ლადო კახაძე: „კორონა „ოცნების“ მოკავშირე კი არა, მტერია!“

შემოდგომაზე ერთი წელი გახდება, რაც დეპუტატია. თავიდან ისეთი პირი უჩანდა, რომ შესაძლოა, მთაწმინდის უკანასკნელი მაჟორიტარი ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 120/30-ზე სისტემა დადგა დღის წესრიგში, იმის ალბათობა, რომ მაჟორიტარობა კიდევ დააპიროს, ისევ არსებობს… თანაც იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი მის კანდიდატურას კვლავ მთაწმინდაზე დაასახელებს, მაშინ ისტორია განმეორდება, ანუ ლადო კახაძესთან შერკინება შალვა შავგულიძეს მეორედ მოუწევს. თუმცა როგორც „ქრონიკა+“-სთან ამბობს, ლადო კახაძეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, პოლიტიკაში დარჩება თუ პენსიაზე გავა.
მოკლედ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს, ლადო კახაძე ჩვენს გამოცემას პოსტპანდემიურ ვითარებაზე, უფრო სწორად, იმაზე ესაუბრა, იქცა თუ არა კორონა „ოცნების“ მთავარ მოკავშირედ:

_ ბატონო ლადო, როგორ ხართ?
_ არა მიშავს.
_ როგორ მოიპანდემიეთ?
_ ძალიან მკაცრად და ყველა წესის დაცვით _ ხომ იცით, 65 წელს ზემოთ ცოტა საშიშია და ბავშვებთანაც არ მივდიოდი, თუმცა თუ საჭირო იყო, უმრავლესობისა თუ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ვესწრებოდი.
_ თქვენი აზრით, კორონაპანდემიამ რა გვასწავლა?
_ კორონაპანდემიამ ის გვასწავლა, რომ ადამიანის გარშემო ბევრი საფრთხეა, რომელთანაც კარგად გამკლავება მაშინ შეიძლება, როცა ამაში ადამიანის განათლება ჩაერთვება, ანუ გართულებების შინაარსს რომ ჩასწვდება და პროფესიონალების რეკომენდაციებს შეასრულებს. საერთოდ, ბიოსფეროში ვირუსები მუდმივად არსებობენ და არასწორი მოპყრობის გამო ეკოსისტემაც საფრთხეს მუდმივად ქმნის. ნებისმიერი დაავადება კი ადამიანში სუსტ ადგილს ეძებს. ამ კუთხით ყველა, რასაკვირველია, პროფესიულ განათლებას ვერ მიიღებს, მაგრამ საამისოდ სამედიცინო პერსონალი, სისტემა და სახელმწიფო არსებობს. ასევე ჰორიზონტალური, ვერტიკალური და მრავალდონიანი კოორდინაციაც არსებობს. ამ პანდემიამ სწორედ ეს დაამტკიცა, რომ თუ ყველანი ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით, ისეთ ურთულეს გამოწვევას, როგორიც პანდემიაა, გავუმკლავდებით.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმ დროს, როცა საზოგადოება ისედაც დაზაფრულია, ექიმმა ცეცხლზე ნავთი უნდა დაასხას და ხალხს უთხრას, ჭკუით თუ არ იქნებით, კუბოებს ვეღარ დავითვლითო?
_ ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“ ხომ გახსოვთ?
_ ქეთი დოლიძის „ჩემი კუკარაჩაც“ მახსოვს და ნანახიც მაქვს.
_ ჰოდა, ხომ გახსოვთ, იქ როგორაა.
_ როგორ?
_ კუკარაჩა ეუბნება: ქალბატონო ანიკო, ეს დიდი საბჭოთა ენციკლოპედიაა, რომელშიც წერია, ერთი გრამი ნიკოტინი ცხენს კლავსო. ანიკო დაინტერესდება, _ ამით რაზე მიმანიშნებო? გენიოსი ნოდარ დუმბაძე კუკარაჩას აპასუხებინებს, _ ქალბატონო ანიკო, აქ პანაშვიდისა და ქელეხის ხარჯებზე არაფერი წერიაო.
_ დიახ, ეს მართლაც გენიალური პასაჟია, მაგრამ კუკარაჩა, პაატა იმნაძის მსგავსად, ექიმი არ იყო და ვითარების დრამატიზების უფლებაც, ალბათ, ჰქონდა.
_ მესმის, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ეს მეტაფორული ფორმაა, თან აი, მაგალითდ, თქვენისთანა კაცს სიტყვის სჯერა.
_ სიტყვის კი მჯერა, მაგრამ ადამიანს, რომელიც ჯერ „კუბოების ვეღარ დათვლით“ გვემუქრება და მერე ამბობს, გავაზვიადეო, არ ვენდობი!
_ ესპანეთისა და იტალიის მაგალითები გვქონდა, ექიმები არჩევანის წინაშე რომ იდგნენ, ვინ გადაერჩინათ და ვინ _ არა. კადრებიც გავრცელდა, ამ დიდი უბედურების გაუმკლავებლობის შემთხვევაში, ადამიანებმა რა ზიანი მიიღეს. პაატა იმნაძემაც წინა პლანზე, ალბათ, ეს ფაქტორი წამოწია.
საერთოდ, რამდენიმე მომენტი არსებობს: პირადი მაგალითი, შეგონება, თხოვნა, მუდარა, განათლების ელემენტები და თუ მაინც არ დაგიჯერებენ, უნდა გაამძაფრო, თან ხომ იცით, ქართველების ნათქვამია, თუ არ მიჯერებ, კინჩხიც გიტეხიაო. ისიც მახსოვს, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი იყო, რომლის დარღვევაზეც საჯარიმო სანქციები არსებობდა, მაგრამ ადამიანები ჯინაზე მაინც ქუჩაში დადიოდნენ.
_ სიტყვამ მოიტანა და ბევრი ფიქრობს, რომ ამ კომენდანტის საათს ვირუსთან ბრძოლის კი არა, უფრო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ელფერი ჰქონდა. აი, კუბოებით მუქარა კი აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა. ბატონო ლადო, თქვენ, როგორც მორწმუნე ადამიანი, რას იტყვით, _ კორონას შიში ადამიანებში რწმენას ჩაკლავდა და ისინი ეკლესიაში აღარ წავიდოდნენ?
_ სხვათა შორის, ეკლესია მხოლოდ საქართველოში არ დახურულა და ამას არც არავინ გაბედავდა! ყველაზე სამკურანლო სიტყვებით კი მრევლს პატრიარქმა მიმართა, _ ვინც ასაკიანი ხართ ან შინ მოხუცი გყავთ, ეკლესიაში თქვენი არმოსვლა უარყოფითად არ შეფასდება და ამის გამო არ განიკითხებითო. ამ შემთხვევაში ერსა და ბერს შორის ერთნაირი დამოკიდებულება არსებობდა, რადგან ამ სივერაგის განვრცობა ყველამ გაისიგრძეგანა. ეს ოხერი ვირუსი კონტაქტურია _ მას ადამიანია ატარებს და შეიძლება, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვას გადასდოს. პატრიარქი სულით ექიმი, მკურნალია. ამიტომ, ყველაფერი სწორად დაინახა და გადავრჩით. მრევლმაც დაუჯერა _ ხომ ნახეთ, ეკლესიაში ხალხი როგორი დისტანციის დაცვითა და პირბადებიით იდგა. თქვენ რომ იცოდეთ, სწორედ ამ ეთნოკულტურამ გადაგვარჩინა, ანუ აქ გამძაფრებაც იყო, არგუმენტაციაც, სარწმუნოების ნაწილი, საერთაშორისო გამოცდილება, ვერტიკალი, დიდი მობილიზაციაც და, სხვათა შორის, ჟურნალისტებმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ. ზოგმა თემა აწიეთ, ზოგმა _ არა, მაგრამ ყურადღების გამახვილებაში ყველაფერ ამას მაინც ძალიან დიდი როლი ჰქონდა.
_ ჩვენში დარჩეს და, ზოგი იმასაც ამბობს, კორონაპანდემია მსოფლიო მედიაპროექტი იყოო.
_ ანუ იმას მიანიშნებთ, რომ მედიას ასეთი პროვოკაციის მოწყობა შეუძლია?
_ მედიას ბევრი რამ შეუძლია, თუმცა პროვოკაციებში პოლიტიკოსებს ბადალი არ ჰყავთ!
_ ე. ი., თქვენ, როგორც ჟურნალისტი და მე, როგორც პოლიტიკოსი, თან ექიმი, რაღაც შეთქმულების თეორიის მონაწილეები გამოვდივართ!
_ ბატონო ლადო, აქ ჩემსა და თქვენზე კი არა, მსოფლიოზეა ლაპარაკი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე ჯანმოს მიმართ კითხვები უკვე არსებობს და არაერთი ქვეყანა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
_ გამოძიება ჟურნალისტების მიმართაცაა დაწყებული და _ ექიმებისაც.
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბევრი კითხვის ნიშანია. აკი, ტრამპიც ამბობს, რომ ჯანმოს აღარ დააფინანსებს და, გარკვეულწილად, ჩინეთიც ეჭვმიტანილია, რომ კორონაზე ინფორმაცია, მინიმუმ, დროულად არ გაავრცელა.
_ თუ ასეთი თემები არ იქნება, ვერც ჟურნალისტები იარსებებენ და ვერც _ პოლიტიკოსები. მოგვწონს თუ არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი პანიკით ვიღაც საზრდოობს და ვერ განვიკითხავთ. ხომ იცით, ზუსტად ასეა მასონების თემაც.
_ რაკიღა მასონები ახსენეთ, ბარემ, მითხარით, 5G ინტერნეტისა და „დაჩიპვის“ თქვენც ხომ არ გეშინიათ?
_ რატომ უნდა მეშინოდეს?
საქართველოში ულტრაბგერითი გამოკვლევა რომ დავიწყე, ამბობდნენ, ულტრაბგერა ჩანასახზე მოქმედებსო, მაგრამ ყველაფერი ეს 40 წლის წინათ იყო, ჩემს ხელში სამი-ოთხი თაობა დაიბადა და ყველა ჯანმრთელი და საღსალამათია!
იცით, რა არის? _ ტექნოლოგიებში ასეთი რაღაცები ხდება, აი, მაგალითად, „ბოინგი“ „კონკორდს“ ებრძოდა, რადგან კონკურენტები იყვნენ. მოკლედ, ეს ბრძოლაა, მაგრამ გონიერება მაინც გაიმარჯვებს და სწორი ინფორმაცია თავის გზას იპოვის!
_ ცხადია, მაგრამ იზიარებთ მოსაზრებას, რომ არჩევნების წინ კორონა „ოცნების“ მთავარ მოკავშირედ იქცა?
_ კორონამ დიდი ენერგია წაგვართვა, არადა, ეს წელი კარგად დაიწყო _ იანვარსა და თებერვლის შუა რიცხვებში ისეთი ეკონომიკური აღმავლობა გქვონდა, რომელსაც არც კი ველოდი. ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი ცხრა-ნახევარ მილიონზე ავიდა და კიდევ დიდი პერსპექტივა იყო. ამიტომ კორონა ჩვენი მოკავშირე კი არა, მტერია, რომელმაც ბევრ სასიკეთო საქმეში ხელი შეგვიშალა! ამის მიუხედავად, ჩვენი გუნდი ამ გაჭირვებას არ შეეპუა, მობილიზდა, მთლიანად საქმეზე გადაერთო და ამ გამოწვევას ძალიან კარგად უპასუხა!

ხშირად ვამბობ ხოლმე, ცუდი და კარგი ერთი ბარგია, რადგან ზოგისთვის ცუდი კარგია-მეთქი.
_ ეს რა შუაშია?
_ რადგან პოლიტიკურ ველზე ვარ შემოსული, ოპონენტებისგან ყველაფერს ველი, თუმცა არ ვაკადრებ, ცუდი კაცია-მეთქი, ჯობია, სხვამ შეაფასოს, ოპონენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი მორალურად სწორი იქნება თუ არა. ნათქვამია, ბურთი და მოედანიო, ანუ ბურთი ერთია, ბალახი კი ორივე მხარის მოთამაშისთვის თანაბარ სიმაღლეზეა.
_ დღეს ბურთი ხელისუფლების მხარესაა თუ ოპოზიციის?
_ ბურთს კარგად ხმარობს და მისით კარგად მოქმედებს ქართველი ერი თავის მიერ არჩეულ ხელისუფალთან ერთად!
_ ძალიან დიპლომატიურად მიპასუხეთ, ბატონო ლადო!
_ საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ზოგს აღიზიანებს, ეს წარმატებები ასე მიჯრით რომ მიდის, მაგრამ ამას სხვები აღიარებენ!
_ აშშ-ის კონგრესიდან მოსული წერილებით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, საქართველოს ხელისუფლება წარმატებულია, თან ამ წარმატებას რომ ვინმე აღიარებდეს, თუმცა ამ თემაზე არ ჩაგეძიებით და მითხარით, არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი და მაჟორიტარობას ისევ აპირებთ?
_ კი, 31 ოქტომბრამდე ოთხი თვეა დარჩენილი.
_ ისე, კობახიძის მსგავსად თქვენც ხომ არ გგონიათ, რომ არჩევნები დეკემბერში ან, სულაც, მომავალი წლის იანვარში ჩატარდება?
_ არა. არჩევნების ვადები კონსტიტუციითაა განსაზღვრული და ყველა საზოგადოება ამ ვადებში უნდა ჩაჯდეს, ანუ ის, რაც კონსტიტუციაში წერია, ჩემთვის კანონია.
_ კონსტიტუციას კანონად, როგორც ჩანს, კობახიძე არ მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ თუ ეპიდვითარება გართულდება, არჩევნები გადაიდოს.
_ კობახიძე კარგად მოაზროვნე პოლიტიკოსია და ნახა, რომ აგერ, მაისში პოლონეთში არჩევნები გადაიდო!
_ უი, უი, კობახიძის კარგი პოლიტიკოსობა არ გაიშვა!
_ მის განათლებაში ეჭვს ვერ შეიტანთ _ თავისი პოზიცია ყოველთვის არგუმენტებით აქვთ ჩამოყალიბებული.
_ მაპატიეთ, მაგრამ განათლებულობა და კარგი პოლიტიკოსობა სხვადასხვა რამეა.
_ გააჩნია, ვინ როგორ აფასებს. მართალია, კობახიძის ტონალობა და სიმკაცრე ბევრს არ მოსწონს, მაგრამ იგი არ იგინება, უშვერ სიტყვებს არ ამბობს და ცუდს არავის ჰკადრებს.
_ კობახიძემ ოპოზიციას სულ „გოიმი“ ეძახა და ამაზე მეტი რაღა უნდა ექნა?
_ პოლიტიკურ ველში ისეთი ბილწსიტყვაობაა ატეხილი, „გოიმი“ რა მოსატანია? ისე, ჟურნალისტებს გაქებთ, რომ ადამიანის სუსტ მხარეებს ძალიან კარგად ავლენთ.
_ სხვათა შორის, თუ ბილწისტყვაობაზე მიდგება საქმე, აქაც „ოცნება“ ლიდერობს _ ახლა კი თქვენი გუნდის წევრი აღარაა, მაგრამ მაშინ, როცა პრემიერი იყო, კვირიკაშვილი პარლამენტში პირდაპირ „კეთილებს“ იგინებოდა.
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით…
_ ის მაინც მითხარით, რაც წეღან გკითხეთ: მაჟორიტარობას ისევ აპირებთ, ბატონო ლადო?
_ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, თუმცა ნათქვამი მაქვს, თუ საჭირო ვიქნები, პოლიტიკური გუნდი გადაწყვეტს და მერე სიტყვა მოსახლეობაზეა.
_ მაჟორიტარობას ისევ აპირებთ თუ არა, ეს პოლიტიკურმა გუნდმა კი არა, მგონი, ჯერ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ!
_ მე სიტყვა ნათქვამი მაქვს.
_ რა სიტყვა?
_ სადაც საჭირო ვიქნები, იქ ვიდგები, როგორც ერთი ჯარისკაცი-მეთქი და რა უფლება მაქვს, ეს სიტყვები უკან წავიღო!
_ თუ მაჟორიტარობას ისევ მთაწმინდაზე დააპირებთ, თქვენი კონკურენტი უწინდებურად შალვა შავგულიძე იქნება.
_ მერე?
_ არაფერი, უბრალოდ, ისტორია, რაღაცნაირად, განმეორდება და უკან დაბრუნდება.
_ ისტორიის უკან დაბრუნება რას ნიშნავს? კალენდარი იცვლება, თორემ ისტორია სად იცვლება?
_ ბატონო ლადო, თქვენ და შავგულიძე ერთსა და იმავე მოედანზე ერთმანეთს მეორეჯერ შეხვდებით.
_ თუ განგებამ ინება, არ ვიცი…
_ და სანამ გაირკვევა, მთაწმინდის მაჟორიტარად კენჭს კვლავ იყრით თუ არა, ბოლო დროის ყველაზე ცხელ თემას შევეხები: სხვა საკითხია, ვინმეს გიორგი გაბუნია, როგორც ჟურნალისტი, მოსწონს თუ არა, მაგრამ რა ემოცია ჰქონდა ლადო კახაძეს, როცა გაიგო, რომ მის თანამემამულეს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მოკვლას უპირებდა?
_ უფლის მიერ ადამიანისთვის ნაჩუქარი სიცოცხლის ხელყოფა მიუღებელია და გამორიცხულია, რომ ამ საკითხზე გონიერ ადამიანს დადებითი რეაქცია ჰქონდეს! ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება _ ქვეყნის შიგნით იქნება თუ გარეთ. ვინ მისცა ვინმეს უფლება, რომ სხვისი სიცოცხლე ხელყოს?! ეს დასჯადია!
საერთოდ, უფლების აღსაკვეთად ორი კატეგორიის ადამიანები მყავს გამეტებული: ვინც სხვის სიცოცხლეს ხელყოფს და მეორე _ ვისმა დანაშაულმაც მსხვერპლი გამოიწვია. ყველა სხვა ადამიანს ცოდვის გამართლების საშუალება აქვს. ღვთის შვილის სიცოცხლის ხელყოფის ცოდვას კი ვადა არ გააჩნია!
არ ვეხები, გაბუნია როგორი ჟურნალისტია, ეს მისი უფლებაა, თან საკუთარი გზა თავად აირჩია. საერთოდ, ჟურნალისტი სარკეა, მაგრამ სარკე შეიძლება, გამრუდებული იყოს, ანუ თუ სარკეს გააცხელებ, ამოიბურცება და მაღალიც რომ იყო, დაბალს გამოგაჩენს.
მოკლედ, ვარგისიანობა პროფესიონალიზმის თემაა, მით უმეტეს, ნებისმიერ რეჟიმში ოპონირების მომხრე ვარ _ ადამიანის მთელი ცხოვრება იმ გამოწვევებთან, რასაც ეკოსისტემა სთავაზობს, საკუთარი თავის უპირატესობის მტკიცებაა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, სანამ იფიციალური დასკვნა არ იქნება, არ შეიძლება, ადამიანს მიახალო, შენი მოკვლა უნდათო.
_ თუ საფრთხე რეალურია, ამის თქმა რატომ არ შეიძლება?
_ ამას რომ მიახლი, ადამიანი შეიძლება, მოკვდეს, ანუ მასზე მორალურად იმოქმედებ.
_ სხვათა შორის, სუს-მა დაადასტურა, რომ ბოკოვი შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.
_ თქვენ ჟურნალისტი ხართ და ამაზე პასუხს არავინ მოგკითხავთ.
_ უკაცრავად, პასუხი რაზე უნდა მომკითხონ?
_ ვეცადოთ, ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ!
_ დამისაბუთეთ, რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ?
_ ვერდიქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიტანოთ, ყველაფერი არგუმენტირებულად უნდა მოვიკვლიოთ და სასამართლომ მსჯავრი წარადგინოს.
_ რაღა დაგიმალოთ და ვერ ვიგებ, საუბარი საითკენ მიგყავთ, ბატონო ლადო?
_ ამ თემას სად მივყავართ, ეს უკვე პოლიტიკური ნაწილია და სანამ რამე არაა დადგენილი, არ მინდა, რაღაც ფილოსოფოსობად ჩამეთვალოს. აი, ხომ არიან ექსპერტები, ყველა ვერსიაზე რომ ლაპარაკობენ. მე კი ასეთ ადამიანებს არ ვეკუთვნი. ექიმი ვარ და ვიცი, დიაგნოზი როგორ უნდა დაისვას. ასევე ვიცი, რომელია მთავარი დიაგნოზი, თანმხლები და გართულებული.
სხვათა შორის, რამდენიმე ხანი გადაცემის წამყვანიც ვიყავი და რესპონდენტებთან ურთიერთობაში ექიმობა გამომადგა.
_ ბატონო ლადო, სიტყვას ბანზე რატომ მიგდებთ?
_ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია და თუ პოლიტიკური ოპონენტია, პოლიტიკურად უნდა აჯობო. თუ შენი ქვეყნის ეკონომიკის დასანგრევად შემოგზავნილი ეკონომიკური აგენტია, მაშინ უნდა გამოავლინო და ეკონომიკა დაიცვა. თუ ვირუსი შენს ორგანიზმში შემოიჭრება, ისეთი იმუნური სისტემა უნდა დაახვედრო, რომ იქ გამრავლება არ ეპიტნავებოდეს!
აი, ესაა ჩემი პოზიცია და როგორც გინდათ, ისე ჩამითვალეთ: გინდ _ საექიმო პასუხად და გინდ _ პოლიტიკურად.
ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს _ გარე თუ შიდა კავშირები, პროფესიონალები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რათა ადამიანის სიცოცხლე ხელშეუვალი იყოს!
_ ბოლოს, ბატონო ლადო, თუ პოლიტიკაში არ დარჩებით, აქტიურ საექიმო პრაქტიკას დაუბრუნდებით?
_ სულ იმას ვფიქრობ, პენსიაზე როდის გავალ-მეთქი და არ გინდათ, მომეშვათ? ცოტა ხანში 70 წლის გავხდები.
_ მესმის, მაგრამ ექიმობა ხომ გიყვართ, თან ექიმს ასაკი, მგონი, არ აქვს.
_ დიახ, ასეა. კონსულტაცია, დახმარების გაწევა და დონორობა ექიმის ცხოვრების წესია. აი, ხომ ნახეთ, კორონობის დროს ექიმებმა თავიანთი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაცია როგორ კარგად გამოიყენეს. თუ ამ კუთხით ვინმეს გამოვადგები, უარს როგორ ვეტყვი?!
_ ე. ი., თუ მაჟორიტარი აღარ იქნებით, პენსიაზე გახვალთ და სამედიცინო პრაქტიკასაც აღარ გააგრძელებთ?
_ ვნახოთ. ექიმობას თავისი ხიბლი აქვს. მომავალ წელს ნახევარი საუკუნე გახდება, რაც მედიცინაში ვარ და ეს პატარა გამოცდილება არაა. ბევრი ადამიანის გაჭირვება და სიხარული მინახავს. ბევრი გამოწვევაც ყოფილა. როცა მეკითხებიან, შენი ყველაზე დიდი გამარჯვება რა იყოო, ვპასუხობ ხოლმე, _ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება-მეთქი _ მაშინ ძალიან დიდი კონკურსი იყო… მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ყველა იმ ადამიანის დანაბარები შევასრულო, ვინც ექიმობა მასწავლა.
_ ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ, ბატონო ლადო
_ მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენი ბედისწერაა, რომ უნდა გავიმარჯვოთ!

გიორგი აბაშიძე