ვის მეზობლად სახლდება გიორგი მარგველაშვილი და რას გაურბის დავით ნარმანია?!

mt

თავის დროზე კანცელარიიდან ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ მარგველაშვილის გადასვლამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ ფაქტს პირველი „მოქალაქის“ გაბრაზებაც მოჰყვა და ფილოსოფოსი პრეზიდენტი „ლაითად“ მიჯირყნა კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში. ამასობაში წელიწადზე მეტია, რაც თბილისში, ათონელის #25-ში, პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა გრძელდება, რომელიც 21 მილიონი ლარი ჯდება და, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ გაჭიანურებული მშენებლობა ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

კოლმეურნეობაზე, „ალექსანდროვის ბაღის“ წინ მდებარე ლამაზი (და არა მაღალი), თეთრი შენობა გარედან დიდი ღობით არის შემოსაზღვრული _ როგორც ჩანს, გამვლელების „ავი თვალისგან“ დასაცავად. შესასვლელთან მარცხნივ კი, სავარაუდოდ, დაცვის ჯიხური დგას. იმდენად საოცარი უმოძრაობაა, ეჭვიც კი შეგეპარება ადამიანს, ამ ტერიტორიაზე საერთოდ ვინმე თუ დადის…

რამდენჯერმე ავიარ-ჩავიარე ღობის წინ, თუმცა უშედეგოდ, „სტაიანშჩიკისა“ და რამდენიმე მანქანის გარდა ვერავისა და ვერაფერს გადავაწყდი. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, იქვე მდგარ ახალგაზრდა ტაქსის მძღოლთან მივედი, რომ გამოვლაპარაკებოდი, იქნებ რამე შემეტყო, თუმცა როცა გაიგო, ჩემი ცნობისმოყვარეობა ჟურნალისტის პროფესიას უკავშირდებოდა, ჯერ დაიძაბა, მერე კი კონფიდენციალობის დაცვის პირობის მიცემისთანავე დამთანხმდა, რაც იცოდა, მოეყოლა.

დათო, ტაქსის მძღოლი:

_ ბოლო პერიოდში მართლა გააქტიურდა რეზიდენციის მშენებლობა?

_ კი, რომ ვაკვირდები, სამი-ოთხი თვეა, უფრო მოუხშირეს მუშაობას. აი, შედეგსაც ხედავთ (თითქმის დასრულებულ მშენებლობაზე მიმითითებს).

_ მუშებთან საუბარი თუ გქონიათ?

_ არანაირი. მართლა მშრომელი ბიჭები არიან, გარეთ საერთოდ არ გამოდიან, მგონი, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

_ შენ აქ ხშირად ხარ ხოლმე, როგორც მითხარი და დღევანდელი ხელისუფლებიდან ვინმე ხომ არ გინახავს მოსული?

_ არა, მთავრობიდან არავინ მინახავს!

_ პრეზიდენტი მარგველაშვილიც არ ყოფილა მშენებლობის სანახავად?

_ არა, არც მარგველაშვილი მინახავს.

_ დაახლოებით, რამდენი ადამიანი მუშაობს მშენებლობაზე?

_ როგორც დავაკვირდი, 4-5 კაცი მუშაობს, ცვლებში არიან ხოლმე.

_ მხოლოდ ხუთიოდე ადამიანი აშენებს ამხელა რეზიდენციას?

_ რა ვიცი, ამდენი დავთვალე და…

_ მშენებლობა როდის უნდა დასრულდეს?

_ აზრზე არ ვარ. არაფერი არ გამიგია მაგაზე.

დათოს შევატყვე, რომ მეტის მთქმელი აღარ იყო და ისიც ვიგრძენი, რომ თავისუფლების იმ შეგრძნებას, რომელიც „ოცნებამ“ მოიტანა, ნელ-ნელა წყალი შეუდგა… ჩემდა სასიხარულოდ, დათომ თავად მომაწოდა იდეა: აი, ამ შენობაში (გიორგი ჭანტურიას სახელობის #68-ე საშუალო სკოლა, რომელიც ზუსტად რეზიდენციის გვერდით მდებარეობს, _ ნ. ლ.) შედით, სულ სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, ისინი უფრო საინტერესო რაღაცებს გეტყვიანო და თავად შემიძღვა შიგნით.

შენობა ოთხსართულიანია. შესვლისას უცნაური შეგრძნება დაგეუფლება ადამიანს _ ისეთი სიჩუმე და სიმარტოვე იგრძნობა, რომ კიბეებს დამძიმებული აუყვები უნებლიეთ… ჩამტვრეული ფანჯრები და დაბზარული კედლები. ამ გარემოში მყოფს ერთი აზრი გიტრიალებს თავში _ აქ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს?!

დათომ სიჩუმეზე შემატყო, რომ დაძაბული ვიყავი და „გარემოებასშეჩვეული“ სახით გამიღიმა: ბოლო სართულზე იქნება ვინმე და გაესაუბრეო. მეოთხე სართულზე ასვლისას გვარიანად შემცივდა და ამის მიზეზს მალევე მივხვდი: დერეფანში არსებული ფანჯრები გაღებული და თოკებით ერთმანეთზე მიმაგრებული იყო _ მათ დაკეტვას მაინც არ ჰქონდა აზრი… კედელზე მიმაგრებული, უფუნქციოდ დარჩენილი ცენტრალური გათბობის „რადიატორები“ კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ზრდილობის გამო არ ჩააბარეს ჯართში.

დერეფნის ერთ ბოლოში ბავშვები კედელზე გულებს და მზეს ხატავდნენ, დერეფნის მეორე ბოლოში კი ახალგაზრდა, ძალიან გამხდარი ქალი კედლებს შორის გაკრულ თოკზე სარეცხს ფენდა… დერეფნის შუაში, გრძელი სკამზე ჩამომჯდარი, ახალგაზრდა გოგო ჩვილ ბავშვს აჭმევდა ბოთლიდან, მეორე ქერათმიანი ქალბატონი კი ინტერესით მიყურებდა.

მართალია, ეს რეპორტაჟი ათონელის რეზიდენციის თაობაზეა და, შესაბამისად, კითხვებიც ამ კუთხით მინდოდა დამესვა, მაგრამ შექმნილმა რეალობამ და მძიმე სოციალურმა პირობებმა პრეზიდენტიც და მისი „აპარტამენტებიც“ გადაფარა…

ტაქსის მძღოლის მსგავსად არც ამ „ნაცრისფერი სახლის“ მობინადრეებმა ისურვეს ვინაობის გამხელა, თუმცა საუბარზე სიამოვნებით დამთანხმდნენ:

_ თქვენი საცხოვრებლის გვერდით პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა მიმდინარეობს. რა მდგომარეობაში ხართ აქ მცხოვრებლები და რას იტყვით მიმდინარე მშენებლობაზე?

ნელი:

_ რა გითხრათ… ჩვენ აქ შემოვსახლდით 2013 წლის 22 იანვარს, სულ 32 ოჯახი ცხოვრობს ამ შენობაში. მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება არ გვაქვს. ცოტა ხნის წინ ტუალეტი ჩამოგვენგრა და ბავშვები კინაღამ მოყვნენ შიგნით. ერთი ამბავი ავტეხეთ, ჟურნალისტებიც მოვიყვანეთ, მაგრამ მაინც არ მოგვაქციეს ყურადღება, არ გვაქვს უფლებაო… ერთმანეთს აბრალებენ, როგორც ყოველთვის. აქ თითქმის ყველა სოციალურად დაუცველია და რაც ამ კუთხით დახმარება გვეკუთვნის, მხოლოდ იმას ვიღებთ, დანარჩენი არაფერი. ან დენზე მაინც რომ გაგვიკეთონ შეღავათი… გაზი და შეშა არ გვაქვს. აი, როგორ ვართ, კი ხედავთ. იმას (პატარა ბავშვისკენ იშვერს ხელს, _ ნ. ლ.) ბრონქების ანთება აქვს, ეს პატარაც (3-4 თვის ჩვილზე მიმითითებს, _ ნ. ლ.) ავადაა, ბავშვების უმრავლესობას ენტეროვირუსი აქვს და რა ვიცი, რა!.. ვინც ჯანმრთელები ვიყავით, ისინიც დავსნეულდით. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. ამ შენობაში ორი ტუალეტია სულ და 120 ადამიანი ვცხოვრობთ.

_ როგორც გარედან წავიკითხე, ეს სკოლის შენობაა, ხომ?

_ დიახ, ადრე ეს 68-ე საჯარო სკოლა იყო… ჩვენ რომ ქირით გაყვანა შემოგვთავაზონ, კი, ბატონო, მაგრამ იმ ქირას სამუდამოდ ხომ ვერ მოგვცემენ? ხომ შეიძლება, რომ იმ ქირის ფულით ეტაპობრივად შეგვისყიდონ რაღაც ფართი და გვაცხოვრონ? ვისაც მართლა თავზე გადასდის ფულები, იმათ აძლევენ ლარად მიწებს და ქონებებს და ჩვენ რა დავაშავეთ? ჩემი ჭერი მქონდეს თავზე და რას დავეძებ, ეს შენობა იქნება თუ სხვა?

სოფიკო:

_ რამდენი გაჭირვებული ადამიანი ვერ იხდის ქირას და ამათ კიდევ შენობები აქვთ დაკეტილი, რომელიც არ ფუნქციონირებს. რომ ადგე და შეხვიდე, გეტყვიან, უკანონოდ შეხვედიო.

ნელი:

_ …და ხელისუფლებისთვის კანონიერი ის არის, პანტა-პუნტით რომ ყიდულობენ კვადრატულებს და ჩვენ რომ ამხელა ფულებს გვთხოვენ? არის ეს კანონიერი, თქვენ როგორ ფიქრობთ? აბა, ვინმემ თუ იფიქრა: მოდი, ამ სოციალურად დაუცველებს ლარად მივცეთ რაღაცა შენობაო? ჩვენი წვალებით, სტატუსით, მოჯამაგირეობით იქნება თუ როგორც იქნება, შევისყიდიდით კაპიკებად რომელიმე შენობას. ყველაზე მეტად კიდევ ესაა სამწუხარო: ქართველები ვართ და რადგან არ ვართ ლტოლვილები, ჩვენთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად რამე არ უნდა იგეგმებოდეს? ჩინელებისთვის, ინდოელებისთვის და სხვებისთვის ხომ ყველაფერი არის? ვარკეთილში ჩინელების დასახლებას აშენებენო, ამბობენ და ჩვენ სად ვართ? სახელმწიფო ამბობს უსახლკაროებზ, _ ნახევარზე მეტს სახლ-კარი აქვსო. გადაამოწმონ წესიერად, ვის რა აქვს, სხვა რა ევალებათ, გეკითხებთ? მხოლოდ კაბინეტში ჯდომა და თბილად მოკალათება? გადაამოწმონ და ვისაც მართლა არ აქვს თავშესაფარი, იმათ ნუ ურევენ ცხოვრებას! ჩვენ რახან აქ შემოჭრილები და სოციალურად დაუცველები ვართ, რაღაც ბინებს ველოდებით, წესით. არ გვაქვს მუშაობის უფლება, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსი მოგვეხსნება და თუ ეს სტატუსი მოგვეხსნა, აღარც ბინებს მოგვცემენ!

თქვენ წინაშე ვდგავართ ორი უმაღლესდამთავრებული ქალი, ვისზე ნაკლები განათლება გვაქვს? რა, ვერ ვიმუშავებთ, ვერ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, თუ რა? აბა, დაგვაწყებინონ ჩვენი პროფესიით მუშაობა და ვნახავთ, თუ ვერ შევძლებთ საქმის გაკეთებას! ოღონდ ისე გვამუშაონ, რომ მომავალში სახლ-კარზე არ შეგვიქმნან პრობლემა, თორემ მაგათი სოციალური სტატუსი არავის გვინდა აქ.

_ უფასო სასადილოთიც სარგებლობთ, ალბათ, ხომ?

_ კი, მაგრამ… ადით ერთხელ სასადილოში, არ გაინტერესებთ, რა საჭმელი მოაქვს ერთ ოჯახს და რითი იკვებებიან დილიდან საღამომდე? მაინტერესებს, მთავრობის წარმომადგენლებმა რომ წაიღონ ერთ ოჯახზე გათვლილი საკვების ის რაოდენობა, თუ ეყოფათ მის შვილებს და, საერთოდ, თუ შეჭამენ, ან ელემენტარულად, დაყნოსავენ მაინც? ნებისმიერ სასადილოში მივიდნენ.

_ თუ ასეთი ცუდი და ცოტა საკვებია, არ აპროტესტებთ?

_ იცით, რა არის? რომ გავაპროტესტეთ, ასე გვითხრეს, _ მოდი, დავხურავთ მაშინ ამ სასადილოს, თუ მაინც არ ვარგა აქ საკვებიო…

_ იმის მაგივრად, რომ თქვან, გამოვასწორებთო, დახურვით იმუქრებოდნენ?

_ ხო, იმის მაგივრად, რომ გამოასწორო, რატომ ხურავ? პირველ რიგში, ანტისანიტარიას მიხედონ სასადილოებში. მე მაინც და მაინც იმას არ ვამბობ, რომ საკვებია საჭმელად უვარგისი, მენიუ აქვთ ცუდად შედგენილი: დილიდან საღამომდე 200 გრ. ლობიო და ნახევარი პური ერთ ადამიანს ეყოფა? ის თანხა, რაც ჩვენს კვებაზეა გამოყოფილი, მოგვცენ და ერთი ლარიც რომ იყოს განკუთვნილი სულზე, ერთმანეთს დავამატებთ და, ბოლო-ბოლო, ნახევარ კილო ხორცს ვიყიდი და სოუზს გავუკეთებ ბავშვებს! რა, ჩემს შვილებს ხორციანი საჭმელი აწყენთ? ისეთ შილას აკეთებენ სასადილოში, რომ არაფრის გემო მაგას არ აქვს. ჩვენს შვილებს არ სჭირდებათ წესიერი საკვები? პირადად ჩემს შვილებს კუჭ-ნაწლავი აღარ უვარგათ და სასადილოს საჭმელს რომ ჭამენ ხოლმე, მაპატიეთ და, ან მთელი დღე ტუალეტში დარბიან, ან გულისრევა ეწყებათ. რა გავაკეთო, მითხარით?! იცით, რამდენი ხალხი დადის ამ კორპუსიდან ეკლესიაში სამოწყალოდ? მეც მათ შორის ვარ. ცხრა წელი იმიტომ ვისწავლე უნივერსიტეტში, რომ მათხოვარი ვყოფილიყავი? საკურთხს როცა აკეთებენ ხოლმე, ვთხოვთ ხალხს და საჭმელი მოგვაქვს იქიდან. დანარჩენ დღეებში ბავშვებს რა ვაჭამოთ?

_ დღევანდელ ხელისუფლებას ვერ მიაწვდინეთ ხმა, ასეთ მდგომარეობაში რომ ხართ?

_ ყველამ ყველაფერი იცოდა აქ შემოსვლამდე. ბატონი ნარმანია სანამ მერი გახდებოდა, დაგვპირდა, მე რომ მოვალ, თქვენ მოგხედავთო. 6-7 გოგო ვიყავით, ეს რომ გვითხრა. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ინვესტორს გამოგიგზავნით და ვისაც მართლა არ გაქვთ სახლ-კარი, დაგაკმაყოფილებთო. გახდა ბატონი ნარმანია თბილისის მერი, ვითხოვთ მასთან შეხვედრას, მაგრამ ვინ გვახვედრებს? მაშინ კაი ბიჭი იყო, ხალხის არ ეშინოდა და სკვერებში ხვდებოდა, ახლა რისი ეშინია? მაშინ თუ არ შევჭამეთ, ახლა შევჭამთ?

_ სამაგიეროდ შეიძლება პრეზიდენტი გადმოვიდეს თქვენ გვერდით საცხოვრებლად ცოტა ხანში და უფრო მეტი შანსი გექნებათ, თქვენი სათქმელი უთხრათ.

სოფიკო:

_ გადმოვა რო? გადაწყვეტილია ეგ ამბავი?

_ ყოველ შემთხვევაში, 21-მილიონიანი რეზიდენცია კი შენდება და…

ნელი:

_ ხო, აი, ეგ არის საინტერესო: პრეზიდენტი თუ გადმოვა აქ, ჩვენ რას გვიპირებენ? ვინ გაგვაჩერებს  აქ? ზამთარი მოდის და ქუჩაში წავიდეთ?

_ ანუ შეიძლება, აქედან გასახლება მოუწიოს 32 ოჯახს?

_ ჩემი ვარაუდით ასე იქნება, გაგვასახლებენ, მაგრამ ქუჩაში დაგვყრიან თუ არა, ეგ აღარ ვიცი.

_ რეზიდენციის მშენებლობა როდის უნდა დასრულდეს, თუ გაიგეთ რამე ამაზე?

სოფიკო:

_ ჭორის დონეზე ვიცით, რომ ნოემბერ-დეკემბერში უნდა დასრულდეს.

ნელი:

_ არც მუშა და არც არავინ არ იტყვის, კონკრეტულად როდის უნდა დასრულდეს. ახალ წელს პრეზიდენტი ამ რეზიდენციაში უნდა გადმოვიდესო, ასეთი ხმები ვრცელდება და რა ვიცი. ზუსტად მაგის გვეშინია… ღმერთმა ყველას მშვიდობაში მოახმაროს ის შენობაც და ესეც, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? მოგვეხმაროს მთავრობა, ჩვენი და ჩვენნაირების გვერდში დგომით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მოგვაქციონ ახლა ყურადღება. გთხოვთ, მიაწვდინეთ ხმა მაგათ, რომ ჩვენც ხალხი ვართ და ძალიან გვიჭირს. ბრონქიტიანი შვილი მყავს და წამალი ვერ მიყიდია, რეცეპტი კი დამაქვს ჯიბით, იხარე! ეს შენობაც იმდენად არის უკვე დაზიანებული, რომ ნელ-ნელა ინგრევა. აქ მართლა არ ცხოვრობს ისეთი ოჯახი, რომელსაც რეალურად არ უჭირდეს. როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, წაიღეს ჩვენი საბუთები, გადაგვამოწმეს და გვითხრეს, _ თქვენისთანა სოციალური ობიექტი არ არსებობსო. ახლა სად არიან, რატომ არ ჩანან? როგორც ჩანს, გაჭირვებული ადამიანების საშველი არ იქნება არასდროს, ყველა ხელისუფლება საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს მხოლოდ და არა იმ საცოდავ ხალხზე, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა!

რეპორტაჟი ათონელის რეზიდენციის შესახებ აქ სრულდება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის:

იმის გასარკვევად, გადავა თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ათონელის #25-ში მდებარე რეზიდენციაში, „ქრონიკა+“ პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს, თიკო მჟავანაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით პრეზიდენტის პოზიცია ამ დროისთვის უცვლელია _ იგი არ აპირებს ათონელის რეზიდენციაში გადასვლას. ხოლო რაც შეეხება რეზიდენციის გვერდით მდებარე სკოლაში შესახლებული სოციალურად დაუცველი ადამიანების გამოსახლება-არგამოსახლების საკითხს, ქალბატონი თიკო აცხადებს, რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს თემა პრეზიდენტს არ ეხება და, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ შედის მათ კომპეტენციაში.

„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა ბატონ დავით ნარმანიას პრეს-სამსახურს და დაინტერესდა, რა გეგმები აქვს მერიას #68-ე საჯარო სკოლაში შესახლებულ სოციალურად დაუცველ ადამიანებთან დაკავშირებით და რატომ არ ხვდება ბატონი ნარმანია აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას? ქალბატონი ლელა გაბეჩავას თქმით, ბატონ დავითთან შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ამისთვის საჭიროა მერიაში განცხადების შეტანა და შეხვედრაც ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

 

                                                                                              ნინო ლაბარტყავა

 1

2

3

4

5