მთავარი ინტერვიუ დათო გამცემლიძე: „კადიროვს არანაირი „კერძო ინიციატივა“ არ შეიძლება, ჰქონდეს“

დათო გამცემლიძე: „კადიროვს არანაირი „კერძო ინიციატივა“ არ შეიძლება, ჰქონდეს“

181
0
გაზიარება

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით, „ქრონიკა+“ ჟურნალისტსა და ისტორიკოს დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ დათო, პრაგმატულად და ზედმეტი ემოციების გარეშე შევაფასოთ მოვლენა, რომელმაც ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და კიდევ უფრო გააღრმავა პოლარიზაცია სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შორის. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ სუს-ის მიერ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობისთვის რუსეთის მოქალაქის დაკავებას. თავად ფაქტი მრავალშრიანია, სწორედ ამიტომ საინტერესოა შენი შეფასებები.
_ გმადლობ. ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია, თანაც, მრავალი წახნაგით. ჯერჯერობით, ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, 38 წლის ვასარბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელსაც ბრალად ედება ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვა. დანამდვილებით ვიცით ისიც, რომ ეს პერსონაჟი ცხოვრობდა პანკისის ხეობაში, შემდეგ გადმობარგდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც დააკავეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ძნელი მისახვედრი არ არის: „ოპერატიული ინფორმაციის“ ერთ-ერთი წყარო იგივე პანკისის ხეობა იქნებოდა, სადაც ჩვენი სპეცსამსახურები, საბედნიეროდ, აქტიურად მუშაობენ და ასეც უნდა იყოს, რაკი ეს ხეობა უკვე ათეულობით წელია, სხვადასხვა ხასიათის საფრთხეთა შემცველი რჩება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე _ მთელი ქვეყნისთვის.
აი, ამ ფაქტების შემდეგ კი უკვე იწყება მხოლოდ ვარაუდები: თუ რატომ არ წაუყენეს ბოკოვს ბრალდება მკვლელობის მომზადებისთვის ან დაკვეთილი მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობისთვის?
_ დიახ, ეს მნიშვნელოვანია და უკვე გვესმის მოსაზრებები, რომ თითქოს სპეცსამსახურები ამით რაღაცას მალავენ. თუმცა სამართლებრივ პრაქტიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება, ანუ ბრალის შემდგომ დამძიმებას ვგულისხმობ…
_ შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოებს, ჯერჯერობით, არ გააჩნიათ მყარი მტკიცებულებები, რომელთაც უკვე დღეს ექნებოდათ, როგორც სამართალდამცველ სისტემაში ამბობენ, „სასამართლო პერსპექტივა“. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა ამ საქმეს მთელ მსოფლიოში „გამადიდებელი შუშით“ დააკვირდებიან.
ამიტომაც საქმე, ჯერჯერობით, „ფაქტზეა“ აღძრული. თუმცა არც ის ვიცით, ვინ მიაწოდა საქართველოს უშიშროების სამსახურს თავდაპირველი ინფორმაცია ბოკოვის შესახებ. უკრაინის უშიშროების სამსახურმა? ოფიციალურად ეს არსად დადასტურებულა და თუ უკრაინის ელჩის განცხადებას „გადმოვთარგმნით“ დიპლომატიური ენიდან, როგორც ჩანს, არც არავინ დაადასტურებს, რაკი საქმე მეტად „დელიკატურია“ და შესაძლოა, ინფორმაციის კონფიდენციურ წყაროებს ეხებოდეს.
უეჭველია, რომ საქართველოს უშიშროების სამსახური უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში განაგრძობს იმ ვერსიის დამუშავებას, თუ რა მიზნით შემოვიდა ბოკოვი ჩვენს ქვეყანაში, ვისთან ერთად მოქმედებდა და რა მიზანს ისახავდა?
უკრაინა რომ ნამდვილად ჩართულია ამ საქმეში, სუს-ის განცხადების ის ნაწილი მეტყველებს, სადაც ლაპარაკია ინტერპოლის ხაზით თანამშრომლობაზე. მაგრამ აქ რუსეთიც ხომ არ იგულისხმება? წარმოუდგენელია, ეს საქმე მხოლოდ იმით დამთავრეს, რომ ბოკოვს მიუსაჯონ ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენისთვის. ამას ნამდვილად ვერ მოითმენს (და არც უნდა მოითმინოს!) ის ხალხი, რომელიც აღაშფოთა ჩვენი თანამემამულისა და ჟურნალისტის შესაძლო მკვლელობის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. ამიტომ, მიუხედავად პროფესიული მიდრეკილებისა, სპეცსამსახური ვალდებულია და იძულებულიც იქნება, დროთა განმავლობაში ბევრად მეტი გვითხრას და ამ საკმაოდ ბნელ საქმეს, რომელმაც საერთაშორისო ჟღერადობა შეიძინა, სრულად მოჰფინოს ნათელი.
_ იმის მიუხედავად, რომ არსებობს საკმაოდ მწირი ოფიციალური ინფორმაცია, ცხადია, გვაქვს შემდეგი მოცემულობა: ჟურნალისტ გაბუნიას, ჩემი შეფასებით, საკმაოდ არაეთიკური გამოხტომა, რომელსაც მისი არხიც კი გაემიჯნა და იგი ეთერიდან მოხსნა; ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთმნიშვნელოვანი განცხადებები, რომლებმაც, ასევე „არ მოიწონეს“ მისი გამონათქვამები; რამზან კადიროვის მუქარა; და, როგორც ირკვევა, უკრაინაში დაწყებული საქმე, რომელიც თბილისში ეჭვმიტანილის დაკავებით დასრულდა. ერთ-ერთი ვერსიით, საქმე „გახია“ გენერალმა შაითანოვმა. იმ პირობებში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს სახლშიც არ აკლია მაგინებლები, გამოითქმის ეჭვი, რომ გაბუნიასთვის რუსეთის სპეცსამსახურები არ გაირჯებოდნენ და ეს კადიროვის კერძო ინიციატივაა. რამდენად სარწმუნოა ეს ეჭვი და, ზოგადად, რამდენად რელევანტურია „გაბუნიას საქმის“ იმავე ლიტვინენკოს, სკრიპალებისა და თუნდაც პოლიტკოვსკაიას ფაქტებთან შედარება? არაფერს ვამბობ ნემცოვის მკვლელობის ფაქტზე…
_ ჩემი აზრით, აბსოლუტურად რელევანტურია სხვა გახმაურებულ საქმეებთან პარალელის გავლება. სტილი და „ხელწერა“ ნამდვილად ერთია. ისევე, როგორც „იოლად ამოსაცნობია“ მთავარი „აქტორი“ _ ჩეჩნეთში კრემლის სატრაპი რამზან კადიროვი.
აღარავინ დაობს, რომ ბორის ნემცოვისა და ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა კადიროვის გარემოცვამ განახორციელა. ისევე, როგორც გროზნოში მიდის კვალი ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისა და თბილისში გივი თარგამაძის აფეთქების საქმეებზე.
ამავე კრიმინალებს ინგლისში სკრიპალების ან ლიტვინენკოს მოწამვლა რომ შეძლებოდათ, მათვე დაავალებდა კრემლი, მაგრამ ეს მათ შესაძლებლობას სცილდებოდა. მით უმეტეს, რაკი გადაწყვეტილი იყო რადიოაქტიური „პოლონიუმისა“ და საზარელი ქიმიური იარაღის, „ნოვიჩოკის“ ტრანსპორტირება, შემდეგ კი ლონდონსა და სოლსბერიში მათი გამოყენება. ასეთ დელიკატურ საქმესა და ნივთიერებებს ამ პირუტყვებს ვერ ანდობდნენ.
კადიროვს არანაირი „კერძო ინიციატივა“ არ შეიძლება ჰქონდეს: მას ჩააბარეს „უბანი“, რომელზედაც მოქმედებს კონკრეტული ბრძანების მიღებისთანავე. რა ფორმით გაიცემა ეს ბრძანება _ „შიფროგრამით“ თუ „სანდუკოვსკაიას“ აბანოში ლუდის სმისას _ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება იმას, რომ პუტინი ან მისი სპეცსამსახურები „არ მოსცდებოდნენ“ გიორგი გაბუნიას ან მისი გამონათქვამების გამო… გააჩნია: თუკი ღრმა ანალიზის შედეგად დაადგენდნენ, რომ ამგვარმა გინებამ პუტინის რეიტინგსა და მის „მოწყვლადობას“ ზიანი მიაყენა, შესაძლოა, კიდეც ემოქმედათ, ოღონდ არა ემოციით, არამედ _ პრაგმატული გათვლით…
_ რას გულისხმობ?
_ დავაკვირდეთ, რა მომენტია ამჟამად პუტინის რეჟიმისთვის: ახლოვდება რეფერენდუმი კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რამაც პუტინს, მინიმუმ, 2036 წლამდე უნდა გაუხანგრძლივოს მმართველობა. ანუ კრემლის „ბინადარს“ სჭირდება ნებისმიერი ხერხითა და საშუალებთ რეიტინგის შენარჩუნება და „პოპულარული“ აქციების განხორციელება. თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ ვიფიქრებთ, თითქოს გიორგი გაბუნიას მკვლელობა პუტინის რეიტინგს დასცემდა რუსეთში და არა _ პირიქით.
_ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის შესაბამისი სამსახურები, იმის გამო, რომ არ ენდობოდნენ ქართულ მხარეს, მას ინფორმაციას არ აწვდიდნენო. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია და, მეორე მხრივ, ამ „დაყოვნების“ პერიოდში რომ განხორციელებულიყო გაბუნიას წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედება, ეს ხომ იქნებოდა უკრაინული მხარის პასუხისმგებლობა? რეალურად, ეს განცხადება, ნებსით თუ უნებლიეთ, უკრაინული მხარის დისკრედიტაციაა. მოკლედ, რამდენად არის შესაძლებელი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, თუნდაც, ამ საქმის კონტექსტში, ისე ვითარდებოდეს, როგორც ეს გვარამიამ აღწერა?
_ სავსებით შესაძლებელია, ამ საქმემ კიდევ უფრო „დაამძიმოს“ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა და სწორედ ამიტომ მიმაჩნია აუცილებლად, კიევმაც და თბილისმაც ბევრად მეტი თქვან, ბევრად მეტი დეტალი თუ ნიუანსი გამოაქვეყნონ. პირველ რიგში კი უპასუხონ კითხვას: რა აკავშირებდა მოსარბეკ ბოკოვს უკრაინასთან და დონბასელ სეპარატისტებთან? ხომ არ მონაწილეობდა იგი საბრძოლო მოქმედებებში? რას წარმოადგენს ბოკოვის საქმის „უკრაინული ქეისი“? ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ „ჟურნალისტის მკვლელობის მომზადება“ სუს-ის განცხადებაში ნახსენები არ არის. იქ ლაპარაკია „შეკვეთილ მკვლელობაზე“. სამაგიეროდ, ნახსენებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
_ შეუძლებელია, დაქირავებულ ბოკოვს საქართველოში მოკავშირე არ ჰყოლოდა. დამოუკიდებლად მას გაუჭირდებოდა დაკვეთის სისრულეში მოყვანა. ამ ეტაპზე რაც ვიცით, იგი იმყოფებოდა პანკისის ხეობაში. მაგრამ ეს საკმარისია? რამდენად არის შესაძლებელი, რომ მას გარკვეული მოკავშირეები ჰყოლოდა იმავე ძალოვან სტრუქტურებში? ამ ვერსიის შესახებ რამდენიმე მოსაზრება მოვისმინე, მათ შორის, ასეთი, რომ შაითანოვი უეჭველად დაასახელებდა რამდენიმე პერსონას, რომელიც რუსეთთან არის კავშირზე და ისინი ყოველმხრივ შეეცდებიან, გამოძიება არასწორ კვალზე დააყენონ…
_ სპეცსამსახურთა „თამაში“ მუდამ ძალიან რთული და დახვეწილია. მართალი ხარ, როდესაც კავშირს ხედავ ამ საქმესა და უკრაინული სპეცსამსახურების მიერ რუსეთის „სუპერაგენტის“, გენერალ ვალერი შაითანოვის დაკავებას შორის.
მართლაც ნიშანდობლივი „დამთხვევაა“, რაც გვიქმნის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სულაც არ არის „დამთხვევა“.
რუსეთის სპეცსამსახურებიც, თავისი რეზიდენტის ამგვარი „ჩავარდნის“ შემდეგ, დაიწყებდნენ გეგმა „ბ“-ს ან გეგმა „დ“-ს ან გეგმა „ძ“-ს განხორციელებას და ერთ-ერთი მიმართულება მრავალმხრივი დეზინფორმაციაც იქნება.
შაითანოვიც დიდხანს არ დარჩება კიევის ციხეში _ მას უეჭველად გადაცვლიან, როგორც ბევრჯერ მომხდარა, რომელიმე უკრაინელ ოფიცერზე, ვინც დონეცკში დააკავეს.
ეს იცის როგორც თვით შაითანოვმა, ასევე სამივე სპეცსამსახურმა: ქართულმა, უკრაინულმა და რუსულმა. ის, რომ ბოკოვი საქართველოში მარტო მოქმედებდა, აბსოლუტურად გამორიცხულია. ამის ალბათობა ნულის ტოლია. მისი „მხარდაჭერის ბაზა“ კი იმავე პანკისის ხეობაშია საძიებელი. გავიხსენოთ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დატრიალებული საშინელება, სადაც მშვიდობიან და ღირსეულ მოქალაქეებთან ერთად, საკმარისზე მეტი პროვოკატორი სახლობს.
_ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები საქართველოსა და აშშ-ში, მით უფრო დამძიმდება ვითარება. ჩვენს თანამოქალაქეებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში ვცხოვრობთ, სადაც არ არსებობს მზა სტრატეგია და მტერი საკმაოდ ვერაგია. ხშირად, ძალიან უწყინარი ფაქტიც კი შესაძლოა, ამ ომის მნიშვნელოვანი კომპონენტი აღმოჩნდეს. ამიტომ საინტერესოა, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს საქართველოში და აშშ-შიც? რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მრავალ ფრონტზე ბრძოლა, გარკვეულწილად, არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი მიმართულებით მისი ყურადღება მოდუნდეს და ამით უფრო ისარგებლოს რუსეთმა.
_ ჩვენი, ჯერ კიდევ, ბოლომდე ვერშემდგარი სახელმწიფოს სტარტეგიული მტერი ნამდვილად ვერაგია. ამ აზრის გასაძლიერებლად მეორე ქართულ სიტყვასაც გამოვიყენებდი _ ცბიერი!
ბევრი დამიწერია საქართველოს უახლეს ისტორიაზე, _ ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, ზოგი რამ გადამიფასებია, ბევრი მოვლენა თუ პროცესი დღევანდელი გადასახედიდან სხვაგვარადაც ჩანს, თუმცა არის ერთი მცდარზე მცდარი საზრისი, რომელიც ვერაფრით მოვიშორეთ, ანუ შთაბეჭდილება, რაც ვერანაირად „ამოვშანთეთ“, მათ შორის, მოაზროვნე ადამიანებშიც კი: თითქოს რუსეთს არ აღელვებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენები, „გულგრილად“ აკვირდება მათ და მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა შეიარაღებულ კონფლიქტებს ეხება საქმე. გახსოვს, ალბათ, 1991 წელს, როდესაც „სასარგებლო იდიოტები“ და „სექსოტები“, ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში სამოქალაქო ომს იწყებდნენ, ხშირად გაიგონებდი: „ვის რაში ვუნდვართ?~ და „სულ აღარ აინტერესებს რუსეთს საქართველო“.
რეალურად კი ამ გარეგნული „გულგრილობის“ მიღმა იმალება არა უბრალოდ მძაფრი დაინტერესება, არამედ მაღალტექნოლოგიუი ჩარევებიც იმ ბერკეტების გამოყენებით, რაც ნამდვილად აქვთ.
_ აბსოლუტურად გეთანხმები. ეს გარეგნული „გულგრილობა“, როგორც შენ ახსენე, ქართველი ობივატელისა და არა მხოლოდ ობივატელის, შინაარსობრივ გულარხეინობას განაპირობებს, რომლის შედეგების დანახვა არც კი გვინდა ან „ვიღაცას“ ვაბრალებთ.
_ არსებობს „ინსტრუმენტალი“ და არსებობს „მეთოდიკა“. ორივე სტრატეგიულ მიზანს ემსახურება: საქართველო ვერ შედგეს, როგორც სახელმწიფო! იგულისხმება ისიც, რომ ვერ შედგეს სამართლიან სახელმწიფოდ, ე. ი. დარჩეს ხეიბარ ქვეყნად, სადაც არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს დემოკრატია, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ხელისუფლებათა ცვალებადობა… წესად იქცა ელიტების, მათ შორის, ბიზნესელიტებად შენიღბული მაფიოზური ჯგუფების მიერ მოსახლეობის ძარცვა და ა. შ. შესაბამისად, ხდება თვით სახელმწიფოებრიობის იდეის დისკრედიტაცია მოქალაქეთა იმ საუკეთესო ნაწილში, ვინც მზად იყო და მზადაა, ბევრ რამეზე თქვას უარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად, გარდა ყველაზე მთავრისა _ სამართლიანობისა.
ნუ დავიჯერებთ დემაგოგიას, თითქოს „სამართლიანობა“ ყველას თავისებურად ესმის. სინამდვილეში, „სამართლიანობა“, ისევე როგორც „ჩაგვრა“, ალმასივით განუყოფელი ცნებებია.
იმედი ვიქონიოთ, მომავალი არჩევნების „ბეწვის ხიდზე“ ქვეყანა უსაფრთხოდ გაივლის, მივიღებთ ბევრად უფრო პლურალისტურ, „დაბალანსებულ“ ხელისუფლებას და არ მოხდება „მართვადი ქაოსის“ მორიგი პროვოცირება, როგორც არაერთგზის გვინახავს, რადგან სწორედ „მართვადი ქაოსია“ ის „მღვრიე წყალი“, სადაც ჩვენი სახელმწიფოს ეგზისტენციურ მტერს მოქმედება უადვილდება.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, კითხვაზე ყველაზე იოლი პასუხი იქნებოდა, რომ ამერიკის ზესახელმწიფოებრიობის მთავარი პირობაა რესურსთა სიმრავლე, რათა მიუხედავად შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ან თუნდაც საგარეო გამოწვევათა მომრავლებისა, არ მიატოვოს მოკავშირეები მსოფლიოს არც ერთ რეგიონში.
ასე რომ არ იყოს, ამერიკა ზესახელმწიფოებრიობის სტატუსს დიდი ხნის წინათ დაკარგავდა. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, მაინც ასეა. მაგრამ აქ მეორე პრობლემა უფრო მეტად არსებითია: დამოუკიდებლობის პირველი დღიდან მოყოლებული გვაქვს პატერნალისტური ანუ მამაშვილური დამოკიდებულება ამერიკის მიმართ, ი. ი. განცდა, თითქოს ის მიიღებს ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს, ის იომებს, ის იბრძოლებს, ის გვეტყვის, როგორ მოვიქცეთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ა. შ. ამგვარმა დამოკიდებულებამ ბევრი ტრაგედია განაპირობა. სინამდვილეში, ცნობილი ქართული გამოთქმის პერიფრაზით, ამერიკა და დასავლეთი „ხეზე ასვლას“ კი გვასწავლიან, ოღონდ „ხეზე“ თავად, დამოუკიდებლად, მისი ხელის შეშველების გარეშე უნდა ავიდეთ.
არავინ არანაირ „რეცეპტს“ არ გამოგვიწერს: ეს ქართული ელიტების მოვალეობაა. საგარეო მხარდაჭერის ფაქტორი კი, თუ პროცენტულად მივუდგებით, შეიძლება 20-30% იყოს. დანარჩენი, როგორც იტყვიან, „ჩვენზეა“.
_ რატომ ცდილობენ რუსეთის სპეცსამსახურები, მუდმივად პანკისში შექმნან რთული ვითარება? ეს ადამიანები საკმაოდ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, გამონაკლისები ყველგან არიან. მაგრამ მაინც რატომ ებმის ყველა მნიშვნელოვანი დანაშაული პანკისს? მხოლოდ ებმის კი არა, ცალკეული პერსონებიც ჩართულები არიან…
_ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, იქ არსებობს გარკვეული „ბაზა“, „ადგილობრივი რესურსი“, მაშასადამე, შესაძლებლობა, რომელიც გარეშე ძალებმა შეიძლება გამოიყენონ. ყველგან გამოიყენებენ, სადაც ამგვარი „საყრდენი“ ექნებათ. აქ მთავარია ამ „საყრდენის“ არსებობა და არა ის, რამდენი პროცენტია ხეობაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. საბედნიეროდ, უმრავლესობაა. ოღონდ სრულქმნილი „სახელმწიფოებრივად აზროვნება“ ის იქნება, თავად მოსპონ ეს „საყრდენი“!
საქართველოს სპეცსამსახურებთან რომ თანამშრომლობენ, სწორედ სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიმუში თუ გამოვლინებაა, თუმცა საკმარისი არ არის, როგორც ახლა ვხედავთ ან „ბერი გაბრიელ სალოსის“ ქუჩაზე განვითარებული მოვლენებისას ვნახეთ.
_ ახლა საკითხი უფრო გლობალურ პრიზმაში განვიხილოთ: იმ გაუაზრებელი ჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც რუსეთის საინფორმაციო ჯარები ყოველდღიურ საარტილერიო დარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგეებს მთელ მსოფლიოში (როცა ამას ამბობ, გპასუხობენ, რომ ყველაფერი ვარაუდია და არანაირი ომი არ მიმდინარეობს), ცხადია, რომ უფრო და უფრო მძაფრდება დაპირისპირება რუსეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს შორის. ფაქტობრივად, მათ ცალკე ომი აქვთ. როგორია ძალთა ბალანსი?
_ საკმარისია, ერთხელ შეავლოთ თვალი მარგარიტა სიმონიან-სოფო შევარდნაძის Russia today -ს და ყოველგვარი ეჭვიც ქრება: მრავალენოვან ტელევიზიას ეწოდება „რუსეთი დღეს“, თუმცა მხოლოდ იმ უბედურებებზე, კონფლიქტებზე, დაპირისპირებებზე, კრიზისებზე ყვება, რაც დასავლეთში ხდება. თან არა მხოლოდ ყვება, არამედ აპროვოცირებს კიდეც ბევრ მათგანს… თუმცა ყოველთვის, იმ „საყრდენის“, იმ ნაკლოვანებათა, ზოგჯერ კი მანკიერებათა და სისტემურ სისუსტეთა გამოყენებით, რაც დასავლურ დემოკრატიებს ახასიათებთ.
თუ ადრე ეს „საყრდენი“ „კლასობრივი ბრძოლა“ იყო, ახლა რასიზმი, სქესთა თანასწორობა, ეკოლოგია, „გლობალიზაცია“, ანარქიზმი და სხვა უამრავი პრობლემაა _ მათი თანამდევი ფანატიკოსებით თუ „სასარგებლო იდიოტებით“. ამას ემატება სოციალურ ქსელებში „მომუშავე“ ბოტებისა და ტროლების „ფრონტი“, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე „არმიისგან“ შედგება და ა. შ.
სპეცსამსახურთა ომში კი ყველაფერი ძველებურადაა, როგორც „ხანჯლიანთა და ლაბადიანთა“ წარსული „ფარული ომების დროს“.
ეს ომები, უმრავლეს შემთხვევაში, ყაიმით სრულდება. ასეთია მათი ბუნება. მაგალითად: ამერიკამ რუსი ნარკომოვაჭრეები და იარაღის გამყიდველები დააკავა (იაროშენკო და ბუტი), პასუხად რუსულმა სპეცსამსახურმა მოსკოვში დააპატიმრა ამერიკის მოქალაქე პოლ უილანი, რომელსაც ნაცნობმა ქალბატონმა, რომანტიკული შეხვედრის დროს გადასცა „ფლეში“, ვითომდაც მათი ერთობლივი სამახსოვრო ფოტოებით. რამდენიმე წუთის შემდეგ ამერიკელს შეუვარდნენ, დააპატიმრეს და იმ „ფლეშკაზე“ რომელიღაც რაკეტის სქემა აღმოჩნდა. ანუ პირწმინდა პროვოკაცია იყო, ოღონდ ბრწყინვალედ განხორციელებული, რათა უილანი, ვისაც მოსკოვის „სასამართლომ“ 16 წელი მიუსაჯა, ბუტსა და იაროშენკოში გაეცვალათ.
გარწმუნებთ, ასეც მოხდება, ადრე თუ გვიან.
_ აი, თუნდაც, „გაბუნიას საქმის“ კომენტირებისას ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მონა და ვასალი. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს თუნდაც ფაქტის პრიზმაში და მეორეც _ რამდენად სასარგებლოა, როცა ყველა დროის ოპოზიცია მუდმივად ბრალად სდებს ყველა დროის ხელისუფლებას რუსეთუმეობას? გახსოვს, ეს ბრალდება ისმოდა შევარდნაძის მიმართ, იმავე სააკაშვილის, ახლა ივანიშვილის. არ შეიძლება, ერთხელ აშშ-ის პოლიტიკურმა კლასმა და გადასახადის გადამხდელმა თქვას, _ ვის ვუჭერთ მხარს? ჩვენ ვახარჯავთ ფულს და ესენი რუსეთის მონა ვასალები არიანო?
_ საბედნიეროდ, ამერიკელი „ტაქსფეერები“, ანუ გადასახადის გადამხდელები, არ წყვეტენ, ვის დაეხმაროს ამერიკა და ვის _ არა. პოლიტიკური კლასი კი ამ საკითხს კონკრეტულ ადმინისტრაციებს ანდობს. რაც შეეხება „პრორუსულობის“ ბრალდებას, „ოცნების“ ამჟამინდელი მდგომარეობა ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც კომიკური: აბა, დღევანდელი მთავრობა თუ „პრორუსულია“, მაშინ „მართლა პრორუსული“ მთავრობა რაღას მოიმოქმედებს, ხომ წარმოგიდგენიათ?
სინამდვილეში, მთელი ეს პოლიტიკური ინსინუაციები, „ხელისუფლების პრორუსულობის“ შესახებ, რაც 30 წელია გვესმის, ელემენტარული დემაგოგია და სპეკულაციაა.
მთელი განვლილი ისტორიული პერიოდის მანძილზე, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან _ დღემდე, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება „პრორუსული“ არ ყოფილა! ერთი მათგანიც რომ ყოფილიყო „პრორუსული“, მაშინ ეს ქვეყანა (ისევე, როგორც მეზობელი სომხეთი) ამჟამად რუსეთის ინიციატივით შექმნილი „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციისა“ (ОДКБ) და საბაჟო-ეკონომიკური „ევრაზიული კავშირის“ წევრი იქნებოდა. აი, ეს არის ნამდვილი „პრორუსულობა“.
_ და რა გამოსავალი არსებობს ამ ვითარებიდან? რეალურად, ვისი გავლენის სფერო ვართ?
_ ისტორიული პარადოქსია: როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის გავლენის სფეროში ვართ. გააჩნია, რა შემთხვევაში და რა მიმართულებით, ანუ როგორ და როდის.
„გავლენის“ სფერო ისეთი ცნებაა, ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. მე მაგალითად, ნამდვილად ვარჩევდი, საქართველო იმდენად იყოს ინტეგრირებული ამერიკის გავლენის სფეროში, რომ მის სტრატეგიულ მოკავშირედ იქცეს, როგორიცაა ისრაელი ან აზერბაიჯანია _ თურქეთისთვის ან სომხეთი _ რუსეთისთვის.
იმედი ვიქონიოთ, ეს დღე დადგება და როდესაც/თუკი დადგება, „გავლენის სფეროთა“ გაყოფაც დღის წესრიგიდან მოიხსნება, რაკი ამერიკა თავის მოკავშირეებს არასდროს არავის „უყოფს“.
_ დაბოლოს, ერთი ვარაუდიც: ჟურნალისტზე თავდასხმის მომზადებას თვეები არ სჭირდება. ხომ არ იყო ეს ყველაფერი შიშის დასათესი მანევრი და მეტიც: რამე უფრო მძიმე სცენარი ხომ არ შეიძლება არსებობდეს, რასაც ახლა, სავარაუდოდ, ყურადღებასაც არ ვაქცევთ? უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას? თუმცა აქვე არის კითხვა, _ თუ ხელისუფლება რუსეთის მსახურია, რატომ აწყობს რუსეთს აქ დესტაბილიზაცია?
_ ხელისუფლება _ დღევანდელიც და გუშინდელიც _ ისევე არ არის რუსეთის მსახური, როგორც ოპოზიცია _ წინაც და დღევანდელიც _ არ არის რუსეთის მსახური. თუმცა არის ერთი პოლიტიკური ფენომენი, რომელიც მარტივ განტოლებებს მუდამ ანგრევს. ესაა „სასარგებლო იდიოტთა“ ლეგიონი, რომელიც, სამწუხაროდ და სავალალოდ, ტრადიციულად, მრავალრიცხოვანია საქართველოში _ იყო, არის და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება. ამას ბოლო 30 წლის ისტორია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს.
რაც შეეხება მკვლელობის მომზადებას: დრო და მომენტი, როგორც ყოველთვის, ზუსტად არის შერჩეული _ მომავალ არჩევნებზე ამ ქვეყანაში ისეთი ამბავი იქნება, აი, ქართული გამოთქმა რომ არის: „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“ და ამ ვითარებაში ჟურნალისტის მკვლელობა „ბირთვული აფეთქება“ იქნებოდა.
ეს იყო ბოროტი გათვლა, ხოლო „პუტინის პიროვნულ შურისძიებაზე“ ლაპარაკი სასაცილოა _ კაცი „მესამე რომის“ იმპერატორობას აპირებს და ქართველ ჟურნალისტს თავს როგორ „გაუყადრებდა?“

გეგა სილაგავა

დატოვეთ კომენტარი