ვახტანგ ჯაფარიძე: „გაბედეთ ამბიციური ოცნება და მასშტაბურად აზროვნება!“

კორონაპანდემიაზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ადამიანებს ამ თემის „ატანა“ აღარ აქვთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ სხვა ჯურის „სწავლულები“ დილიდან საღამომდე აპოკალიფსურ სურათს გვიხატავენ, ანუ გვეუბნებიან, რომ პოსტპანდემიური ეპოქა პანდემიაზე საშინელი იქნება და ვინც კორონას გადავურჩით, შიმშილისთვის ვართ განწირულები. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, მსგავსი პროგნოზები უფრო იმაზეა გათვლილი, რომ მასების მართვა გაადვილდეს. ყოველ შემთხვევაში, „ქრონიკა+“-ის რესპონდენტთან საუბრის შემდეგ პირადად მე განცდა გამიჩნდა, უფრო სწორად, დავიჯერე, რომ კორონამ თითოეულ ჩვენგანს ახალი შესაძლებლობების კარი გაგვიხსნა!

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი, ვახტანგ ჯაფარიძე, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მომავალს მუქ ფერებში არ ხატავს და ამბობს, რომ კორონა ერთგვარი შანსია, რომლის სიკეთესაც რამდენიმე წელიწადში ვნახავთ!
ცხადია, ვიღაცები იკითხავენ, _ როგორ შეიძლება, „უხილავმა მტერმა“, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით, 300 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სიკეთე მოგვიტანოსო? მაგრამ გვენდეთ, თუ წინამდებარე ინტერვიუს გულდასმით წაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც მავანნი ხატავენ.
მოკლედ, რა ასწავლა კაცობრიობას ორთვიანმა „ლოქდაუნმა“? როგორ უნდა ვაქციოთ პანდემია წარმატებად? და, საერთოდ, რა კავშირია შეთქმულების თეორიებსა და სექსუალურ აღგზნებას შორის? _ ამ და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ჩვენს გამოცემას ნლპ-ს სპეციალისტი, ვახტანგ ჯაფარიძე ესაუბრა, რომელიც „ქრონიკა+“-ის მკითხველს წარმატების მიღწევის, ასე ვთქვათ, მარტივ რეცეპტსაც აცნობს და, სხვათა შორის, არც იმის თქმას ერიდება, რომ კარგი იქნება, თუკი მსოფლიო ერთთვიან „ლოკდაუნებს“ ყოველ წელს გამოაცხადებს.

_ ორთვიანი ლოკდაუნი დასრულებულია, რაც თანამედროვე ადამიანებისთვის ერთობ უჩვეულო იყო. შესაბამისად, ეს პერიოდი მსოფლიო მოსახლეობაზე რა კვალს დატოვებს?
_ ვფიქრობ, ამ პერიოდმა ახალი სასარგებლო უნარების გამომუშავების აუცილებლობა დაგვანახა.
_ რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, ბიზნესის დისტანციურად მართვისა და დისტანციური მუშაობის სისტემა შეიქმნა.
ასევე ლოკდაუნმა საინფორმაციო ტექნოლოგიების ძალა და სისუსტეც გვაჩვენა.
საერთოდ, როდესაც ადამიანები იძულებული გახდნენ, თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად, სულ რაღაც, ორი თვის განმავლობაში დახურულ სივრცეში ყოფილიყვნენ, ამან ურთიერთობებში ბევრი ისეთი აქტუალური პრობლემა წამოჭრა, რაც აქამდე მიძინებულ და ლატენტურ ხასიათს ატარებდა, ახლა კი აქტიურ ფაზაში გადავიდა.
ამ პერიოდმა თვალნათელი გახადა ის ფაქტიც, რომ უამრავი ადამიანის შინაგანი სამყარო ძალიან მოსაწყენია. ეს კი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ჩვენი განათლებისა და აღზრდის სიტემა ნაკლებად ეფექტიანია.
ზოგადად, ამ პერიოდმა აზროვნების განვითარების აუცილებლობა გვაჩვენა და თუ აქედან სწორ დასკვნებს გავაკეთებთ, მინიმუმ, ორ წელიწადში ცხოვრების ხარისხის ზრდას მივიღებთ.
_ ზოგი ჭირი რომ მარგებელია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, ლოკდაუნის დროს ოჯახური ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში გაიზარდა. ვახო, ამის მიზეზი რა არის?
_ ამის მიზეზი ლოკდაუნამდეც არსებობდა. ლოკდაუნის სიტუაციამ კი ლაკმუსის ქაღალდივით იმუშავა და ძალადობის პრობლემები ზედაპირზე ამოიტანა.
_ ეს თემა განვავრცოთ…
_ ის აგრესიული ენერგია, რასაც ადამიანები აქამდე საზოგადოებაში აფრქვევდნენ, ლოკდაუნის დროს მათ ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე შეტრიალდა.
_ ანუ?
_ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ შესაძლოა, ინფორმაციის რაოდენობა გაიზარდა, ანუ ის, რაც ადრე დაფარული იყო, ახლა აშკარა გახდა.
სხვათა შორის, ამ პრობლემასაც განათლებასა და აღზრდასთან მივყავართ. ოჯახში ძალადობრივი ქცევის მიზეზები, როგორც წესი, ბავშვობიდან, ანუ იმ ფსიქოლოგიური ტრავმებიდან მომდინარეობს, რომელიც ადამიანმა ბავშვობაში ოჯახში მიიღო.
_ ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია და ისიც გასაგებია, რომ კორონა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა და იგივე დემოკრატიულმა ქვეყნებმა ხალხი სახლში ამიტომ გამოკეტა, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იყო თუ არა ეს თავისუფლების ხელყოფა, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით მოვიმკით?
_ არ მგონია, რომ ყველაფერი ასე ცუდადაა.
_ რატომ არ გგონიათ?
_ ჯერ ერთი, თვითიზოლაციის ობიექტური აუცილებლობა გაჩნდა. შესაბამისად, ქვეყნების ადმინისტრაციებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.
მეორეც, თუ დავაკვირდებით, პანდემიის პირველ ეტაპზე ადმინისტრაციები, ძირითადად, მოვლენებს პასუხობდნენ, ანუ ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, შავი ფიგურებით თამაშობდნენ. ამჟამად კი ქვეყნები თანდათანობით აქტიურ სოციალურ ცხოვრებას უბრუნდებიან.
_ კი ბატონო, მაგრამ ეს აქტიური ცხოვრება ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო. თქვენი აზრით, მაინც, რა კუთხით შეიცვლება ადამიანის ქცევა პოსტკორონასეულ ეპოქაში და ამასთან, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს ორთვიანი კარანტინი გარკვეულ ტრადიციებსაც დაგვავიწყებს?
_ ჩემი ნება რომ იყოს, ასეთ ორთვიან დასვენებებს წელიწადში ერთხელ მოვაწყობდი ხოლმე!
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ პლანეტამ ამოისუნთქა და ეს კარანტინი ეკოლოგიას ძალიან სასარგებლოდ დაეტყო. ჰოდა, თუ ამას დაგეგმილად გავაკეთებთ, ეს სტრესსაც გამორიცხავს და _ ეკონომიკის შეფერხებასაც.
ვფიქრობ, ადამიანები უფრო წინდახედულნი და მომავალზე ორიენტირებულნი გახდებიან. მათ ახალი ტექნოლოგიების ათვისება მოუწევთ.
ამ პერიოდმა დაგვანახა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებულობა ელემენტარული გადარჩენის აუცილებელ პირობად იქცა!
გუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ წერა-კითხვისა და ინფორმაციასთან წვდომის გაზრდა განაპირობა. ყველაფერ ამას კი სოციალური რევოლუციები, მონობის გაუქმება და კიდევ ბევრი სხვა პროგრესული ძვრა მოყვა, რომლითაც კაცობრიობა განვითარდა.
_ კორონაპანდემიისა და საბეჭდი მანქანის შედარება, ანუ მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა, მომიტევეთ და, მგონი, არარელევანტურია…
_ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ინტერნეტის შექმნაც ზუსტად ასეთი მნიშვნელობის მოვლენა იყო და, შესაბამისად, ადამიანებს მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ათვისება მოუწევთ. ამით კიდევ უფრო თანაბარი კონკურენტული გარემო შეიქმნება და განვითარებაშიც წინ წაგვწევს.
_ დავუშვათ, ასეა, მაგრამ ხომ ვერ უარვყოფთ, რომ მსოფლიო ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე დგას?
_ პირიქით.
_ ანუ?
_ პანდემიამ ჩვენი აზროვნებისა და ემოციური მდგომარეობის სისუსტეები გაგვაცნობიერებინა და ამჟამად ე. წ. ბიფურკაციის წერტილში ვიმყოფებით _ ან განვვითარდებით, ან დეგრადირებას დავიწყებთ, მაგრამ უკვე სახეზეა იმის ნიშნები, რომ ადამიანებმა ახალ რეალობასთან წარმატებული ადაპტაცია დაიწყეს.
ამიტომ ჩემი პროგნოზი ძალიან ოპტიმისტურია.
ვფიქრობ, გარდამავალი პერიოდი 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ გაცილებით ჰარმონიულ სამყაროში აღმოვჩნდებით!
_ ისე, ვახო, იმაში გეთანხმებით, რომ იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა უცებ დაინახეს, რომ სხვადასხვა ნიჭი და უნარი ჰქონიათ, ე. ი., ამ კუთხით კორონობა სარგებლის მომტანი იყო. თქვენც, მგონი, იმ აზრს ავითარებთ, რომ იზოლაცია ადამიანის პროგრესს უწყობს ხელს და არა _ რეგრესს, არა?
_ დიახ, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ.
საკუთარი ნიჭიერების ახალი მხარეების აღმოჩენა დაჯამებულ ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობასთან ძალიან პოზიტიური მოვლენაა. ვფიქრობ, ამ პერიოდის პოზიტიურ მნიშვნელობას სრულფასოვნად 5-7 წელიწადში გავიაზრებთ. მთავარია, ამბიციურად და მასშტაბურად აზროვნება გავბედოთ.
კერძოდ, წარმატების საწინდარი იქნება იმის გააზრება, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პიროვნებას, კომპანიას ან სხვა რაიმე ორგანიზაციას პლანეტარულ მასშტაბში.
თუ კიდევ უფრო ამბიციური ოცნება გაბედეთ და კოსმოსის კოლონიზაციაზე ფიქრი, შეიძლება, სარგებლის მოტანის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს. ახლანდელი დედები ან ზეადამიანებს აჩენენ, ან _ აპოკალიფსის თაობას, მაგრამ ზუსტად პანდემიამ და თვითიზოლაციამ ახალ რეალობაში ეს გადასვლა შეარბილა!
ეს არ არის ნახტომი, რომლის გასაკეთებლადაც უკანასკნელი ძალები უნდა მოიკრიფო. ეს არის რბილი, ეტაპობრივი გადასვლა, რაც ამ მოვლენის მასობრივ წარმატებას მოასწავებს.
_ ისე, კორონობის დროს ადამიანები, მაგალითად, იმას აპროტესტებდნენ, რომ არ შეეძლოთ მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომა. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, ამის გაპროტესტება თვითდამკვიდრებას ემსახურებაო. რეალურად, ასეა, ანუ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო აკრძალვის პროტესტით ხალხი რის დამტკიცებას ცდილობდა?
_ არც არაფრის.
_ ეს როგორ?
_ ჩვეულებრივი სოციალური რეფლექსია _ როდესაც რაღაცას გიკრძალავენ, უფრო მეტად გინდება.
სოციალურ ფსიქოლოგიაში ამას „დეფიციტის ეფექტს“ უწოდებენ. თვითდამკვიდრება კი სხვანაირად გამოიყურება. ისე, მანქანა საკუთარი ტერიტორიის ნაწილია და მასში რაიმე აკრძალვის დაწესება პირადი ტერიტორიის ხელყოფად აღიქმება, რაც ადამიანის ტვინის ლიმბიურ სისტემას _ ძუძუმწოვრის ტვინს რთავს, რომელიც პასუხისმგებელია, მათ შორის, საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე.
სწორედ აქედან მოდის ზემოხსენებული აგრესია, როგორც საკუთარი სასიცოცხლო სივრცის ხელყოფაზე რეაქცია.
_ სოციალური დისტანცია და ონლაინმუშაობა, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს ახალი რეალობაა. ვახო, ამბობთ, რომ ეს კაცობრიობის განვითარების ახალ საფეხურად უნდა ჩავთვალოთ, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანები საკუთარ „ნაჭუჭში იკეტებიან“, ანუ გამოქვაბულების ერას ხომ არ ვუბრუნდებით?
_ ძალიან საინტერესო შეკითხვაა…
უკვე კარგა ხანია, ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ჩვენი აღქმა _ მხედველობა და სმენა _ გლობალური გახდა, ანუ შეგიძლია, ფიზიკურად, მაგალითად, თბილისში იყო და, ამავდროულად, იმას უყურებდე და ისმენდე, თუ რახდება იმ წუთს რიო-დე-ჟანეიროში.
პანდემიის პირობებში კი ეს გარემოება ძალიან ხელსაყრელი გახდა _ ფიზიკურად სახლში ხარ, მაგრამ ინარჩუნებ გლობალური, პლანეტარული ხასიათის აღქმას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, თვითიზოლაცია პირობით ხასიათს ატარებს. ასე კომფორტულად, როგორც ახლა, კაცობრიობას არასოდეს უცხოვრია!
დიახ, საქმიანობის ვირტუალიზაცია აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, _ ინტერნეტტექნოლოგიების განვითარებამ და ამ დარგის ათვისებამ, შეიძლება, ქვეყანას კარდინალურად შეუცვალოს ეკონომიკური მოდელი და პოტენციალიც გაუზარდოს!
_ ისე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ კორონაპანდემია, ერთგვარად, დიდი მასშტაბის ე. წ. პოლიტიკური ჰიპნოზი იყო?
_ არ მგონია, მაგრამ მასეც რომ იყოს, იმ პლუსების გათვალისწინებით, რაც ამ ვითარებამ მოიტანა და მომავალში კიდევ მოიტანს, ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ!
ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პანიკური განწყობა, არიქა, თავისუფლებას გვართმევენო, მაგრამ სერიოზულად დავფიქრდეთ: თუ სახლში თვე-ნახევრით გაჩერებამ ასე შეიძლება გამოგათაყვანოს და დაგამონოს, მაშინ უკვე მონა ხარ!
ადამიანებს მოვლენების გაბუქება ხანდახან იმისთვის ახასიათებთ, რომ საკუთარი ცხოვრება ემოციურად უფრო საინტერესო გახადონ.
აი, მაგალითად, რისთვის დადის ადამიანი თეატრში ან კინოში? იმისთვის, რომ იმ ორი საათით განიცადოს ის მძაფრი ემოციები, რომლებსაც განიცდიან სპექტაკლის ან ფილმის პერსონაჟები; ასევე იმისთვის, რომ ცოტა ხანი იცხოვროს იმ ემოციებით, იმ ცხოვრებით, რომელიც თვითონ არ აქვს და, შესაძლოა, არც არასოდეს ჰქონდეს!
შეთქმულების თეორიებიც ანალოგიურ „სპექტაკლს“ წარმოადგენს. ამ „სპექტაკლში“ არსებობს დიდი ბუა _ მსოფლიო მთავრობა, მსხვერპლის როლში კი ჩვეულებრივი ხალხია და ძალიან დიდი ცდუნებაა, საკუთარ თავს დააჯერო, რომ შენ ჩასწვდი ამ ბოროტი გენიოსების ჩანაფიქრს და ერთგვარად უპირისპირდები ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს.
ასეთი წარმოდგენები და ფანტაზიები ემოციურ, თითქმის სექსუალურ აღგზნებას იწვევს და აი, მდარე და ერთფეროვანი ცხოვრება ისევ გახდა ემოციურად მძაფრი და საინტერესო.
ისე, თუ დააკვირდებით, შეთქმულების თეორიები მარგინალურ კლასტერებზე გათვლილი პროპაგანდისტული კლიშეების ნაწილია.
_ ვახო, რა ამის პასუხია და, დედამიწას სიყვარული ატრიალებს თუ სიტყვა?
_ სიყვარული, რადგან იგი „ვერტიკალურია და ბრუნვადი!“
_ ზოგადად, კორონობის შემდეგ ადამიანები უფრო კეთილები ხომ არ გახდებიან, რამეთუ დაინახეს, რომ ჯანმრთელობის ფონზე ყველაფერი ამაოა?
_ სავარაუდოდ, ასეც მოხდება.
ჯანმრთელობის გარდა, ცოცხალი ურთიერთობების ფასსაც უკეთესად ჩავწვდებით და ერთმანეთს უფრო გავუფრთხილდებით!
შესაბამისად, ადამიანებს შორის ურთიერთობები უფრო ეკოლოგიური, კონსტრუქციული და შედეგიანი გახდება!
_ არსებობს რამე მარტივი რეცეპტი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა შესაძლოა, საკუთარი ცხოვრება შეცვალოს?
_ დიახ, საკუთარი ცხოვრების შეცვლის მარტივი გზა არსებობს.
_ და ეს გზა როგორია?
_ ადამიანი ცხოვრებას იმიტომ ვერ ცვლის, რომ აზროვნების მაგიერ, ძირითადად, მეხსიერებას იყენებს, ანუ მზა აზრების გადალაგებ-გადმოლაგებითაა დაკავებული.
მეხსიერების ბუნებიდან გამომდინარე, მისი დანიშულებაა, რეალობა უცვლელად შეინარჩუნოს. შესაბამისად, ცვლილებების შესაქმნელად წარმოსახვითი აზროვნება, მომავალზე ორიენტირება გვჭირდება!
ცვლილებების მიმართ ორი მიდგომა არსებობს: პირველი ითვალისწინებს ნებისყოფის ძალის გამოყენებას და საკუთარ თავთან ბევრ ბრძოლას. ეს ძალიან დამღლელი და არაპროდუქტიული გზაა.
ძირითადად, ნებისყოფის ძალით განხორციელებული ახალი ჩვევა, რომელიც ორშაბათიდან დავიწყეთ, ხუთშაბათს ისევ უბრუნდება ძველ ჩვეულ ქცევას.
მეორე მიდგომა კი აქტიური წარმოსახვის სისტემატური გამოყენებაა. მაგალითად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჯადოსნური დროის მანქანით გადავედით იმ მომავალში, სადაც ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ. გავიაზროთ, რა შეიცვალა თქვენს ყოფიერებაში? რა არის სხვაგვარად?
როგორ შეიცვალა თქვენი გარემო? როგორ შეიცვალა თქვენი ქცევა? როგორ შეიცვალა თქვენი ხასიათის თვისებები?
როგორ შეიცვალა თქვენი წარმოდგენები ცხოვრებისა და საკუთარი თავის შესახებ? როგორ შეიცვალა თქვენი როლი? როგორ შეიცვალა თქვენი მიზნები?
მას შემდეგ, რაც ამ შეკითხვებზე პასუხებს კარგად წარმოისახავთ, დაფიქრდით, რა უნდა აკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ასეთ ცვლილებებს მიაღწიოთ? რა უნდა აკეთოთ ნაკლები და, საერთოდ, რა უნდა შეწყვიტოთ? რა უნდა დაიწყოთ, რაც მანამდე არ გაგიკეთებიათ?
ყოველივე ამის გააზრების შემდეგ დაგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები და შეასრულეთ!
შემდეგ ისევ გაიმეორეთ ზემოაღწერილი პროცესი თავიდან ბოლომდე. ასეთი მოძრაობით საკმაოდ მარტივად და სწრაფად შეცვლით საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ.
_ დაბოლოს, კორონობის დროს ბევრს საუბრობდნენ შეთქმულების ისეთ თეორიებზე, როგორიცაა, მაგალითად, 5G, ბილ გეითსის პროექტი და ა. შ., ანუ ფაქტია, რომ ყველაფერი ეს ვიღაცებზე გავლენას ახდენს. ჰოდა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კოსმოსი ჩვენდამი კეთილად განვაწყოთ?
_ უნდა ვეცადოთ, სიძულვილი სიყვარულად ვაქციოთ, წყენა _ მიტევებად, სასოწარკვეთა _ სიხარულად, ეჭვი _ რწმენად, უიმედობა _ იმედად, სიბნელე _ სინათლედ.
ვეცადოთ, არა გავაგებინოთ, არამედ გავუგოთ, კი არ ვეძებოთ დახმარება, ჩვენ თვითონ დავეხმაროთ, არა მოვითხოვოთ ჩვენ მიმართ სიყვარული, არამედ _ გვიყვარდეს!

გიორგი აბაშიძე