„მომღერლების 80% არსად ვართ გაფორმებული და ეს მთავრობამ კარგად იცის“

დაკეტილი დაწესებულებები, გაუქმებული ჯავშნები, 90%-ით შემცირებული სტუმრები _ კორონავირუსმა ქვეყანაში რესტორნებსა და განთავსების სხვა ობიექტებზე უარყოფითად იმოქმედა.
სწორედ შეზღუდვების მეხუთე ეტაპი 21 ივნისიდან უნდა მოხსნილიყო. თუმცა, ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი პირობებისა და ხალხის ერთგვარი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ შეცვალა გადაწყვეტილება და 21-ის ნაცვლად, ყველა ტიპის რესტორანი 8 ივნისს გაიხსნება, მაგრამ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ ახალი რეგულაციებით მუშაობა მოუწევთ.

სპეციალური წესები კვების დაწესებულებებისთვის:

• მაგიდები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს;
• უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
• უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას;
• მაგიდებს შორის 2-მეტრიანი, ხოლო მომხმარებლებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული;
• მაგიდასთან არაუმეტეს 6 მომხმარებელი უნდა მოთავსდეს. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან მოთავსება;
• სტუმრებს უნდა შესთავაზონ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ. ელექტრონული მენიუს შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები უნდა განთავსდეს.
წინასწარი ინფორმაციით, კაფე-ბარებსა და რესტორნებში სურსათის შენახვისა და მომზადების პირობებიც შეიცვლება. ასევე, სავარაუდოდ, შეიზღუდება პერსონალის რაოდენობა სამზარეულოში.

ეს ის, რაც უნდა ვიცოდეთ, თუმცა გამკაცრებული წესებისა და შეზღუდვების ფონზე ვღებულობთ სამწუხარო რეალობას _ ჩაძირული ეკონომიკა, სამსახურის გარეშე (შემცირებული) დარჩენილი პერსონალი და მომღერლები, რომელთა უმრავლესობა, ძირითადად, ბანკეტების, კორპორაციულების, დაბადების დღეების, ქორწილების შემოსავალზე იყო დამოკიდებული. მათთვის მიუღებელია ის შეზღუდვები, რაც რესტორნებთან მიმართებით დაწესდა.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა რამდენიმე მომღერალს. ისინი მთელი კარანტინის განმავლობაში უმუშევრები ისხდნენ სახლში. მისაღებია თუ არა მათთვის ახალი რეგულაციები, დაწესებული და გამკაცრებული წესები?
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტები თბილისში არსებულ სხვადასხვა რესტორანში მუშაობენ.
ცნობისთვის: არც ერთ მათგანს სახელმწიფოს დაანონსებული ე. წ. 200-ლარიანი დახმარებები არ მიუღია, რადგან თვითდასაქმებულის ცნობას ვერც ერთი ვერ წარადგენდა. თუ რატომ, მიზეზი მარტივია _ მომღერლების 80%-ს რესტორანთან კონტრაქტი გაფორმებული არ აქვს.

ელა დევლახი, მომღერალი:
_ ქალბატონო ელა, რამდენად უარყოფითად აისახა „კოვიდ 19“ პირადად თქვენზე?
_ როგორც ყველა ოჯახი, ჩემიც დამოკიდებულია ყოველდღიურ შემოსავალზე. მე და ჩემი შვილი რესტორანში ვმუშაობთ, რომელიც დაკეტილია და ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი მეგობრები რომ არა, არ ვიცი, რა გვეშველებოდა.
_ რა მხრივ გაგიჭირდათ, ფინანსურად?
_ რა თქმა უნდა, ფინანსურად. 16 მარტს გადმოვედი ახალ ბინაში, ვცხოვრობ ქირით და გადახდილი არ მქონდა, რადგან ყველა აღებული შეკვეთა ჩაიშალა. 25 ლარით მოვიდა ჩემი შვილი სამსახურიდან და გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა. მერე როცა ბინიდან მაგდებდნენ, მთელი მსოფლიო დამიდგა გვერდით. ერთი რამ ნამდვილად კარგად დამანახა კორონამ, რომ არსებობენ შესანიშნავი ადამიანები და ღმერთმა დალოცოს ისინი.
_ მეგობრების იმედად ხართ დარჩენილები?
_ ნამდვილად. ჩემი შვილი მარტოხელა დედაა. უამრავჯერ დავრეკეთ მერიაში და მათგან არანაირი დახმარება არ ყოფილა.
_ სახელმწიფოს გამოყოფილ დახმარებაზე რას იტყვით? თქვენ აიღეთ 200-ლარიანი დახმარება?
_ საერთოდ არაფერი აგვიღია.
_ რესტორნები იხსნება მეხუთე ეტაპზე და უკვე ცნობილია, თუ როგორი წესების დაცვით მოუწევს ყველას მუშაობა. რას იტყვით ამ შეზღუდვებზე?
_ მე ის ვიცი, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე გამოვიდა ტელევიზიით, _ ჩვენს ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათო, ანუ ქორწილები, დაბადების დღეები და კორპორაციულები არ იქნებაო. ყველა მომღერალი დღეს საქართველიში ამით არსებობს, გინდ რესტორნის მომღერალი და გინდ სცენაზე მდგარი მომღერალი. შესაბამისად, ეს ყველაფერი თუ შეიზღუდა, როგორ უნდა ვიცხოვროთ? როცა ვნახე ბატონი გამყრელიძის გამოსვლა, ცუდად გავხდი. ყველა მუსიკოსს მივმართე, რომ იაქტიურონ და ხმა ამოიღონ.
_ მსგავს პირობებში ძალიან ბევრ მუსიკოსს გაუჭირდება არსებობა.
_ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოდან წავალ.
_ როგორია თქვენი მოლოდინი, რას აპირებთ?
_ ამ წუთს არაფრის იმედი არ მაქვს. თუ სიტუაცია არ შეიცვალა და ეს შეზღუდვები არ შემსუბუქდა, ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ. რესტორნები უნდა გაიხსნას რაც შეიძლება მალე!
_ დავაზუსტებ, რომ თქვენ რესტორნის გარდა სხვა არანაირი შემოსავალი არ გაქვთ?
_ არანაირი შემოსავალი არ გამაჩნია, ჩემი შვილი რესტორანში მიმტანად მუშაობს.

სალომე მირიანაშვილი, მომღერალი:
_ ეს პერიოდი ჩემმა ოჯახმა გადამატანინა, თუმცა სიმღერის გარეშე ძალიან გამიჭირდა. ეს იგივეა, თევზი რომ უწყლოდ ამყოფოთ. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი და უცებ რომ ამ ყველაფერს მოვწყდი, ძალიან გამიჭირდა. როცა ბავშვები რაღაცას მთხოვენ, ვერ ვყიდულობ. თბილისში ქირით ვცხოვრობდი. რადგან დანაზოგი არ მქონდა და ქირა ვეღარ გადავიხადე, ამიტომ მომიწია კახეთში წასვლა ჩემს მშობლებთან. იმედია, ეს ვითარება მალე დალაგდება და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.
_ მეხუთე ეტაპზე იხსნება რესტორნები და ღია ბარები, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებით. პირადად თქვენთვის თუ არის წინასწარ ცნობილი, რა პირობებში მოგიწევთ მუშაობა და რამდენად მისაღებია იგი თქვენთვის?
_ ძალიან რთული იქნება. მე უკვე დამირეკეს რამდენიმე ობიექტიდან, თუმცა გადავწყვიტე, რომ ბათუმში წავიდე სეზონზე. ტერასაზე მომიწევს სიმღერა და მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს.
_ თქვენი აზრით, როგორი სეზონი იქნება წელს?
_ 6 ივნისიდან გახსნიან კონკრეტულად იმ ობიექტს, სადაც მე მომიწევს მუშაობა და, ალბათ, 20-ში უკვე ბათუმში ვიქნები ან, შეიძლება, უფრო ადრე. როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ტურისტს ელოდებიან და დიდი იმედი მაქვს, კარგი სეზონი იქნება.
_ რა მოგენატრათ ყველაზე მეტად?
_ სცენა, სიმღერა, მაყურებელი, მათი ემოციები, აპლოდისმენტები. ადამიანები მომენატრნენ.
_ მთავრობის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარება აიღეთ?
_ არანაირი დახმარება არ ამიღია. მომღერლების 80% ოფიციალურად არსად ვართ გაფორმებულები, ანუ სადაც გვეძახიან, მივდივართ, ვმღერით და ხელზე ვიღებთ ჰონორარს. როგორ უნდა წარვადგინოთ სამსახურის ცნობები, როდესაც უმრავლესობა ჰაერში ვართ და ეს მთავრობამ ძალიან კარგად იცის. დიდი მადლობა მთავრობას, რადგან ბევრი კარგი რამ გააკეთა და თავიდან აგვაცილა საფრთხე, თუმცა ამ შეზღუდვებმა რესტორნების შესახებ ძალიან გამაბრაზა.

მარიამ კოტრიკაძე, მომღერალი:
_ პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი იყო და არის დასაქმებული, სახელმწიფო ურიცხავს ხელფასს. დედაჩემი მასწავლებელია და რომ არა ის, ალბათ, შიმშილით დავიხოცებოდით. ძალიან რთულად გადავიტანე და კიდევ გადამაქვს ეს პერიოდი, რადგან ღმერთმა არ იცის, როდის დამთავრდება ყველაფერი. მგონია, ამ კორონასთან მოგვიწევს ცხოვრება ადამიანებს და შეიძლება, დასასრული არ ჰქონდეს არასდროს.
_ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდით და თქვენთვის განსაკუთრებულად რთული იქნებოდა ეს პერიოდი.
_ რა თქმა უნდა. 18 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მიჩვეული ვარ საკუთარ შემოსავალს და უცებ, ამდენი წლის შემდეგ, სხვა ადამიანზე დამოკიდებული ხდები და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთულია.
_ სახელმწიფოს დახმარება თუ აიღეთ?
_ 200-ლარიანი დახმარება მე არ შემეხო, რადგან ოფიციალურად არსად ვარ გაფორმებული. ერთჯერადად ვმღერი კორპორაციულებზე და სხვადასხვა საღამოზე, შესაბამისად, ვერ ავიღებდი და არ ვიცი, სხვა მომღერლებს თუ შეეხო. ჩემთვის მიუღებელია ბევრი რეგულაცია და ვფიქრობ, სულ ტყუილად გვაწვალებენ.
_ რესტორნებს მოუწევთ ახალი ფორმატით და მკაცრი რეგულაციებით მუშაობა. ეს პირობები ხელს ხომ არ შეგიშლით სიმღერაში?
_ რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება ცხოვრება ამ ყველაფერთან ერთად. ერთ-ერთი რეგულაცია იმას ითვალისწინებს, რომ ხალხმრავლობა არ შეიძლება და პირბადეებით უნდა ვიყოთ. ვერ ვხვდები, პირბადით როგორ უნდა ჭამოს ადამიანმა ან მე როგორ უნდა ვიმღერო? რთულია, პირბადით იჯდე რესტორანში და მოლხენაზე ან გართობაზე ფიქრობდე.

მალუ მამფორია, მომღერალი:
_ კოშმარი იყო ეს პერიოდი. მთელი ცხოვრება რესტორანში ვმუშაობ, ვმღერი და ეს არის ჩემი შემოსავალი, ახლა კი უფუნქციო გავხდი. თავიდან არაფერი მიჭირდა, რადგან ცოტა დანაზოგი მქონდა, რომელიც უკვე დავხარჯე. ახლა საერთოდ საშინელებაა, რადგან არ ვიცით, რა როდის იხსნება.
_ ამ პერიოდის განმავლობაში რა მოგენატრათ ყველაზე მეტად?
_ ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი სამსახური, სიმღერა, სცენა და, რა თქმა უნდა, შემოსავალი. ფინანსურად ძალიან დიდ პრობლემას წავაწყდით. ყოველთვის ვცდილობ, რომ პატარა დანაზოგი მქონდეს ხოლმე, მაგრამ ახლა აბსოლუტურად ნულზე დავჯექი.
_ ივნისიდან იხსნება რესტორნები და ღია ბარები, თუმცა ძალიან დიდი შეზღუდვებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული იქნება ასეთ პირობებში მუშაობა?
_ ჩემთვის წარმოუდგენელია, კორპორაციული საღამოებისა და ქორწილების გარეშე როგორ უნდა ვიმუშაო რესტორანში?! ვიღაც რომ ბედნიერდებოდა, მეც იმასთან ერთად ბედნიერი ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ იმ საღამოს ჰონორარი მქონდა და მათთან ერთად აღვნიშნავდი დღესასწაულს. თუ კორპორაციულზე არ წავედი და არ ვიმღერე, იგივე კარანტინში ყოფნა მიწევს.
_ წინასწარ იცით, რა პირობებში იმუშავებთ?
_ ჯერ არაფერი ვიცი. ერთადერთი, 8 ივნისიდან მცხეთაში ღია ტერასები იხსნება და იქ უნდა წავიდე. იმედი მაქვს, გავალ სამსახურში, მაგრამ არ ვიცი, საერთოდ იქნება თუ არა მუშაობა.
_ 200-ლარიანი დახმარება თუ აიღეთ?
_ ეს რომ ტელევიზიით გავიგე, ცოტა გავოცდი, რადგან მომღერლების უმეტესობა სხვადასხვა რესტორანში ვმღერით. მე ჩემს კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს და ყველა ასე მუშაობს. შესაბამისად, თვითდასაქმებულის ცნობას ვერავინ წარადგენს ან რომელ რესტორანს მოვთხოვო? არანაირი დახმარების აღების იმედი არ მაქვს. თუ მოცემა უნდოდათ, თავის დროზე უნდა მოეცათ. აქედან გამომდინარე, არ მინდა ის 200 ლარი, უბრალოდ, დამაბრუნონ სამსახურში და მირჩევნია, ჩემი შრომით გამოვიმუშაო ფული.

გიორგი საკარული