თეონა ჭალიძე:„ფსიქოლოგიურად დასტრესილი ხალხის ნერვებზე ნუ თამაშობთ!“

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ: ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსს გადავურჩით, ბრძოლა ახალი „ხილული მტრის“ წინააღმდეგ მოგვიწევს და ამ „მტერს“ სიღარიბე ჰქვია!
დიახ, კორონაპანდემიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გააღარიბა და საერთაშორისო ორგანიზაციები იმასაც კი არ გამორიცხავენ, რომ დედამიწაზე შესაძლოა, საკვები პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას. მართალია, ამ მხრივ საქართველოს, როგორც გვეუბნებიან, საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ფაქტია _ ჩვენი ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკა პანდემიამ კიდევ უფრო ჩამოშალა და, სხვა თუ არაფერი, ათასობით დასაქმებული შემოსავლის გარეშე დარჩა.

ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „ლოქდაუნი“ დასრულდებოდა, ხელისუფლებამ სხვადასხვა სფეროს ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, თუმცა ყველა ვხვდებით, რომ ამას „გადარჩენის ეფექტი“ ვერ ექნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩნდება მეტ-ნაკლებად გონივრული ეჭვი, რომ „ოცნება“ მხოლოდ საკუთარი მომხრეების დახმარებას ცდილობს. ამ ეჭვს „ახალი საქართველოს“ სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძეც იზიარებს.
საერთოდ, თეონა სოციალურ პრობლემებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ამიტომაც „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის შეფასება სწორედ მისთვის ეთხოვა.
მაშ, ასე! თეონა ჭალიძე ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს რეალობაზე ფაქტებით და შეულამაზებლად საუბრობს.

_ თეონა, კარანტინს როგორ გაუმკლავდით?
_ იანვარში მეორე შვილი შემეძინა და კარანტინის ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ პატარა გოგონასთან მეტ დროს ვატარებდი. ჩემი უფროსი შვილი, დავითი, ჩემი გრაფიკის გამო, დედასთან დროის გატარების დეფიციტს განიცდიდა, რაც ერთგვარად შევავსეთ, თუმცა მაინც ძალიან დატვირთული რეჟიმით, ოღონდ დისტანციურად ვმუშაობდი.
_ რას აკეთებდით?
_ ყოველდღე ასამდე ადამიანი მირეკავდა ან სოციალურ ქსელში მწერდა. ყველას დახმარება ან კონსულტაცია სჭირდებოდა. მოკლედ, კარანტინის დროს მომართვიანობა, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებთან შედარებით, გაათმაგდა. შესაბამისად, დღეც და ღამეც, ხანდახან გათენებამდეც კი, წერილებს ვპასუხობდი და ვცდილობდი, მათთვის, ვისაც კარანტინის გამო ბევრი პრობლემა შეექმნა, დისტანციურად აღმომეჩინა დახმარება. ამას ხან ვახერხებდი, ხან _ ვერა.
_ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი არც პანდემიამდე იყო, თუმცა ახალა გაცილებით მძიმე ვითარებაა. შენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კორონობამ ბევრი ადამიანი გააღარიბა?
_ ჩემი ინფორმაციით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც საკვების პრობლემა ჰქონდა, გაორმაგდა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ჩვენს პარტიასა და გიორგი ვაშაძეს დახმარების თხოვნით რამდენიმე ათასმა ოჯახმა მომართა. ისეთ ადამიანებს გაუჭირდათ, რომლებსაც სახელმწიფოსთვის რაიმე სახის დახმარებისთვის აქამდე არასოდეს მიუმართავთ. ახლა კი მაკარონი, ზეთი და პური არ ჰქონდათ. ასეთი ადამიანები დღემდე გვეკითხებიან, სად და როგორ დაწერონ განცხადება, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭოთ.
სხვათა შორის, ატირებული დედები მირეკავდნენ. რამდენჯერმე კი ატირებულმა მამაკაცებმაც დამირეკეს… რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს არც ცუდი სიზმარია და არც _ ცუდი ზრაპარი, ეს რეალობაა!
მქონდა ორი შემთხვევა, როცა მომწერეს, თავის მოკვლის გარდა არაფერი დამრჩენიაო. ყველაფერი ეს ისეთი რთული მოსასმენი და წასაკითხია, რომ შეუძლებელია, არ დაითრგუნო! ჩემი მეუღლე, გიორგი ხაბურზანია, გაკვირვებული მეკითხებოდა, ყველაფერ ამას როგორ უძლებო?
მოკლედ, ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა და ერთი ხელით ხან ბავშვს ვაჭმევდი, მეორით კი მონაცემებს ვიწერდი. ტელეფონი ე. წ. სპიკერზე მქონდა ჩართული და ამა თუ იმ ოჯახის ისტორიას ასე ვისმენდი. ეს მძიმე სიტუაცია _ შიმშილი, ჩაისა და პურის მიცემას რომ ძლივს ახერხებდნენ ოჯახები შვილების გამოსაკვებად, რა თქმა უნდა, ჩემზეც მოქმედებდა, მაგრამ ძალას ვგრძნობდი, რომ ცოტა ადამიანის დახმარება მაინც მომეხერხებინა.
სოციალურ ქსელში ვათავსებდი ოჯახების შესახებ ინფორმაციას და მეგობრებს მათ დხმარებას ვთხოვდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ძალისხმევის შედეგად რამდენიმე ასეული ოჯახი შიმშილისგან ვიხსენით, თუმცა დახმარებას იმდენი ოჯახი ითხოვდა და ახლაც ითხოვს, რომ ეს ზღვაში წვეთია. მე კი წერილების გახსნასა და პასუხის გაცემას ფიზიკურად ვერ ვახერხებ.
აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა მეგობარს, ნაცნობსა თუ უცნობს, ვინც შემეხმიანა, ამ ოჯახების კონტაქტები გამომართვა და მძიმე ვითარებაში დაეხმარა მათ, თუმცა ბევრს ვერ დავეხმარეთ და ახლაც, როცა ამ ინტერვიუს გაძლევთ, ისევ უამრავი ადამიანი შიმშილობს. მართალია, ეს დიმიტრი ხუნდაძეს არ სჯერა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
სხვათა შორის, მზად ვარ, ბატონი ხუნდაძე ასეთ ოჯახებში წავიყვანო! ჩვენმა გუნდმა, გიორგი ვაშაძისა და მისი მეგობრების დახმარებით, რომლებმაც საჯაროობა არ ისურვეს, თბილისში მცხოვრებ 1000 ოჯახს სასურსათო კალათა გაუკეთეს და ყველა წესის დაცვით გადასცეს. ეს მასშტაბური სოციალური აქტივობა იყო, მაგრამ ყველას ვერ გავწვდებით. მთავრობას კი არ ადარდებს, მის გვერდით მოქალქეები რომ შიმშილობენ!
არ ვამუქებ: მხოლოდ ბავშვები და მოხუცები კი არა, დიდებიც შიმშილობენ და პატარებიც!
_ პოლიტელიტა უმეტესად უმუშევრად დარჩენილებზე საუბრობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა მრავალშვილიანი ოჯახები და ასევე მარტოხელა დედები არიან. ამ კუთხით რა ხდება, დახმარების რომელიმე პაკეტი, მაგალითად, მარტოხელებს ერგოთ?
_ მრავალშვილიანი ოჯახების ნაწილს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ცოტაოდენი პროდუქტი დაურიგეს, თუმცა ერთ და ორშვილიანი ოჯახები სრულიად იგნორირებული დარჩნენ. არადა, ბავშვი ბავშვია, შვილი შვილია, შიმშილი ყველას აწუხებს და ერთ და ორშვილიანი ოჯახებისთვის პასუხი, _ ჩვენ მხოლოდ 3 და მეტშვილიანებს ვეხმარებით, _ გამაღიზიანებელია!
რაც შეეხება მარტოხელა დედებს, მათ ძალიან მცირე ნაწილს, ჩემთვის გაურკვეველი კრიტერიუმებით, პროდუქტი მიუტანეს. ხაზს ვუსვამ: ერთეულებს, თუმცა კრიტერიუმები ჩემთვის უცნობია, თუ როგორ აარჩიეს ეს ერთეულები. ყველა დახმარება, რაზედაც ხელისუფლებამ განაცხადა, იმიტირებული აღმოჩნდა!
დიახ, მე ამ დახმარებებს „იმიტირებული დახმარებები“ დავარქვი.
_ რატომ?
_ ალაგ-ალაგ ეხმარებიან, რათა ამაზე ხმა გავრცელდეს!
მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ჯგუფები კი, რეალურად, დახმარების გარეშე დარჩნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათები. პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრი თავს იწონებდა და ყელს იღერებდა, კომუნალური შეღავათით 1,2-მა მილიონმა ოჯახმა ისარგებლაო.
მინდა, პრემიერს, რომელსაც ხალხის ხმა არ ესმის, მივმართო:
ბატონო გახარია, შემიძლია, გაჩვენოთ ათასზე მეტი ოჯახი, რომელიც ძალიან გაჭირვებულია, მათ შორის, უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, მაგრამ თქვენი კომუნალური შეღავათით ვერ ისარგებლა!
_ ამას რით ხსნით, თეონა?
_ არც პრემიერსა და არც მის მრჩევლებს ისეთ ოჯახებზე, რომლებიც კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობენ და მხოლოდ ელექტროენერგია აქვთ, არ უფიქრიათ! შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ასეთ დროს მთელი დატვირთვა ელექტროენერგიის მოხმარებაზე მოდის. ამიტომ ოჯახებმა მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარს, ანუ 200 კილოვატს თვეში, რა თქმა უნდა, გადააჭარბეს.
მაგალითად, მარტო ორ მისამართზე _ თევდორე მღვდლის 13-სა და ისანში, სამხედრო ჰოსპიტალში, 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და მათმა უმრავლესობამ ამ შეღავათით ვერ ისარგებლა!
ასევე ვერ ისარგებლეს იმ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ოჯახებმა, რომლებსაც თითო ოთახი ან სარდაფი აქვთ ნაქირავები და ცალკე მრიცხველი არ გააჩნიათ. მაგალითად, ვარკეთილში, გახოკიძის 145-ში, ხუთი ოჯახი ერთი საერთო მრიცხველით სარგებლობს.
მოკლედ, მინიმუმ, 1000 ოჯახია, ვისზეც არავის უფიქრია, არადა, პასუხისმგებლიანი ხელისუფალი უყურადღებოდ ერთ ოჯახსაც არ უნდა ტოვებდეს _ მიდგომა ყველა გამონაკლის შემთხვევაზეც უნდა იყოს მორგებული, რათა დახმარება სამართლიანად გაიცეს და სწორედ იმ ბენეფიციარებამდე მივიდეს, რომლებსაც ეს დახმარება მართლა სჭირდებათ!
_ ისე, პრემიერმა პარლამენტში ანგარიშისას თქვა, რომ თუ ძიძები ოჯახიდან, სადაც დასაქმებულები იყვნენ, ცნობას წარადგენენ, დახმარებას მიიღებენო. ეს რეალურად გეჩვენებათ?
_ ეს მტკნარი სიცრუეა!
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ არ გამოვრიცხავ, ალაგ-ალაგ, თავიანთ აქტივს ჩაურიცხონ და თქვან, აი, ნახეთ, თუ არ დავეხმარეთო, მაგრამ ამას პირადად მივხედავ _ ვგეგმავ, რომ ყველა ძიძას დავეხმარო საბუთის წარდგენაში და ვნახოთ, მერე რას იზამენ!
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, განაცხადა, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება საკმარისიო. ეს „რუსთავი 2-თან“ საუბრისას თქვა და ვის დაუჯეროს ხალხმა _ ბარკალაიას თუ პრემიერს?
გაფრთხილებთ, რას მიედ-მოედებით, რატომ აბნევთ და ატყუებთ ადამიანებს? ფსიქოლოგიურად ისედაც დასტრესილი ხალხის ნერვებზე ნუ თამაშობთ!
_ ზოგადად, ბაღების დაკეტვამ ბევრი ოჯახი, ალბათ, პრობლემის წინაშე დააყენა _ ძიძის ფული ბევრს არ ექნება და მშობლებს თუნდაც მცირეშემოსავლიანი სამსახურის დატოვება მოუწევთ. ბაღების სექტემბრამდე დახურვა გამართლებულია?
_ მხოლოდ ბაღების კი არა, სკოლების დახურვაც შეგვიძლია, იგივე კონტექსტში განვიხილოთ იმიტომ, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც ვერ დატოვებს მშობელი უფროსის მეთვალყურეობის გარეშე.
ვფიქრობ, შესაძლებელი იქნებოდა, სპეციალისტებთან ერთად, გამოსავლის მონახვა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენს რეალობაზე მორგებული ვარიანტის შემუშავება, მაგრამ ამაზე ხომ დროს ვერ დახარჯავდნენ? განა, უფრო მარტივი არაა, რომ სახლში გამოკეტო ხალხი და თუ ცხვირს გარეთ გამოყოფს, 3000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერო?
_ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ პანდემიის დროს სოცშემწეობა თუ დახმარება ყველა ოჯახს მიეღო?
_ მთავრობას ყველა ოჯახზე უნდა ეზრუნა და ეფექტიანად ემუშავა, მაგრამ ამის ნაცვლად ჩამოშლილი იყო სოციალური მომსახურების სააგენტო.
_ ანუ?
_ დახმარებას ვინ ჩივის, როცა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი არ მუშაობდა _ ადამიანები საათობით, დღეების განმავლობაში რეკავდნენ და კითხვებზე პასუხებს ვერ იღებდნენ.
სხვათა შორის, ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა პეტიციაც შევადგინეთ და ვისაც საარსებო შემწეობა შეჩერებული ჰქონდა, მოვითხოვეთ, რომ პანდემიის გამო აღედგინათ, თუმცა ეს მოთხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინეს, ანუ საარსებო შემწეობა მხოლოდ ნაწილს აღუდგინეს.
სხვათა შორის, უტრანსპორტობის გამო სოციალური აგენტების მუშაობა პარალიზებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროს და სოცმომსახურების სააგენტოს არ უზრუნიათ თავიანთ თანამშრომლებზე, მათ უსაფრთხოებასა და ტრანსპორტირებაზე. ეს კი არადა, სოციალური აგენტები აბუჩად აიგდეს და აპრილში, ხელფასის სახით, 80 და 100 ლარი ჩაურიცხეს. ეს ფაქტიც პირველად ჩვენ გავასაჯაროეთ. ამის შემდეგ 160 ლარი კიდევ ჩაურიცხეს, მაგრამ ეს სამარცხვინო იყო!
მთავრობამ საკუთარი თანამშრომლები, ანუ ის ადამიანებიც არად ჩააგდო, რომელთა კისერზეც ბევრმა რამემ გადაიარა!
_ თეონა, იზიარებთ მოსაზრებას, რომ მთავრობის დახმარება მხოლოდ „ოცნების“ მომხრეებზე ნაწილდება და თუ ასეა, დამადასტურებელი ფაქტები გაქვთ?
_ კი, ძირითადად, ასეა და ამის დამადასტურებელი არგუმენტებიც მაქვს, თუმცა სანამ არგუმენტს მოვიშველიებ, გეტყვით, რომ არასოდეს გამირჩევია ადამიანები პოლიტიკური შეხედულებით. მაშინაც კი, როცა საჯარო სამსახურში ვიყავი და ნავთლუღის ტერიტორიული ერთეულის უბნის სამსახურის უფროსად ვმუშაობდი, ანუ როცა პოლიტიკური ნიშნით დახმარებების გაცემა-არგაცემა ყბადაღებული თემა იყო, ერთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელიც იტყვის, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გავაკეთე და პოლიტიკური ნიშნის გამო დავაკელი ყურადღება! ახლაც ასე ვარ _ ადამიანი დახმარებას რომ მთხოვს, არ ვასხვავებ და არ ვეკითხები, ხმას ვის აძლევს. როცა ადამიანს უჭირს და მშიერია, ეს არ მაინტერესებს, თუმცა ხალხი პოზიციას ხშირად თავად გამოხატავს და მათ ნათქვამზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობა, ვინც დახმარება ვერ მიიღო, თუნდაც ერთჯერადად საკვები, ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილია!
ამიტომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზემოხსენებული მოსაზრება გავიზიარო.
_ ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა ქვეყნის რომელ რეგიონშია?
_ მიჭირს გამოყოფა, რადგან რეგიონებშიც მძიმე მდგომარეობაა, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე დედაქლაქში!
ყოველთვის იმ ხალხის სახელით ვსაუბრობ, ვინც ხმა მომაწვდინა, დამირეკა ან სოციალურ ქსელში მომწერა, მაგრამ რამდენია, ვისაც ინტერნეტთან, კომპიუტერთან ხელი არ მიუწვდება ან ის უნარები არ გააჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ისარგებლოს? ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ხმა საერთოდ არ ისმის!
_ თეონა, ხომ არ ფიქრობთ, რომ კორონაფონდიდან თანხა გაჭირვებულებს უნდა დაურიგდეს?
_ სანამ კორონაფონდს მივადგებით, მთავრობაში ქვეყნის ბიუჯეტის ჭამასა და ხვრას უნდა შეეშვან, ეკონომია გააკეთონ და ხალხს მოახმარონ. ასეთი გაჭირვება არც ერთი კრიზისის დროს არ მახსენდება! ადამიანებს ერთმანეთის იმედი აქვთ, რომ მეზობელი ერთ ჯამ საჭმელს მიაწვდის და გადარჩნენ, თორემ მთავრობის იმედი აღარავის აქვს! ხალხი სასოწარკვეთილია და ეს უიმედობა კიდევ უფრო ძლიერდება!
თოთო ბავშვებისთვის საჭმელს რომ ვერ ყიდულობენ მშობლები, აი, რა უნდა ქნან? _ ასეთ შემთხვევებს კიდევ უფრო განვიცდი _ მეც პატარა მყავს და თავს მათ ადგილზე რომ წარმოვიდგენ ხოლმე, ზოგჯერ მეტირება! განა, ზედმეტად ემოციური ვარ? უბრალოდ, გულთან მიმაქვს ასეთი შემთხვევები. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მთავრობას, რომ ასეთ ვითარებაში მოსახლეობა მარტო არ დაეტოვებინა.
_ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ხელისუფლებას, მგონი, არც გახსენებია. რა უნდა გაკეთდეს მათ დასახმარებლად?
_ მათ, ვინც ქუჩაშია, საარსებო შემწეობას და სოციალურად დაუცველის სტატუსსაც კი არ ანიჭებენ.
_ რატომ?
_ თუ ადამიანს მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია და ხან სადაა შეკედლებული, ხან _ სად, სახელმწიფო საარსებო შემწეობას არ აძლევს!
ხელისუფლებას ასევე არ გახსენებია და საერთოდ მოიხსნა პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც, მაგალითად, თბილისში არ არიან ჩაწერილები, მაგრამ აქ ქირით ცხოვრობენ ან იქ, სადაც იურიდიულად არ იყვნენ ჩაწერილები, კარანტინის დროს ჩარჩნენ. მათ საკვებზე უარს იმ მიზეზით ეუბნებოდნენ, რომ ჩაწერილები არ იყვნენ.
ასევე ორსულები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში, ბევრი მათგანი აუცილებელ მედიკამენტებს ვეღარ იღებდა, რადგან ოჯახის წევრებს ფინანსური რესურსი აღარ გააჩნდათ. მქონდა შემთხვევები, როცა ორსულები მაკარონით და პურით დახმარებას ითხოვდნენ. რომელ რძის პროდუქტებზე, ხორცზე ან ხილზეა ლაპარაკი, უბრალოდ, ბურღულს ვერ ყიდულობს ხალხი, ისე გაიზარდა ფასები!
მოგეხსენებათ, უამრავი ოჯახი ქირით ცხოვრობს და უმეტესობა ქირის გადახდას ვერ ახერხებს. ერთ ქალს ბურღული მივაწოდეთ და იცით, რა მითხრა? _ იქნებ, ვინმემ 5 ლარით დახმარება შეძლოს, რომ რამდენიმე ხახვი და კარტოფილი ვიყიდო და ბავშვებს წყალწყალა სუპი გავუკეთოო.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ კორონას საქართველო ისე გამოიყენებს, როგორც წარმატების შანსს. ამაზე რას იტყვით?
_ ხელისუფლებამ ეგ საკენკი თავის პარტაქტივს დაუყაროს! რა წარმატების შანსი? _ სწრაფი ტესტების ჩამოტანას ვერ დააყენეს საშველი და საგანგებო მდგომარეობა ისე გაწელეს, რომ ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკა კიდევ უფრო ჩამოანგრიეს!
სწრაფი ტესტების ქონის შემთხვევაში ბევრად მალე შეიძლებოდა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმთან მიახლოება. ჩვენს გუნდს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფორმატში, ეს გეგმა წარმოდგენილი ჰქონდა და გიორგი ვაშაძემაც არაერთხელ შესთავაზა დახმარება პრემიერს, მაგრამ ავი ძაღლი არც თვითონ ჭამდა არც სხვას აჭმევდაო, ისეა ჩვენი მთავრობის საქმე! თვითონ თავს ვერ აბამენ ვერაფერს და სხვის დახმარებასაც არ იღებენ!
_ ისე, პანდემიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმებში გარკვეული ცვლილებები ხომ არ შეიტანა?
_ როგორც ყველაფერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსაც შეეხო გარკვეული ცვლილებები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კარანტინის პირობებშიც ყველაზე აქტიური სწორედ ჩვენი გუნდი იყო, რომელსაც ერთი დღეც არ შეუსვენია და მუდმივ რეჟიმში აფხიზლებდა მთავრობას არა მარტო ბრიფინგებით, როგორც ეს ბევრს სჩვევია, არამედ კონკრეტული გეგმებით, რეკომენდაციებითა და თანამშრომლობის მზაობით.
ჩვენ, მართლაც, ორიენტირებულნი ვართ, რომ რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრობლემების მოსაგვარებლად.
ახლა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ხალხის გვერდით უნდა იდგეს! თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, იმ ადამიანებზე ვიზრუნოთ, რომლებიც ჩვენზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან. უბრალოდ, ძირითადი ბერკეტები მთავრობის ხელშია და კეთილი ინებოს და ხალხს მიხედოს!

გიორგი აბაშიძე