ლევან ალაფიშვილი: „ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ამომრჩეველი ავიწყდება“

2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე, თითქმის, ერთი წელი გავიდა. მოვლენები იმ დღეს შემდეგნაირად განვითარდა:

ყველაფერი დაიწყო 20 ივნისის დილას, როცა რუსი დეპუტატი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსულ ენაზე წაიყვანა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია დაიწყო. ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა ჰქონდათ. გვიან ღამით პოლიციამ აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაიწყო. ათეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, მრავალმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება. 21 ივნისის დილას შსს-მ უამრავი ახალგაზრდა დააკავა. 21 ივნისს დაიწყო კიდევ ერთი აქცია, _ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით.

ამ ფაქტიდან ერთი წლის თავზე ვინ გამოვიდა გამარჯვებული? რა როლი შეასრულეს მაშინ ახალგაზრდებმა და ეცადნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები მათ მიზანმიმართულ მარგინალიზაციას? რა მოცემულობაში იმყოფება დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, რა მოცემულობაში არიან 20 ივნისიდან ერთი წლის თავზე ხელისუფლება და ოპოზიცია?
_ არ ვიქნები სწორი, თუ საკუთარ თავსა და მკითხველს არ შევახსენებ და მსჯელობას არ დავიწყებ იმ მნიშვნელოვანით, რასაც ჰქვია ახალი, „ივნისის თაობა“, რომელმაც უკვე მესამედ, სწორედ გასულ წელს გვითხრა, რომ ისინი აქ არიან. გავიხსენოთ 20 ივნისის საღამომდე პერიოდი და ყველაფერს პასუხი გაეცემა: ეს იყო ახალი თაობის პროტესტი, მათ მიერ სამშობლოსადმი გამოხატული სიყვარული, იმ სამშობლოსადმი, ღირსეულ სახელმწიფოდ რომ უნდათ იხილონ და სადღეგრძელოში ნათქვამი სამშობლოსადმი. ამ თაობას, წინა ორ შემთხვევაში, ეს საქმით ჰქონდა დამტკიცებული და ჩვენი თაობა, მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსები თუ სხვები, ვერ თუ არ ვიმჩნევდით ამას, რაც, გარკვეულწილად, თაობათა მიუღებლობასაც კი შეიძლება შევადაროთ. ამ ბავშვებმა 2015 წელს დაიწყეს საჯაროდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სახელმწიფოებრივ საკითხებზე. 2015 წელს საგამოცდო პერიოდი იყო დაწყებული, როდესაც 13 ივნისის ტრაგედია დატრიალდა, მეორე დღესვე დაცარიელდა უნივერსიტეტი ისე, რომ მათთვის არავის დაუძახია, ისინი სამშობლოს ასუფთავებდნენ, მათ შორის, დაგროვილი პოლიტიკური ნაგვისგან. ხელისუფლებამ იმ დროს საკუთარი პასუხისმგებლობისგან გამოძრომა სცადა და ზოოპარკის დირექტორის კინაღამ ტელედაპატიმრება ვიხილეთ. მაშინ ბავშვებმა ნიჩბები ზოოპარკში დაალაგეს, იმ დასვრილი ხელებით მივიდნენ კანცელარიასთან და საბჭოში რომ ისხდნენ და საქმის შეკერვასა და ზოოპარკის დირექტორისთვის პასუხისმგებლობის ჩამოკიდებას ცდილობდნენ, მათ უთხრეს: ნუ ყეყეჩობთ, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! ხელისუფლება შეშინდა. ამის შემდეგ ივნისი ჩვენი ქვეყნის ისეთ ცდომილებებს ეხება, რომელშიც ეს ახალი თაობა ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობების სადარაჯოზე გამოდის. შეგახსენებთ 2017 წელს, როდესაც გამოხატვის თავისუფლების გამო მათივე თანატოლები დააპატიმრეს. შეიძლება, ვიღაცისთვის მიუღებელი იყო ის, რასაც ისინი იმ კლიპში გამოხატავდნენ, მაგრამ ეს გახლდათ გამოხატვის თავისუფლება და ამისთვის დააპატიმრეს ის ახალგაზრდები. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით ეს ბავშვები პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ. სააპელაციომაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. მაშინ ახალი თაობის პროტესტს ქვეყნის გავლენიანი პირის შვილი გამოეხმაურა და სასამართლომ ისინი მეორე დღესვე გაათავისუფლა. ამის შემდეგ, 2019 წელს, შეიძლება მათი პოლიტიკური გამოუცდელობაც იყო, რომ ისინი პოლიტიკოსებმა გამოიყენეს და მიმართულება მისცეს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეს ჯერ კიდევ ჩანს. თუმცა ახალგაზრდებს სწორი სამოქალაქო ბრაზი ჰქონდათ, მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ გავრილოვის ვიზიტს, რითაც ჩვენი თაობის პოლიტიკოსებმა სცადეს საკუთარი პოლიტიკური სარგებლის დაგეგმვა და ზოგმა მიღებაც კი. ამ ახალგაზრდების მოთხოვნა იყო: გახარიას გადადგომა, პროპორციული არჩევნები და 20 ივნისს დაკავებულთა განთავისუფლება. სამწუხაროა, რომ მათი გამოუცდელობის კვალობაზე პოლიტიკოსებმაც ისე წარმართეს თავიანთი საქმიანობა, რომ ეს სამი მოთხოვნა კი არ დაკმაყოფილებულიყო, არამედ, ვიმეორებ, საკუთარი სარგებელი ენახათ. მართალია, მაშინ ხელისუფლება ტაქტიკურად რაღაც ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ ის დროებითი იყო და საბოლოოდ არც ერთი საკითხი არ დათმო. ახალი თაობის სწორი მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები, რაც არ შესრულდა, გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აღარ არის, თუმცა დაწინაურებულია. იმდროინდელი პატიმრები კი არათუ გაათავისფლეს, არამედ მაკო გომურის საქმეზე გამოძიებაც არ დასრულებულა. ანუ ხელისუფლება ამ ბავშვებს ეთამაშა და ისინიც საკუთარი პოლიტიკური გამოუცდელობით ისე მარტო იყვნენ ჩვენს თაობასთან პირისპირ დარჩენილი, რომ რეალურად ხელისუფლებამ მათ მოუგო. სხვა პოლიტიკოსებმა შეიძლება სარგებელიც ნახეს. ასე რომ, მე 20 ივნისსა და ზოგადად ივნისს, განვიხილავ მომავლის ჭრილში. მომავალში ეს თაობა აღარ დაუშვებს მსგავსს შეცდომას და ჩვენც აღარ გვაპატიებს ასეთ რაღაცებს. 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებია, ეს ახალი თაობა გვეტყვის, რომ მათ სხვანაირი სამშობლო და პასუხისმგებლობა უნდათ, ისინი ამას საქმით დაგვანახებენ და ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, შეგვარცხვენენ კიდეც.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ რიგი პოლიტიკოსები მიმართულებას აძლევდნენ ახალგაზრდებს. მათი მიზანი საპროტესო მუხტის დავარდნა იყო?
_ შესაძლებელია. ამასაც ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ პოლიტიკოსებმა მიმართულება მისცეს. ახალი თაობის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, მაგრამ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სარგებელი ნახეს. ლოგიკურად დავალაგოთ: ვის სჭირდებოდა პროტესტის პიკზე დროის მოგება? _ რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. თუკი მას ვინმე ან რამე დროის მოგების საშუალებას მისცემდა და ამ პიკურ პროცესებს დროში გაწელავდა, ბუნებრივია, ის ნებსით თუ უნებლიეთ, სარგებლით თუ უსარგებლოდ, ითამაშაებდა სწორედ ხელისუფლების თამაშს. უბრალოდ, სხვა ლოგიკა არ არსებობს. ისტორია გამოაჩენს ამას და ძალიან ბევრს შერცხვება. ჩემთვის აშკარა იყო, რომ ივნისის ბოლო რიცხვებისკენ დაიწყო დროის მოგებაზე ზრუნვა და, შესაბამისად, ამ გულწრფელი, სწორი, პატრიოტული და სახელმწიფოებრივი პროტესტისთვის კონკრეტული მიმართულების მიცემა, რომელიც მუხტს გაანელებდა. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
_ დაასახელებთ თუ არა კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა დროის გაწელვის მიზნით და ნებსით თუ უნებლიეთ ხელისუფლების ინტერესები გაატარა?
_ ყველამ მეტ-ნაკლები როლი შეასრულა. ვიღაც ცდილობდა, რომ თავისკენ გადაებირებინა ამ ახალგაზრდების ნაწილი. თუ ამას ვერ მიაღწევდა, მაშინ ცდილობდა ახალგაზრდებისთვის ისეთი ნაბიჯებისკენ ებიძგებინა, რომელიც მათ გაამარგინალებდა ან მინიმუმ პროტესტს სხვა მიმართულებას მისცემდა. თუკი ვინმემ ხელშესახები შედეგი მიიღო და გამარჯვებული გამოვიდა, ეს ხელისუფლებაა. ობიექტურად რომ ვთქვათ, ჩვენ _ საზოგადოებას _ არაფერი მიგვიღია, ახალი თაობის მოთხოვნებიც ისევ ჰაერშია გამოკიდებული. მათი სიმბოლო მაკო გომურის საქმე გამოძიებულიც კი არ არის. ჩემთვის ესაა ხელისუფლების პროტესტი ამ ახალგაზრდების მიმართ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოებრიობა ჩვენი პოლიტიკოსებისთვის ვერა და ვერ გახდა დომინანტი. სუბიექტურ და პარტიულ ინტერესზე მაღლა სახელმწიფოებრივი უნდა იდგეს. ეს ახალი თაობა გვასწავლის ამას.
_ როგორია ოპოზიციის მოცემულობა დღეს, როცა ისინი, ჯერ კიდევ, ვერ შეთანხმდნენ თბილისში ერთიან კანდიდატებზე და რა გავლენას ახდენს ამ პროცესებში სააკაშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები (ჯერ თქვა, რომ ქართული პოლიტიკისთვის არ სცალია, შემდეგ კი განაცხადა, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებიო)? მესამე პრეზიდენტი ბრძოლის წინა ხაზზე დგომას აპირებს, თუმცა „ევროპული საქართველოდან“ პასუხობენ, რომ დისტანციურად ეს არ გამოუვა.
_ მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი პარტიული სიით იყვნენ შესული პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რიცხოვნობით „ევროპული საქართველო“ უფრო მეტადაა წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ცხოვრებაში უპირატესობა მოიპოვა და პარტია, რომელმაც ბევრ კრიზისს გაუძლო, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, 6-კაციანი ფრაქციით არის წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა და მას „ევროპული საქართველო“ გამოეყო, სხვადასხვა ინტენსივობით, შეფარულად თუ ღიად, თვალყურს ვადევნებთ ამ ორ ძალას შორის ქიშპობას. ისინი კუნთებს ათამაშებენ არა მხოლოდ ერთმანეთის მიმართ, არამედ _ ელექტორალურადაც. სავარაუდოდ, ახლაც ამის გაგრძელებას ვუყურებთ. ზუსტად ამიტომაა, რომ ბოლო პერიოდში, ერთი გააკეთებს განცხადებას, მეორე კი საპირისპიროს ამბობს. მე არც ერთის არც ინტელექტუალურ და არც ორგანიზაციულ შესაძლებლობებს არ ვაკნინებ, მაგრამ ვინმეს უნდა თუ არა ეს, მოცემულობა ასეთია: საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არ არსებობს ყოფილი მმართველი პარტია, რომელმაც ამდენი კრიზისი გადაიტანა და დარჩა პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ გვახსოვს „მრგვალი მაგიდა“, „მოქალაქეთა კკავშირი“, ისინი მმართველი პოლიტიკური ძალები იყვნენ, თუმცა ვერ დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენჯერმე დაიშალა, მან მაინც შეინარჩუნა ადგილი არა მხოლოდ პარლამენტში მანდატების კუთხით, არამედ მას ჰყავს ამომრჩეველი. ამ მოცემულობის კვალობაზე, ოპოზიციური ფლანგიდან სასტარტო პირობების გასამყარებლად ვიღაცები წარმართავენ თავიანთ კამპანიას, და რამდენად სწორად, ამას არჩევნები გამოავლენს. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ საჯარო განცხადებებსა და კუნთებით თამაშში (მე წინა ხაზზე ვიქნები, შენ მომყევი და ჩემზე სამი რიგით უკან დადექი) მოზომილები უნდა იყვნენ. ხშირად ავიწყდებათ, ვინ აძლევს მანდატს მათ და ვისი მიცემული ხელფასი უდევთ ჯიბეში. ყველას ავიწყდება ამომრჩეველი, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. ამ შემოდგომიდან უკვე ახალი თაობა მოდის, ის ამომრჩეველი გახდა, მათ ელექტორალურ სურათზე მცირე ცვლილების მოხდენა შეუძლიათ. პოლიტიკოსებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. თუ პოლიტიკოსებმა ასე გააგრძელეს ხან ერთ და ხან მეორე პარტიაში ყოფნა, ეს თაობა აუცილებლად მიუჩენს მათ ადგილს. ათწლეულებია ვამბობ: არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში, პოლიტიკოსები გვპირდებოდნენ დემოკრატიის განმტკიცებას ქვეყანაში და თვითონ არ ჰქონდეთ პარტიაში დემოკრატია.
მსოფლიოში პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველ ადგილად იქცა წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებისთვის, რომლებიც მცირე პერიოდით გადადებენ საკუთარ ცხოვრებას და ამომრჩეველს ემსახურებიან. ჩვენთან პირიქითაა, პოლიტიკაში მოდიან მუდმივად, რათა საკუთარ თავს ემსახურონ. პარტიული სისტემა, არადემოკრატიულობის გარდა, კორუფციულიც არის ხელისუფლების სასარგებლოდ. ძველი სისტემა გარკვეული მოდიფიკაციით შენარჩუნებულია, დაფინანსებას ვგულისხმობ, ანუ უმრავლესობა ვისაც აქვს და ქმნიდა და ქმნის კანონს, ისე წერს კანონს, რომ ჩვენი ფული მისცეს იმ ოპოზიციას, რომელსაც ის დროის კონკრეტულ მონაკვეთში სწორად მიიჩნევს. რეალურად, ყველა ხელისუფლებას ჰყავს საჩვენებელი ოპოზიცია, რომელსაც, მიუხედავად მისი სისუსტისა, ფინანსურად ბიუჯეტიდან ეხმარება და დემოკრატიული ანტურაჟიც სახეზეა. რამდენი წელია, პრაიმერისზე გვესმის, გამჭირვალედ დავაკომლექტებთ სიასო. გინახავთ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეს გაეკეთებინოს?
_ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აწყობს პრაიმერისი…
_ რამდენიმე მიზეზია, რატომაც არ აწყობს: ან წევრები არ ჰყავთ, ან მხარდამჭერები, ან კიდევ იმ წევრებმა და მხარდამჭერებმა შეიძლება, მათ მიერ დაყენებულ კანდიდატს არ დაუჭირონ მხარი.
_ მსგავსი კულტურის ჩამოყალიბებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. გიორგი რურუა ისევ ციხეშია და საკონსტიტუციო ცვლილებებში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ხედავთ თუ არა იმის რისკს, რომ ეს ცვლილებები მმართველმა გუნდმა მეორედ ჩააგდოს?
ოპოზიციურ სპექტრშიც ხომ არ აწყობთ ვიღაც-ვიღაცებს არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება _ ყველაზე მეტად, „ნაციონალურ მოძრაობას“?
_ შესაძლებელია, მათაც და სხვებსაც, ვინც უფრო დიდები არიან და არ უნდათ რაღაცების გაყოფა, რადგან არსებულ სისტემაში უფრო კომფორტულად იქნებიან. ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ ერთი რამ ექნებათ სათქმელი, რომ ხელისუფლებამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არ შეასრულა დანაპირები. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გაათავისუფლოს რურუა, მაგრამ მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის ნაწილში ყველაფერი თვლადია და ბუნებრივია, დასავლეთი ოპოზიციასაც დააკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას, თუ ცვლილებები ჩავარდა. ეტყვის, რომ ტაქტიკა უნდა შეეცვალათ, დაეჭირათ მხარი ცვლილებებისთვის და რურუას შემდეგ გაათავისუფლებდნენ.
_ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რურუას განთავისუფლება პრინციპის საკითხია, რომ თუ ახლა დათმობენ, ხელისუფლება უარესს იზამს. რამდენად ძლიერი არგუმენტია?
_ უარესს რაღას იზამს? არ მგონია, რუსეთს ჩაგვაბაროს, ომს ვერ დაიწყებს, ვერ გაისვრის, საკუთარ განაჩენს ხელს ვერ მოაწერს, უარესი რაღა უნდა ქნას?! შარშან შემოდგომის პირისთვის პოლიტიკური დაძაბულობა ისეთი პიკური იყო, რომ, პრაქტიკულად, ხელისუფლება შეეგუა, რომ შეიძლება, ძალაუფლების დატოვება გამხდარიყო საჭირო, თუნდაც ვადამდელის გზით. ხელისუფლებიდან ჩამოშორების ძალიან მაღალი ალბათობის პირობებში, მათ არათუ დაკარგეს ან დათმეს ძალაუფლება, არამედ ჩვენი ყველას მეცადინეობით, შეინარჩუნეს და განიმტკიცეს კიდეც. ეს ფაქტია, დაკარგული ჰქონდათ ძალაუფლება და ახლა უფრო მყარად დგანან, ამაზე უარესი რაღა უნდა გააკეთონ? რომ არა პროტესტისთვის მიმართულების მიცემა, მუხტის დაგდება და გადაგორება, ხელისუფლება შარშან დამთავრებულიყო და ამ ნაწილში ყველამ ერთად შევიტანეთ „წვლილი“.
_ დღევანდელი მოცემულობით შეიძლება თუ არა იმის პროგნოზირება, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით რჩება?
_ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს და შეიძლება ვიღაცებისთვის ძალიან მკვახედაც ჟღერდეს, უნდა ვთქვა: ოპოზიციას შეუძლია, რომ „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით დარჩენის შანსი მისცეს, სამწუხაროდ. თუკი ოპოზიციამ გრძელვადიანი ტაქტიკა არ გათვალა სწორად, მაშინ ხელისუფლება კვლავ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ყველა ადამიანს პატივს ვცემ, მათ შორის, გიორგი რურუას, მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფერი კარგი მინდა, ჩემი თანამოძმეები ყველანი მიიყვარს თავისი შეცდომებით, მაგრამ ხომ არის სახელმწიფოებრივი ხედვა? შეიძლება ადამიანის ბედზე საუბარი, მაგრამ როცა შეგიძლია მისი საკითხი გადაწყვიტო ორი თვით გვიან, სანაცვლოდ კი ხარისხში, სტრატეგიულად მოიგო და ამას არ აკეთებ, ე. ი. შენ ეს არ იცი და პოლიტიკაშიც არ უნდა იყო, ან იცი ეს და შეგნებულად არ აკეთებ, რაც ასევე დამღუპველი და მიუღებელია. პარტიული გადმოსახედიდან ოპოზიციის ნაბიჯი შეიძლება ტაქტიკურად სწორი იყოს, ოღონდ ეს არ არის ჩემთვის საკმარისი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები პარტიულ და სახელმწიფოებრივ საკითხებს ერთმანეთისგან არჩევდნენ და კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება არის და ისტორიული მომენტიც შეიძლება იდგეს, პარტიულ ინტერესებს სახელმწიფოებრივს არ უნდა ანაცვალებდნენ.
პანდემიამ ძალიან დიდი რესურსი მისცა ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო გაძლიერებულიყო, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური ცხოვრება, პრაქტიკულად, მოკვდა. აქედან გამომდინარე გაძლიერდა ხელისუფლება, რადგან ის რაღაცებზე რეაგირებდა და დღემდე მოვედით. თქვენი მეშვეობით მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა: პანდემიის დროს შეზღუდვებისას, როცა პრეზიდენტი ცუდ დეკრეტებს გამოსცემდა, ყველას გვაჯარიმებდნენ, ოპოზიციონერები მხოლოდ ახლა ამბობენ, რომ ეს ჯარიმები მოსახლეობისთვის მძიმეაო. ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, უნდა გავაუქმოთო, არადა, კენჭისყრის შედეგებში ჩანს, რომ 21 მარტს ოპოზიციამ მხარი დაუჭირა ამ ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია გვაჯარიმებს ყველას ერთად, ახლა თავს ნუ იტყუებენ. თან ამბობენ, ხელისუფლება გაძლიერდაო. ცოდნით, შეგნებით თუ შეუგნებლად კი არ გაძლიერდა, ასეთ გადაწყვეტილებაზე მხარდაჭერით თვითონ გააძლიერეს ხელისუფლება. ახლა გვიანია.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მე წავედი, არადა, ისინი ამბობდნენ, ჩვენ წავალთო, მაგრამ მათი სარჩელი არავის უნახავს! დღეს მე ვარ მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში: პრეზიდენტი, გახარია, „ქართული ოცნება“ და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტია ერთად არის ახლა რიგითი მოქალაქის წინააღმდეგ, ეს გაითვალისწინონ.
_ ხელისუფლება ოპოზიციის მისამართით არაერთხელ იყენებს სიტყვა დესტრუქციულს. თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რაზედაც ახლა ისაუბრეთ, შეეფერება თუ არა ეს სიტყვა ოპოზიციურ სპექტრს?
_ როცა ხელისუფლება ვინმეზე ამბობს დესტრუქციულს, ეს ჩვენი ყოფის პარადოქსია, კურიოზიც არ ჰქვია. მთელი ქართული პოლიტიკა დესტრუქციაა მოქალაქეების წინააღმდეგ. მთავარია, პასუხისმგებლობა ვიცოდეთ. მოქალაქის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცენტრი არის რიგითი მოქალაქე. რიგითის გარეშე კი გენერალიც არ არსებობს, არათუ პარლამენტარები.

ნენე ინჯგია