პაატა მანჯგალაძე: „არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლის დასაწყისშივე სააკაშვილის ფაქტორის გამორიცხვა არის ზუსტად ის, რაც ივანიშვილის დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება”

ბოლო დროს ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოიშოროს. ამ მოსაზრებას ოპოზიციის ნაწილიც ეთანხმება. მეორე ნაწილი კი სხვაგვარად  ფიქრობს.

„ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში სააკაშვილის ფაქტორის გამორიცხვა „ქართული ოცნების“ ლიდერის ინტერესებშია.

_ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგის საარჩევნო სტრატეგია ,ისე დავამარცხოთ ივანიშვილი , რომ არ მოვიდეს სააკაშვილი, არის ან მიზანმიმართული მავნებლობა, ან პოლიტიკური სიბრიყვე, რადგან ზუსტად იმეორებს 2016 წლის ოპოზიციის მცდარ სტრატეგიას, როცა ვერცერთ ფუნდამენტურ საკითხზე ვერ შეძლო შეთანხმება და კოორდინაცია და ნაცვლად იმისა რომ ყველა ივანიშვილის წინაღმდეგ ყოფილიყო,ოპოზიციამ აირჩია ყველა ყველას წინააღმდეგ სტრატეგია, რაც ხალხის თვალში ოპოზიციურ იდეებს წარმოაჩენს არა საერთო მიზნებისთვის პრინციპულ ადამიანებად, არამედ ერთმანეთთან ჩასაფრებულ, ძალაუფლებისთვის მებრძოლ კარიკატურებად.

 მე მესმის ოპოზიციაში პიროვნული ფაქტორების და  ვიწრო პარტიული თუ სხვა ინტერესების გავლენა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ბრძოლის დასაწყისშივე ამ მოტივებით გამორიცხვა ერთ-ერთი მაღალი ოპოზიციური მუხტის მატარებელი ლიდერის , ვგულისხმობ სააკაშვილს, და მისი მომხრეებს, არის ზუსტად ის, რაც ივანიშვილს ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება.

უნდა გვესმოდეს,  ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო არ გვაქვს იმის ფუფუნება  რომ პირადი და ვიწრო პარტიული ინტერესების აქცენტირებით საფრთხე შევუქმნათ ოპოზიციურ ერთობას და ამით ხელი შევუწყოთ ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში.

 რაზე ვდაობთ? – ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთთან კინკლაობასა და ბრძოლაში, _ აცხადებს პაატა მანჯგალაძე.