რა ბედი ელის თურქეთში დასაქმებულ ქართველებს?

საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ჩვენს მოსახლეობას, ვინც მეზობელ თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ. რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. ისინი მთავრობისგან კომპენსაციას ვერ იღებენ.

ბოლო დღეებში მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს. აქციის მონაწილეები აჭარის თავმჯდომარეს დახმარებას სთხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ. აჭარის თავმჯდომარე მათ დაჰპირდა, რომ ამ საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებასთან განიხილავდა და დახმარების გზას გამონახავდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი ისმის. „ქრონიკა+“-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, რომ ესეც მორიგი უშედეგო დაპირებაა.

“ქრონიკა+“ რამდენიმე მათგანს გაესაუბრა:

მარინა ბერიძე, აქციის მონაწილე:
„საქართველოში არ მაქვს სამსახური, უმუშევარი ვარ და ძალიან მიჭირს. ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ თურქეთი იყო, ყოველდღიურად გადავდიოდი, სიგარეტი გადამქონდა და ამით ვაკეთებდი პურის ფულს, მაგრამ ახლა ესეც აღარ მაქვს. აქციებიც გავმართეთ, მთავრობას ვთხოვდით დახმარებას, კომპენსაციებს, მაგრამ ამასაც ვერ ვიღებთ, რადგან საბუთი არ გაგვაჩნია“.

რუსლან კოჩალიძე:
„მე სეზონურად დავდიოდი თურქეთში ჩაის საკრეფად, ეს იყო ჩემი შემოსავალი. სეზონზე დაგროვილ ფულს მთელ წელზე ვანაწილებდი და ასე გამქონდა თავი. ოჯახსაც ამით ვარჩენდი. ასეა ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა _ ყველა თურქეთში ვირჩენდით თავს ჩაის კრეფით, მაგრამ ახლა რა გვეშველება?! _ დამთავრდა პირველი შეკრება და ჩვენ ნაცვლად სხვები მუშაობენ ჩვენს ადგილზე თურქეთში“.

საქართველო-თურქეთის საზღვარი დღემდე ჩაკეტილია. არავინ იცის, როდის გაიხსნება იგი და როდის შეძლებენ ქართველები თურქეთში სამუშაოდ გადასვლას.
თურქ დამსაქმებლებს იმედი აქვთ, რომ საზღვარი მალე გაიხსნება და მეორე-მესამე შეკრებაზე ქართველები მოკრეფენ მათ ჩაის.

„ქრონიკა+“ თურქეთში, კერძოდ კი ქალაქ ოფში თურქ დამსაქმებელ ხასან ემიროღლის ესაუბრა:

_ ბატონო ხასან, ამ წელს ჩაის სეზონზე, ქართველების ნაცვლად, ვინ კრეფდა თქვენს ჩაის?
_ ამ სეზონზე ქართველები, სამწუხაროდ, უზბეკებმა, ქურთებმა და ავღანელებმა ჩაანაცვლეს, ამათმა მოგვიკრიფეს ჩაის პირველი „ზბორი“.
_ როგორ შეაფასებთ მათ მუშაობას, ქართველებზე უკეთესად კრეფენ ჩაის?
_ მე უკვე დავამთავრე ჩაის კრეფა, მაგრამ, ვაი, ასეთ დამთავრებას _ უხარისხოდ მოკრიფეს ჩაი! იძულებული ვიყავი, სხვებს მოეკრიფათ ჩემი ჩაი, რადგან საზღვარი ჩაკეტილია და ქართველები ვერ შემოდიან. ქართველები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია, ისინი საუკეთესოდ მუშაობენ და ჩვენთვისაც კარგია, ჩვენ მხოლოდ ქართველები გვინდა, სხვა _ არა.
_ როგორია თქვენი გადასახადი მუშახელზე?
_ ჩვენ ქართველებს კარგად ვუხდიდით. მათთან ეს პრობლემა არ იყო. ვთანხმდებოდით ან კილოზე, ან დღიურ ფულზე. ტონაზე ვიხდით 1000-1200 ლირამდე და დღიურზე 120-150 ლირას, მაგრამ ფასები ყოველ წელს იზრდება. უზბეკებს, ქურთებსა და ავღანელებს ცოტას ვუხდით, რადგან არ იციან მუშაობა და უხარისხოდ აკეთებენ ყველაფერს. ქართველებს არ გვანან მუშაობაში, ქართველები მუშა ხალხია და უყვართ ხარისხიანი მუშაობა, ანაზღაურებაც კარგი იყო მათთვის.
_ რა მოლოდინები გაქვთ მეორე-მესამე „ზბორისთვის“?
_ ძალიან ხშირად მქონდა კონტაქტი საკონსულოში და ვკითხულობდი, როდის გაიხსნებოდა საზღვარი, მაგრამ ზუსტ დროს ვერ მისახელებენ. მაიმედებენ, რომ სანამ მეორე „ზბორი“ დაიწყება, მანამდე გაიხსნება საზღვარიო და მეც ველოდები გახსნას. როგორც კი გაიხსნება საზღვარი და ჩემი ქართველები გადმოვლენ, ამათ გავუშვებ და ქართველებს ვამუშავებ.

ხვიჩა მამულაძე