თამარ ნადირაძე: „ჩაკეტილობამ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა“

„ქორწილს შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ 10-კაციანს“, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია, თუ როდის მოიხსნება აღნიშნული შეზღუდვები.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.
იკრძალება ასევე საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. „ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს“, – ნათქვამია დადგენილებაში.
დოკუმენტის თანახმად, აგრეთვე, იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).
კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნა ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესს. კრიზისის წინაშე დგას უამრავი კომპანია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ბაზარზე წარმატებულად საქმიანობდა.
„მარიგოლდის“ ხელწერა მეტად დამაჯერებელი და განსხვავებულია: სამოსის სინაზე, აქსესუარებით მორთვა, ქსოვილის სიმსუბუქე, კაბის თანამედროვე სილუეტები. კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა კამპანია „ჩაიცვი ქართული“, რომლის ფარგლებშიც „მარიგოლდს“ გათანამედროვებული ტრადიციული ქართული სამოსის ხაზი აქვს.
ქორწილი ეს ის გამორჩეული დღეა, რომელსაც ქალბატონები განსაკუთრებულად ელიან. ყველა გოგონას ოცნებაა, რომ დედოფლის ამპლუაში წარმოიდგინოს თავი და ის ერთადერთი კონკრეტული დღე ცხოვრების ბოლომდე ლამაზ მოგონებად დარჩეს, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, მაგრამ როდემდე, ამას ეპიდემიოლოგები წინასწარ ვერ ან არ გვეუბნებიან. ფაქტია, რომ მივიღეთ ჩამოშლილი ეკონომიკა, განადგურებული ბიზნესი და აუხდენელი ოცნებები.
რა გველოდება წინ და როგორ შეიცვლება ქვეყანა პანდემიის შემდეგ? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველას უჭირს. გაზრდილი სიღარიბე და უმუშევრობა, გაკოტრებული ბიზნესი და ნაკლებად კონკურენტუნარიანი სახელმწიფო _ სავარაუდოდ, ასეთად წარმოუდგენია საქართველო ეკონომისტების ნაწილს.

„ქრონიკა+“ „მარიგოლდის“ დამფუძნებელს, მასპინძელსა და დიზაინერ თამარ ნადირაძეს დაუკავშირდა. ჩვენ კომპანიის ბედით, გეგმებითა და პროექტებით დავინტერესდით:

_ ორთვიანმა ჩაკეტილობამ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას. მნიშვნელოვნად დაზარალდა ძალიან ბევრი ბიზნესი. პირადად თქვენზე როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა და რამდენად დიდი ზარალი ნახეთ ამ ხნის განმავლობაში?
_ ნამდვილად, გიდასტურებთ, რომ ამ ჩაკეტილობამ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ეკონომიკურად, განსაკუთრებით ბიზნესის სხვადასხვა სფეროს, მათ რიცხვში „მარიგოლდსაც“, რადგან ჩვენი ბიზნესი, მეტ-ნაკლებად, სეზონურია და როცა იწყებოდა ყველაზე აქტიური პერიოდი ამ ბიზნესში, სწორედ მაშინ მოხდა ეს ჩაკეტილობა. ამას ემატება ისიც, რომ სხვა ბიზნესისგან განსხვავებით, ჩვენთვის ონლაინ რეჟიმში მუშაობა შეუძლებელია. ეს საკმაოდ მტკივნეული და ფართო თემაა და მგონი, აღარ ღირს მასზე ვრცლად საუბარი.
_ „მარიგოლდი“ ქართული ბრენდია, რომელიც ქმნის საქორწინო კაბებს და ქართულ ტრადიციულ სამოსს. იმ ფონზე, როდესაც ქორწილები, ფაქტობრივად, აიკრძალა და დასაშვებია მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობით ხელის მოწერა და ჯვრისწერა, ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა?
_ დიახ, „მარიგოლდი“ ქართული ბრენდია. მეამაყება, რომ მის ნაწარმს იცნობენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ასევე გათანამედროვებული ქართული სამოსის ნახვისას იწყებენ ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობას. რაც შეეხება ქორწილების აკრძალვას, ანუ მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობით ქორწილების აღნიშვნას, ამ შემთხვევაში „მარიგოლდი“ მზად არის, საპატარძლოებს შესთავაზოს ამ ცერემონიისთვის შესაფერისი სამოსი. მგონი, ეს აუცილებელია, რადგან მიუხედავად ამ სიტუაციისა, ეს დღე უნდა იყოს დაუვიწყარი და ლამაზი.
_ სადაც თქვენი სამოსი იყიდება, იქვეა განთავსებული სახელოსნოც. რამდენადაა დაცული უსაფრთხოების წესები?
_ ჩვენი ბრენდი ადგილზე იკერება, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის, წესების დაცვით მივიღოთ სტუმრები, რადგან მოდის სახლი განთავსებულია თითქმის 300 კვ. მ.-ზე და პირველი პერიოდისთვის შემოვიფარგლებით, ალბათ, 7 თანამშრომლით, თუმცა ტერიტორია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა წესის დაცვით ვიმუშაოთ. იმედს ვიტოვებ, ჩვენ ამ სირთულეებს მალე გადავლახავთ და ჩვეულებრივი რიტმით გავაგრძელებთ ცხოვრებას, რადგან საქართველო მარიამის წილხვედრი ქვეყანაა და უფალი არასოდეს მიგვატოვებს.
_ თუ მოგიწევთ კოლექციების განახლება და როგორი იქნება ის?
_ როგორც აღვნიშნე, ვაპირებთ კოლექციის განახლებას. წინ წამოიწევს უფრო ელეგანტური, სადა სტილი და კოქტეილის სამოსი.
_ ბაზარზე მოიკლებს საქორწინო კაბების ყიდვა-გაქირავება. ეს, ალბათ, მნიშვნელოვნად დააზარალებს ამ ბიზნესს.
_ ალბათ, მოიკლებს საქორწინო კაბების ყიდვა-გაქირავება, რაც ძალიან დააზარალებს ბიზნესს. ადამიანი იმედით ცოცხლობს. ვიმედოვნებ, ისევ მალე აღდგება ტურიზმი, გაძლიერდება ეკონომიკა, რაზედაც, ალბათ, მაქსიმალურად იზრუნებენ ჩვენი ხელისუფალნი, რადგან ეს არის ძირითადი ბირთვი საქართველოს გადასარჩენად.

გიორგი საკარული