„აიკონია კაპიტალის“ სკანდალი გრძელდება

„ქრონიკა+“ პირველი იყო, ვინც ამერიკული კომპანია „აიკონია კაპიტალის“ შესახებ წერდა. ეს არის კომპანია, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ კაპიტალი და ყველაფერი წაართვეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება თამამად მოუწოდებდა ინვესტორებს საქართველოში ჩამოსვლასა და აქ ინვესტიციის ჩადებას. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და დავინტერესდით, რა ბედი გაიზიარა გაეროს საარბიტრაჟო სასამართლოზე გადანაცვლებულმა საერთაშორისო სკანდალმა?

„ქრონიკა+“ ესაუბრება კომპანიის მენეჯერ სეთ ედვარდ ჩარს:

_ გმადლობთ, რომ არ დაგავიწყდათ და კვლავ დაინტერესდით ამ საქმით. მოკლედ გავიმეორებ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: 2013 წელს ჩემი პარტნიორები მოიხიბლნენ საქართველოს ინვესტიციების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული პრეზენტაციებით, რომელიც გვპირდებოდა უფასო საინვესტიციო კლიმატსა და სამართლიან სასამართლო სისტემას. ამიტომ დავიწყე ჩემი პირველი ინვესტიცია საქართველოში შპს Iconia Capital -ის სახელით. ეს იყო 2014 წლის აპრილი. თვეები ვეძებდით და ბოლოს ვიპოვეთ კიდეც ტერიტორია უძრავი ქონების განსავითარებლად საბურთალოზე, ყოფილ „იპოდრომთან“, თბილისის შუაგულში. ტერიტორია იმავე წლის დეკემბერში შევიძინეთ და კომპლექსის მშენებლობისთვის მზადება დავიწყეთ. მალევე, მერიაში მშენებლობის ნებართვაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ადვოკატებმა შეგვატყობინეს, რომ განცხადება შეჩერებულია ჩვენი ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები რამდენიმე პირის საჩივრის გამო. ის მიმართვა სარჩელად გადაკეთდა და მრავალწლიან კონფლიქტში გადაიზარდა რამდენიმე ქართველ გავლენიან პირთან. ამ უკანასკნელებმა შეაჩერეს კიდეც ჩვენი ინვესტიცია და ხუთი წელი ხელი არ გაგვანძრევინეს. ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, მაგრამ ვერ დავიცავით ჩვენი უფლებები. ეს უნდა ყოფილიყო ცათამბჯენის პირველი სამშენებლო პროექტი საქართველოში, რომელიც სრულიად აბსურდული მიზეზებით ჩაიშალა. თბილისის მერიამ თითქმის უპრობლემოდ მოგვცა ნებართვა მშენებლობაზე, სანამ მეზობელი კორპუსის რამდენიმე მცხოვრებმა არ გვიჩივლა და სკვერის გაშენება არ მოითხოვა.
_ დიახ, ამაზე ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვებოდით. როგორ განვითარდა მოვლენები?
_ იცით, როგორ ბრალდებებს გვიყენებდნენ? _ რომ შენობის დიზაინი იყო მახინჯი, მეზობლების გემოვნებას ლახავდა და კიდევ ჩვენი სამშენებლო საქმიანობა დაბლოკავდა მათი მანქანების პარკირების ადგილებს. სინამდვილეში, ოპონენტებმა ჩვენი სამშენებლო ტერიტორია საკუთარი სარგებლობისთვის მიითვისეს და მას 2015 წლიდან იყენებენ უკანონო პარკინგისა და კერძო ბიზნესისთვის. თბილისის მერიამ, დავით ნარმანიას დაქვემდებარებაში, მშენებლობის ნებართვა მოგვცა არა ერთხელ, არამედ ორჯერ. ამის გარდა, დღევანდელმა მერიამ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, გადახედა ჩვენი მშენებლობის ნებართვას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი კანონიერება და მოქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლოებში, მთელი ამ პროცესის განმავლობაში, „მეზობლებმა“ ასევე მოითხოვეს, რომ მიმეტოვებინა ჩემი ბიზნესი საქართველოში და პროექტის ნაცვლად კერძო ბაღი და საცურაო აუზი ამეშენებინა ჩემს პირად მიწაზე. ბუნებრივია, ასეთი წინადადება მიუღებელი იყო, ამიტომ მე და ჩემმა თანამშრომლებმა მათთან მეგობრული კომპრომისი ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.
_ როგორც მახსოვს, მაშინ ქეშად ფული მოითხოვეს?
_ ჩვენი განზრახვა იყო, რომ მოწინააღმდეგეებს პირისპირ გაეცნოთ და წარედგინათ ზუსტი გეგმები. პირველი სარგებელი, რაც მერიაში ჩვენს ოპონენტებს წარვუდგინეთ, ის იყო, რომ მათ მთელი ტერიტორიის გამწვანებასა და დასუფთავებას ვთავაზობდით. შევთავაზეთ ასევე კორპუსის ფასადის გარემონტება, მათი ლიფტების სისტემების შეკეთება და ა. შ. ავუხსენით, რომ ვაშენებდით ტერიტორიისკენ მიმავალ სპეციალურ გზებს. მოკლედ, იმ შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფები არ დაიშურეს ჩვენთვის. იმ ჯგუფს შორის იყვნენ დამსწრე ბიზნესმენი ლერი შაფტალი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი. ამ შეხვედრის განმავლობაში და ჩემი მთელი პერსონალის წინ, შავლიაშვილი სიტყვიერად დაემუქრა მერიის მთავარი არქიტექტორის მოადგილეს და ასევე მე. თქვა, რომ მე მოსამართლე ვარ და არასდროს მოგცემთ იმის საშუალებას, ამ ტერიტორიაზე ეს პროექტი ააშენოთო. დანარჩენი თავადაც იცით _ შეხვედრა მერიაში დასრულდა ჩვენ წინააღმდეგ ორი სარჩელით მომდევნო წლებში.
_ როდის, როგორ და რა ვითარებაში მოგთხოვეს ფულის ქეშად მიცემა, რომ სანაცვლოდ კორპუსის აშენებაზე პრობლემა აღარ შეგექმნებოდათ?
_ 2015 წლის ზაფხულში ლერი შაფტალმა განაცხადა, რომ იგი და მისი კოლეგები უარს იტყოდნენ ჩვენს კომპანიაზე თავდასხმებზე, თუ შევთანხმდებოდით, რომ ყველა ფართს შევიძენდით, რაც მათ მეზობელ კორპუსში ჰქონდათ. ასეთი შენაძენის სავარაუდო ღირებულება 1 000 000 ლარზე მეტი იყო. ეს ჩვენთვის მიუღებელი გახლდათ, ამიტომ უარი ვთქვით ამ შემოთავაზებაზე, რის შემდეგაც მეზობლების თავდასხმები კვლავ გამძაფრდა.
_ წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ 2016 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შუამდგომლობით მერიამ მაინც მოგცათ ნებართვა, თუმცა დავა სასამართლოში გაგრძელდა?
_ ეკონომიკის სამინისტრომ, აშშ-ის საელჩომ და მერიამ გადახედეს ჩვენს ვითარებას და ერთად ვიმუშავეთ იმაზე, რომ ჩვენი სამშენებლო ნებართვა დაემტკიცებინათ, მიუხედავად მოწინააღმდეგეების საჩივრებისა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დღემდე ვიბრძვით მშენებლობის ნებართვის აღსადგენად. სასამართლო უარს აცხადებდა ჩვენს მტკიცებულებათა განხილვაზე, რომელიც სამხარაულის დასკვნებს ეფუძნებოდა. 2018 წლის თებერვალში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ასევე დაადასტურა მშენებლობის ნებართვის შეჩერება ჩვენ წინააღმდეგ, ამასთან, აღნიშნა, _ რომ ჩვენი საქმიანობა უნდა შეჩერებულიყო მისი „პირადი გრძნობების“ გამო.
_ ლევან მურუსიძის „პირადი გრძნობები“ რას ნიშნავს _ შეყვარებულია?
_ არ ვიცი, მაგრამ პირადი გრძნობების გამოხატვის გარდა, მურუსიძეს არ განუცხადებია სხვა მიზეზები ან პრეცედენტი, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ კანონს. გარდა ამისა, მურუსიძემ დაარღვია ჩვენი, როგორც ინვესტორის უფლებები, დაბლოკა ჩვენი თხოვნა, რომ გვეჩივლა ჩვენი ოპონენტებისთვის იმ ფინანსური ზარალისთვის, რაც წლებია, მოგვაყენეს.
_ მოგვიყევით, რა ხდებოდა პირველ და მეორე ინსტანციაში?
_ თბილისის საქალაქო სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ჩვენ წინააღმდეგ, თუმცა რაღაც მექანიზმებით ჩვენმა ოპონენტებმა მიანც შეძლეს ჩვენი ბიზნესსაქმიანობის შეჩერება საქართველოში, მიუხედევად იმისა, რომ არ დაგვირღვევია კანონი. 2018 წელს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის აპრილში ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ჩვენი გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ოპონენტებმა ორჯერ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში (სააპელაციო სასამართლო), ახლა კი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართეს.
_ როგორც ვიცით, თქვენმა ფრანგმა ადვოკატებმა გაეროს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს?
_ 1994 წელს აშშ-მა და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ ხელშეკრულებას, რომლის ძირითადი ასპექტი მოიცავს გარკვეულ გარანტიებს საქართველოში მოქმედი ამერიკელი ინვესტორებისთვის, ასევე ქართველი ინვესტორების დაცვას აშშ-ში. ეს ხელშეკრულება გულისხმობს გარკვეულ გარანტიებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ დაარღვია. ეს არის: ბიზნესის დაცვა, მათი აქტივების ექსპროპრეაცია და უსაფრთხოება; გარანტიები, დისკრიმინაციისგან დაცვა და ადგილობრივი მართლმსაჯულების სისტემის მიერ სამართლიანი მოპყრობა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „ქრონიკა+“-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო.
_ რა ეტაპზეა ახლა საქმე?
_ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და მისი მეუღლე ია გოლეთიანი კვლავ მუშაობენ. ეს არის სასამართლოს საბოლოო ინსტანცია. ჩვენი კომპანიისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების გამო, იძულებული გავხდით, 2018 წელს გადაგვედგა ეს ნაბიჯი, რათა დაგვეცვა საკუთარი თავი და ჩვენი ამერიკელი ინვესტორები. ჩვენმა ამერიკელმა იურისტებმა საარბიტრაჟო განცხადება შეიტანეს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2018 წლის ნოემბერში, ხოლო 2019 წლის დასაწყისში მათ დაიქირავეს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული იურიდიული ფირმა ჩვენს საჩივარზე პასუხის გასაცემად. საარბიტრაჟო სარჩელმა უნდა დაიწყოს სამართალწარმოება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (რომელიც მოგვიანებით უნდა შეირჩეს) UNCITRAL -ის (გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია) წესებით. საქართველოს მთავრობაში ჩვენი კოლეგებისადმი პროფესიონალური თავაზიანობის გამო, დროებით შევაჩერეთ ეს სასამართლო პროცესები.

თამარ როსტიაშვილი