ექიმების გაფიცვის ახალ ტალღას კორონავირუსიც ვერ შეაჩერებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლისას „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ იმდროინდელმა დირექტორმა, რევაზ გაგუამ, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სთხოვა, რომ ჰაერში გამოკიდებული ცენტრი სახელმწიფოს თავის მმართველობაში დაებრუნებინა. სახელმწიფომ 2015 წელს ონკოცენტრი „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა სოლიდური ფინანსური უზრუნველყოფით და
ყველას რომ ეგონა, დავით საგანელიძე მიხედავდა ონკოლოგიურ ცენტრს, დიდი პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი, პროფესორი ალექსანდრე მინდაძე:
_ ოთხის წლის განმავლობაში ყოველ წელს გვეუბნებოდნენ, რომ დავალიანებას დაგვიფარავდნენ. ყოველ ჯერზე _ ტყუილი. 2019 წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდისგან“ კიდევ უფრო გაპარტახებული კომპლექსი გადმოიბარა, შექმნა თავის დაქვემდებარებაში მყოფი ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაშიც შეიყვანა ონკოცენტრი. ჩვენთან შეხვედრაზე მინისტრიც ამოვიდა და შეგვპირდა, რომ ამის შემდეგ ხელფასები აღარ დაგვიანდებოდა და დავალიანებასაც დაგვიფარავდნენ.
_ მინისტრი თქვენთან შეხვედრაზე მას მერე ამოვიდა, რაც ექიმებმა გაფიცვების სერია დაიწყეთ?
_ ჩვენ ჩვენსას ვითხოვდით და კომუნიკაციის სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. მოკლედ, დავუჯერეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის დირექტორად „საპარტნიორო ფონდიდან“ გიორგი ენუქიძე დაგვინიშნა.
_ რა მოხდა შემდეგ?
_ ჩვენთვის სახელფასო დავალიანება არავის დაუფარავს და დღემდე იგივე დილემის წინაშე ვრჩებით.

ეს ინტერვიუ „ქრონიკა+“-მა მანამდე ჩაწერა, სანამ ალექსანდრე მინდაძეს გულის პრობლემების გამო სასწრაფო გამოკვლევაზე გადაიყვანდნენ. ჩვენ კი უკვე გაფიცულ ექიმებს შევხვდით, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან უშვებს.

მზია მეჭურჭლიშვილი, რადიოფიზიკოსი:
_ ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთი თავისი პირობა არ შეუსრულებია. თავიდან ჩვენთან მოვიდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ჩვენი ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე. დაგვპირდნენ ხელფასის ათთვიანი დავალიანების ანაზღაურებას. ამის შემდეგ, მოულოდნელად, ისმის საკითხი საავადმყოფოს გარემონტებაზე. გაგვიკვირდა, _ რა რემონტზეა საუბარი, როდესაც შემოსავალს სჭარბობს გასავალი, ვინაიდან პაციენტები ძალზე მცირე რაოდენობით არიან? როცა გავიკითხეთ, გვითხრეს, რომ ინვესტორი გამოჩნდა, რომელმაც ამ საავადმყოფოს გასარემონტებელი თანხები გამოყო. ახლა გვეუბნებიან, რომ საავადმყოფო მთლიანად, განუსაზღვრელი ვადით იხურება; რომ ამ ათთვიანი დავალიანების გარდა ასევე ორი თვის კომპენსაციას მოგვცემენ.
_ სახელფასო დავალიანების გადახდასთან ერთად ორთვიანი კომპენსაცია სამსახურიდან დათხოვას ნიშნავს?
_ ჩვენც ვხვდებით ამას. დაგვაბრუნებენ თუ არა ამის შემდეგ, არავინ იცის. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ, თუ გლობალური რემონტი უნდა გაკეთდეს და კლინიკის მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აღდგეს, მაშინ ჯერ გარემონტდეს გვერდითი ფლიგელი და ჩვენამდე რომ მოვლენ, მერე გავალთ ექიმები შენობიდან.
_ სახელფასო დავალიანების დაფარვა დაიწყეს?
_ არა. ჯერ მემორანდუმს უნდა მოვაწეროთ ხელი. ისე ერთ თეთრსაც არ ჩაგვირიცხავენ.
_ რა მემორანდუმს?
_ არ ვიცით.
_ თუ არ იცით, მემორანდუმში რა წერია, როგორ უნდა მოაწეროთ ხელი?
_ ეს მემორანდუმი ჯერ თვალით არავის უნახავს. მისი პირობები არავინ იცის, არადა, მასზე ხელმოწერის გარეშე ერთ თეთრსაც არ ჩაგირიცხავთო.
_ დავაკონკრეტოთ: თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო გაფიცვა შეგაწყვეტინათ იმ პირობით, რომ სახელფასო დავალიანებას ეტაპობრივად დაგიფარავდათ და ხელფასებსაც არ დაგიგვიანებდათ. მაგრამ მაშინ მემორანდუმზე ხელის მოწერაზე არ იყო საუბარი…
_ დიახ, ასეა. სამინისტრომ არც ერთი პირობა არ შეგვისრულა _ არც წინა დავალიანება გვერიცხება და არც ხელფასს გვიხდიან დროულად. სამაგიეროდ, გვეუბნებიან, რომ მემორანდუმზე ხელს რომ მოაწერთ, მერე ყველა ამ პირობას შევასრულებთო. ორიოდე კვირის წინ მოვიდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ჩვენი ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე. მათ არ მოისურვეს მედპერსონალთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა და ონკოცენტრის დირექტორ გიორგი ენუქიძეს შეხვდნენ. მხოლოდ დასწრების უფლება ჰქონდათ განყოფილების გამგეებს.
_ სიტყვის თქმის უფლების გარეშე?
_ მათ მაინც ილაპარკეს. ამ შეხვედრაზე გამოგვიცხადეს, რომ მთლიანად უნდა დაიკეტოს საავადმყოფო და ჩატარდეს მისი გლობალური რემონტი. განყოფილების გამგეებმა მათ განუმარტეს, რომ აქ არის სპეციფიკური მიმართულებები, მაგალითად, სხივური თერაპია, რომლის ასე დაკონსერვება არ შეიძლება. იქ არის კობალტი, რომლის ასე დატოვება სისხლის სამართლის დანაშაულია. არ შეიძლება, გამოხურო კარი და წამოხვიდე. როდესაც ამ კითხვას ვუსვამთ, _ არ ვიცითო, _ გვპასუხობენ.
_ რას მოითხოვთ?
_ ჩვენ გვინდა, თუნდაც, შემცირებული კოლექტივით გაგრძელდეს მუშა პროცესი. მაგალითად, ქიმიოთერაპიის კაბინეტს შეიძლება მხოლოდ კედლის გადაღებვა დასჭირდეს, მეტი არაფერი _ კარგ მდგომარეობაშია. იქ 15 პაციენტი მკურნალობს. გარდა პაციენტის დაკარგვისა, ჩვენ სამსახურებსაც ვკარგავთ, რადგან, არავინ გვეუბნება, რამდენ ხანს გაგრძელდება რემონტი ან ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენ რა გველოდება.
_ მემორანდუმის ტექსტი იცის ვინმემ?
_ არავინ.
_ დონორი ვინ არის?
_ არ გვეუბნებიან.
_ დირექტორის გადადგომას რატომ მოითხოვთ?
_ ჩვენი დირექტორი, გიორგი ენუქიძე, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელია, რომელიც არაპროფესიონალია. იმის გამო, რომ ამ პიროვნებას არასწორი მენეჯმენტი ჰქონდა, დაიკეტა ბრახითერაპია, შემცირდა ავადმყოფების რაოდენობა, არ დაიდო ხელშეკრულება საყოველთაო დაზღვევასთან. მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ და ყველაფერმა ერთად გამოიწვია ეს სავალალო მდგომარეობა, რაშიც დღეს ვიმყოფებით.
_ რამდენი ადამიანი რჩება უსამსახუროდ?
_ 300 ადამიანამდე. ერთი დღე კინაღამ სკანდალი მოხდა _ 15 „ფორმა 100“ გვაქვს გაცემული, მის მფლობელ ავადმყოფებს ქიმიოთერაპია უტარდებათ. მოვიდა ეს ხალხი და ენუქიძე გვეუბნება, არ მიიღოთ და არ ჩაუტაროთ, კლინიკა რემონტზე იხურებაო. ამ დროს ქიმიოთერაპიის გადადება არ შეიძლება. ენუქიძეს ეს არ ესმის! როცა მიხვდა, დიდი ხმაური ატყდებოდა, მერე შემოუშვა პაციენტები.
_ თქვენს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ალექსანდრე მინდაძეს რა დაემართა?
_ ამდენი ნერვიულობის ფონზე, გულ-სისხლძარღვთა პრობლემა შეექმნა, კორონოგრაფია გაიკეთა და ცუდად არის. შეიწირა ამ საქმემ და ამ ბრძოლამ ბ-ნი ალექსანდრე.

„ქრონიკა+“ მედიცინის პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილსაც გაესაუბრა:
_ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დონორი არის მსოფლიო ბანკი. ტაშით მადლობას უხდიან ექიმებს და მეორე წუთს ხელფასს არ აძლევენ. ხელფასების მიცემას ვინ ჩივის _ ხვალ და ზეგ თითოეული მათგანი შეიძლება, უმუშევარი დარჩეს მარტივი მიზეზის გამო _ არ არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ონკოცენტრი. კლინიკა ეფუძნება, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესლოგიკას, რაც მიუღებელია სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. ის უნდა ემორჩილებოდეს ჯანდაცვის უზრუნველყოფას ქვეყანაში. ასევე თითოეული ექიმისა და პროფესიონალის შენარჩუნების ლოგიკას. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ ის, რასაც ითხოვენ.
_ რომ ვერ იღებენ?
_ სწორედ ამიტომ არ აქვთ მათ არანაირი ნდობა თავისი დირექტორის მიმართ. თუნდაც ის, რომ კომუნიკაციის ერთადერთ გზად ამ ადამიანებს დაუტოვა ქუჩაში გასვლა. პირველ რიგში უნდა გადადგეს დირექტორი გიორგი ენუქიძე; მეორე _ კონკრეტულად უნდა განესაზღვროს ამ ხალხს თავიანთი უფლებები, რომ ისინი არ დაკარგავენ სამსახურს; სასწრაფოდ უნდა განიმარტოს მემორანდუმის პირობები, რაზეც ამათ ულტიმატუმის ენით სთხოვენ ხელმოწერას; ექიმებს არავინ დაჩაგრავს _ ჩვენ ვართ ამის გარანტები! მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამისტროს, მიეცით ექიმებს ხელფასები, ტაშის დაკვრა მათთვის არ არის საკმარისი.

„ქრონიკა+“ ასევე გთავაზობთ ონკოცენტრის ექიმების წერილს, რომელიც მათ ჯანდაცვის მინისტრს გაუგზავნეს:
„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი კლინიკის დირექტორს, გადადგეს საკუთარი ნებით. საფუძველი არის ჩვენ მიერ დასმული პასუხგაუცემელი კითხვები:
ვინ არიან დონორები? არის თუ არა აღდგენის პროექტი?
რა მოელის კლინიკაში არსებულ რადიაქტიულ მასალებს?
ჩვენს დირექტორს ამაზე ერთი პასუხი აქვს: „არ ვიცი“.
ეს კითხვები არის მომავალი განვითარების საკითხი და ადამიანმა, რომელიც პასუხისმგებელია ამ მომავალზე, არ იცის არაფერი, ამდენად იგი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
მეორე საკითხი:
უნდა დავუბრუნდეთ ბოლო კითხვას, _ რა მოელის არსებულ რადიაქტიულ მასალებს? აღსანიშნავია, რომ ეს მასალები არ წარმოადგენს საფრთხეს, თუ ის დაცულ გარემოშია. დაცული გარემო უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე დაცული ადგილი. მაგრამ თუ თანამდებობის პირმა, რომელიც პასუხისმგებელია ამ გარემოზე, არ იცის, რა მოელის ამ მასალებს, ამ განცხადებას ავტომატურად გადაჰყავს საკითხი საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის შეფასებებში და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ასეთი განცხადება მკვეთრად ამცირებს გარემოს უსაფრთხოებას.
მესამე საკითხი: კანონის თანახმად, ა(ა)იპი იქმნება საზოგადოებრივი საჭიროებისთვის და უნდა ჰქონდეს იდეალური მიზანი, რაც ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ასევე ვერ წარმოადგინეს ე. წ. (ვინაიდან, ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან) დონორების დასაბუთებული პოზიცია, რომელიც გამაგრებული იქნებოდა რაიმე საპროექტო წინადადებით მაინც, რომ ცენტრი უნდა დაიხუროს რემონტის პროცესში. თვით კერძო სტრუქტურამ, ჩინელებმა, არ დახურეს მთლიანი ცენტრი არა იმიტომ, რომ მოგება ენახათ (ერთ ლარად მიაქირავეს შპს-ს), არამედ იმიტომ, რომ უმუშევრობა არ გაეზარდათ და შეენარჩუნებინათ ინტელექტუალური პოტენციალი. ჩვენ კი დღეს გვთავაზობენ, რომ გაურკვეველი ვადით (მათი განცხადებით) უმუშევრად დავტოვოთ 250-ზე მეტი ადამიანი. და ეს მაშინ, როდესაც პრემიერ-მიისტრი აცხადებს, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა. ასეთი მიდგომა გვაფიქრებინებს მთავრობის ქვედა დონის ჩინოვნიკების მხრიდან მთავრობის ძირითადი პოლიტიკური ხაზის საბოტაჟზე.
როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ მომავალი?
უპირველეს ყოვლისა, შეუძლებელია თანამედროვე ქართულ ონკოლოგიურ ბაზარზე დაბალტარიფიანი მომსახურების შემოტანა, ეს დაანგრევს ისედაც გასაცოდავებულ ონკოლოგიურ მომსახურებას. მაგრამ შესაძლებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, მაგ., სამეცნიერო ცენტრის ფუნქციებით, რომელიც აიძულებს დარგს, განვითარდეს მომსახურების ხარისხის უფრო მაღალი, სამეცნიერო მიღწევებზე დამყარებული სტანდარტების შემოთავაზებით. ასეთი სტრუქტურის მაგალითად ჩვენ შეიძლება ავიღოთ ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტები, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნდამენტური, სამეცნიერო სამედიცინო მიმართულების ცენტრი. ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ ონკოლოგიის სამეცნიერო სამედიცინო მიმართულების ცენტრები, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო ცენტრი და ინფექციურ დაავადებათა მართვის სამეცნიერო ცენტრი, ვინაიდან ისინი იქნებიან მთლიანად საბიუჯეტო დაფინანსებაზე, მათ არ ეყოლებათ მოგების გასანაწილებელი მფლობელები, მათ ექნებათ შეზღუდული კომერციული საქმიანობის შესაძლებლობა _ ინტელექტუალური მიღწევების გაყიდვა, ამდენად გაცილებით უფრო გაადვილდება უცხოური გრანტების მოზიდვა. ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობა ამერიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორ იაპონიასთან, რომელიც არაერთხელ დაეხმარა ქართულ ჯანდაცვას და მის სამეცნიერო განვითარებაში დახმარებაზე უარს არ იტყვის და კიდევ სხვა, შესაძლოა, კერძო მსხვილი კომპანიები, რომელთაც ამჟამად რთული პერიოდი აქვთ და ისინი სარეკლამო და სხვა მიზნებით წამოვლენ უფასო ან დაბალპროცენტიან დახმარებაზე. ამას კარგად გამართული საერთაშორისო მუშაობა უნდა, რასაც, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა წარმატებით გაართმევს თავს“.

„ქრონიკა+“ თვალს მიადევნებს მოვლენების განვითარებას.

თამარ როსტიაშვილი