ნიკა ჩიტაძე: „ოპოზიცია ხელისუფლებასთან საინფორმაციო ომს აგებს“

გასულ კვირას გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა.
რამდენად სწორი სტრატეგია აქვს არჩეული ოპოზიციას ამ ეტაპზე? რა არის ხელისუფლების უპირატესობა და რა მიმართულებით მოუწევს განსაკუთრებული მუშაობა ოპოზიციას?

„ქრონიკა+“ ესაუბრება პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს:

_ ბატონო ნიკა, ივნისიდან ერთი წლის თავზე რა დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ, პოლიტიკურად ვინ მოიგო?
_ პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ 20 ივნისს, განსხვავებით 7 ნოემბრისა და 26 მაისისგან, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აკრიტიკებდა რუსეთს, მათთვის მიუღებელი იყო რუსეთის ოკუპაცია, ეს გახლდათ პროდასავლური და ანტისაოკუპაციო მოძრაობა. 7 ნოემბერს ვიცით, რომ წინა ხელისუფლებამ უფლებამოსილებას გარკვეულ ნაწილში გადააჭარბა, თუმცა იმ აქციაზე ნამდვილად იყო მოწოდება ხელისუფლების დამთავრებისა და, ამ შემთხვევაში, აღნიშნულ მოძრაობას ხელს უწყობდა და აფინანსებდა ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც რუსეთში მოაგროვა თავისი ფინანსური კაპიტალი. რაც შეეხება 26 მაისს, ვიცით, რომ ამ აქციას ხელმძღვანელობდა ნინო ბურჯანაძე, რომელიც მანამდე 2-3-ჯერ პირადად ესტუმრა ვლადიმირ პუტინს. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ მომიტინგეების შემადგენლობაზე. 20 ივნისის მომიტინგეები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რომ გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში სპიკერატის სავარძლის დაკავებით რუსეთის ხელისუფლებას ამხელა უფლებები მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც 20 ივნისს ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა, სწორედ რომ საკუთარი ხალხის, თავისუფლებისთვის მებრძოლების წინააღმდეგ. საერთო ჯამში რომ დავასკვნათ, თუ ვინ მოიგო პოლიტიკურად, პირველ რიგში, წაგებული დარჩა ჩვენი ქვეყანა საქართველო და ეს მთავარი პრობლემაა. ასევე წააგო ხელისუფლებამ, რადგან მან, ამ შემთხვევაში, დაკარგა მორალური უპირატესობა, რომელიც მას ჰქონდა, რომ თითქოს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მშვიდობიან აქციებს ეს ხელისუფლება არ არბევდა. ამასთანავე, გაძლიერდა დასავლეთის ზეწოლა. დასავლეთმა თანდათან, ეტაპობრივად დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა, 20 ივნისამდე ეს კრიტიკა შედარებით რბილი იყო, საუბრობდნენ შერჩევით სამართალსა და ა. შ. დღეს კი დასავლეთის მხრიდან სხვანაირი ტიპის კრიტიკა ისმის. საბოლოოდ, პოლიტიკურად ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვერც იმას ვიტყვით, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა. პირველ რიგში, თვალწინ გვიდგას ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და თვალი დაკარგეს ან სხვა ტიპის ფიზიკური დაზიანება მიიღეს. 20 ივნისი იყო ერის გამოღვიძება. შესაძლოა, ნაწილობრივ შეიცვალა სურათი, ხელისუფლების რეიტინგი დაეცა, თუმცა ვინც 20 ივნისამდე უჭერდა ხელისუფლებას მხარს, ის მაინც განაგრძობს მის მხარდაჭერას. თავის დროზე, ვისაც „ნაციონალები“ არ უნდოდა, ამიტომაც ბიძინას ან „გრეჩიხას“ აძლევდა ხმას, მათთვის რეალური სურათი არ შეცვლილა, კვლავ ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ოცნებამ“ მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი დაკარგა და, მეორე მხრივ, ოპოზიცია გაერთიანდა. განსაკუთრებით კი ეს მოხდა შემოდგომაზე, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. თქვენთან ინტერვიუშიც მაქვს ნათქვამი, _ მართალია, ოპოზიცია ამაყობდა, რადგან იმას მიაღწია, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობასა და საერთაშორისო საზოგადოებას დაპირება მისცა პროპორციული არჩევნების შესახებ, მაგრამ არსებობს საფრთხე ამ ინიციატივის ჩავარდნის-მეთქი. მაჟორიტარები არ დაუჭერენ მხარს, შემდეგ კი ივანიშვილი ამას პარლამენტარებს გადააბრალებს და იტყვის, მათ თავისუფალი გამოხატვის საშუალება აქვთო და ასეც მოხდა. ამ ფაქტმა დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერა. იგივე 20 ივნისისგან განსხვავებით, 7 ნოემბერს წინა ხელისუფლებას 300 ადამიანი არ დაუპატიმრებია და არც თვალი დაუთხრია, თუმცა უფლებამოსილებას, რა თქმა უნდა, გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინახეთ განსხვავება 20 ივნისის, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებს შორის.
_ 20 ივნისის ღამის შემდეგ საზოგადოებას სამი მოთხოვნა ჰქონდა: პროპორციული არჩევნები, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დაკავებულების განთავისუფლება. ერთი წლის თავზე გახარია პრემიერია, პროპორციული არჩევნების პირობა ბოლომდე ჯერ არ შესრულებულა, თუმცა ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ის, რომ ხელისუფლებამ მოთხოვნები სრულად არ შეასრულა, ოპოზიციის „დამსახურებაა“?
_ 20 ივნისის მოვლენების განვითარებისას დასავლეთის რეაქცია ხელისუფლების მიმართ არ იყო მყისიერი და რადიკალური. მაგალითად, 20 ივნისიდან 2 კვირის თავზე ბათუმში კონფერენცია გაიმართა, სადაც ჩამოვიდა საქართველოში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი დონალდ ტუსკი, რომელმაც განაცხდა: როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოს ვხედავო. მაშინ რეალური კრიტიკა არ ისმოდა და ამიტომაც, ხელისუფლებას ეგონა, რომ მას გაუვიდოდა, ისე როგორც გაუვიდა 2013 წელს 53 გამგეობაში აქტივისტების შეგზავნა, კორცხელის ინციდენტი, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას, სხვების დაპატიმრება. ამ მოვლენების დროს არც მაშინ ისმოდა დასავლეთის მკვეთრი კრიტიკა. ამიტომაც ხელისუფლებას ეგონა, რომ თუ დასავლეთმა არც 20 ივნისის მოვლენების დროს გააკრიტიკა, არც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ გააკრტიკებდნენ, მაგრამ არ გაუვიდათ. დასავლეთი „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული მას შემდეგ გახდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, რადგან მათ ეს პირადად შეეხოთ, _ მმართველ გუნდს დასავლეთის წინაშე ჰქონდა პირობა დადებული, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამას დაემატა ანაკლიის პროექტის ჩავარდა, შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს. ეს გამოჩნდა კონგრესმენებისა და სენატორების წერილებში, რადგან უკვე ხელისუფლების გადაწყვეტლებები ამერიკის ინტერესებს შეეხო, ასევე ევროკავშირის თავმოყვარეობა შეილახა, რადგან ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ისინი მოატყუა. ანუ დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა დაიწყო შემოდგომიდან და არა _ 20 ივნისიდან.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ კონგრესმენებისა და სენატორების წერილების შესახებ, რამდენიმე კვირის წინ 13 კონგრესმენის წერილი ვნახეთ, რომელიც ასევე კრიტიკული შინაარსის იყო, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგია. რა წონა აქვს კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს?
_ ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ლობისტური ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან შეკრულები, მსგავსი განცხადებების დროს ისინი თავიანთ სისუსტეს ამტკიცებენ. ამერიკაში მოქმედებს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საქართველოს საელჩო. ე. ი. საელჩო ვერ მუშაობს, ელჩმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის დამტკიცებული, ამერიკელი კონგრესმენები ვერ დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის და აქ დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება. მმართველი გუნდის კიდევ ერთი უსუსურობა იმით მტკიცდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი აქვს, ვიდრე _ „ნაციონალურ მოძრაობას“, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის რესურსებს. მაშინ რატომ ვერ შეძლო ივანიშვილმა, დაექირავებინა შესაბამისი ლობისტები, რომლებიც იმაზე იმუშავებდნენ, რომ ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი წერილი გამოექვეყნებინათ? ე. ი. ამით „ქართული ოცნების“ სისუსტე მტკიცდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ კონგრესმენების რაოდენობას. მათ საყურადღებოდ: ამერიკის კონგრესი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან, რომელიც 435 წევრს მოიცავს და სენატისგან, რომელიც 100 წევრისგან შედგება. ბუნებრივია, ყველა ეს ადამიანი საქართველოს საკითხზე ვერ იმუშავებს. უამრავი სხვადასხვა კომიტეტი არსებობს, ზოგი ფინანსურ საკითხზე მუშაობს, ზოგიც _ სამართლებრივზე, საგარეო საკითხებზე და ა. შ. ამიტომაც, ბუნებრივია, იმ ადამიანებმა, რომლებიც საგარეო საკითხებზე მუშაობენ, გამოაქვეყნეს შესაბამისი წერილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. როდესაც განვიხილავთ კონგრესმენების წერილებს, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას, მთავარია, მათი პოლიტიკური წონა. ისინი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არიან. ამის გარდა, კრიტიკა ისმის, ევროპარლამენტარებისგანაც. ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები იმას მოწმობს, რომ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იზრდება. პირველ რიგში, ვიყოთ რეალისტები, რადგან 13-მა კონგრესმენმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხებას. დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი ოპოზიციასა და მთლიანად საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ჩამოშორდეს ხელისუფლებას, შესაბამისად, საქართველოში დასრულდეს არაფორმალური მმართველობა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელობა აქვს არა კონგრესმენების რაოდენობას, არამედ მათ პოლიტიკურ წონას. ამას სათანადოდ აღიქვამს მმართველი გუნდი?
_ როდესაც „ქართული ოცნების“ ოფისში თათბირები იმართება, ალბათ, ეს საკითხები განიხილება და ასე მგონია, რომ მათ ეს საკითხები აღელვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომ არა დასავლეთის ზეწოლა, ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდოდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. და აი, გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოში 2020 წლის საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რომ ოქტომბერში არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდეს. თუმცა წინ კიდევ ორი მოსმენაა.
ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის შეცდომა ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას ბოიკოტს უცხადებს. ამით „ქართულ ოცნებას“ ბერკეტი ექნება განაცხადოს, რომ 8 მარტის შეთანხმება შეასრულეს, მათ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ცვლილებები შეიტანეს, როცა ოპოზიცია ითხოვდა ცვლილებებს, მაგრამ თავად არ ესწრებოდა სხდომებს. რურუას საკითხი უნდა იყოს დღის წესრიგში, მაგრამ უნდა გადადონ სხვა დროისთვის.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მხოლოდ კონგრესმენების ზეწოლა არ არის საკმარისი და ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს. რამდენად სწორი სტრატეგიაა ოპოზიციის მხრიდან საერთო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა თბილისში?
_ ჩემი აზრით, ოპოზიციის ძლიერი მხარეა ის, რომ მათ მოახერხეს, ამ ეტაპზე, თბილისში 6 კანდიდატის წარდგენა. დიდი ალბათობით, ისინი შეთანხმდებიან რეგიონებთან დაკავშირებითაც. საერთო ჯამში, ეს სტრატეგა მომგებიანია, რადგან ოპოზიციონერი კანდიდატები ერთმანეთს ხმებს არ წაართმევენ და, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ მათ ამ გზით დაამარცხონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები, იზრდება. ეს არის სწორი ტაქტიკა და ოპოზიციის ძლიერი მხარე, თუმცა არსებობს სუსტი მხარეებიც.
_ რას გულისხმობთ სუსტ მხარეებში?
_ პირველ რიგში, როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, ოპოზიციური ერთობა ხელისუფლებასთან საინფორმაციო ომს აგებს. თუნდაც, 20 ივნისის მოვლენები განვიხილოთ: მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისს ხალხს თვალები დასთხარეს, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ადამიანებს მუდმივად უმეორებს 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების შესახებ, ფინანსური რესურსითაც აგიტაციის მეტი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ წინა ხელისუფლება ითვლება უფრო უზურპატორად, ვიდრე _ დღევანდელი. მმართველი გუნდი იმ თემაზე მუშაობს, რომ თითქოს 20 ივნისის ღამეს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება. ხელისუფლება, რომელმაც არ აიღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და გახარიამ, რომელმაც, როგორც შს მინისტრმა, ტყვიების დაშენის ბრძანება გასცა, დაწინაურდა, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემას არ იყენებს. ვიმეორებ: 7 ნოემბერს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გრკვეულად გადააჭარბა უფლებამოსილებას, მაგრამ მაშინ პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობიდან გადადგა, მან ერთი წლით შეიმცირა საპრეზიდენტო ვადა. გარდა ამისა, პრემიერი ნოღაიდელი თანამდებობიდან გადააყენეს, ამასთანავე ხელისუფლებამ აღიარა საკუთარი შეცდომა და ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა მოსახლეობას ტყვიები დაუშინეს, გახარია გადადგომის ნაცვლად, დააწინაურეს და დღევანდელ ხელისუფლებას ბოდიშიც კი არ მოუხდია, პირიქით _ გვიმტკიცებდა, რომ გადატრიალება იგეგმებოდა.
გავიხსენოთ მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ადამიანი საკუთარ საწოლში ჩაცხრილეს და ყველამ ვიცით სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა, მაგრამ არავინ დასჯილა; ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას არსებობს შემთხვევა, როდესაც გორის გვირაბში ჩაცხრილეს პარლამენტარის შვილი, რომელმაც მანქანა არ გააჩერა და პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა, მას იარაღიც კი არ ჰქონია მანქანაში. ასევე 21 წლის ბიჭს გაუხსნა ცეცხლი პოლიციამ ქუთაისში; ახალგარზდა მოკლეს ნუცუბიძის ქუჩაზე, რომელსაც ასევე არ ჰქონდა იარაღი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ითვლება, რომ წინა ხელისუფლება იყო უზურპატორი და დღევანდელი ხელისუფლება ისეთი ბოროტი არ არის. ასე რომ, საინფორმაციო ომს აგებს ოპოზიცია. ბევრი ფიქრობს, „ნაციონალების“ დაბრუნების შემთხვევაში დაიწყება ციხეში გაუპატიურებები და ა. შ., ამ დროს ოპოზიციამ უნდა ისაუბროს იმ ცილისწამებებზე, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ აუგორა, თუნდაც ბარბარე რაფალიანცის, ჟვანიას მკვლელობა, რაც ტყუილი იყო.
_ ოპოზიციის სისუსტე, ამ ეტაპზე, მხოლოდ საინფორმაციო ომის წაგებაა?
_ მე მგონია, რომ ოპოზიციამ ჭორების გასაფანტად უნდა იმუშაოს. გავიხსენოთ 2016 წელი, რატომ დამარცხდა მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“? იმიტომ, რომ ბევრმა თქვა, ციხეში გაუპატიურებები დაიწყებოდა „ნაციონალების“ დაბრუნების შემთხვევაშიო. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. იმაზე უარესი ტყუილი რა შეიძლება იყოს, როცა დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას რუსეთთან ომის დაწყებას აბრალებს?! ასევე მინდა აღვნიშნო ხელისუფლების უპირატესობა _ მას ჰყავს 300 ათასამდე საჯარო მოხელე, ანუ მას აქვს ადმინისტრაციული რესურსი. დღეს როცა პრემიებს ურიგებენ საარჩევნოდ, ეუბნებიან, რომ თავიანთი ახლობლები გამოიყვანონ და მხარი დაუჭირონ. ასე მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების მობილიზება. ასევე ხელისუფლებას აქვს ივანიშვილის ფინანსები და ე. წ. ბიზნესმენთა შემოწირულობები. ეს ბიზნესმენები როგორ იგებენ ტენდერებს, ყველამ ვიცით. 2016 წელს მათ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ თანხები ჩარიცხეს, 2018 წელს კი სალომე ზურაბიშვილს გაუკეთეს ფულადი შემოწირულობები. ეს ფინანსები კიდევ ერთი ფაქტორია ხელისუფლების სასარგებლოდ. ოპოზიციონერები გაიძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და „ქართული ოცნება“ უნდა დასრულდეს 2020 წელს, ამ განცხადებების ნაცვლად კი ოპოზიციონერებმა საზოგადოებას უნდა მოუწოდონ, რომ საჭიროა ბრძოლა და მობილიზება. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მობილიზება გაუკეთა საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ სამარშრუტო ტაქსებით ჩაიყვანეს ხალხი საარჩევნო უბნებზე, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, რეგიონშია რეგისტრირებული და არჩევნებში ვერ აძლევდა ხმას, „ქართული ოცნება“ კი ამ ამომრჩეველს მაქსიმალურ მობილიზებას უკეთებდა. სპეციალურად ჩაჰყავდათ რეგიონებში, ეს არის ხელისუფლების ძლიერი, ხოლო ოპოზიციის სუსტი მხარე.

ნენე ინჯგია