გაორმაგებული ფასები და გაკოტრების პირას მყოფი ტურისტული კომპანიები

საზღვრების ჩაკეტვამ, ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და სოციალური დისტანცირების მოტივით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური განვითარება.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის სიმყიფეს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ტურისტული სექტორის გაჩერებამ, რომელიც წლებია, ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც შრომით ბაზარს, ასევე ლარის კურსის სტაბილურობას _ ტურიზმიდან აკუმულირებული ფინანსური კაპიტალი, უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ლარის კურსის გამყარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდა.

მართალია, 15 ივნისიდან შიდა ფრენები აღდგება და ტურისტული სეზონი, ასე თუ ისე, ნელ-ნელა იხსნება, მაგრამ, ჯერჯერობით, უცნობია, რა დაუჯდებათ ადამიანებს დასვენება?.. თუმცა როგორც ტურისტული კომპანია Go tour-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, ფასების მომატება გარდაუვალია:

_ COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა გააჩერა, თუმცა პირველი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო. ვიცი, რომ „გოუ ტური“ აქტიურად მუშაობდა. ჯავშნები გაუქმდა რეგულარული ფრენების შეჩერებამდეც. როგორ აისახა კრიზისი „გოუ ტურზე“ და პარტნიორებმა გადახდილი თანხები დააბრუნეს?
_ ჩვენი პარტნიორების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თანხა დააბრუნა, როგორც ავიაკომპანიებმა, ასევე სასტუმროებმა. შესაბამისად, ფული მომხმარებლებსაც დაუბრუნდათ. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე დიდ პროექტთან დაკავშირებული შემთხვევა და თანხის ჩარიცხვას ველოდებით. ეს არის, დაახლოებით, 100 ადამიანი. რაც მთავარია, პარტნიორებთან შეთანხმება მიღწეულია. უბრალოდ, როგორც ისინი ამბობენ, ამ ყველაფერს ცოტა დრო სჭირდება. რეალურად, ამ პროცესმა სტანდარტულად და უპრობლემოდ ჩაიარა.
_ პანდემიამდე, ძირითადად, რა მიმართულებებზე იყო მოთხოვნა?
_ სხვადასხვა ტიპის მოთხოვნა იყო: ზამთარში _ ეგვიპტე-დუბაიზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ზამთარში საკმაოდ ცივა, ასევე დიდი მოთხოვნა იყო ევროპულ ტურებზეც. ევროპის ტურებზე ფასები შედარებით იწევს, რადგან სეზონი არ არის.
_ ევროპის რომელ ქვეყნებში იყო ტურები დაგეგმილი?
_ ძალიან ბევრი ტური იყო დაგეგმილი ავსტრიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ესპანეთში. დასანანია, რომ ყველაფერი გაუქმდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ზაფხულის სეზონისთვის ვემზადებოდით (წელიწადის ეს დრო ჩვენი ბიზნესისთვის ყველაზე აქტიური სეზონია). სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გარეშე დავრჩით.
_ თუმცა შიდა ფრენები 15 ივნისიდან აღდგება…
_ კი, მაგრამ ეს სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია.
_ როგორ ფიქრობთ, როდის დაუბრუნდება ტურიზმი კრიზისამდელ პერიოდს?
_ მინიმუმ, ერთი წელი დასჭირდება, ამასაც ყველაზე კარგი სცენარის მიხედვით გეუბნებით. სხვა კომპანიების შემთხვევაში არ ვიცი, შეიძლება უფრო მეტიც დაგვჭირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპტიმისტი ვიქნები და ვამბობ, მინიმუმ, ერთ წელიწადს. ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ. აქ აღარ ვგულისხმობ მხოლოდ განვითარებას, არამედ ვსაუბრობ იმ უამრავ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ამ ზაფხულს უნდა განმეხორციელებინა. შემოდგომის ღონისძიებებსაც კი ვეღარ ვგეგმავ.
_ ვეღარ გეგმავთ, რას ნიშნავს, ანუ შესაძლოა, ტურისტული კომპანია გააჩეროთ?
_ გაჩერებით არა, მაგრამ ისეთი მინიმალური ბრუნვა იქნება ამ სფეროში, რომ ყველანი გადარჩენაზე ვართ _ ის დიდი პროექტები, რომლებიც უნდა განგვეხორციელებინა ამ ზაფხულს და შემოდგომას, ყველაფერი ჩავარდა. დაგეგმილი გვქონდა ძალიან დიდი ჯგუფების წაყვანა- ჩამოყვანა და ბევრი სხვა.
_ და რა გიშლით ხელს ამ ყველაფრის განსახორციელებლად?
_ ამ დროს სხვანაირი მუშაობა მიმდინარეობს, ყველა დეტალია გასათვალისწინებელი, უამრავი ხარჯია გასაწევი, ამიტომ მტკიცებით ფორმაში მსგავსს დიდ პროექტებს ვერ დავგეგმავთ, რადგან საუბარი მიდის პანდემიის მეორე ტალღაზე და ასეთ რისკებზე ვერ წავალთ.
_ მინდა, ე. წ. მწვანე დერეფნები შეაფასოთ, რომელზედაც მთავრობა მუშაობს. გაამართლებს თუ არა ეს პროექტი? ანუ პანდემიის პირობებში რამდენად მოუნდება ხალხს მოგზაურობა და რამდენად გაბედულად დაიწყებს ტურისტი საკუთარი დასვენების დაგეგმვას?
_ პირადად მე პესიმისტურად ვარ განწყობილი. მართალია, ჩემ გარშემო არიან ადამიანები, თუნდაც ჩემი მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ საზღვრების გახსნისთანავე წავლენ სამოგზაუროდ, მაგრამ ეს ადამიანთა ძალიან მცირე პროცენტია. მაგალითად, მე ძალიან მინდოდა ამ ზაფხულს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ დასვენება, მაგრამ, მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვრისკავ. შესაბამისად, ვერავის ვურჩევ ვერაფერს. ჩემი აზრით, მორალური უფლება არ გვაქვს, ვინმეს რაღაც ვურჩიოთ, რადგან არ ვიცით, უცებ სად რა მოხდება ან როდის დაიწყება მეორე ტალღა. ახალგაზრდა და რისკიანმა ადამიანმა შეიძლება, უფრო ადვილად მიიღოს საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ არა მგონია, ოჯახებმა და ბიუჯეტურად კარგმა დამსვენებლებმა გადადგან ეს რისკიანი ნაბიჯი. ასევე მგონია შემოსვლაზეც.
_ მთავრობამ ტურიზმის სექტორისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. რამდენად იყო ამ გეგმაში ტურისტული სააგენტოების ინტერესები გათვალისწინებული?
_ ზოგადად, მთავრობამ ბევრი აქტიური და დროული ნაბიჯი გადადგა ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ, რეალურად, ამ 200-ლარიანი დახმარების მეტი არაფერი გვერგო. მესმის, პატარა ქვეყანა ვართ, მწირი ეკონომიკა გვაქვს და რისი შესაძლებლობაც არის, იმის მიხედვით ვმოქმედებთ, თუმცა, რეალურად, მძიმე სიტუაციაა. მარტო კომპანია ხომ არ არის? _ ამის უკან დგას უამრავი თანამშრომელი: დამლაგებელი, ბუღალტერი, მეიჯარე, რომლის უკანაც ასევე ოჯახი დგას და რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ეს ყველაფერი კი ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს. დიდი ძალისხმევა გვიწევს, რომ ოფისები შევინარჩუნოთ და არ დავცალოთ.
_ ამ პერიოდის განმავლობაში ოფისის იჯარის ხარჯების დაფარვა პირადი სახსრებით გიწევდათ?
_ რა თქმა უნდა.
_ არანაირი შეღავათები არ გაკეთებულა?
_ შეღავათები გაკეთდა, მაგრამ დაუსრულებლად ხომ ვერ გაგვიკეთებენ? კარგი იქნებოდა, კომპანიებზე სახელმწიფოს გამოეყო რაღაც კონკრეტული თანხა, რომელიც იჯარის გადახდას მოხმარდებოდა.
_ საზღვრების გახსნამდე რამდენად შეინიშნება მოთხოვნა შიდა ტურიზმზე, რომელიც, ოფიციალურად, როგორც უკვე აღვნიშნე, 15 ივნისიდან გაიხსნება?
_ შიდა ტურიზმს რაც შეეხება, ჩვენმა კომპანიამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა. ვცდილობთ, მაქსიმალურად გადავერთოთ და მოვერგოთ ახალ რეალობას. დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ გავააქტიუროთ შიდა ტურიზმი, ჩამოვწერეთ განახლებული პროგრამები, გეგმები და მიმართულებები. რეალურად, მოთხოვნილება ბაზარზე არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი ხალხს იძულებით დასვენება მოუწია. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სტრესს უკავშირდებოდა და ახლა უნდათ მოგზაურობა, თუნდაც თავისსავე ქვეყნის ფარგლებში, მაგრამ აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით.
_ რას გულისხმობთ?
_ ტრანსპორტის რეგულაციებს, რომლის პირობებშიც ძალიან რთული იქნება მუშაობა.
_ უფრო მარტივად განგვიმარტეთ, რას გულისხმობს ეს რეგულაციები და რატომ იქნება რთული როგორც ტურისტული კომპანიისთვის, ისე _ მომხმარებლისთვის?
_ მაგალითად, სპრინტერის ტიპის სამარშრუტო ტაქსიში უნდა ჩასვა მხოლოდ 11 ადამიანი, მინივენში კი _ 4. თუშეთში ოთხი ადამიანით რომ მინივენით წახვიდე, აუცილებლად გჭირდება ტურისტულიდან გამყოლი, ასევე გიდი და რეალურად ეს ყველაფერი უკვე ძალიან ძვირი ჯდება. ადრე სვანეთის ტური თუ ღირდა 250 ლარი ერთ პერსონაზე, სამი დღით, თავისი შიდა მუზეუმებით და ყველაფრით, ახლა იგივე ტურის საფასური 300 ლარზე მეტს შეადგენს. ოჯახიდან ორი ადამიანი მაინც რომ წამოვიდეს, 600-700 ლარი უნდა გადაიხადოს, რაც დამეთანხმებით, მარტივი არ არის. ახალმა რეგულაციებმა ტურების გაძვირება გამოიწვია.
_ ე. ი. კორონაკრიზისის ფონზე ფასების მატება გარდაუვალია?
_ რა თქმა უნდა! სასწაული ფინანსური ზარალი ნახეს ავიაკომპანიებმა და სასტუმროებმა როგორც საქართველოში, ასევე _ საზღვარგარეთ. ყველა შემთხვევაში მოიმატებს ფასები ფრენებზეც და სასტუმროებზეც. ჩემი ხედვა ასეთია: შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ აქამდე 20 ევროდ დავფრინავდით მსოფლიოს გარშემო, ახლა ასე აღარ ვიფრენთ.

გიორგი საკარული