ლანას ფრანგულიდან ეკას ინგლისურამდე

blo

„მაი დიარ რიდერს, აი ვონთ თუ სეი სამსინგ ებაუთ ეკა ბესელია’ს ინგლიშ. აი ემ ენგრი. ვი არ გოინგ ბექ!“ _ ევროპის საბჭოში წარმოთქმულმა ეკას ინგლისურმა სპიჩმა ინგრეთი საერთო-სახალხო მღელვარება-ხითხითი გამოიწვია, კაი ხანია, არც არაფერს რომ არ მოჰყოლია.

 

ამ ყველაფერმა კი, იცით, რა გამახსენა? ჩვენი პირველი ნაბიჯები ევროპის საბჭოში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით წევრები. ევროსაბჭოს ტრიბუნაზე პირველად წარსდგა საქართველოდან ლანა ღოღობერიძე. ევროპული კინოწრეებისთვის კარგად ნაცნობი ლანა ღოღობერიძე მაშინ სულაც არ იყო ცნობილი ევროპული პოლიტიკური თუ დიპლომატიური წრეებისთვის. მათთვის ლანა ღოღობერიძე პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩასული ასაკოვანი პოლიტიკოსი გახლდათ და ამიტომ თარჯიმნები სრულ მზადყოფნაში იყვნენ, მისი გამოსვლა რუსული ენიდან ეთარგმნათ დამსწრე საზოგადოებისთვის. ლანა ღოღობერიძემ შოკში ჩააგდო თარჯიმნებიც და დარბაზში მსხდომნიც. ასაკოვანი ქალბატონი ყოფილი საბჭოეთიდან უნაკლო ფრანგულით ესაუბრებოდა ასაკოვან ევროპას. ეს ისტორია თავად მიხეილ სააკაშვილს აქვს მოყოლილი ჩემთვის და ისიც მახსოვს, დავწერე კიდეც, _ ლანა ღოღობერიძის ფრანგულს ფხიანი პირი ჰქონია-მეთქი… ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს და რა ხდება დღეს? ევროპა ისევ შოკშია! არა, უფრო სწორად, გამოდის იმ შოკიდან, რომელშიც, თავის დროზე, ჩააგდო ლანამ და შემდეგ „კონტინიუსად“ იქცა ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და სხვათა გამოსვლებით. ევროპამ ახლა აღმოაჩინა, რომ საქართველოში დრონი იცვალა და ინგლისური აღარ ეკერკებათ, რაც მამა-ბიძინამ ისევ მასკვისკენ ქნა პირი და წაიღო ბორჯომი, ღვინო და ბაღ-ბოსტანი. ისე არ გამიგოთ, ვინმეს ვძრახავდე ინგლისურის არცოდნის, ან ბესელიურად ცოდნის გამო. არცოდნა არცოდვაა. არ იცის და ისწავლის, ანდა არ უნდა და არ ისწავლის. სულაც არაა აუცილებელი, ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ინგლისურად ან ფრანგულად სხლავდეს, ბესელია არც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, არც საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ბერწი ინგლისურის გამო პასუხი მოვთხოვო, მაგრამ რა რჯიდა, ინგლისურად რომ წარდგა პუბლიკის წინაშე? სწორედ ეს არის მთავარი! _ უპასუხისმგებლობა! ან მოწყვეტილია რეალობას და თავისი ინგლისური უნაკლო ჰგონია, ან იცის, როგორც იცის და სულ არ აღელვებს, რას იტყვის ევროპა, მის „ჩინგლისურს“ რომ მოისმენს. არ აღელვებს, რომ ამით მარტო თვითონ კი არა, ქვეყანა ხდება დასაცინი.

იყო დრო, როგორც მუხრანი წერდა, ჩვენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ეკიდა, ახლა დრონი იცვალა, შენი ევროპა ბიძინას, ღარიბაშვილსა და ბესელიას ფეხზე კიდიათ. ამის დასტურია სწორედ ეკას ინგლისურიც და ის განცხადებებიც, რაც ევროპის საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა ბატონმა ღარიბაშვილმა. ევროსაბჭოს რეზოლუცია „პარტიების რეზოლუციად“ შერაცხა. თურმე ნუ იტყვით და არ ეთანხმება ევროპსაბჭოს რეზოლუციას, რომელიც ამ ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას შეუცვალონ აღმკვეთი ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით. ღარიბაშვილი ამ არდათანხმებით არ კმაყოფილდება და უფრო შორსაც მიდის, თან გაიძახის, ახალაიას პატიმრობა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მიესაჯაო და თან ყინჩად და კატეგორიულად გაიძახის: „ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში, წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს“. რანაირადღაა სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი, როცა ვერდიქტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს გამოაქვს? რა სტადიაში გადავედით, როცა ზრდილობის გამოც აღარ ნიღბავენ დიქტატს სასამართლოზე? ან რომელ მძიმე დანაშაულებზე ლაპარაკობს, რომელსაც ქრონიკულად აბრალებენ და ვერ უმტკიცებენ?

და რა არის ეს ყველაფერი, თუ არა ევროპის ფეხებზე დაკიდება და ამ ფეხების აქ, ადგილზე ბაკუნი, ისტერიკა? 2 წელია, კაცი ციხეში გიზით, ხან ვაშლის თლას აბრალებთ, ხან რას, ხან რას, ვერაფერს უმტკიცებთ, გეუბნებიან, გაუშვით ციხიდანო და ფეხებს აბაკუნებთ, გინდათ, რომ ისევ ციხეში გყავდეთ გამომწყვდეული! ეგ თქვენი ფეხების ბაკუნი მართლა ფეხებზე კიდია ევროპას, აშშ-ს და შეირგეთ მაინც, 2 წელი რომ ციხეში გამოამწყვდიეთ და ახლა გაიტრუნეთ მაინც. ან დაგემტკიცებინათ, რასაც აბრალებდით! მაგრამ რას დაუმტკიცებდით, რაც არ იყო? მარტო ხელისუფლება არ აბაკუნებს ფეხებს. ფეხებს აბაკუნებს ის ელექტორატიც, რომელიც ქუჩაში იყო გამოვარდნილი და ახალაიას მკვლელად, სადისტად აცხადებდა.

რამ გაამწარათ ახლა? რამ და იმან, რომ „ამაგი“ უფლავდებათ. გვაყვედრიდნენ კიდეც, სისხლისმსმელები მოვაშორეთ ქვეყანასაო. ახლა კი ირკვევა, რომ არცა ვაშლსა თლიდა ვინმე და არცა სისხლსა სვამდა და რა გამოდის, ვინ მოაშორეს ქვეყანას? _ ქურდების რისხვა ბაჩო ახალაია. „ამაგი“ იქით იყოს და ბაჩოს, მიშას და, საზოგადოდ, „ნაცების“ სისხლისმსმელობით და ამ სისხლისმსმელების მოშორების აუცილებლობით „აპრავებდნენ“ თავიანთ მსუნაგობას, აი, იმას, მუქთად რომ მიეყიდნენ ბიძინა ივანიშვილს. ყველა მაღალი იდეალებით ფუთავს თავის ბრძოლას, აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, ბიძინასგან ფულების ჩამორიგებას ველით და ამიტომ უნდა გავრეკოთ „ნაციონალები“ ხელისუფლებიდანო? დიახ, მუქთად მიეყიდნენ, მუქთად იმიტომ, რომ ბიძინას არც არავისთვის დაურიგებია ის ფულები, რომელსაც ელოდნენ. მშრალზე ხომ დარჩნენ და დარჩნენ და ახლა ალიბიც დნება და აშკარა ხდება, რაც ქნეს, რაც ჩაიდინეს და ფეხებს აბაკუნებენ. ბოღმას პროკურატურაზე ანთხევენ, თუ როგორ ვერ დაუმტკიცეს ვერაფერი ახალაიას.

ის არ ეყოფოდათ, არჩევნების მერე რომ „ნაციონალები“ არ აიბარგნენ და ქვეყნიდან არ მოძუძგეს? ბევრ რევანშისტს ხომ სწორედ ასე წარმოედგინა? როგორც მოხდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, გინდაც აჭარიდან აბაშიძის განდევნის შემდეგ, რომ ეს „ნაცები“, როგორც კი დამარცხდებოდნენ, ჩემოდნებს ჩაალაგებდნენ და უგზოუკვლოდ გადაიკარგებოდნენ ამ ქვეყნიდან. მაგრამ რა მიიღეს? ვის მოძუძგვასაც ელოდნენ, აქ ძლიერ ოპოზიციად შერჩათ ხელში და სხვა რა დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ციხეებში გამოამწყვდიონ და ჩვენ ყურები გამოგვიჭედონ „9 წლის“ ძახილით. 9 წელი, 9 წელი და ამ ძახილში გავიდა 2 წელი… მითხარით, აბა, რომელ გაკეთებულ საქმეს წამოგვაძახებთ? საჩხერეში და გუდაურში აშენებულ 2 ცალ პოლიციის შენობას? მთელ ქვეყანაში 2 პოლიციის შენობის აშენებით გნებავთ გამაკვირვოთ, ყბა ჩამომივარდეს? 2 მაგდენს თქვენგან ნალანძღი მიშა და ვანო თითო უბანში აშენებდნენ, გაიხედ-გამოიხედეთ, რამდენი ახალი პოლიციის შენობა დგას და როდინდელია. როდემდე უნდა დამძახოთ ტელეეკრანიდან, რომ საჩხერეში პოლიცია ააშენეთ? ისე, ისევ ეკას ინგლისურს მინდა მივუბრუნდე, აღშფოთებაც გასაგებია და ხარხარიც, მაგრამ ერთი რამე რომ არ ვთქვა, ნამუსი არ დამაძინებს ამაღამ. როგორც ქართლში იტყვიან, თქვე კაი დედმამიშვილებო, ერთი ამბავი რომ ატეხეთ, როგორ გაბედა ევროსაბჭოში ამ ინგლისურით გამოსვლაო, არ იცით, როგორც გაბედა? ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ბედავს მიჯირყვნილი ქართულით გამოსვლას ჩვენ წინაშე: „ვიაბედე“,  „მივიღე ვზაიმნი“, „ჩემისებს ხვალ დავასახელებ“, „ჩავასრულებ და მერე ჩამეკითხეთ“, „მოვიშოროთ და ჩავიშოროთ“ და ა. შ., ზუსტად ისე, როგორც ბედავს რუსი ჟურნალისტების წინაშე: „ია ვიდელ ვაშუ გადაცემუ“ რუსულით გამოსვლას…

ისე, რაღა დაგიმალოთ და ეკას სტრასბურგში ბერწი ინგლისურით გამოსვლა ნამდვილად მირჩევნია ჩვენი ქართველების მოსკოვში ქართული ცეკვა-თამაშით გამოსვლას…

ამჯერად არავის პერსონიფიცირება არ მინდა, დიდი ილიას თქმისა არ იყოს, ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ. ეს საზოგადო ჭირი კიდე ის გახლავთ, რომ ჩვენს კულტურისა თუ სპორტის წარმომადგენელებს დაუძლველი ძალა ექაჩებათ ოკუპანტი ქვეყნისკენ. გვმოძღვრავენ კიდეც, რომ კულტურა და სპორტი პოლიტიკაში არ უნდა გავრიოთ, თუმც კი სწორედ პოლიტიზებულ ღონისძიებებზე ვხედავთ მათ და არა წმინდა კულტურული სახის ღონისძიებებზე. იმასაც ხშირად გვიმეორებენ, რომ სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა ყველგან უნდა იარონ, თუმცა, რატომღაც მხოლოდ (მხოლოდ თუ არა, უმეტესად) რუსულ წიაღში ვხედავთ მათ, ანუ საბჭოთა წიაღში. კი დაირქვეს ელიტა, მანამდე ინტელიგენცია, მაგრამ რეალურად ჩვენ გვყავს არა კულტურის მოღვაწეები, არა სახელოვნებო ელიტა, არამედ გვყავს კულტურის მუშაკები, შოუბიზნესის მუშაკები, ანუ ზუსტად ისე, როგორც გვყავდა საბჭოთა საქართველოში და რაღა გასაკვირია, თუ ისინი მშობლიურ საბჭოთა წიაღში მიილტვიან _ ვითარცა უძღები შვილები? რატომ მიილტვიან ასე გააფთრებით მოსკოვისკენ? რატომ მკვიდრდებიან იქ იოლად და სხვაგან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში _ ძალიან რთულად? იმიტომ ხომ არა, რომ მხოლოდ რუსეთშია მათი ნიჭი და გაქანება კონვერტირებადი? მხოლოდ იმ საბჭოთა სტანდარტებს აკმაყოფილებენ, რომელშიც დღემდეა ჩარჩენილი რუსული ესტრადა? დიახ, ბატონებო, კრემლმა შეგნებულად ჩატოვა რუსული ესტრადა იმ საბჭოთა დროში, ჩატოვა იმისთვის, რომ რუსეთი მუდმივ ნოსტალგიაში ამყოფოს და მომღერალიც და მსმენელ-მაყურებელიც ერთად მისტიროდნენ იმ საბჭოთა იმპერიას, რომელიც თავზე ჩამოემხოთ. აბა, ერთი, კარგად ნახეთ და უსმინეთ 80-იანი წლების მიწურულის, ან 90-იანების დასაწყისის რუსულ ესტრადას და მერე დღევანდელს, და თუ რამე არსებითს შეამჩნევთ განვითარებაში, იქნებ, შემატყობინოთ?

ასე რომ, რაღა გასაკვირია, რომ წარსულში ჩარჩენილი შოუბიზნესის მუშაკები ილტვოდნენ იქ, სადაც იმ სტანდარტებს გასავალი აქვთ, რომელსაც აკმაყოფილებენ? კი, ვიცი, მეტყვით, რომ სამშობლოს ღალატია, როცა ოკუპანტ ქვეყანას, სულ რაღაც, 5-6 წლის წინათ შენი სამშობლო დაბომბილი აქვს, ქართველი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა ნახოცი ჰყავს, ამას მე ნუ მიხსნით, მათ აუხსენით, მე, უბრალოდ, შემიძლია განგიმარტოთ, რომ მათი დიდი უმრავლესობა სულაც არ ღალატობს სამშობლოს. მომიბრუნდებით, _  როგორ არ ღალატობსო? მე კიდე გეტყვით, _ ჭრელად! არ ღალატობენ. პირიქით, ისინი თავისი სამშობლოს ერთგულები არიან. დიახ, მათი სამშობლო დიადი საბჭოთა კავშირია, რომელშიც შედიოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც მათ მოუწიათ დაბადება და ცხოვრება. ახლა, ნუ დაძრახავთ, მათ არ აურჩევიათ აქ დაბადება. რას ვიზამთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთ მიწაზე გვიწევს ცხოვრება და სამშობლო სხვადასხვა გვაქვს, ჩვენ _ დამოუკიდებელი საქართველო, მათ _ საბჭოთა კავშირი. ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვერთგულებთ, ისინი _ თავისას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე კონკრეტულ პირებთან საქმე არ მაქვს, მე საზოგადო ჭირზე მოგახსენებთ. გამონაკლისი და გზასაცდენილი ყველგანაა და არ არის გამორიცხული, ვინმე მოსკოვში წასული უბრალოდ შეცდა, ან რამე სხვა პრინციპებით იხელმძღვანელა, რომელიც ჩვენთვის, რიგით მოკვდავთათვის, შეუცნობელია _ რას გაუგებ მოსკოვის სიყვარულს?..

 

                                                                                                 რეზო შატაკიშვილი