საგარეჯოში მედეა მეზვრიშვილის ბიუსტს ხსნიან?!

saz

შარშან თელავში 1-ლ სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გახსნილი სტალინის ძეგლი 31 დეკემბერს მისი დემონტაჟისთვის ტენდერში გამარჯვებულმა „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ 666 ლარად აიღო. არავინ იცის, კიდევ გაილაშქრებს თუ არა კახეთში ფონდის დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ქვად ქცეული საბჭოელი ბელადის წინააღმდეგ, მაგრამ ის კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა საგარეჯოში ქართული პოლიტიკის კოლორიტი ქალბატონის, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტის დადგმა იგეგმება.

ეს იდეა „ქალთა საბჭოს“ საგარეჯოს ორგანიზაციმ რამდენიმე თვის წინ, მედეა მეზვრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში გააჟღერა. „ქალთა საბჭოსთან“ ერთად ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივი გამგეობის კულტურის განყოფილებაც გახლდათ. იდეის ავტორმა, თამარ საგინაშვილმა, მოკლედ მიმოიხილა მედეა მეზვრიშვილის მოღვაწეობა და ინიციატივით გამოვიდა, საგარეჯოში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მედეა მეზვრიშვილის სახელი, თუნდაც მის სახლთან გაკეთდეს მემორიალური დაფა, ან დაიდგას მისი ბიუსტი. საღამოს მედეა მეზვრიშვილის ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში თბილი სიტყვები არ დაიშურეს მედეას მისამართით. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სპეციალური გაზეთი „მედეა“ გამოსცეს და უფასოდ გაავრცელეს. ხსოვნის საღამოს მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი, გიორგი ლოლაძეც ესწრებოდა, რომელიც „ქალთა საბჭოს“ ინიციატივას გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

ინიციატივა გაჟღერებისთანავე სოციალურ ქსელში განსახილველ თემად იქცა და დახურულ ჯგუფში, რომელიც, ძირითადად, საგარეჯოელებს აერთიანებს, ხალხი ორ ბანაკად _ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. ზოგმა მეზვრიშვილის გაკეთებული კეთილი საქმეები გაიხსენა, ზოგმაც _ მის სახელთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი და უკანონო ბიზნესგარიგება. თანაქალაქელებმა თელავსა თუ საგარეჯოში ნარკოტიკზე „შემჯდარი“ ნათესავების მფარველობაც გაუხსენეს და კომუნისტურ პარტიას თავის შევარდნაძე-მეზვრიშვილიანად კახურადაც შეუკურთხეს…

ასე იყო თუ ისე, „ქალთა საბჭომ“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა და იდეის მხარდაჭერა ითხოვა. საბჭოს ადგილობრივ ხელმღვანელს, თამარ საგინაშვილს, წერილის პასუხი დღემდე არ მიუღია, თუმცა ყოფილი გამგებლის პოზიცია, ამ იდეის მიმართ, მისთვის ცნობილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამგებელი გიორგი ლოლაძე გიორგი გზირიშვილმა ჩაანაცვლა, მაგრამ საგინაშვილისთვის მისი პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია და უახლოეს დღეებში გაარკვევს.

თამარ საგინაშვილი _ „ქალთა საბჭოს“ საგარეჯოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ ეს ინიციატივა ჩვენ გვეკუთვნის. ყოფილი გამგებელი, გიორგი ლოლაძე წავიდა, ახალს ვერ შევხვდით, რომ ამ საკითხზე დაველაპარაკოთ. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის და კიდევ, მუზეუმში მედეას კუთხის მოწყობა და მისი ცხოვრების ასახვა. ნამდვილად არ ვიცი, ჯერ ახალი გამგებელი რა აზრის არის. ზოგს ეს იდეა მოეწონა, ზოგს _ არა. მე მგონი, მედეა მეზვრიშვილს საგარეჯოსთვის ცუდი არ გაუკეთებია. ოფიციალური მიმართვა გამგეობაში გაკეთებულია, პასუხი ჯერ არ მომსვლია, არც თანხმობაზე და არც უარზე. საგარეჯო ერთი პატარა დაბა იყო და თუკი რამე გაკეთდა, თუ რამეს ხელს დავადებთ, ყველაფერი მის დროს აშენებული და გაკეთებულია. სხვა გამგებლებიც იყვნენ, მაგრამ ასეთი ღვაწილი არ დაუდევთ. არა მარტო აქ, თელავშიც. ძალიან პატრიოტი ქალი იყო, რელიგიური… არ ვიცი, შეიძლება კომუნისტების დროს სხვანაირად ჩანდა, მაგრამ ის ნამდვილად პატრიოტი და რელიგიური იყო, ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. მარტო დავით-გარეჯის ხსენება კმარა, ყველა ეკლესია-მონასტერი მის დროს აღადგინეს. რომელი ერთი უნდა თქვას კაცმა? ყველას ეხმარებოდა, საერთო ბინები ჩვენთან ქალაქში არ იყო, მან ააშენა, ყველა გაჭირვებული შეასახლა და ყველას დაეხმარა.

ლევან თედიაშვილი _ მსოფლიოს ხუთგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში:

_ არ ვიცი რატომ, მაგრამ მოვიდნენ მაგის „სეფე ქალები“, დადგა საკითხი, მედიკოს ძეგლი გავხსნათო. ვუთხარი, _ მატერიალურად რამის გაკეთება შეგიძლიათ-მეთქი? _ არაო! _ მაშინ კარგად იყავით და მე მივხედავ მაგ საქმეს-მეთქი. სხვა გამგებელი იყო, ის ახლა მოხსნეს. ჭიდაობის სკოლის გაკეთებას რომ დავიწყებ, პარალელურად, მაგასაც გავაკეთებ. მხედრიონელებს უნდოდათ მედიკოსთვის კარის აჭედვა და არ ავაჭედინე. ვუთხარი, _ არის ცუდი, არის კარგი, მოდი, დავდოთ მაგის საქმეები, რომელი გადაწონის-მეთქი. მაგის დედაც ვატირე, ჩემი ფულით გავხსნი! შევთავაზე, „მხედრიონის“ შენობა რომ დაანგრიეს, მანდ მედიკოს სკვერი და ძეგლი გავხსნათ, მოედანსაც მაგისი სახელი დავარქვათ-მეთქი. იმსახურებდა და გეტყვი, რატომ: მარტო გარეჯის გახსნა ეყოფა! გარეჯი იცი, როგორ იყო მიგდებული?! თათრები მდინარის აქეთ არ გამოუშვა! ხალხს უყვარდა. არ დამავიწყდება, მამაჩემი რომ მოკვდა, პირველი ეგ მოვიდა. ძალიან ჭირნახული ქალი იყო, ყველაფერში გვერდით გიდგებოდა. ტყუილად კი არ წავიყვანე მოადგილედ თელავში, „პროსტო’, მაგის ნათესაობა არცხვენდა, მაგ ჩემის გადანგრეულს ნათესაობა არ უვარგა. მაგისი და, ლამარა, ბევრ რაღაცებს აკეთებდა და ამან არ იცოდა. ლამარას ვუთხარი, _ არ დაგინახო სადმე მისული, თორემ ფეხებს შემოგამტვრევ-მეთქი! ლამარას ქმარი „ხრაკუნა“, მაგის ბიჭები… რა ემორფებოდათ, ნეტავ?! აქაც ასეთი ნათესაობა ჰყავთ… ვერა ხედავდა მედიკო და რა ექნა?..

გიორგი გზირიშვილი _ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ ინიციატივის ავტორთან ჯერ არ მქონია ამ თემაზე საუბარი. უნდა შევხვდე ქალბატონ თამარს, მაინტერესებს მისი აზრი, რას ფიქრობს ამ საკითხზე? ღრმად უნდა ჩავიხედოთ საკითხში, ცოტა ისეთი თემაა და არ მინდა რაღაცების დაკონკრეტება. როცა ამ თემაზე ადრე ლაპარაკობდნენ, საქმის კურსში ვიყავი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ. მოკლედ, შევხვდები ქალბატონ თამარს და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

 

                                                                                     თამარ ბატიაშვილი