რას გეგმავდნენ ქიბარ ხალვაშისთვის წართმეულ სახლში სააკაშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი?

kv

ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე ისეთი სკანდალური ამბები ირკვევა, სავსებით საკმარისია, რომ წინა ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსანი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილიც განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდეს. საუბარია 2005 წლის კოდორში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, როცა თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, ხეობაში ჯერ ბატალიონი „მონადირე“ დაშალეს, შემდეგ კი სპეცოპერაციაც განახორციელეს მისი წევრებისა და მეთაურის _ ემზარ კვიციანის ლიკვიდაციისთვის. არსებობენ მოწმეები, რომლებიც უშუალოდ ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ და ამბობენ, რომ მათ ბრძანება მიიღეს, მიწასთან გაესწორებინათ კოდორის ხეობის სოფლები. საბედნიეროდ, მათ ეს ბრძანება არ შეასრულეს, რის გამოც მერე ბევრი განსაცდელი გადაიტანეს. ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ციხეში გაუშვეს და არაადამიანურად აწამეს.

დღეს უკვე სააკაშვილისა და მისი საძმოს წარსულიდან აქამდე უცნობი ამბებიც ირკვევა, რის თაობაზეც მკითხველს ემზარ კვიციანის და _ ნორა კვიციანი ესაუბრება:

_ რატომღაც, პროკურატურას უნდა ისე აჩვენოს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხალხი არ იყო ხეობაში და სპეცოპერაცია ვითომ პოლიციამ ჩაატარა. არ გამოსდის მაინც არაფერი. იქ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ჯარი და ტექნიკა რომ შემოვიდა, ეს ბევრი ფაქტით მტკიცდება, ამიტომ არაფერი გამოსდით და პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები ერთმანეთის გამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ: რომ ხეობაში შესული იყო სენაკისა და კოჯრის ქვედანაყოფები, ამას თავისი ჭკუით უარყოფენ და ამბობენ, რომ იქ იყო მარტო პოლიციის სპეცნაწილები, ამ დროს კი სწორედ რომ ჯარი შევიდა.

_ მოდით, ქრონოლოგიურად დავალაგოთ: მაგ დროს ირაკლი ოქრუაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი. თუ მან გასცა ბრძანება, ეს თავისთავად ნიშნავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. ასე არ არის?

_ რა თქმა უნდა. ჟურნალისტი ნანა ლეჟავაც დაკითხეს სასამართლოზე, რომელიც ამბობს, რომ ჟურნალისტებიდან არავინ შეუშვეს ხეობაში, რადგან სახალხოდ არ დაეფიქსირებინათ, რაც იქ  ხდებოდა და საბოლოოდ მოხდა კიდეც, დაბომბვა იქნებოდა, თუ ათასგვარი პროვოკაცია, რომელიც მაგათ გააკეთეს.

რაც შეეხება ქრონოლოგიას: გადმოსხეს დესანტი მთელ ხეობაში და თვითმფრინავიდან დაიწყეს დაბომბვა. დაბომბვითვე შემოვიდნენ სოფელ ჩხალთაშიც. ამ დროს მე ვიყავი სახლში მარტო. ხმა რომ გავიგე და გამოვედი, თვითმფრინავი უკვე სახლის თავზე შემოფრინდა და ჩემს ეზოში ჭურვმაც იფეთქა. აფეთქების ტალღამ მიწაზე მიმაგდო. მეორე ჭურვი სოფლის ცენტრისკენ წავიდა, სადაც ჩემი ბიჭი და სხვა ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. მდგომარეობა სახიფათო იმითაც გახლდათ, რომ იქ საწყობები იყო განთავსებული, სადაც დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი და იარაღი ინახებოდა. ამ საწყობების აფეთქება უდიდეს მსხვერპლს და გამოუსწორებელ ზიანს მოიტანდა ხეობაში. სოფლები რომ იბომბებოდა, ტყეში გავიქეცით მოსახლეობა. ამის მერე ტყის დაბომბვაც დაიწყეს.

_ ანუ ხალხის დახოცვაზე გასცეს ბრძანება?

_ ბრძანება კი გაუციათ, მაგრამ მადლობა იმ მფრინავებს, რომ ასეთი არაადამიანური ბრძანება არ შეასრულეს. დღეს უკვე ჩვენებას ეს მფრინავებიც აძლევენ და მათი წყალობით ბევრი რამ ხდება ცნობილი. სულ ოთხი თუ ხუთი თვითმფრინავი შემოფრინდა ხეობაში. ახლა 24 რიცხვში დაიკითხება ერთ-ერთი მფრინავი, რომელმაც ადვოკატს უკვე მიაწოდა წერილობითი ჩვენება, თუ რა და როგორ მოხდა მაშინ. იგი ამბობს, რომ გვითხრეს, ხეობაში მარტო ტერორისტები და კრიმინალებიღა არიან დარჩენილები, ბავშვები და ქალები გავიყვანეთ, ამიტომ ნურაფრის გეშინიათ და დაბომბეთ სოფლებიო. მერე მფრინავებს დაუნახავთ ვიღაც ქალი ბავშვებთან ერთად და მივხვდით, რომ მოგვატყუესო, ამის მერე მდინარეში და ტყეში ვყრიდით ამ ბომბებს, ანუ იქ, სადაც ხალხი არ იქნებოდაო. სამაგიეროდ, დავალება რომ არ შეასრულეს, როცა ეს ბიჭი ჩავიდა თბილისში, დაიჭირეს, აწამეს და მერე აიძულეს, საქართველოდან წასულიყო.

_ ვინ არის ეს კაცი, ვერ მეტყვით?

_ იმედო მაისურაძე, ცნობილი გმირი-მფრინავის, ჯიმი მაისურაძის შვილი. ეს ქალი და ბავშვები რომ დავინახე, მაშინ მივხვდი, რომ მომატყუესო. არადა, ბრძანება ჰქონიათ მიღებული, რომ ხეობაში ქვა ქვაზე არ დაეტოვებინათ და იქაურობა გადაებუგათ. განსაკუთრებული სამიზნე იყო ჩემი და ემზარის სახლები. ამათგან ნასახლარის ამოცნობაც კი შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, ისე უნდა გაესწორებინათ მიწასთან.

_ ამას ჯიმის შვილი ამბობს ყველაფერს?

_ დიახ, მეორე მფრინავიც ამბობს, რომელიც წასულია საქართველოდან, სამი კი გარდაცვლილია. მოკლედ, ეს ადამიანი დაუჯერებელ ფაქტებს ყვება, თუ როგორ გეგმავდა მაშინდელი ხელისუფლება ხეობის მოსახლეობის სრულ გენოციდს. მე მათ მადლობა ვუთხარი და ისინი მართლაც გმირები არიან, ეს ბრძანება რომ არ შეასრულეს, სამაგიეროდ ამით საკუთარი თავი გაწირეს, თავის კარიერას და პროფესიულ მომავალს დაუსვეს წერტილი, თუმცა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. რას ჰქვია, ბრძანება არ შეასრულეთო და სასტიკად აწამეს, დღემდე ცუდად არის გმირი კაცის შვილი, ლაპარაკზეც ეტყობა.

_ ღმერთმა გაუმარჯოს. ჯიმი მაისურაძის შვილს სხვანაირად მოქცევის უფლება არც ჰქონდა.

_ დიახ, ძალიან ბევრი აწამეს ამ გმირული ნაბიჯის გამო. საკუთარი თავი გაწირეს, ის ბრძანება რომ არ შეასრულეს. საქართველოდან გააქციეს პატიმრობის მერე, არადა, მთელი ხეობისა და განსაკუთრებით სოფელ ჩხალთის მოსახლეობა დღეს ცოცხალი რომ არის, ეს ამათი თავგანწირვის შედეგია. იგი დღეს ამბობს, _ ბედნიერი ვარ, ასე რომ მოვიქეცი და ალბათ ამ საქმეში მამაჩემის სული დამეხმარაო… მაგრამ მეორე მხრიდან ხომ წარმოგიდგენიათ, რას აპირებდნენ, ვინც ეს ამაზრზენი ბრძანება გასცა?! ქალიან-პატარიანად უპირებდნენ ამოჟლეტას მთელ ხეობას. მეტი რა არის გენოციდი? მე არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდათ ეს, მაგრამ გულის ამრევი ის არის, რომ თავს იმართლებენ და არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს. ამ დროს კიდევ გამოდის ირაკლი ოქრუაშვილი და ინტერვიუებს იძლევა, _ დიახ, მე გავეცი ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება, იმიტომ რომ დაზარალებულები და დაჭრილები გვყავდაო.

რაც შეეხება დაზარალებულებს: პირველ სასამართლოზე მოიყვანეს ექვსი ვითომ დაზარალებული და ემზარმა დაუმტკიცა მათ, თუ რის გამო იყვნენ დაჭრილები და ამაში ჩვენი მხრიდან არანაირი წვლილი არ იყო.

_ აბა, ვინ დაჭრა ისინი?

_ ფაქტობრივად, დაჭრილებიც არ იყვნენ, ერთმანეთში მოუვიდათ გაურკვევლობა, როგორც სჩვევიათ. ერთს ფეხი ჰქონდა ნაღრძობი, მეორე მხარში იყო დაჭრილი ისევ თავისიანის ტყვიით. მოკლედ, ამ ყველაფერს მოსამართლე მშვენივრად ხვდება. მაგალითად, რომ ეკითხება, _  დაზარალებული რით ხართო? პასუხია, _ ხეობაში შესვლისას ფეხი ვიღრძეო… ანუ იქ ორმხრივი სროლების შესახებ საუბარიც კი არ არის.

_ „მონადირემ“ საპასუხო ცეცხლი გახსნა?

_ საპასუხო ცეცხლი რომ გახსნილიყო, იქ ერთ ბატალიონს უმკლავდება ორი კაცი და ხომ ამოხოცავდნენ სუყველას? ემზარმა ამიტომ იკითხა სასამართლოზე: ამბოხების მუხლი რატომ მაქვსო?! მე ფიცი მქონდა დადებული, რომ ჩემი სამშობლოსთვის მემსახურა, რის გამოც თავსაც კი ვწირავდი და ჩემს ბიჭებსაცო. წინააღმდეგობა იმიტომ გავუწიე და აღარ დავმორჩილდი ბოლოს, რომ ვიცოდი, ესენი კოდორის ხეობის მტრისთვის გადაცემას გეგმავდნენო. არადა, სხვა მხრიდანაც იყო პროვოკაცია ხეობაში _ ჯარის შემოსვლა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის გაჟლეტას ცდილობდნენ. 1995 წელს  დაიდო ხელშეკრულება, რომ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს ხეობაში ჯარი არ უნდა შეეყვანა, ეს ხელშეკრულება კი ქართული მხარის წყალობით დაირღვა. შესაბამისად, რუსეთს სრული იურიდიული უფლება ჰქონდა, რომ საპასუხო ნაბიჯი გადაედგა და თვითონაც სამხედრო ძალა დაეპირისპირებინა ოქრუაშვილის ჯარისთვის. ამით ხომ მოსახლეობის მსხვერპლი გაიზრდებოდა. ერთადერთი ბატალიონი, რომელსაც არსებობის ლეგიტიმური საფუძვლები ჰქონდა, იყო „მონადირე“. ეს რომ გაუქმდა, იმ დღეს ჩააბარა ოქრუაშვილმა კოდორის ხეობა! იმ დღეს ჩაიდინეს ღალატი და ეს მოხდა 2005 წლის მაისში! იქიდან იდგა რუსი და აფხაზი და ამ დროს აქედან ჩვენ ვიდექით, გზა აფეთქებული იყო და შემოსვლის საშუალებას არ ვაძლევდით, თან შემოზიდულია და დარიგებულია იარაღი, რომლითაც სავსეა საწყობები. ეს იყო ბარამიძის მიერ შემოგზავნილი, დარიგებული და ტაბელურად გაფორმებული იარაღი. ამ დროს თავისუფლდება ბარამიძე და ინიშნება ოქრუაშვილი, რომელიც ჯერ გვლანძღავს და შეურაცხყოფას გვაყენებს, მერე კი აუქმებს ბატალიონს. აუქმებს სიტყვიერი განცხადების საფუძველზე ტელეეკრანებიდან, რასაც მყისიერად იგებს მოწინააღმდეგე, რომელიც კონცეტრირებული ძალებით არის განლაგებული 15 კილომეტრში.

სასამართლოზე ყველაფერი ითქვა, რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა: ემზარი ამბობს, _ უხუცესები გავუშვით წინ, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინათ თავდაცვის ძალებთან, რათა სისხლი არ დაღვრილიყოო. ვდგავართ მინდორში, ტელეფონები ხომ გათიშული იყო და უცებ ჩაირთო, ფიფიასთან რეკავს ვიღაც და ეუბნება, რომ წინა ორ მანქანაში ჩეჩნები სხედანო, პროვოკაციას გეგმავენო. უნდოდათ, რომ ემზარს ჩეჩნები ჩაეხოცა, რათა მერე საერთოდ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩენილიყო.

_ ფიფია ვინ არის?

_ გოჩა ფიფია, პარლამენტარი იყო შესული მაშინ ხეობაში. ისიც დაკითხულია. ემზარი ამბობს, _ მე ჩეჩნებს მაინც არ ვესროდიო. მანამდე, შევარდნაძის დროს, ჩეჩნები რომ შეიყვანეს კოდორში, ემზარმა გამოიყვანა იქიდან ცოცხლები გილაევი და მისი ხალხი. იმ პირველ და მეორე მანქანაში ვინც ისხდა, ის ხალხი იყო, ვინც მერე ლაფანყურში ჩახოცეს. მათ შორის იყვნენ წიკლაური და ჩოხელი. მაშინ ემზარის ხელით უნდოდათ მათი მოშორება. მოკლედ, ისეთი საინტერესო ამბები ირკვევა სასამართლოზე, გაგიჟდებით! ემზარის სიმართლეზე მეტყველებს ყველაფერი.

_ პროკურატურა ამჟამად რა ბრალს უყენებს ემზარ კვიციანს?

_ პროკურორი ძალიან დაძაბული უსმენს პროცესს. ადვოკატი ეკითხება ვითომ „დაზარალებულებს“, _ ჩვენების მისაცემად მზად ხართო? _ არაო, _ არის პასუხი, _ აბა, რა პრეტენზია გაქვთო? _ ისევ რომ ეკითხება, ამაზე პასუხობენ, რომ არავთარი პრეტენზია არ აქვთ. გაგიჟდა პროკურორი, ეს რომ მოისმინა. პროკურორს იმედი ჰქონდა, ისინი რაღაცას იტყოდნენ და ამ დროს თავისი მოწმეებიც კი ადასტურებენ იმ ჩეჩნების, თუ ჩოხელისა და წიკლაურის მანქანაში ყოფნას და დეპუტატთან შემდგარ სატელეფონო ზარს. ემზარმა ამ მოწმეებს უთხრა, _ ცოცხლები რომ ხართ, მე უნდა მიმადლოდეთ, რადგან მაშინ რომ მესროლა, იქ ცოცხალი აღარავინ დარჩებოდაო. არც ერთი ტყვია, რომელიც იქ გავარდა, ჩვენი მხრიდან არ გავარდნილა და თქვენ ესროდით ერთმანეთსო.

მართლაც ასე იყო, პირველი სროლა განახორციელა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავამ. ჰაერში ისროლა და გააჩერა მომავალი კოლონა. იარაღის სროლით გააჩერა, როცა ემზარი ეკითხება, _ კი მაგრამ, რაციები ხომ გქონდათ, ჰაერში გასროლა რაღაში დაგჭირდათო?  _ გვქონდა, მაგრამ არ მუშაობდაო და იმ ჰაერში ნასროლის მერე არის ატეხილი სროლები, ანუ ეს იყო გვაზავას მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ამას უხუცესებიც ამბობენ, რომ გვაზავამ ისროლა და შეაჩერა კოლონა, რომ უშუალოდ ოქრუაშვილი გასცემდა იქ ბრძანებებს.

სხვათა შორის, კიდევ ერთი მოწმე სუხიტაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის წართმეულ სახლში დაიგეგმა კოდორის სპეცოპერაცია. იქ იყვნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ძალოვნებიდან.

_ ახლა რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი?

_ თითქმის ყველა მოწმე დაკითხულია, მარტო ოქრუაშვილია დარჩენილი. უნდა მოსულიყო, მაგრამ არ გამოცხადდა, ახლა თვის ბოლოსკენ არის ჩანიშნული სხდომა და მე არ ვიცი, თუ კიდევ არ მოვიდა, მერე რა იქნება?! სუხიტაშვილმა კიდევ იცით, რა თქვა? _ მომცეს ბრძანება, რომ შევსულიყავი კოდორის ხეობაში და იარაღი ჩამებარებინაო. ემზარიც უნდა დამხმარებოდა, მაგრამ მაგ დროს ემზარი თბილისში იყო და თვითონ მიდიოდნენ კოდორშიო. მერე შეიცვალეს გეგმა. მოვიდა გიორგი უდესიანი და მითხრა, რომ მე უნდა შევფრინდე კოდორშიო. ეს უკვე რამდენად სწორია, აღარ ვიცი, იმიტომ რომ თვითონ ძალიან ბევრ რამეს იტყუებიან, უნდათ, რომ მაინცდამაინც სვანებს დააბრალონ ყველაფერი. იმ უდესიანს და მარგიანს აბრალებენ ახლა ბევრ რამეს სუხიტაშვილი და სხვა მოწმეები.

ცრუმოწმეებიც ბევრია სასამართლოზე, რომლებსაც ემზარი ეუბნება კიდეც, რომ სპეციალურად აძლევენ ცრუ ჩვენებებს და სინამდვილეში არაფრის აზრზე არიან. ოქრუაშვილიც იმიტომ არ ცხადდება, რომ თვალის გასწორება ერიდება ემზარისთვის. ოქრუაშვილთან არის ღალატი და სიბოროტე და არ იცის, რით იმართლოს თავი. ეს ყველაფერი კი იმის იმედს გვაძლევს ყველას, რომ ბოლოს სიმართლე მაინც იზეიმებს. მოსამართლესაც ეტყობა, რომ ობიექტური და მიუკერძოებელია. ეს აშკარაა, იმიტომ რომ ემზარს ალაპარაკებს და აინტერესებს ყველაფერი.

_ იცით, რა მაინტერესებს? პროკურატურაში ხომ არ არის ისეთი ხალხი, ვისაც ემზარის გამართლება არ აწყობს?

_ პროკურატურაში, მაგალითად, თენგიზ ხარებავაა, ვინც ადრე, ანუ „ნაციონალების“ დროს, მუშაობდა ემზარის საქმეზე და დღესაც ის აგრძელებს იგივეს. მე არ ვიცი, რა დავარქვა ამას. სულ თერთმეტი მუხლი ჰქონდა ემზარს, აქედან ცხრა არის მოხსნილი, დარჩენილია ამბოხი და უკანონო სამხედრო ფორმირების შექმნა. ამბოხი  სისულელეა და ამიტომ ვერ უმტკიცებენ ვერაფერს. არ ყოფილა და რა უნდა დაუმტკიცონ? მთელმა საქართველომ იცის, რომ ემზარი მაშინ გაერიდა ყველაფერს და ქვეყნიდან გადაიხვეწა. უკანონო სამხედრო ფორმირებაც ხომ ასეთივე აბსურდია? თვითონ შემოზიდეს და დაარიგეს იარაღი და ერთად აწარმოებდნენ ხოლმე ანტიტერორისტულ ოპერაციებს ხეობაში გადმოსული მტრის დესანტის წინააღმდეგ. იცით, კიდევ რა აბსურდულ ბრალდებას აყენებენ? როცა ჯარი შემოდიოდა ხეობაში, ემზარმა უთხრა ბიჭებს, _ ეს ამბავი არ გამოიყენონ აფხაზებმა და რუსებმა და არ შემოგვიტიონ, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გავამაგროთ პოზიციებიო. ეს პოზიციების გამაგრების საკითხი გამოიყენეს ამათ, რომ ვითომ აფხაზებისა და რუსებისთვის კი არა, მათთვის წინააღმდეგობის გაწევაზე იყო საუბარი. ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ ვინც დღეს ემზარ კვიციანის დანაშაულის დამტკიცებას ცდილობს, ყველანი არიან კოდორის ჩაბარების მონაწილეები. ეს არის რეალობა. ემზარი ეწინააღმდეგებოდა მათ. იმედი მაქვს, რომ სიმართლე არ დაიკარგება. ფაქტი სახეზეა _ კოდორი ჩაბარებულია, რისი წინააღმდეგიც იყო ემზარი. ერთი თვე ეზიდებოდნენ ტყვია-წამალს, ამაზე მეტი ღალატი არის რამე?! დღეს კი საერთოდ იმის დამტკიცება უნდათ, რომ ვითომ ეს ყველაფერი არ მომხდარა და ჯარი საერთოდ არ მონაწილეობდა.

_ ოქრუაშვილი რახან ამბობს, მე მოღალატეებს ვებრძოდიო, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჯარი მონაწილეობდა?

_ დიახ, აბა, რა?! ნიკოლეიშვილი ამბობს, _ მე საწვავი მებარა და იმიტომ გავყევიო, სუხიტაშვილმა, _ მანქანები მებარაო, თუმცა ეს უნაყოფო თავის მართლებაა. ბევრი მოწმე ამბობს, რომ იქ საჯარისო ნაწილები იყო შესული. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ხომ ამბობს მე გავეცი ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანებაო და ეს რას ნიშნავს, ახლა? _ მინისტრი  გასცემს  ბრძანებას თავის დაქვემდებარებულ სამსახურებზე. შესაბამისად, ვინ ჰკითხავს პოლიციას ასეთი მასშტაბის სპეცოპერაციის წარმოებას? ერთი სიტყვით, თვითონაც არ იციან, როგორ გამოძვრნენ თავისივე ხელით დახლართული სიტუაციიდან. იმედია, მოსამართლეც ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ის პროკურორები, რომლებიც ისევ წინა ხელისუფლების მიერ დაკრულ დუდუკზე ცეკვავენ, ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელს ვერ შეუშლიან.

 

                                                                                   დავით დევიძე