„გავრილოვისა“ და ულტრარეაქციონერების „ერთსქესიანი“ დაგეგმილი ჯვრისწერა ჩავშალოთ!

ალბათ, ესეც უნდა გავიაროთ, თან ბოლომდე ამოვწუროთ თავისი ნეგატიური და პოზიტიური შედეგებით, ყველა სხვა შემთხვევაში ვერაფრით დავიხსნით თავს ამ შავი ჭირისგან, რასაც სხვის საცვლებში ძრომიალის პოლიტიკა ჰქვია. ბოლო 8 წელია, საქართველოში ყველაზე კარგად სექსთემები იყიდება, განსაკუთრებით კი სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებული საკითხები და თემით მუდამ ტრადიციული ქართულ-ეროვნული „გაგების მასტები“ პროვოცირებენ. მიზანი მუდამ პოლიტიკაა. იდიოტია ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ თემის ინსპირატორებს მართლა აღელვებთ, ვინ ვისთან წევს, განსაკუთრებით _ არატრადიციულად. მეტიც: ლგბტქ თემის ცალკეული წარმომადგენლები მათზე მძაფრი თავდასხმების დროს ხშირად იძულებულნიც კი ხდებიან, თავდამსხმელების „ობლიკო მორალე“ საჯაროდ გამოფინონ და, თურმე, „გაგების მასტებიც“ წვანან ხოლმე არატრადიციულად.

პრინციპში, სულაც არ არის გაუგებარი, ორი წიგნი რომ აქვს წაკითხული, იმ ადამიანისთვის, რას უკავშირდება მავანთა უკიდურესი ჰომოფობია. ახლა ეს არ არის მთავარი თემა. თემა ის გახლავთ, რომ ჰომოფობები პოლიტიკური დღის წესრიგით პერიოდულად იწყებენ სექსუალური თემების შემოგდებას და მათ მუდამ აქვთ იმის იმედი, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, რომელთათვისაც ყველაფერი არატრადიციული ეროვნულობის წარწყმედის ტოლფასია, ადვილად დაუჭერენ მხარს. ეს მხარდაჭერაც არაერთხელ გვინახავს. ახლა, როგორც ჩანს, ისევ ახალ წრეზე წასვლის დრო დადგა და თან _ წინასაარჩევნოდ.


ქვეყანაში, სადაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო, სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალ გზაზე, მკვეთრად მოეხაზა ეროვნული იდეოლოგიის კონტურები (და აქ გაითვალისწინეთ, არ ვსაუბრობ ეროვნულზე, როგორც ქართულზე, არამედ ეროვნულზე, როგორც ქვეყნის მოსახლეობაზე, ხალხზე, სახელმწიფოს მოქალაქეებზე), საკმაოდ ადვილი გახდა სწორედ ქართველების ეროვნულ-ტრადიციული გრძნობებით მანიპულირება და თან რელიგიური კონტექსტით. 2013 წლიდან შეიქმნა და პერიოდულად საკმაოდ „ეფექტიანად“ ფუნქციონირებს „სხვების(!) საჯდომთა დაცვა-გაფრთხილებისა და გადარჩენის ლიგა“ და „უკანალის სადარაჯოზე მდგარი რაინდების ორდენი“. ორივე „ორგანიზაციას“ მჭიდრო კავშირი აქვს საპატრიარქოს ცალკეულ ძალებთან და განსაკუთრებით ზნეობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან, რომელსაც მიტროპოლიტი შიო ხელმძღვანელობს. ალბათ, უპრიანი იქნებოდა, დამეწერა მოსაყდრე, თუმცა რადგან მისი ეს „ტვირთი“ ყოვლად უკანონოდ, ანუ საეკლესიო წესების დარღვევით არის „განსაზღვრული“, სრულიად არამართებულია ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, ასევე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მოსაყდრედ მოხსენიება. მოკლედ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის არარსებობის პირობებში, საპატრიარქო და მისგან მართული ურაპატრიოტული, ანტიეროვნული (იგივე, რაც პრორუსული) ძალები ცდილობენ წარმოჩნდნენ, როგორც ძალა, რომელიც ეროვნულ-ნაციონალური ინტერესების სადარაჯოზე დგას. რადგან ამ ძალების ისტორიულად გარყვნილი „ნასტავნიკები“ საუკეთესო თემად „გარყვნის“ წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევენ მუდმივად, ჩვენი „ლიგა“ და „ორდენიც“ სექსუალურ უმცირესობებს უპირისპირდება, როგორც ქვეყნის დამღუპველებს. ამ თემის წამოწევითა და მის წინააღმდეგ „ბრძოლით“ ცდილობენ მოიხვეჭონ ეროვნული ძალების სახელი.


რამდენიმე წლის წინათ კონკრეტულმა პირმა გადაწყვიტა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სარჩელით. ამ ფაქტს დიდი ვნებათა ღელვა და არეულობა უნდა მოჰყოლოდა. შემდეგ ამ პირმა ინტერვიუ მისცა „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძეს.
აღნიშნულის თაობაზე თავად ელისო კილაძე შემდეგს აცხადებს: „ნუგზარ ტატიშვილს _ „მაცაცოს“, ოთხი სარჩელი შეატანინეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ინტერვიუში მითხრა, რომ დამკვეთები იყვნენ რუსები, ღარიბაშვილის ნათესავები, ნუგზარ ფოფხაძე და, არც მეტი არც ნაკლები, შორენა თეთრუაშვილი! ყველა ფაქტის დასტურად ჰქონდა ან ელექტრონული ფოსტის მიმოწერები, ან _ აუდიო ჩანაწერები! დიახ, ეს არის მახე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ! ბოლო სერიაში „ასავალ-დასავალს“ უნდა დაეჭექა, _ ლიბერასტებს ბიძინა და ბერა მფარველობენო!“
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, არაერთხელ დაუპირისპირდნენ ლგბტქ თემს ურაპატრიოტები და ეკლესიის ულტრარეაქციული წრეების წარმომადგენლები. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერას კომბლებით, ქამრებითა და თეთრი ცხვირსახოცებით აღჭურვილი ზნეობისტები მიუვარდნენ . მათთვის სამწუხაროდ, რევოლუციამდე და მასობრივ არეულობამდე ვერასოდეს მივიდა საქმე.


ჩვენთან, რატომღაც, მიეჩვივნენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განყენებულად განიხილონ. ალბათ იმიტომ, რომ „იქ“ ელარჯი და ხარჩო არ იციან და, შესაბამისად, სათანადო პოლიტიკური გათვლებიც არ შეუძლიათ. და მართლაც, რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან ჩიზბურგერი და მჭადი? მაპატიეთ _ რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან რასიზმი და ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი? აბა, მაინც ვიპოვოთ კავშირი პროცესებს შორის: ჩვენთან რასიზმის თემის გააქტიურებას საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ თუ ერთსქესიანთა ქორწინების თემა ღია პოლიტიკური დებატების ხასიათს მიიღებს _ რისი საჭიროებაც არ არის და რასაც არც ითხოვს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) ლგბტქ თემი _ რა მოხდება? ძალიან მარტივი რამ _ საპატრიარქოს რეაქციული ძალების გარშემო დაიწყება პოლიტიკური ძალების დაჯგუფება.
ჩემთვის უცნობია, რისთვის სჭირდებოდა კონკრეტულ მედიასაშუალებას „ლელოს“ ლიდერთან სხვა თემაზე შეთანხმებული ინტერვიუს დროს ამ თემის შემოგდება?! მაგრამ ცხადია, რომ რაოდენ გულუბრყვილოდაც არ უნდა მომხდარიყო ეს, სწორედ რომ ულტრარეაქციულ ძალებს მოუსწორო სულზე. იმ ძალებს, რომლებსაც ქართულ პოლიტიკაში პოზიციონირება ნაციონალისტური თემებით სურთ. იმ ძალას, რომელსაც სახელმწიფოზე კონტროლის დაწესება უნდა.
ცხადია, თუ თემა გააქტიურდება, დროშას ეროვნულ-პატრიოტული კონტექსტით საპატრიარქო დაიჭერს ხელში. ბოლო წლების მოვლენები ცხადყოფს, რომ საჯდომის თემას ყველაზე უკეთ იყენებენ პოლიტიკური, მათ შორის, ურაპატრიოტული და ულტრალიბერალური ძალები, პერსონები. საპატრიარქოსთვის და ზნეობის დამცველი მოსაყდრისა და მისი მხარდამჭერი რეაქციული სასულიერო და საერო ძალებისთვის კი სხვის „მორალზე“ ზრუნვა წმინდა თემაა. Святое, რა.


ცოტა ვრცლად გავცეთ პასუხი კითხვას, _ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს წინაშე უამრავი გამოწვევაა, ვის სჭირდება ეს თემა სწორედ ახლა?
ყველას კარგად გვახსოვს ცალკეული პერსონების მიერ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციის აქტივისტების მარგინალიზების მცდელობა და ცალკეული პერსონების საქილიკო ფრაზები: „შეხედეთ, ვინ მართავს აქციებს?!“ ანუ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასკუპებას გეები და სექსუმცირესობის სხვა წარმომადგენლები აპროტესტებენო. ეს ამორალური ადამიანები არაფრად დაგიდევენ იმას, ამით შეურაცხყოფას რომ აყენებენ არა მხოლოდ ცალკეულ პერსონებს, არამედ _ იდეას. ამ პოლიტიკური მატრაბაზებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია სამშობლოს ღირებულება, რომელიც გეისთვისაც და თუნდაც „უკანასკნელი მეძავისთვის“ ან, გნებავთ, უპოვრისთვისაც, რომლის ბედიც სახელმწიფოს ფეხებზე კიდია, თანაბარი კატეგორიაა. სამშობლოა, რეგვენებო, და ის უნდა იყოს აღშფოთების საგანი, რომ ქვეყანაში მცხოვრებმა რომელიმე სოციალურმა ჯგუფმა საკუთარი ქვეყნის ინტერესები არ დაიცვას. სად გესმით ამდენი? მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკურ მატრაბაზებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვთ, ხოლო მათ გულუბრყვილო მომდევრებსა და სასარგებლო იდიოტებს საკითხის ღრმად გააზრების არც სურვილი აქვთ და არც _ შესაძლებლობა.
ახლა, 2020 წლის 20 ივნისისთვის, ერთსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტქ თემის წამოწევა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცალკეული ახალგაზრდებისა და ჯგუფების დისკრედიტებას, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის, ვინც 20 ივნისს საკუთარი სამშობლოს ღირსების შელახვის აქტის მომსწრე გახდა. 20 ივნისი, პირველ რიგში, გავრილოვის თავხედობა და პარლამენტის ექსთავმჯდომარის პოლიტიკური უტიფრობა გახლავთ, რასაც შედეგად მოყვა „გავრილოვის ღამე“… და გავრილოვის თავხედობის გადაფარვის მცდელობა იმით, რომ ვიღაც პოლიციას დაუპირისპირდა და ეს ვიღაც, მაინცდამაინც, ლგბტქ ადამიანია, რომლის გვერდითაც სამშობლოს დაცვაზე საუბარი სირცხვილია, გავრილოვის მხარდაჭერა და საკუთარი სამშობლოსთვის თავს ლაფის დასხმაა. თუმცა ახლა მთავარია, რომ პროცესში მოხდეს პოლიტიკური ძალების დისკრედიტებაც, ანუ ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც გააპროტესტებს გავრილოვის თავხედობას, უნდა წარმოჩნდეს, როგორც ლგბტქ-სა და ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე, ანუ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლი ძალა. სად ერეკლე და … დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ მიზანი ეს გახლავთ. ულტრარეაქციული და ულტრანაციონალისტური ძალები ცდილობენ, პროცესები ისე წარიმართოს, რომ მის მოკავშირედ, თუნდაც, რაღაც ეტაპზე, წარმოჩნდეს ხელისუფლება, რადგან ეს ნიშნავს ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანების მიმხრობას. ცხადია, ამას ხელს უწყობს თავად ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების აბსოლუტურად გაუაზრებელი განცხადებები. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ 20 ივნისს მეც და უამრავი ადამიანი იმიტომ მივედით პარლამენტთან, რომ სამშობლოს ღირსება დაგვეცვა და არა კობახიძის სკამი, რომელიც მას სულაც არ ადარდებდა, როგორც სიმბოლო, და მისთვის მხოლოდ უკანალის დასასვენებელი ადგილი აღმოჩნდა.
ანუ ეს არის „მავანის“ მცდელობა, საზოგადოება, პოლიტიკური ჯგუფები კიდევ უფრო ღრმად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მით უფრო, რომ ქართული საზოგადოების მუმიები ისევ გამოჩნდნენ და ღიად აცხადებენ, რომ თურმე 20 ივნისს რაღაც ძალები აპოკალიფსს გეგმავენ და არ მისცემენ არავის პოლიციაზე შეტევის უფლებას. ანუ ეს მუმიები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციაში, ამბობენ, ჩვენ დავიცავთ პოლიციასო. ამით მათ სწორედ ის სურთ, რაც ზემოთ აღვნიშნე _ ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების კეთილგანწყობა.
ხელისუფლება ვალდებულია, სწორად წაიკითხოს პროცესის კონტექსტი, რადგან ყველაზე მეტად ის დაზიანდება. ვერავის დაარწმუნებს, რომ თემა მისი ინსპირირებული არ არის, მით უფრო, გია ვოლსკის კომენტარებისა და ლალი მოროშკინას წინასწარმეტყველების გათვალისწინებით.


რა თქმა უნდა, ამ სახიფათო ვითარებაში აქციის ორგანიზატორები ვალდებულნი არიან(!), სწორად გაიაზრონ პროცესი. თუ ხელისუფლება მინიმალურად მაინც იყო გულწრფელი იმ შეფასებებში, რაც 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტში მოხდა, იქნებ, უპრიანიც იყოს, ეს დღე ერთიანად აღინიშნოს, როგორც სამოქალაქო თანხმობის დღე. ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსიც და ამის გათვალისწინების ვალდებულება აქვთ აქციის ორგანიზატორებს და ყველა გულშემატკივარს: ის, რომ პოლიციის მიერ შესაბამისი ქმედებების დაწყებამდე აქციის ცალკეულმა მონაწილეებმა კანონი დაარღვიეს, უნდა ვაღიაროთ. ამას არ ვამბობ, როგორც მხოლოდ თვითმხილველი, იხილეთ პოლიციის ქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძის განცხადებები. ისევე როგორც ხელისუფლებაა ვალდებული, კიდევ ერთხელ მოუხადოს ბოდიში იმ მოქალაქეებს, რომლებიც არანაირ გადატრიალებაში არ მონაწილეობდნენ და რომელთა მიმართ, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციამ ძალას გადაამეტა.


მოვლენებს თუ სწორად გავაანალიზებთ, „გავრილოვის ღამის“ გარდა, ყველა მნიშვნელოვანი რყევა ქვეყანაში სექსუალური თემის გააქტიურებას მოყვა. ყოველი ასეთი თემის დროს გაძლიერდა საპატრიარქო და მისგან მართული ულტრარეაქციული ძალები, ასევე „სცენაზე“ ბრუნდებოდნენ მუმიები და ულტრანაციონალისტური სულისკვეთების პერსონები, დაჯგუფებები, რომელთა კავშირების ბმა ჩრდილოელ მეზობელთან თვალნათელია. ცხადია, პროცესში სრულიად გაუაზრებლად ერთვებიან სასარგებლო იდიოტებიც და გულწრფელი ემოციების მქონე ადამიანებიც. საბოლოოდ კი ზიანდება სახელმწიფო. ამიტომ ყველა ვალდებულია, გონივრულად შეაფასოს ვითარება. ეს არ არის არც ოპოზიციის დაკნინებისა და არც ხელისუფლების მდგრადობის გამოცდის თემა. არის საკითხები, სადაც სავალდებულო და აუცილებელიც კი გახლავთ ეროვნული და პოლიტიკური თანხმობა. რატომ? 20 ივნისს, რეალურად, „გავრილოვი“ და ქართველი ულტრანაციონალისტები და ულტრარეაქციონერები აპირებენ ჯვრისწერას და თუ ამ ცერემონიას ჩავუშლით, მაგარი საქმე იქნება.


გავა გარკვეული ხანი და იმ იდიოტურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სირცხვილნარევი უხერხული ღიმილით გავიხსენებთ. ძალიან მსურს, რომ ეს უხერხული ღიმილი მაინც მხიარული იყოს, შემდგარი და სტაბილური განვითარების გზაზე მდგომი ქვეყნის მოქალაქეების ღიმილი, რომლებიც წარსულ შეცდომებს გამოცდილებით შეძენილი სიბრძნით, წარმატებული აწმყოს მყარ ფუნდამენტზე მდგარნი და ღირსეულ მომავალში დარწმუნებულნი გადაჰყურებენ. სასტიკად არ მინდა, რომ ეს ღიმილი, მერამდენედ უკვე ჩვენს შორეულ თუ ახლო ისტორიაში, გაჟღენთილი იყოს ქართველებისთვის იმ კარგად ნაცნობი სიმწრით, რომელიც საკუთარ, დაგვიანებით დანახულ, უგუნურებით გამოწვეულ, გამოუსწორებელ კატასტროფას უკავშირდება.
ერთხელ მაინც გავაკვირვოთ მტერი და დავტოვოთ პირში ჩალაგამოვლებული. ერთხელ მაინც ვანახოთ ხალხს _ საქართველო უპირველეს ყოვლისა!

გოჩა მირცხულავა