დათო გამცემლიძე: „რაც აშშ-ში ხდება, არის არა პროტესტი, არამედ _ ამბოხი“

აშშ-ში მიმდინარე პროცესების შესახებ „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

დათო, ის პროცესები, რაც აშშ-ში მიმდინარეობს, მრავალმხრივ დაფიქრებას საჭიროებს. მოვლენები ჰოლივუდის მძრაფრსიუჟეტიანი ფილმივით განვითარდა 46 წლის ჯორჯ ფლოიდი, რომელსაც ბრალად ედებოდა ყალბი ოცდოლარიანის გამოყენება, დაკავებისას პოლიციელმა დერეკ ჩოვინმა, ფაქტობრივად, გაგუდა. ეს გახდა იმ უდიდესი პროტესტის მიზეზი, რამაც მთლიანად აშშ მოიცვა. ფაქტი, ცხადია, პირველი შემთხვევა არ არის, მით უფრო, ეს მხოლოდ აშშ-ში არ ხდება, როცა პოლიციელები ძალას ამეტებენ. და მაინც, რა გახდა ამ პროტესტის რეალური საფუძველი, რომლის მსგავსი ბოლოს 52 წლის წინ, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ იყო აშშ-ში?
_ გმადლობ. პირველი შემთხვევა არ არის, რასაკვირველია, როდესაც კონკრეტული ეპიზოდის გამო ფეთქდება ამერიკაში, ჯერ კიდევ, ბოლომდე ვერაღმოფხვრილი რასობრივი უთანხმოება, წარსულის წყენა და „ჩაგრულის სინდრომი“.
ჩემი აზრით, განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი ამ პროცესმა დღეს იმიტომაც შეიძინა, რომ პანდემიის გამო საზოგადოებრივი ატმოსფერო მეტისმეტად დაძაბული იყო. ადამიანები დაღალა ხანგრძლივმა ჩაკეტილობამ და თითქოს მხოლოდ რეალურ საბაბს ელოდნენ ენერგიის გადმოსაფრქვევად. ეს ენერგია, ძირითადად, ნეგატიური და დესტრუქციული გამოდგა, განსხვავებით მარტინ ლუთერ კინგის მოძრაობისგან.
ექსცესები მაშინაც იყო, რასაკვირველია, მაგრამ მოძრაობას შავკანიანთა უფლებებისთვის სისტემური ხასიათი ჰქონდა. ადამიანებმა იცოდნენ, რას მოითხოვდნენ: „რასობრივი კანონების“ გაუქმებას, როდესაც აფროამერიკელებს ბევრი რამ ეკრძალებოდათ თეთრკანიან თემთან კონტაქტისას: მაგალითად, ერთ სკოლაში სწავლა, სასადილოში შესვლა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცალკე სკამები და ა. შ.
მარტინ ლუთერ კინგის მოწოდებით, ვაშინგტონში შავკანიანთა მილიონიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომელზეც ამ მოძრაობის ლიდერმა, ლუთერ კინგმა, წარმოთქვა ისტორიული სიტყვა (ჩემი აზრით, ორატორული ხელოვნების შედევრი!) „ვოცნებობ“ (I have a dream ). კინგი ამბობდა, რომ ოცნებობს დროზე, როდესაც „შავკანიანი გოგონები და ბიჭუნები თეთრკანიან გოგონებთან და ბიჭუნებთან ერთად ითამაშებენ“.
_ მარტინ ლუთერ კინგი ამ ოცნების ასრულებას ვერ მოესწრო, მაგრამ ცხადია და ფაქტია, რომ მისი ეს ოცნება ასრულდა…
_ ეს ნატვრა ნამდვილად ასრულებულია, მაგრამ „წარსული ჩაგვრისა“ და „არასრულფასოვნების“ ფსიქოლოგიური, ასევე სოციო-ფსიქოლოგიური სინდრომი, სამწუხაროდ, თავის ბოროტ საქმეს სჩადის, ხოლო ნამდვილად კანონიერი, საფუძვლიანი პროტესტი გადაიზარდა ვანდალიზმში, ძალადობასა და ძარცვა-გლეჯაში.
ეს ყოველივე გამოიწვია ერთი არაპროფესიონალი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პოლიციელის ქმედებამ ისევე, როგორც ერთი(!) ადამიანის ინფიცირებამ ვუჰანის ბაზრობაზე განაპირობა ასეულობით ათასი ადამიანის სიკვდილი მთელ მსოფლიოში.
_ დამაფიქრებელი შედარებაა. ნებისმიერ პროტესტს აქვს თავისი მიზანი. რა არის ამ პროტესტის მიზანი? იმის ხაზგასმა, რომ აშშ-ში რასიზმი მძვინვარებს? ეს აბსურდია, იმის მიუხედავად, რომ ამ „მოსაზრებას“ მხარს უჭერს რამდენიმე გავლენიანი მედიასაშუალება და მას არც პოლიტიკური ფიგურები ჩამორჩებიან.
_ საქმეც სწორედ ისაა, რომ ამჟამინდელი პროტესტი არასისტემურია. რეალურად, ეს არის არა პროტესტი, არამედ ამბოხი, რომელსაც ხსენებული ნეგატიური ემპათია, ისტორიული წყენა და არასრულფასოვნების განცდა უდევს საფუძვლად.
შავკანიანებს ამჟამად არ ჰყავთ ისეთი ლიდერი, როგორიც იყო მარტინ ლუთერ კინგი. არ ჰყავთ მარტივი მიზეზის გამო: არანაირი სისტემური, ინსტიტუციური რასიზმი ამერიკაში არ არსებობს! შესაბამისად, პრეზიდენტი ობამა, რომელიც ტელევიზიით გამოვიდა, არავითარ სისტემურ მოთხოვნებს არ აყენებდა გარდა ერთისა: პოლიცია მეტად ყურადღებიანი და პროფესიონალური იყოს იქ და იმ მომენტში, სადაც ფაქიზი მიდგომაა საჭირო სწორედ ემოციური აღქმის გამო. შავკანიანები ამერიკაში, შეიძლება ითქვას, „სოციალურ-მენტალური უმცირესობაა“. შესაბამისად, მათ ისეთივე მიდგომა სჭირდებათ, როგორც სხვა ქვეყნებში _ ეთნიკურ უმცირესობას.
ლუთერის მოძრაობას მკაფიო მიზანი ჰქონდა: სისტემური რასიზმის დამარცხება. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს მიზანი მიღწეულია. დღევანდელი „ამბოხის“ „აღმძრავი“ კი ემოცია და წყენის ამოფრქვევაა.
_ არ ვაპირებ იმპერატიულად ვამტკიცო ჩემი შეხედულება, თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ახლა აშშ-ში ხდება, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა და, რიგ შემთხვევებში, გადამლაშებული, დონალდ ტრამპის ნაციონალისტური იდეების წინააღმდეგ შურისძიების გამოვლენის აქტი. რამდენად ნათლად ჩანს პროცესებში ეს ფაქტორი?
_ აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა! მიმდინარეობს ელიტათა ბრძოლა და, როგორც ხშირად მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, ალტერნატიული ელიტები (ამ შემთხვევაში „დემოკრატები“), პოლიტიკური ბრძოლისას, „ქვედაფენათა“ ინტერესებით მანიპულირებენ, რათა მოიპოვონ ლეგიტიმური არგუმენტაცია.
იმაზე ლეგიტიმური კი რა შეიძლება იყოს, როგორიცაა უმცირესობის უფლებათა დაცვა?!
არათუ „გადამლაშებული“, არამედ „ზეგადამლაშებული“ და ისტერიულია ტელეპროპაგანდა ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ. გარკვეული აზრით, ეს სიტუაცია ბევრად უფრო არაკომფორტულია ტრამპისთვის, ვიდრე წარუმატებელი იმპიჩმენტი იყო, რადგან ვრცელდება აღქმა, თითქოს იგი ვერ აკონტროლებს ვითარებას ქვეყანაში.
ყოველ შემთხვევაში იმდენად, რომ დაიცვას მოქალაქეთა ქონება, მათი სიცოცხლე და ღირსება, რაც ამერიკის პრეზიდენტის ეჭვმიუტანელი კონსტიტუციური მოვალეობა და ვალდებულებაა.
_ ზემოთ მიზანი ვახსენე. პროცესი რაღაც შედეგით მაინც დასრულდება, თუმცა თავის კვალს დატოვებს, მით უფრო, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. აქვე გავითვალისწინოთ, რომ დონალდ ტრამპისთვის მხარი არ დაუჭერია შავკანიანი მოსახლეობის, ლამის, 80%-ს. გასაგებია, რის მიღწევას ცდილობენ ტრამპის მოწინააღმდეგენი. მაგრამ ამ პროცესიდან რას მიიღებს თავად აღშფოთებული მოსახლეობა, რომელიც გაჰყვირის, რომ ქვეყანაში რასიზმია?
_ შავკანიანმა მოსახლეობამ, მაქსიმუმ, შეიძლება მიიღოს ის, რომ პოლიცია გააძლიერებს „შიდა კონტროლს“, მიიღებს ზომებს, რათა ოპერატიულ მუშაობას არ ჰქონდეს რასობრივი შეფერილობა. რა ტექნოლოგიას გამოიყენებენ, სხვა საკითხია. მაგალითად, ამის ღიად თქმა არ შეუძლიათ, თუმცა ზუსტად არის ცნობილი, რომ ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში პოლიციელებს ქონდათ არაოფიციალური მითითება, შავკანიანის დაკავებისას ძალა გამოეყენებინა სწორედ შავკანიან პოლიციელს.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის სისტემური გამოსავალი და თავისთავად შეიცავს რასიზმის ნიშნებს, რაკი თეთრკანიანების მიმართ დისკრიმინაციის ელემენტებიც აშკარაა, თუმცა რომ ცდილობენ პრობლემის შედეგთა და არა მიზეზთა შერბილებას _ ცხადია.
ანუ შავკანიანები ბევრს ვერაფერს მიიღებენ იმაზე მეტს, რაც ამჟამად აქვთ, თუმცა პოლიტიკური ელიტები მოახერხებენ მომავალი არჩევნების „გადაფორმატირებას“. ის არჩევნები უკვე არა საზარელი ეპიდემიის, არამედ სწორედ შავკანიანთა ამბოხის ფონზე ჩაივლის. არადა, კორონავირუსით ამერიკაში ასი ათასზე მეტი ადამიანი მოკვდა. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება… ხოლო ამბოხისას სულ რამდენიმე დაიღუპა.
ამაზე მკაფიო დადასტურება იმისა, რომ ამერიკაში, საზოგადოებრივ დონეზე, რასობრივი უთანხმოება ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, თეორიულადაც კი წარმოუდგენელია.
_ ციტატა შენი სტატიიდან: „რასობრივი ანტაგონიზმი რჩება ამერიკული დემოკრატიისა და ამერიკული სახელმწიფოს მთავარ სისუსტედ, რისი დაძლევის გარეშეც, მისი მომავალი, XXI საუკუნეში, კვლავაც ბადებს სერიოზულ კითხვებს როგორც ამერიკის მტრებში, ასევე მის მეგობრებში“. ამ ფონზე რასიზმის იდეის კულტივირება, როგორც კონკრეტული ფაქტის განმსაზღვრელი ფაქტორი, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელსაც რვა წელი ჰყავდა პრეზიდენტად ბარაკ ობამა _ ცოტაზე მეტად უხერხულია, რას იტყვი? თუმცა ვაღიარებ, რომ, სულ რაღაც, რამდენიმე ათეული წლის წინათ კანის ფერი იყო არათანაბრობისა და ძალადობის მიზეზი. იმასაც ვაღიარებ, რომ კუ-კლუქს-კლანის იდეაც არ გამქრალა მცირე ჯგუფში, მაგრამ ახლა ეს ხომ ყველაფერი წარსულია.
_ ბარაკ ობამას არჩევა პრეზიდენტად ამერიკული დემოკრატიისა და ამერიკული სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება იყო. ეს არჩევანი იმას ადასტურებს, რომ ამერიკაში არავითარი სისტემური, ინსტიტუციური რასიზმი არ არსებობს! უფრო ზუსტად, „აღარ არსებობს“. ოღონდ ისტორიული ტრავმა, რაც შავკანიანთა თემმა განიცადა მთელი საუკუნის განმავლობაში, არსად გამქრალა: დარჩა საზოგადოებრივ და სოციალურ დონეზე. ამიტომაც ხდება, რომ არანაირი აკრძალვა აღარ არსებობს, უკვე წარმოუდგენელია წარწერები სასადილოებსა და რესტორნებზე: „მხოლოდ თეთრკანიანებისთვის“ ან „მხოლოდ შავკანიანებისთვის“, თუმცა ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ სიტუაცია, როდესაც ბარში არც ერთი თეთრკანიანი ან არც ერთი შავკანიანი არ არის _ ყოველგვარი აკრძალვისა და ძალდატანების გარეშე. აგრეთვე არც ისე ხშირია „ინტერ-რასული ქორწინებები“, „ინტერ-რასული ოჯახები“ და ა. შ. ეს სიმპტომებიც მეტყველებს, რომ პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი კვლავაც არ არის.
_ აქვე ერთი მეტად საინტერესო ფაქტი _ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადება: არმია არ შეასრულებს საპოლიციო მოქმედების ბრძანებას. ეს დემოკრატიული ნორმაა, პრობლემა ხელისუფლებაშია თუ რაიმე სხვა მოვლენაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ახსნა?
_ გამაოგნებელი განცხადება იყო. ოღონდ ყურადღება მივაქციოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომ თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი მაინც სამოქალაქო პირია და არა _ სამხედრო.
წარმოუდგენლად მეჩვენება, ასეთი განცხადება მოქმედ ამერიკელ გენერალს, მაგალითად, ამერიკული არმიის „შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის“ ხელმძღვანელს გაეკეთებინა. უბრალოდ, კატასტროფა იქნებოდა! თავდაცვის სამოქალაქო მინისტრის განცხადება კი არაორდინალურია, თუმცა ტრამპს შეუძლია უბრძანოს შტაბების მეთაურს თავდაცვის მინისტრის გარეშეც. და, გარწმუნებთ, მისი ბრძანება აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე შესრულდება. ამერიკის სახელმწიფო, საბედნიეროდ, ასე არ დასუსტებულა, არმიამ უმაღლესი მხედართმთავრის ბრძანება არ შეასრულოს.
ღმერთმა ნუ ქნას, არ შესრულდეს _ ეს ამერიკაში სამოქალაქო ომის დაწყება იქნებოდა. საბედნიეროდ, ამერიკული დემოკრატია და ამერიკის სახელმწიფო საკმარისად სტაბილური და ძლიერია.
სულ სხვა საქმეა „ეროვნული გვარდია“, ანუ, პირობითად თუ ვიტყვით, „შინაგანი ჯარი“. აი, მის გამოყენებას კი ნამდვილად სჭირდება გუბერნატორის თანხმობა. მაგრამ თუ არმიაზე ვსაუბრობთ, არმია არმიაა და იგი ერთმმართველობას ეფუძნება.
_ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უპირობო დამცველს რუსეთი ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. ეს პოლიტიკური ცინიზმია?
_ ამაზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ, საერთოდ? ქართველ კაცს უთქვამს: „რატომ ღმერთი არ გაიცინებს“ და „ეს რას მოვესწარითო“.
თანაც, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაში, არამედ მედიის თავისუფლების შეზღუდვაშიც კი ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლება ამერიკას.
რასაკვირველია, პოლიტიკური ცინიზმია. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ უბედურებაში, რაც ახლა ტრიალებს ამერიკის ქალაქებში, თავისი წვლილი _ დიდი თუ მცირე _ რუსეთის „საინფორმაციო ჯარებსაც“ მიუძღვით: Russia Today -თ დაწყებული და ფეისბუკ ტროლ-ბოტებით დასრულებული.
აშშ-ის ყოფილმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში, შავკანიანმა სიუზან რაისმა, ეს ტექნოლოგია ამას წინათ დაწვრილებით აღწერა მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
მაგრამ მე რა მიკვირს, იცი? „ღილაკზე ერთი თითის დაჭერა“ (ფიგურალურად ვამბობ, რასაკვირველია) საკმარისი იქნებოდა, რომ ხსენებული „საინფორმაციო ჯარები“ ჩაეხსნან გლობალურ ინტერნეტ-სივრცეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ისმის კითხვა, _ რატომ? მე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე.
_ ისე, ვერაფრით დავიჯერებ, რომ პროცესების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი დემოკრატებს კარადიდან ჩონჩხებს არ გამოულაგებს. მით უფრო ბაიდენს, თუნდაც, უკრაინის თემას. სავარაუდოდ, სხვა ჩონჩხებიც იქნება გადამალული. ანუ რა მოლოდინები გაქვს შემოდგომაზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით?
_ ისევ და ისევ ჩვენს ეროვნულ სიბრძნეს დავესესხოთ. აი, ქართველი კაცი რომ ამბობს ხოლმე იშვიათად, განსაკუთრებულ ვითარებაზე: „დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო“. სწორედ ასეთი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას ამერიკაში შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებზე _ ამ შესანიშნავი ქვეყნის ყველა მტრის გასახარად და ყველა მეგობრის გულის დასაწყვეტად.
რასაკვირველია, ტრამპი ბოლომდე იბრძოლებს. იბრძოლებს უსასტიკესად. ისევე, როგორც მის წინააღმდეგ იბრძოლებენ დემოკრატები ყველა მეთოდის გამოყენებით.
იქნება უამრავი კომპრომატი და ტალახის სროლა. ამ პროცესში მძვინვარედ ჩაერთვება ამერიკის ზემძლავრი მედია ორივე მხარეს.
მე მაინც დარწმუნებული ვარ, ამერიკული სახელმწიფო და ამერიკული დემოკრატია ამ ყოველივეს გაუძლებს, მაგრამ… ჩვენი რეგიონისთვის რომ ვაშინგტონს არ ეცლება კარგა ხნის განმავლობაში, ეს ქმნის ხიფათს და იწვევს შეშფოთებას…
_ დაბოლოს, მაინტერესებს შენი შეფასება აშშ-ში მიმდინარე პროცესების ქართულ ანალიზზე, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების მხრიდან.
_ რასაც მე ვაკვირდები, ძალიან მკაფიოდ ჩანს „ტეხილი“ პროდასავლურ და ანტიდასავლურ ძალებს შორის როგორც საზოგადოებაში, ასევე _ პოლიტიკურ ელიტაში.
აქვე ვიტყვი: რეალურად, არავითარი „პრორუსული ორიენტაცია“ არ არსებობს. ის, რასაც ჩვენში „პრორუსულ ორიენტაციას“ უწოდებენ, სინამდვილეში არის „ანტიეროვნული მოძრაობა“ _ არცთუ მცირერიცხოვანი, სხვათა შორის, საქართველოს ისტორიული კაპიტულაციისთვის!
_ ნამდვილად სწორი შეფასებაა, _ ანტიეროვნული. ვფიქრობ, ამ ტერმინის კულტივირება საკმაოდ სასარგებლო იქნება. მაგრამ აქვე კითხვა, _ კაპიტულაცია რის სანაცვლოდ?
_ არაფრის სანაცვლოდ: საქართველო სულაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რომ შევიდეს 86-ე სუბიექტად, მაინც არავინ დაგვიბრუნებს არც აფხაზეთს, არც ცხინვალს _ არანაირი ფორმით.
როგორც არ უნდა ვაფასებდეთ ისტორიულ წარსულს, რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ვიდარდოთ: „რა სჯობდა“, „როგორ სჯობდა“, „ვინ რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა“ 1989 წლიდან დაწყებული, დღეს, ამჟამად, ნებისმიერი გადახვევა პროდასავლური კურსიდან იქნებოდა პირდაპირი გზა სამოქალაქო ომისკენ!
თანაც, იმის განურჩევლად, რამდენი უჭერს მხარს „ისტორიულ კაპიტულაციას“. არ მინდა მჯეროდეს, რომ ბევრია, მით უმეტეს არ მჯერა, უმრავლესობაა, მაგრამ რაოდენობას აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
სწორედ ამიტომ ყველა ქართველი, ვისაც არ უნდა, ქვეყანა თავზე დაგვენგრეს, ამერიკას სტაბილურობასა და წარმატებას უსურვებს.

გეგა სილაგავა