ნინო ბურჯანაძე: „მე შემიძლია პრობლემების მოგვარება _ ეს იციან ჩემმა ოპონენტებმა“
ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ამოცანა შუას გაკრეფა იყო, რასაც უკვე მერვე წელია, წარმატებით ახორციელებს. თუმცა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ოპოზიციურმა სპექტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ გაერთიანება მოახერხა და შესაძლოა, ივანიშვილს გაცხადებული და ბევრჯერ გამოყენებული ტრიუკი შუა გაკრეფასთან დაკავშირებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვეღარ გამოადგეს.
რა არის ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობის მთავარი ამოცანა? რა რისკებს უკავშირდება მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება და გეგმავს თუ არა მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა:
_ ქალბატონო ნინო, როგორ შეაფასებთ კორონაპანდემიის პირველი ტალღის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ამის შედეგად გაზრდილი რეიტინგი მიჰყვებათ თუ არა მათ ოქტომბრამდე?
_ უპირველეს ყოვლისა, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა ნამდვილად არ დაბრუნდება და პროცესები კონტროლს დაექვემდებარება. ხაზგასასმელია ჩვენი ექიმების ძალიან ეფექტიანი და სწორი მუშაობა. მთელმა სამედიცინო პერსონალმა უმაღლესი პროფესიონალიზმი და თავდადება გამოავლინა. მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. რაც შეეხება მთავრობას, შემიძლია ვთქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ის ნამდვილად იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას. მათ ეყოთ ჭკუა, დაეჯერებინათ ექიმებისთვის და პროფესიონალთა რეკომენდაციებს მიჰყოლოდნენ. ასე რომ, ეს ნამდვილად პოზიტივია, მაგრამ რაც შეეხება პანდემიის პერიოდში მთავრობის საქმიანობას, ზოგადად, ამას პოზიტიურად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ხელისუფლების განსაკუთრებულ რეიტინგსაც ვერ ვხედავ. პირველ ხანებში, როდესაც ყველანი კორონავირუსის შიშით დაზაფრულები ვიყავით, მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივად გაუჩნდა მთავრობის ნდობა და იმედი, მაგრამ როდესაც ადამიანების უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ერთი საქმის გაკეთებას ახერხებს და, პრაქტიკულად, პრემიერიც და მთელი აპარატიც მთავარი ექიმის როლით გვევლინებოდა და არა მთავრობის ფუნქციებით, _ ეს ნაკლებ ენთუზიაზმს იწვევდა მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ამოცანა არის არა მხოლოდ პანდემიასთან გამკლავება, არამედ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაც. ობიექტური მინდა ვიყო და ამიტომაც ვიტყვი, რომ „ოცნებამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, ეკონომიკურ კრიზისს სრულად ვერ გამორიცხავს, რადგან ეს გლობალური კრიზისია, თუმცა ფაქტია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს მმართველი გუნდი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა პარტია „ერთიანმა საქართველომ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც საკმაოდ კონსტრუქციული გეგმები მივაწოდეთ მას და ძალიან კორექტულები ვიყავით, მორატორიუმი გამოვაცხადეთ, ჩვენი რჩევები ხელისუფლებამ უგულებელყო. „ოცნებამ“ ეკონომიკური გეგმა, პრაქტიკულად, არ წარმოგვიდგინა. პრეზენტაციაზე მხოლოდ სლაიდები ვიხილეთ, რომელიც განზრახულობათა ჩამონათვალს წარმოადგენდა, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ მარტიდან მოყოლებული, როდესაც პანდემიის დროს შეზღუდვები გამოცხადდა, დღემდე არც ერთ მოქალაქეს არანაირი დახმარება არ მიუღია! ადამიანებისთვის ყველაზე რთული იყო პირველი პერიოდი, რადგან მოულოდნელად თოვლივით თავს დაეცათ პანდემია, ხალხი უმუშევარი დარჩა, თვითდასაქმებულებმა კი ელემენტარული შემოსავალი დაკარგეს. ყველა ველოდით, რომ მთავრობა სასწრაფო ზომებს მიიღებდა ამ ადამიანებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, მაგრამ მხოლოდ 6-თვიანი მიზერული დახმარება გამოცხადდა. თვითდასაქმებულებისთვის ეს იყო, 1.60 თეთრი ოჯახზე, ხოლო სამსახურდაკარგულებზე ეს იყო 2 დოლარი, ასევე ოჯახზე. როდესაც ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ექვსთვიანი მონაკვეთი საარჩევნო გრაფიკს მიაბეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაგვაკრიტიკეს და გვითხრეს, რომ თურმე ოპოზიციამ თვლა არ იცის, მარტიდან ოქტომბრამდე 6 თვეზე მეტია, რაშიც ვეთანხმებით, მაგრამ ვნახეთ, რომ მარტში, აპრილსა და მაისში ეს დახმარებები არ გაცემულა. დახმარებების გაცემა იწყება ახლა, ისიც არასრულყოფილად და სწორედ რომ საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა დახმარებების ბოლო ციკლი. ასე რომ, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ვერ გაუძლო ცდუნებას, პანდემია წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოეყენებინა და ის შეზღუდული დახმარებაც კი სწორედ არჩევნებს მიაბა. გარდა ამისა, დღემდე არ არის პარლამენტში შეტანილი ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე ვერ იქნება თანხები გადანაწილებული მოქალაქეების საშიმშილოდ გაწირვის თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა იდეა, რომელიც არაერთ ოპოზიციურ პარტიას გვქონდა, მათ შორის, ჩვენც, რომელიც ეხებოდა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან განთავისუფლებას. ასე რომ, მთავრობის თვითკმაყოფილება და ხიბლში ყოფნა, ვფიქრობ, ნაადრევი და ზედმეტია. არც ის მგონია, რომ უახლოესი თვეები მათთვის მომგებიანი და მარტივი იყოს.
_ ამის პარალელურად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კვლავ იკრიბებით. რა არის დღეს ამ ერთობის მთავარი ამოცანა?
_ უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო გარემოს შეცვლა, სადაც იგულისხმება არა მხოლოდ კონსტიტუციური ცვლილებები, არამედ _ საარჩევნო კოდექსიც. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პარტიებისთვის, არამედ _ ქვეყნისთვის, რადგან შეცვლილი საარჩევნო სისტემა იმის საშუალებას იძლევა, რომ ნორმალური სისტემით ჩატარდეს არჩევნები და გამოირიცხოს ხელისუფლების უზურპირება. მიუხედავად ძალიან დიდი სირთულისა, მათ შორის ემოციურის, ჩემთვის პირადად და, ალბათ, სხვებისთვისაც, რომ გადაგველახა ძალიან დიდი წინააღმდეგობა, მტრობაც კი და ეს ყველაფერი გვერდით გადაგვედო, მინიმუმ, გარკვეული პერიოდით, _ ამით, ამ ოპოზიციურმა მაგიდამ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ჩაგდებული კანონპროექტი ხელახლა შევიტანეთ პარლამენტში, რისი შანსიც არ არსებობდა, რომ არა სრულიად ოპოზიციური ერთობა და ჩვენი დასავლელი მეგობრების დიდი ძალისხმევა. რადგან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა და რადგან ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ადმინისტრაციული და, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, მნიშვნელოვანია მოვახერხოთ, რომ 30-ვე მაჟორიტარული ოლქის მოგება ვერ შეძლოს ხელისუფლებამ, რადგან ავტომატურად დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, თუ 30 მაჟორიტარულ ოლქს მოიგებენ, მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შესაძლებლობა ექნებათ, რაც არ უნდა მივცეთ. ამიტომ მიუხედავად ძალიან დიდი განსხვავებისა, მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ოლქები გადანაწილდეს მრავალპარტიულად, ანუ არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ვისაც უფრო შეუძლია გადაქაჩვა _ ეს გარკვეული პროპორციულობით უნდა გადანაწილდეს ოპოზიციურ ძალებს შორის, რომ გამოირიცხოს რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელოვნური უპირატესობა. ამ ოპოზიციური მაგიდის ბოლო ამოცანა იქნება არჩევნების გაყალბების თავიდან აცილება და ერთმანეთისადმი მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ ხმები დავიცვათ, რათა მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ ვცეთ პატივი, რომ მათი არჩევანი პარლამენტში ზუსტად აისახოს. ეს არის უზენაესი ამოცანა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ და მომავალში გამოვრიცხოთ ქუჩის პოლიტიკური კრიზისები. ამისთვის ნამდვილად ღირს ბევრ დისკომფორტთან და სირთულესთან შერკინება.
_ გასულ კვირას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 2 იქნება მხოლოდ წარმოდგენელი. რჩება 6 ოლქი. ამის განაწილება ხომ არ შექმნის გარკვეულ სირთულეებს და თქვენ თუ მოიაზრებთ საკუთარ თავს რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად?
_ მე, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ პირადად ჩემს მაჟორიტარობას, რადგან პარტიის ლიდერისთვის ძალიან ძნელია მაჟორიტარად კენჭისყრა _ პარტიის ლიდერის ამოცანაა, მთელ ქვეყანაში განახორციელოს საარჩევნო კამპანიის ეფექტიანად წარმართვა და თუ მაჟორიტარულ ოლქზე მოუწევს ფოკუსირება, რა თქმა უნდა, ეს მთავარ ამოცანას გაართულებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯს მაჟორიტარული ოლქების დათმობასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იყო ჩემთვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დაეყენებინა საკითხი, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 20 ან 25 მისი უნდა ყოფილიყო, როგორც, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნებოდა, რადგან ჩემი ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ფასად შეიცვალოს „ქართული ოცნება“ და ძალაუფლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდოს ხელში. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებამ, რომ თბილისში 8 ოლქიდან 2-ზეა თანახმა, აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის, _ არავითარ შემთხვევაში სასწორის პინა არ უნდა გადაიხაროს მათ მხარეს. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია როგორც ბიძინა, ასევე მიშა, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არ არის მიუღებელი მთლიანად ოპოზიციური სპექტრის პარლამენტში პროპორციულად ასახვა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ლახვარი იყო იმ კარტისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს მუდმივად. ან ბიძინა ან _ მიშა; ან „ნაციონალური მოძრაობა“ ან _ „ქართული ოცნება“ _ ეს პოლარიზება უნდა გამოირიცხოს. ამისთვის მნიშვნელოვანია, ოლქების აბსოლუტური უმრავლესობა გადანაწილდეს პროპორციულად, მოლაპარაკების მაგიდის მონაწილე პარტიებზე. ჩვენს პარტიას გარკვეულ რეგიონებში უპირატესობა აქვს, მაგრამ თვითმიზანი ჩემთვის მაჟორიტარობა და მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილეობა არ არის, ჩემი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს მაჟორიტარების მექანიზმით ძალაუფლების მთლიანი ან ძირითადი ნაწილის ხელში ჩაგდება. რაც შეეხება სირთულეებს, ცხოვრება, ზოგადად, რთულია, _ სირთულე არათუ ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ ოჯახშიც არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოპოზიციამ შეძლო მტრობასა და დაპირისპირებაზე მაღლა დადგომა და რთული, მაგრამ კონსულტაციების რეჟიმის წარმოება. ეს გარდამტეხი ამოცანაა ქართულ პოლიტიკაში და თუ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევძლებთ, არჩევნების გაყალბებით, მოსყიდვით, ადამიანების დაშინებით პარლამენტის დაკომპლექტების თავიდან აცილებას, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გადავა ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში. ეს არ ნიშნავს, რომ უცებ ციური მანანა გადმოგვეფრქვევა და ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ პოლიტიკური სტაბილურობა ნამდვილად შეიქმნება.
_ ზუსტად იმ ფაქტს, რომ დღეს თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით სხედხართ, ხელისუფლება ტროლების საშუალებით შავი პიარისთვის იყენებს. რა საფრთხეები ახლავს ამას თან და რა გზავნილი გექნებათ ამ ნაწილში თქვენი ამომრჩევლისთვის?
_ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ბოტებისა და ტროლების მთავარი სამიზნე მე გავხდი. რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ამოცანა პირველივე დღიდან იყო შუას გაკრეფის პოლიტიკა, ბურჯანაძისა და სხვა პარტიების განადგურება. ოღონდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მშვენივრად თანამშრომლობდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის ამოცანა იყო, თითოეული ჩვენგანი ტყვედ ავეყვანეთ „ბიძინა თუ მიშას“ თამაშში. ამ ტყვეობიდან თუ ვერ გამოვედით, სამწუხაროდ, შეიძლება იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, არათუ 2020 წელს, არამედ 2024-ში, 2028-სა და 2032 წლებშიც კი. ბიძინა და მიშა ორივე ახალგაზრდა ადამიანი არის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, შესაძლოა, 2032 წლამდე კვლავ ამ დაპირისპირებაში ვიყოთ: თუ ბიძინას აკრიტიკებ, ე. ი. სააკაშვილს უჭერ მხარს. ხომ არ შეიძლება, მუდმივად ამ ტყვეობის ქვეშ ვიყოთ? იმედი მაქვს, ჩემი ამომრჩეველი ამას სწორად გაიგებს და ძალიან კარგად გააცნობიერებს, რომ იმ მაგიდასთან ჩემი ჯდომა არც „ნაციონალებთან“ შერიგებას ნიშნავს და არც არაფრის დავიწყებას, მაგრამ, მეორე მხრივ, იძულებული ვართ, ერთმანეთს ვესაუბროთ. ვისაც ერთმანეთი არ მოგვწონს არ უნდა გავწყვიტოთ ერთმანეთი. ასეთ შემთხვევაში საქართველოდან რა დარჩება, კაცმა არ იცის. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა მთავარ ოპოზიციურ ძალად. ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო კოჰაბიტაციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შუას გაკრეფა რომ არ ეცადა და, მინიმუმ, არ წაერთმია ჩვენი პარტიისთვის ის ფული, რომელიც ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში მოვიპოვეთ, რომ გაძლიერებულიყო სხვა ოპოზიციური პარტიები, დღეს სულ სხვა რეალობა იქნებოდა. თუმცა ფაქტია: სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“ და მისი იგნორირების შემთხვევაში ვერც ეს მაგიდა შედგებოდა და ვერც ახალი საკონონმდებლო აქტის მიღებას შევძლებდით. ბელგიასა და ჰოლანდიაში, რომლებიც არ არიან ჩვენზე დიდი ქვეყნები და ბევრად მდიდრები, არც ჩვენზე ნიჭიერები და შრომისმოყვარეები, ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ, რადგან მათ შეძლეს, სრულიად განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ერთად დამსხდარიყვნენ და ნორმალური არჩევნები ჩაეტარებინათ. ჩემი ამ ბრძოლით გარკვეული წვლილი შემაქვს, რომ ადამიანებმა აირჩიონ, ვინც უნდათ. უკაცრავად, მაგრამ თუ მთელი საქართველო გაგიჟდება და დემოკრატიულ არჩევნებში 5 ნომერს შემოხაზავს, ამას ბურჯანაძეს ნუ დააბრალებთ. მე გეუბნებით, რომ დაფიქრდეთ, ვის მისცეთ ხმა. მომეცით მე ხმა და რადიკალურად განსხვავებული, უკეთესი ვითარება იქნება ქვეყანაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე _ გარეთ. მე შემიძლია პრობლემების მოგვარება და ეს ძალიან კარგად იციან ჩემმა ოპონენტებმაც და მხარდამჭერებმაც. კარგი წარმოდგენა მაქვს ჩემს მოსახლეობაზე და არ მგონია, იმდენი ადამიანი მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხელისუფლებაში მოაბრუნოს. თუ ვინმე დაზარალდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ შორის, მე, ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები და თანაპარტიელები ვიყავით. ახლა ძალიან დიდი უსინდისობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის დაბრალება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე ტიპის ინტერესს ვახორციელებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2012 წლის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, კოჰაბიტაცია დაიწყო! როდესაც 26 მაისის მონაწილე პროკურატურაში, თავიანთი უფლებების აღსადგენად მისულ ჩემს თანაგუნდელებს, იგივე ხალხი დაახვედრა და ზოგიც დაწინაურებული, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იძიებდა ამ საქმეებს. ესენი მე მესაუბრებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე?! 26 მაისი „ქართულ ოცნებას“ მაშინ ახსენდება, როცა პოლიტიკურად თვითონ სჭირდება. ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი ცუდი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იყო, თითქმის უცვლელად გადმოიღო და გაათანამედროვა კიდეც.
_ თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ პოლარიზება: ბიძინა თუ მიშა? მიხეილ სააკაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკისთვის არ სცალია. ეს რამდენად დადებითად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე?
_ რაც ნაკლებად გაახსენებს თავისი აქტიურობით ხალხს თავს და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, მით უკეთესი. სააკაშვილის სიტყვის ნდობა 100%-ით ძალიან რთულია. ბიძინა ივანიშვილი არ არის უჭკუო კაცი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ჩემზე ჭკვიანია და საქართველოში ყველაზე ჭკვიანია. მე მას არ მივცემ ტყვედ აყვანის საშუალებას. იმის შიშით, რომ სააკაშვილთან ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რამე თანამშრომლობა არ დამაბრალონ, ბიძინა ივანიშვილს ყველაფერზე თავი ვუქნიო, ამ ასაკიდან ნამდვილად გამოვედი, მით უმეტეს, პოლიტიკური ასაკიდან. ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებაც მოიხადა ეს საყმაწვილო სენი.
_ გიორგი ახვლედიანმა თქვენი პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც „ტვ პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, რომ ის, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ გარე ექსპერტია, რაშიც გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
_ ჩვენს პარტიაში აღნიშნული ინფორმაცია არავის დაგვიჯერებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ადამიანურად წარმოუდგენელია, რადგან ძალიან კარგად ვიცნობთ გიორგის და ჩვენი მეგობრული ურთიერთობა, პარტიიდან მისი წასვლის მიუხედვად, უცვლელი რჩება. მეორეც, ეს არ არის ლოგიკური, რადგან გიორგი ახვლედიანს „ქართული ოცნება“ არც ერთ გამოსვლაში არ შეუქია და ამ პარტიის სასარგებლოდ არაობიექტურად არაფერი უთქვამს. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით სიტუაციის გარკვევას. გიორგიმ ჟურნალისტურ ქარტიას მიმართა ამ ცილისწამების გამო. ამავდროულად, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგის, რომელმაც დამოუკიდებლად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ აპირებს, პარტია თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოს, ამიტომ თვითონ იღებს პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
_ ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კოალიციურ მთავრობას ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველმა გუნდმა ჩააგდოს და შემდეგ ოპოზიციას დაგაბრალოთ?
_ მსოფლიო აფერა კი ჩაატარეს, როდესაც პრეზიდენტი გამოიყვანეს გაეროს ტრიბუნიდან და ათქმევინეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას იღებენ. შემდეგ ჩააგდეს, მაგრამ თუ ახლაც ჩააგდებენ, ამას რა სახელი დაერქმევა, ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ ჩაგდების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გახდება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაზე უფრო მიუღებელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს რადიკალურად გააფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან. შეთანხმება შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ამერიკის, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩის, ასევე საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. მათ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ არაერთხელ გააკეთეს განცხადებები. 5 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, გააკეთა განცხადება, რომ ამ შეთანხმების შესრულებას ელოდება. ამის შემდეგაც კი, მთელ ოპოზიციასა და დიპლომატიურ კორპუსზე, საერთაშორისო საზოგადოებაზე, შეთანხმების თავზე გადახევას, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო ლიდერებიც კი არ აკეთებენ. „ქართული ოცნების“ მცდელობები, რომ ოპოზიციის მხარეს გადმოაგდოს ბურთი, აბსოლუტურად არასწორია, რადგან 5 ივნისს გამოვიდნენ ქალბატონები: ირმა ინაშვილი, ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი; ასევე ბატონი გია ჟორჟოლიანი და სხვები, რომლებმაც თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ ადამიანების ხმებთან ერთად, საკმარისზე მეტი ხმა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად. ამიტომ „ქართული ოცნება“ თუ კვლავ ჩააგდებს ამ კანონპროექტს, ამას ოპოზიციას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დააბრალებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ძალიან შეკვეცილად ითანამშრომლებენ ქვეყანასთან, ჩვენ კი პოსტპანდემიურ პერიოდში ვართ, _ როდესაც ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაძლიერდება, ძალიან გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობისა და საფინანსო ინსტიტუტების სერიოზული დახმარება. ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით „ქართულმა ოცნებამ“ ის ტოტი მოჭრა, რომელზედაც იჯდა და რაღაცნაირად ჩამოეკიდა სხვა ტოტს. ახლა უკვე მეორედ ცვლილებების ჩაგდება მთელი ამ ხის მოჭრა იქნება, სადაც ხელისუფლება რაღაცნაირად დაფუძნდა. ვფიქრობ, ამდენი ჭკუა ეყოფა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არ გააკეთოს.
ნენე ინჯგია