თაკო ჩარკვიანი: „ეს აუცილებლად დაწერეთ!“

პოსტპანდემიური პოლიტიკა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ინიციატივამ გამოაცოცხლა, რომლის თანახმადაც, კარგი იქნება, თუ მომავალ მთავრობას გიორგი ვაშაძე ჩაუდგება სათავეში. „ახალი საქართველოს“ ლიდერის შესაძლო პრემიერობამ მხოლოდ სახელისუფლებო წრეები კი არა, ოპოზიციაც დააბნია. ყოველ შემთხვევაში, ჩარკვიანის ზემოხსენებულ იდეას, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.
სხვათა შორის, „კანონი და სამართლის“ ლიდერი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ ერთგვაროვან რეაქციას არც ელოდა და იმასაც განმარტავს, თუ რატომ მიიჩნია საჭიროდ, ეს იდეა სწორედ ახლა გაეჟღერებინა.

მოკლედ, ვინ და როგორ ცდილობს ოპოზიციაში პრორუსული ვექტორის გაცოცხლებას და როგორ უნდა გადარჩეს პროდასავლური პროცესი? _ „ქრონიკა+“ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:

_ ქალბატონო თაკო, იზიარებთ თუ არა ხათუნა ლაგაზიძის მოსაზრებას, რომ კორონა ხელისუფლების მთავარ მოკავშირედ იქცა, ანუ ორთვიანი „ლოქდაუნით“ მოგებული ვინ არის _ ხელისუფლება თუ ოპოზიცია?
_ უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ყველაფერ ამას ხელისუფლება ირგებს.
_ ანუ?
_ „ოცნება“ ამბობს, რომ კრიზისი კარგად მართა. კი ბატონო, საქართველოში ისეთი სიკვდილიანობა არაა, როგორიც, მაგალითად, იტალიაში იყო. ეს ძალიან კარგია და მეც მიხარია, მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანებს დახმარება სამი თვის განმავლობაში არ მიუღიათ. ყველაზე ცუდი კი იცით, რა არის? _ ვიღაცები ამბობენ, აი, პრემიერმა თქვა, ადამიანებმა დახმარება მიიღესო. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვჭორაობთ? სირცხვილია! ბოლოს და ბოლოს, ანტიკრიზისული გეგმა გაწერილი უნდა იყოს, რომელიც ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა.
ასევე იმ ფულის წარმომავლობაც გაწერილი უნდა იყოს, ვინ რა სად გადარიცხა და ვინ რამდენი დახმარება მიიღო. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ საბავშვო არითმეტიკაა! მოკლედ, პრემიერი კი არ უნდა გვეჭორაოს და ამბად მოგვიყვეს, აი, დახმარება დარიგდაო. ყველაფერი გაწერილი თუნდაც იმიტომ უნდა იყოს, რომ უხერხულობაში თავად არ ჩავარდნენ და ადამიანებმა ხელისუფლებაში ეჭვი არ შეიტანონ! ისე, ამ წუთას ოპოზიციონერი კი არა, რიგითი მოქალაქე თამარ ჩარკვიანი ვსაუბრობ, რომელიც ლეგიტიმურად ითხოვს, რომ ანტიკრიზისული გეგმა გამოქვეყნდეს და გამჭვირვალე გახდეს.
_ ფულის წარმომავლობაზე მახვილს იმიტომ ხომ არ სვამთ, რომ ეჭვობთ, კოვიდფონდში გადარიცხული თანხები ვიღაცებს „შეაწერეს“?
_ იცით, ანტიკრიზისული გეგმა რატომ არ წარმოადგინეს?
_ რატომ?
_ აი, ის „ჯიგრული კორუფცია“, გახარია რომ ახსენებს, სწორედ ესაა, ანუ ანტიკრიზისული გეგმა რომ წარმოედგინათ, თანხის ზუსტი წარმომავლობა უნდა ეჩვენებინათ. აბა, შეიძლება, სამი თვის განმავლობაში კანონი დაარღვიო და ანტიკრიზისული გეგმა არ გამოაქვეყნო? ეს ხომ სასაცილოა? ადამიანები ამდენი ხანი გამოამწყვდიო და თეთრიც არ მისცე, ასე შეიძლება? ზოგი კორონისგან კვდება, ზოგი კი _ შიმშილით და სხვა უმძიმესი დაავადებით!
_ ხელისუფლების პასუხისმგებლობა გასაგებია, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას თავდაპირველად საპარლამენტო ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი, შესაბამისად, პასუხისმგებლობა იმ სოციალურ რეალობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რომელზედაც საუბრობთ, ოპოზიციასაც ხომ არ უნდა დაეკისროს?
_ ვფიქრობ, მსოფლიოში შექმნილმა მაშინდელმა მძიმე ვითარებამ, გარკვეულწილად, იმოქმედა და ოპოზიციამ ანგარიში სწორედ ამას გაუწია, ანუ იგივე იტალიაში სიკვდილიანობა ძალიან დიდი იყო და ოპოზიციამ, ალბათ, ჩათვალა, საქართველოშიც იგივე რომ არ მომხდარიყო, საგანგებო მდგომარეობისთვის მხარი უნდა დაეჭირა.
_ კი ბატონო, მაგრამ ამ საგანგებო მდგომარეობით ყველაზე წაგებული, ჩემი აზრით, ოპოზიციაა.
_ დიახ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
_ გასაგებია, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ გიორგი რურუა ისევ ციხეშია. მეტიც: მხოლოდ თქვენ ითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭოს, ამ თემაზე დანარჩენი ოპოზიცია კი დუმს. მოკლედ, რა ხდება?
_ დიახ, პარტიებიდან პირველი სწორედ „კანონი და სამართალი“ იყო, რომელმაც ეს მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნას 15-მა არასამთავრობომ მოაწერა ხელი. სიმართლე გითხრათ, მეც მიკვირს, ოპოზიცია ამ მოთხოვნას რატომ არ აყენებს.
_ ეს კითხვა ოპოზიციურ შეკრებებზე არ დაგისვამთ?
_ იანვრის შემდეგ ამ მაგიდას არ დავსწრებივარ, ანუ ჩემი პირობა შევასრულე.
_ რას გულისხმობთ?
_ თავდაპირველად შეთანხმება იყო, რომ ეს მაგიდა პროპორციულისა და პოლიტპატიმრების გამო იკრიბებოდა. ამასთან, მაშინ ყველა პარტია საერთო სიას გამორიცხავდა და განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ აქტიურობდა _ ბოკერიამ განცხადებაც გააკეთა, მაგრამ მერე „გემოვნება გაიხსნა“.
_ „გემოვნების გახსნა“ რას ნიშნავს?
_ რუსულ ვექტორს გემოვნება გაეხსნა და დღეს უკვე მაჟორიტარებზე საუბრობენ.
_ სხვათა შორის, ეს რუსული ვექტორი ოპოზიციურ მაგიდასთან თავად ოპოზიციამ მიიყვანა.
_ დიახ, მაგრამ აქაც ობიექტური ვიქნები და გეტყვით, რომ თავიდან შეთანხმება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე იყო.
_ რუსულ ვექტორს არცთუ დიდი ელექტორატი ჰყავს და აქედან გამომდინარე, არ მგონია, ამ ვექტორის ოპოზიციურ მაგიდასთან ყოფნა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ყოფილიყო.
_ დიახ, საბედნიეროდ, ასეა და მეც სწორედ ეს კითხვა დავსვი, _ რა ჯანდაბად გინდათ-მეთქი? იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის ერთიანობა დაენახებინათ, გუშინწინ კოსაჩოვსა და ლავროვთან მოსიარულე ადამიანების გვერდით დაყენება რა საჭირო იყო? მოლაპარაკების მაგიდასთან გარიგებული ადამიანი საჭირო არაა! ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე, სამპროცენტიან პარტიებს რა უფლება აქვთ, რომ მტერთან ირბინონ? ამას გარიგება და კოლაბორაციონიზმი ჰქვია!
მოკლედ, ამ რუსული ვექტორის მაგიდასთან მოყვანამ არაფერი მოიტანა _ ივანიშვილი ისევ თავის ადგილასაა და ოპოზიციაში, რუსული ვექტორის სახით, საკუთარი ყური „ჩადო“.
ორი დღის წინ ერთი ქალბატონის გამოსვლა მოვისმინე, რომელმაც განაცხადა, რუსული ვექტორი მაინც არსებობს, ამიტომ ხმას კი არ მივცემთ, არამედ ჩვენს კანდიდატს არ ჩავუსვამთო. „ევროპული საქართველოდან“ ასეთ რამეს ბევრი ამბობს. ამიტომ მაინტერესებს: იმ ოლქში, სადაც პრორუსული ვექტორი მაჟორიტარობის კანდიდატს დაასახელებს და ჩვენ კანდიდატი არ გვეყოლება, ჩვენს, ანუ პროდასავლურ ამომრჩეველს რა ვუთხრათ, _ არჩევნებზე არ წახვიდეთო? შეიძლება, პოლიტიკოსმა ასეთი განცხადება გააკეთოს?
ჩემს ერთ ამომრჩეველსაც კი ვერ ვაკადრებ მსგავსს და დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობაც“ ასე ფიქრობს, რომ სამაჩაბლოს რომელიმე რაიონში ჩვენს კანდიდატს არ ვაყენებთ და რუსული ვექტორის კანდიდატს მიეცი ხმაო! აი, სწორედ ესაა ფარსი! დასაშვები არ უნდა გახადო ოკუპანტის მომხრე ვექტორის ქართულ პოლიტიკაში ადაპტაცია! ხომ ხედავთ, რა მივიღეთ _ ოკუპანტისთვის რუსული ვექტორის სამომავლოდ გაცოცხლება დასაშვები გახდა!
_ „ძალა ერთობაშია“, რომელიც დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ოპოზიციურ მაგიდაში მონაწილეობს, ყოველივე ზემოთქმულს რატომ არ აპროტესტებს? სხვათა შორის, „ევროპული საქართველოც“ ამ მაგიდის აქტიური წევრია…
_ „ევროპულ საქართველოზე“ ერთხელ ვთქვი და ახლა კი უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ძალა ერთობაშიას“ საპირწონედ დიდი მაგიდის შექმნა ბოკერიას ინტერესი იყო და ამით „ძალა ერთობაშიას“ პროექტისთვის, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას უდიდესი წარმატება მოუტანა, ჩრდილი მიეყენებინა!
_ ბოკერიას ინტერესი ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ და მიპასუხეთ: „ძალა ერთობაშია“, რომელიც წეღანდელი თქმისა არ იყოს, ოპოზიციური მაგიდის წევრია, პრორუსული ვექტორის გაცოცხლებას, ანუ იმას, რომ ამ ვექტორის მაჟორიტარებს პროდასავლურმა ძალებმა შესაძლოა, კონკურენტები არ ჩაუსვან, რატომ არ აპროტესტებს?
_ იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი რურუა არ გამოუშვეს, ამ გაფართოებული მაგიდის, ასე ვთქვათ, საჭიროება დროში გაიზარდა.
_ ეს რა შუაშია?
_ როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ვფიქრობ, რაღაც-რაღაცები შეწყდება და როგორც კი საარჩევნო პერიოდი დაიწყება, მერწმუნეთ, ამ საკითხზე „ძალა ერთობაშიას“ მკვეთრ პოიზიციას ნახავთ!
_ ქალბატონო თაკო, პოლიტიკაში, მგონი, იდეალისტი ხართ.
_ დიახ, ბრძოლას იდეალისტები იგებენ.
_ კი ბატონო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ რურუას არ შეიწყალებს, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს მაინც დაუჭერს. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, თქვენი და, საერთოდ, „ძალა ერთობაშიას“ წევრების პოზიცია როგორი იქნება?
_ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობთ.
_ დიახ, ასეა.
_ თუ ოდესმე ჩემი ნათქვამი და გაკეთებული ერთმანეთს ასცდება, ბოდიშს მოვიხდი! პოლიტიკაში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. „კანონი და სამართალი“ ჩემთვის პირველი პარტიაა და თავიდანვე ვთქვი, არჩევნებამდე ჩემი პრინციპებით მივალ-მეთქი.
_ ანუ?
_ ვიცი, რომ „ძალა ერთობაშიას“ წევრები დასავლეთთან მიმართებით ჩემს პოზიციას ემხრობიან.
_ თქვენს პოზიციას „ძალა ერთობაშიას“ ყველა წევრი პარტია ემხრობა?
_ დასავლურ ვექტორთან დაკავშირებით აბსოლუტური კონსოლიდაციაა. ყოველ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, შოთა მალაშხია, მანანა ჯებაშვილი და კიდევ სხვები იმ პოზიციაზე არიან, რომ დასავლური ვექტორი უმთავრესია!
_ კეთილი, მაგრამ ხელმეორედ გკითხავთ: თუ, მაგალითად, „ევროპული საქართველო“ რურუას შეწყალების გარეშე საკონსტიტუციო შეთანხმებას დასთანხმდება, მოვლენები როგორ განვითარდება?
_ დასთანხმდეს, ეს მისი საქმეა!
სხვათა შორის, „ევროპული საქართველო“, თავის დროზე, იმასაც დასთანხმდა, რომ ერთი პარტია იყო, ანუ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობით“ შევიდა. ახლა კი გაიძახიან, ყველაფერში დამნაშავე სააკაშვილია, ჩვენ კი სუფთები ვართო. არადა, კაცი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
_ გიგა ბოკერიას გულისხმობთ?
_ რაში მაინტერსებს, რაზე დასთანხმდებიან. „ევროპული საქართველო“ სხვა პარტიაა. ჩვენი პარტია _ „კანონი და სამართალი“ კი ამ გზას ძალიან კეთილსინდისიერად გაივლის!
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ქალბატონო თაკო, თუმცა ახლა საუბრის თემას შევცვლი, ანუ მითხარით: თქვენს იდეას, რომ გიორგი ვაშაძე პრემიერობის იდეალური კანდიდატურაა, „ნაცმოძრაობაში“ ერთგვაროვნად შეხვდნენ?
_ არა!
_ სხვათა შორის, სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდები: „ნიკა მელია პრემიერად“, „სანდრა რულოვსი პრემიერად“, ანუ რა ხდება?
_ რასაც ახლა ვიტყვი, აუცილებლად დაწერეთ.
_ რა თქმა უნდა!
_ თქვენნაირი პროფესიონალი ჟურნალისტი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია და პროფესიონალიზმის ვარსკვლავი ხართ.
_ გმადლობთ, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ მინდა, ჩემი ეს ნათქვამიც, როგორც ყოველთვის, აბსოლუტური სიზუსტით დაწეროთ!
მოკლედ, პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურა იმიტომ კი არ დავასახელე, რომ აუცილებლად ერთგვაროვნებას ველოდი!
„ძალა ერთობაშიას“ სრულფასოვანი წევრი ვარ და ყველამ კარგად იცის, რა შრომა მაქვს ჩადებული, რომ დასავლური ვექტორი გაერთიანებულიყო და მომძლავრებულიყო! ბედნიერი ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა ეს იციან.
_ ქალბატონო თაკო, ეგებ, კითხვაზე მიპასუხოთ?
_ უკაცრავად, თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმა მქონდა, ახლა ხომ არ დამიკარგავს და ისევ მაქვს? ისევ ის თამარ ჩარკვიანი ვარ, ვინც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვიყავი.
„ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთ სამუშაო შეკრებაზე მივედი და ვთქვი, კოლეგებო, პროცესს გადავხედე, რაღაცები შევიტყვე, ანუ მაქვს ინფორმაცია, რომ წლევანდელ არჩევნებში ხელისუფლება ოპოზიციის ისეთივე შეფუთვას აპირებს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გააკეთა, ანუ ლაპარაკი ისევ სისხლიან 9 წელზე, რაღაც სისულელეებზე იქნება და ისევ ტალახიან შეფუთვას აპირებს-მეთქი. ამიტომ ძალიან დიდხანს ვიფიქრე, სოციალურ ქსელსაც გადავავლე თვალი და ისიც გამახსენდა, 2018 წელს მიხეილ სააკაშვილმა რომ თქვა, გიორგი ვაშაძე კარგი პრემიერი იქნებოდაო. სხვათა შორის, სააკაშვილს ვაშაძე გამოცდილი ჰყავს, მისი მუშაობა იცის და ამასთან, გიორგი მიშას დასავლური ღირებულებებისა და რეფორმების ძალიან ერთგულია. მისი სახელი არც სისხლს უკავშირდება. სამაგიეროდ, უკავშირდება ევროპაში ცნობილ პროექტს _ იუსტიციის სახლს. ამიტომ, იქნებ, მის გარშემო გაერთიანება მოხდეს-მეთქი.
ეს „ძალა ერთობაშიას“ ოფისში, სამუშაო მაგიდასთან ვთქვი და ძალიან მოეწონათ. იქვე დავაყოლე, _ პრობლემა არაა, სხვა ალეტერნატივასაც დაველოდოთ-მეთქი.
სხვათა შორის, სანამ იქ მივიდოდი, „პალიტრა ნიუსზე“ გავაჟღერე, _ ეს ადამიანი ძალიან კარგი პრემიერი იქნება-მეთქი.
მოკლედ, ერთი ამბავი ატყდა და ასე დალაგდა: „ნაციონალებში“ ვაშაძის კანდიდატურას ძალიან ბევრი ემხრობა. მაგრამ გაუხარდებოდათ, პრემიერის კანდიდატი „ნაციონალებიდან“ რომ ყოფილიყო და ეს ნორმალურია.
არის მესამე ნაწილი, რომელსაც თავისი კანდიდატი ჰყავს, თუმცა ესეც ნორმალურია.
_ და ეს მესამე ნაწილი „ნაციონალების“ რომელი ფრთაა?
_ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს ნიუანსია.
შევეცდები, ჩემი კოლეგები, მათ შორის, უმსხვილესი პარტიის _ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავარწმუნო, რომ პროცესს, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს, გადასარჩენად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომლის მიმართაც სიმპათია მიხეილ სააკაშვილსაც აქვს და ხალხსაც, რომელსაც „ნაციონალების“ მიმართ რაღაც ხინჯი დარჩა. გიორგი ვაშაძე „ნაციონალებიდანაც“ ძალიან ბევრს მოსწონს.
გულზე ის ადამიანები გასკდნენ, რომლებიც მიხვდნენ, რომ ეს პროცესი შეიძლება, გადარჩეს.
_ რომელ ადამიანებს გულისხმობთ?
_ „ოცნების“ ულტრამომხრეებს, რომლებიც მხოლოდ ფულზე ფიქრობენ, თუმცა ასეთი ათი ადამიანია.
თუ პროცესის გადასარჩენად გიორგი ვაშაძეზე უკეთესს კანდიდატურას დააყენებენ, გაგვიხარდება!
_ გიორგი ვაშაძეს შეიძლება, „ნაციონალური“ ხინჯი არ აქვს, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილთან ნათესაურ კავშირს რა ვუყოთ, ქალბატონო თაკო? სხვათა შორის, ამ თემაზე უკვე საუბრობენ.
_ კი ბატონო, ამაზე პასუხს უმარტივესად გაგცემთ: თუ ისევ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, რომ პრემიერებმა ვინმე უნდა დაიჭირონ ან არა, მაშინ ქუდები დავიხუროთ, კორონის ნიღბები ავიფაროთ და სახლებში დავსხდეთ!
ალბათ, გახსოვთ, „კანონმა და სამართალმა“ თავისი პირველი ყრილობა ამ ოთხპუნქტიანი გეგმით გახსნა _ თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი სახელმწიფო აუდიტი და თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებელი. აი, ასეთი სამართლებრივი რეფორმების ქვეშ არც ერთი პრემიერი საშიში არ იქნება. ის კანონთან მორიდებული იქნება და ინსტიტუციებს შორის ქიშპობა კი არა, მორიდება იარსებებს!
წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ გამოცდილებით, რაც საქართველოს აქვს, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც ძალაუფლება შეიძლება, აღვირახსნილად ჩააბარო!
მოკლედ, ვინმეს დასჯას ან არდასჯას პრემიერი კი არა, თავისუფალი სასამართლო უნდა წყვეტდეს და სწორედ ამიტომ არ მეშინია!
_ არჩევნებამდე ხუთი თვეა დარჩენილი და ისე ხომ არ მოხდება, რომ ამასობაში „ძალა ერთობაშია“ დაიშალოს?
_ არ მგონია. „ნაციონალურ მოძრაობას“ იდეალისტები ჰყავს და ამიტომ ბარაქალას ვეუბნები მათ და ვფიქრობ, პროცესს გამჭრიახულად შეაფასებენ! „ნაცმოძრაობას“ მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ უზარმაზარი პარტიაა _ ბოლოს და ბოლოს, ნახონ, ვის რამხელა რეიტინგი აქვს. „ევროპულ საქართველოს“ რეიტინგი იმიტომ დააკლდა, რომ იმ ფსევდოგაერთიანებას შეუერთდა, სადაც რუსული ვექტორია და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშმაკური ბრძოლა გამოუცხადა.
სხვათა შორის, მინდა, „ძალა ერთობაშიას“ წევრები დავსხდეთ და ყველა დავარწმუნო, რომ ზემოხსენებული პროცესის გადარჩენა მხოლოდ კონსოლიდაციაშია!
_ ქალბატონო თაკო, გამორიცხავთ, რომ „ძალა ერთობაშიას“ რომელიმე წევრ პარტიას პრორუსული ვექტორის მიმართ ფარული სიმპათია ჰქონდეს?
_ თქვენ გგონიათ, ამაზე მე არ მიფიქრია? მგონია, რომ საბოლოოდ, მაინც გონივრული აზრი გადაწონის და თუ არ გადაწონის, ჩემს პრინციპებს არასოდეს ვუღალატებ და ყველას ჩვენი გზა გვექნება.
_ თუ ასეთი გადაჯგუფება მოხდა, ვინ იქნება თაკო ჩარკვიანის „კანონისა და სამართლის“ გვერდით?
_ ამას შეიტყობთ, თუმცა არ მგონია, ასეთი გადაჯგუფება მოხდეს და „ძალა ერთობაშია“ ბოლომდე მივა!
_ დასარულ, ქალბატონო თაკო, თუ მოარული ხმა გამართლდა და გიორგი გახარია ოპოზიციაში წავიდა, ამით ოპოზიციას ელექტორატი დააკლდება?
_ არა, ეს გამორიცხულია!
_ რატომ?
_ 20 ივნისის ტრაგედია ყველას ახსოვს და „ახალ ჯიგრულ ფსევდოოპოზიციას“ სიცოცხლე არ უწერია!
„ჯიგრულ კორუფციაზე“ უტაქტო ხუმრობით პრემიერმა ისედაც კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანაში „ჯიგრული ქართული კორუფცია“ დასაშვები გახადა. სწორედ ამიტომ ეს სიტყვები წინ დახვდება და ოპოზიციონერი ვერ გახდება!

გიორგი აბაშიძე