქციები მასობრივ სახეს მიიღებდა. ადგილზე არსებული რუსეთის „სასარგებლო იდიოტები“ კი პროცესების გამწვავებას ყველანაირად შეუწყობდნენ ხელს, მათ შორის, რადიკალური მოქმედებებით. ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოეცხადებინა, რასაც ეპიდსიტუაციის გაურესებით ახსნიდნენ. ამასობაში, რუსული სპეცსამსახურების წყალობით, გარკვეული ჯგუფები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ. ამას მოჰყვებოდა ძალოვნებთან დაპირისპირება, რაც შესაძლებელია, ამ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინ, მშვიდობიან აქციაზე, თვალები დასთხარა ბავშვებს, დიდ და მასშტაბურ არეულობაში გადაზრდილიყო.
ამგვარ ვითარებას ჩვენი სახელმწიფო რამდენად გაუძლებდა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს ის სცენარია, რაც ჩვენს ქვეყანაში პუტინს ძალიან აწყობს.
გაბუნიას ლიკვიდაციის აღსაკვეთად, პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის ჩვენს განსაკუთრებულ მეგობარ ქვეყანა უკრაინას და მის სპეცსამსახურებს. ახლა კი ჯერი ჩვენს შესაბამის სამსახურებზეა. იმედი მაქვს, გამოძიების ბოლომდე მიყვანით ისინიც დაიმსახურებენ ჩვენი საზოგადოების მადლობას, რამეთუ ძნელად დასაჯერებელია, რომ ბოკოვს აქ, ანუ ადგილზე, არ ჰყოლოდა ადგილობრივი „დამხმარეები“ და ის მარტო მოქმედებდა.
_ სხვათა შორის, ბოკოვის დაკავების სპეცოპერაცია 13 ამერიკელი კონგრესმენის ცნობილ ანგარიშს დაემთხვა, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული დესტაბილიზაციის ხელშემწყობია. ეს, უბრალოდ, დამთხვევაა თუ ერთმანეთთან კავშირშია?
_ ვინაიდან ბოკოვი სულ სხვა ბრალდებით დააკავეს, არ მგონია, რომ ივანიშვილს კონგრესმენების წერილისთვის გაეწია ანგარიში. ასეთ შემთხვევაში, დაკავების რეალურ მიზეზს პირდაპირ განაცხადებდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურას ერთი საპროტესტო შინაარსის განცხადებაც კი არ გაუკეთებია რუსეთის მიმართ, პირიქით, ხელისუფლების ზოგიერთი შემთხვევითი და უტიფარი თანამდებობის პირი ამ საქმეში დამნაშავედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს.
ვფიქრობ, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, თავისი ძალიან ჭკვიანური, მოზომილი და დროული განცხადებით აიძულა შესაბამისი სტრუქტურები, ბოკოვის დაკავების რეალური მიზეზი განემარტათ. გვარამიას სპეცბრიფინგის შემდეგ სუს-მა მხოლოდ მეორე დღეს აღიარა, რომ ბოკოვი შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში იყო დაკავებული.
_ მსმენია, რომ საბჭოთა „კაგებეში“ „მკვლელობების დეპარტამენტი“ არსებობდა. მსგავსი განყოფილება თანამედროვე რუსულ სპეცსამსახურებსაც აქვთ?
_ შემიძლია გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „კაგებეს“ არც ერთი სტრუქტურა არ დაშლილა, უბრალოდ, მათ სახელები შეუცვალეს.
სხვათა შორის, ინგლისში ლუგავოის მიერ მოწამლულმა ალექსანდრ ლიტვინენკომ დაწერა წიგნი: „ფსბ აფეთქებს რუსეთს“. ეს წიგნი ინგლისში გამოიცა და მასში აღწერილია რუსეთის „ფსბ-ს“ მუშაობის მეთოდები, რომელიც დოკუმენტური მასალითაა გამყარებული.
ეს წიგნი, რომელიც რუსეთში აკრძალულია, თუმცა ქართულად თარგმნილია, ნათელს ჰფენს, როგორი ვერაგი მეთოდებით მოქმედებს რუსეთი.
_ ზოგადად, იმ დროს, როცა ვრცელდება ცნობა, რომ უცხო ქვეყანა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას აპირებს, ჩვენმა ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას?
_ ამ თემის განხილვა, მინიმუმ, საერთაშორისო მასშტაბით უნდა დაეწყო, ანუ ამ თემის განხილვაში ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი უნდა ჩაერთო და რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, ამ საქმეში იყვნენ გარეულები, გამოძიება დაეწყო. ანუ მათზე საერთაშორისო ძებნა უნდა გამოცხადდეს. სხვა სახის სპეცმოქმედებებზე კი აღარაფერს ვიტყვი.
_ ამ ვითარებაში ის ადამიანები, რომლებიც პუტინს ღიად და დაუფარავად აკრიტიკებენ, უსაფრთხოდ არიან?
_ რა თქმა უნდა, არა!
აქვე დავძენ, რომ ჩვენს სპეცსამსახურებში მსახურობენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებსაც ბევრი მნიშვნელოვანი საფრთხე აურიდებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მათ არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი საქმე კარგად აკეთონ, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ამ ბიჭებს ხელი შეუწყონ სხვადასხვა ტექნიკური თუ სხვა შესაძლებლობის შექმნაში, რათა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები მაქსიმალურად განეიტრალდეს…
_ ბადრი, მაინც, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ დაიწყოს?
_ მაქსიმალურად მხარი უნდა დაუჭირონ შესაბამის სამსახურებს, რათა გარეშე ძალებმა თავიანთი მიზნების მიღწევა ვერ შეძლონ; შიდა დონეზე კი აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი კანონის უზენაესობას უნდა დაექვემდებაროს.
_ ისე, თუ კადიროვი გაბუნიას ლიკვიდაციას მართლა გეგმავდა, განზრახვის სისრულეში მოყვანა რატომ გაწელა?
_ შესაბამის დროს ელოდებოდა.

გიორგი აბაშიძე