გია ხუხაშვილი: „წინასაარჩევნოდ გახარიას ჩამოშორება ქაოსს გამოიწვევს“

კორონავირუსი „ქართული ოცნების“, შეიძლება ითქვას, ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა. სწორედ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში გამოავლინა მმართველმა გუნდმა ქმედითუნარიანობა და ეფექტიანი, დროული ნაბიჯები გადადგა. ამ ყველაფერზე კი მარტივი სტატისტიკა მეტყველებს. კორონავირუსის პირველი ტალღა ქვეყანამ გადალახა, შესაბამისად, პრემიერი გახარია პარლამენტში ოპონენტებთან თავდაჯერებული და ჩვეული საუბრის სტილით წარდგა. უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარა. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, აკრიტიკებს გახარიას პასუხგაუცემელი კითხვებისა და უადგილო ოხუნჯობების გამო.

რა პოლიტიკური რეალობა მივიღეთ საგანგებო მდგომარეობის შემდეგ? რა მოცემულობაშია ოპოზიცია და კრიზისმენეჯერად ჩამოყალიბებულ გახარიას გაწირავს თუ არა არჩევნებამდე ივანიშვილი?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, აღმოჩნდა თუ არა კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი?
_ უდავოდ! მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს პარტნიორობა გრძელვადიანი დივიდენდის მომტანი იქნება, რადგან ეს აბსოლუტურად გასაგები ფენომენია, _ ადამიანი სიკვდილის შიშის პირისპირ ხელისუფლების მიმართ ლოიალური ხდება, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული. ამ დროს თუ ხელისუფლება შედარებით ნაკლებ შეცდომას უშვებს, ბუნებრივია, ეს ლოიალობაც ძალიან მომგებიან ფორმას იძენს ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა, რომ კრიზისმენეჯმენტი საკმაოდ ნორმალურად და მინიმალური შეცდომებით მიმდინარეობდა. მე არ მინდა, მათ ეს დამსახურება დავუკარგო. ახლა კი დგება პერიოდი, როდესაც სიკვდილის შიშით გამოწვეული ლოიალობის ლიმიტი იწურება. მას ჩაანაცვლებს შიმშილის შიში, რომელიც ადამიანს, პირიქით, აგრესიულს ხდის. ეს აგრესია ხელისუფლებისკენ მიემართება. ასე რომ, ეს თაფლობის თვე საკმაოდ ხანმოკლეა და ახლა იმ ფაზაში შევდივართ, როდესაც ხელისუფლებას კონკრეტული რისკების პრევენცია მოუწევს, ეს არის: მაღალი სოციალური, ეკონომიკური რისკები და აქ ხელისუფლება, მაინცდამაინც, კარგად ვერ გამოიყურება, არც ფიქრობს რაიმე გრძელვადიან გეგმაზე. მათი პოლიტიკური ტაქტიკა იმით არის გამოხატული, რომ ცდილობენ, როგორმე ეს სიტუაცია ოქტომბრის არჩევნებამდე მიაგორონ და ხელისუფლება გაიმყარონ. ისინი არანაირ გრძელვადიან, სახელმწიფოებრივ გეგმაზე არ ფიქრობენ და მარტივად, 200 ლარად ცდილობენ ამომრჩევლის ყიდვას, რითაც ფსევდომოლოდინებს ქმნიან. სამწუხაროდ, მათი ქმედებებით სისტემატურად (ყოველ შემთხვევაში ის, რაც დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია), პრობლემები კი არ გადაწყდება, პირიქით, უფრო დამძიმდება და გრძელვადიან სირთულედ გადაიქცევა.
_ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი აპროტესტებდა იმას, რომ ხელისუფლება კორონავირუსისგან გამოწვეულ შეზღუდვებს სათავისოდ იყენებდა. დაინახეთ თუ არა მსგავსი ნიშნები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებში?
_ მე მსგავსი ნიშნები არ დამინახავს. ობიექტურობისთვის ვთქვათ, რომ იმ ზომების ძირითადი ნაწილი, რასაც ხელისუფლება მიმართავდა, აუცილებლობას წარმოადგენდა და ამას აჩვენებს სტატისტიკა.. გადავხედოთ, რა ხდება სამყაროში. ვფიქრობ, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელი იყო. ამ ზომებით ხელისუფლება თუ დივიდენდს კრეფდა ეს ობიექტური რეალობაა. და მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციას აღიზიანებს და ხელისუფლების რეიტინგი ანერვიულებს, ბუნებრივია, ხელისუფლება ამის გამო ყველა შეზღუდვას ვერ მოხსნიდა და რისკის ქვეშ ვერ დააყენებდა ხალხს. ეს არ არის ის პოლემიკა, რაც მომგებიანია ოპოზიციისთვის. ისინი, საერთოდ, არასწორი მიმართულებით ცდილობენ ხელისუფლების დაზიანებას, რითაც უკუშედეგს იღებენ. სალაპარაკო და პრობლემები ბევრია და სჯობს, რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ, ვიდრე ფსევდოეპიდემიოლოგობას და ფსევდოვირუსოლოგობას მიჰყონ ხელი. მათი კრიტიკა მიმართონ იქით, სადაც ხელისუფლებას საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს.
_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა იწვევს ოპოზიციის არაადეკვატურ კრიტიკას?
_ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას სისტემური მანკიერება ახასიათებს. ოპოზიცია ნერვიულობს, ხელები ექავება, შესაბამისად, ფალსტარტი ფალსტარტზე (არასწორად აღებული სტარტი, _ რედ.) სწორედ ამ ნერვიულობით არის გამოწვეული. პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გამართულ დებატებსაც თუ გადავხედათ, დავინახავთ, რომ პოლემიკა ტრადიციული ხასიათისაა, ანუ ურთიერთ ტალახის სროლა და რიტორიკაში შეჯიბრება. შემდეგ კი, სამწუხაროდ, ანალიზიც კეთდება იმ მიმართულებით, ვინ მოიგო და ვინ წააგო. საერთოდ, ასეთ ბატალიებში ყველა წაგებული რჩება, მოგებული არავინაა. რაც მთავარია, სახელმწიფო აგებს. აბსოლუტურად უსაგნოა იმაზე ლაპარაკი, 20 ივნისი უფრო დიდი უბედურება იყო თუ 7 ნოემბერი. ამ მხრივ იმდენია ნათქვამი, რომ, პოლიტიკური, ელექტორალური თვალსაზრისით, ეს ფაქტურას ვერ ცვლის. ვიღაცას სჯერა, რომ 20 ივნისი იყო ყველაზე დიდი უბედურება, ვიღაცას სჯერა, რომ _ 7 ნოემბერი. შესაბამისად, ამაზე შეჯიბრს აზრი არ აქვს. ასევე მოყვა ანალიზი, რომ გახარია მაგარია და კითხვებს უპასუხა. შეიძლება, მისთვის ეს პაექრობა ოპოზიციასთან ბევრად უფრო კომფორტული იყო, მაგრამ ასე არ ისაზღვრება სახელმწიფო, ვინ მოიგო ან ვინ წააგო, ეს არ არის ფეხბურთი და თამაში, ეს არის 3 მილიონ-ნახევარი ადამიანის ცხოვრება, რომელსაც აქვს კონკრეტული პრობლემები და ამ პრობლემებს აცდენილია როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ისინი დაკავებულები არიან ისევ იწილო-ბიწილოთი, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენ, შეიძლება ითქვას, უახლესი ისტორიის მანძილზე ვუყურებთ.
_ თქვენ რა დაინახეთ პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას _ ეს იყო მასტერკლასი ოპოზიციისთვის, როგორც ამას უმრავლესობის წევრები აცხადებენ, თუ გახარია ცინიკურად და ძველბიჭურად ეცადა კითხვებზე პასუხების გაცემას?
_ თუ ჩვენ ამას შევხედავთ, როგორც მხოლოდ რიტორიკას, თუ ვინ უფრო მაგრად „იბაზრა“, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ გახარიამ მაგრად „იბაზრა“. აქ ამაზე არ არის საუბარი, სიტყვაში ვინ ვის მოუგო. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარლამენტში მსხდომი ელიტა, ორი პოლუსი, რომელთაგანაც არც ერთი მხარე არ არის უცოდველი. შესაბამისად, ერთმანეთზე სათქმელი მათ ბევრი აქვთ, ხან ერთი მოიგებს, ხან _ მეორე. ეს სურათს არ ცვლის, უბრალოდ, იწვევს ესკალაციას და სახელმწიფო პრობლემები კადრს მიღმა რჩება. ამ დროს ადამიანებს სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. მათ აინტერესებთ, რა იქნება ხვალ, ზეგ, ამაზე კი არავინ არაფერს ამბობს. ხელისუფლება რა გეგმებზეც საუბრობს, ეს არის მოკლევადიანი და, ხშირ შემთხვევაში, არაფრისმომცემი, საზიანოც კი. იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რა ტიპის მოდერნიზაცია სჭირდება ქართულ ეკონომიკას, როდესაც ტურიზმი და მშენებლობა, ფაქტობრივად, კომატოზურ მდგომარეობაშია, ასეთ პირობებში აქცენტების გაკეთება ისევ ამ მიმართულებებზე აბსოლუტურად უსაგნოა. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ამაზე არავინ საუბრობს. ეს ყველაფერი დარჩა ოპოზიციის ინტერესს მიღმა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმაზეც კი ილაპარაკეს, ფარცხალაძემ ჯარიმა გადაიხადა თუ არა. ეს სახელმწიფოებრივად საინტერესოა?! რა მნიშვნელობა აქვს, გადაიხადა თუ არა? ფარცხალაძისთვის 3000 ლარი არ არის ისეთი დიდი თანხა, რომ ვერ გადაეხადა. ამით ოპოზიციას რისი თქმა უნდა, გაუგებარია. სახელმწიფოებრივ აზროვნებას არის მოკლებული მთელი ეს რიტორიკული ბატალიები.
_ საპარლამენტო ტრიბუნიდან გახარიამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებთ. მან თქვა, რომ თუ რომელიმე კომპანია პრივილეგიებით სარგებლობს, ეს „ქართულ-ჯიგრულ“ პონტში ხდება. თქვენ როგორ გაიგეთ ეს გზავნილი?
_ რაც არ უნდა მაგრად „იბაზრო“, ამა თუ იმ საკითხში მყარად თუ არ დგახარ ფეხზე, სადღაც აუცილებლად დაუშვებ შეცდომას. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გახარიას სიტყვა გაექცა. ჯიგრულ პონტში გაკეთებული საქმეები ისეთივე სახის კორუფციაა, როგორც ფულის პირდაპირ აღებ-მიცემობა, შედეგში არაფერი იცვლება _ ორივე კორუფციაა. ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როცა გახარიას თეზისს აუქმებდა მისივე არგუმენტაცია. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მეორე ნაწილი იყო, სადაც ის საუბრობს გრძელვადიან გეგმაზე, თუ რატომ ითხოვს საზოგადოება ამ გეგმის მოსმენას, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამდენიმე თვეში რა იქნება სამყაროში მოთხოვნა-მიწოდებასთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ რას გვთხოვთო. ეს იგივე ოპერიდანაა: მის თეზას აუქმებს მისივე არგუმენტაცია. ზუსტად სამყაროში განვითარებული მოვლენების ბუნდოვანება გვაიძულებს ჩვენ, რომ ვიფიქროთ ეკონომიკის მოდერნიზაცია და, პირველ რიგში, სასურსათო უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ ეს კრიზისი გაგრძელდება თუ მოლოდინი იქნება ახალი კრიზისების, ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება სასურსათო და მთლიანად ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ კუთხით ხელისუფლება, პრაქტიკულად, არაფერზე გველაპარაკება. ისევ გვესაუბრება იპოთეკარების მხარდაჭერაზე, ტურიზმის აღორძინებაზე. ტურისტის გარეშე შეიძლება, არსებობდეს ტურისტი?! გახსნას ტურიზმი, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ მწარე რეალობა ასეთია, რომ წელს სისტემურ ტურიზმზე ლაპარაკი აბსოლუტური აბსურდია. 100 კაცი რომ ჩამოვა, ამაზე არ ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში სისტემურ ტურიზმზე ვამბობ. კაცობრიობამ გლობალური, სოციალური სტრესი მიიღო და, ბუნებრივია, ტურისტული მიგრაცია წელს იქნება 1 რიგით უფრო ნაკლები, ვიდრე ეს იყო სხვა წლებში. ადამიანები მოერიდებიან საკუთარი საზღვრების გადაკვეთას თუნდაც იმიტომ, რომ მეორე ტალღის მოლოდინში სადმე არ გაიჭედონ. ასე რომ, ძირითადი აქცენტები მაინც შიგა ტურიზმზე გაკეთდება. შიგა ტურიზმიც, სამწუხაროდ, ვერ იქნება სრულფასოვანი, რადგან ადამიანებმა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სახლში ჯდომით და უმუშევრობით მთელი თავისი რეზერვები ამოხარჯეს. შესაბამისად, მათ, უბრალოდ, არ აქვთ ფული, რომ შიგა ტურიზმით დაკავდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები ივლიან ბათუმსა და ქობულეთში, მაგრამ ეს ვერ მიიღებს მასობრივ ხასიათს.
_ თქვენ რაც აღნიშნეთ, იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე მოექცეს ჩიხში, რამდენად დიდია?
_ ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ამ ეკონომიკური კრიზისის აქტიურ ფაზაში შესულები. ჯერჯერობით ის მწირი რესურსი, რაც ქვეყანას ჰქონდა, ინერციით მიგორავს. იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლები არ არის, თუნდაც ლარის ვითარება რომ განვიხილოთ, მის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას უზრუნველყოფდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და გარკვეული ექსპორტი. სამივე მიმართულებით ძალიან მძიმე ვითარება იქნება: ტურიზმი და შემოსავლები კატასტროფულად შემცირდება და გზავნილებიც შემცირებულია. იმ ადამიანების დიდმა რაოდენობამ, რომლებიც ფულს უცხოეთიდან აგზავნიდნენ, დაკარგა შემოსავლის წყარო და ბუნებრივია, ეს გზავნილები შემციდება, ექსპორტთან დაკავშირებითაც არსებობს შეფერხებები. შესაბამისად, სავალუტო ბირჟაზე დეფიციტური მოთხოვნა გარდაუვალია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა, ლარის შესაძლო გაუფასურება პირდაპირ კონვერტირდება ინფლაციაში, ანუ ფასების მატებაში. ეს არის კონკრეტული პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც ზეამოცანაა, მაგრამ მთავარი და სისტემური მაინც არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ მთელი თავისი ძალისხმევა ეკონომიკის რეალურ სექტორში სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ მიმართოს, დაკავებულია ისევ ამ ორი სფეროთი, რომელიც აშკარად სტაგნაციაშია გადასული. წელს ტურიზმისა და დეველოპერული ბიზნესის ხერხემლად განხილვა აბსოლუტური იდიოტიზმია, თუმცა ხელისუფლება მაინც აქეთ მიმართავს თავის ძალისხმევას.
_ ეს ხომ არ ბადებს გარკვეულ ეჭვებს და რით შეიძლება აიხსნას ხელისუფლების ეს ნაბიჯი?
_ დიახ, ეს აჩენს კითხვებს. ერთი მხრივ, ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს ხედვა, ფუნდამენტური თემები არ ესმის და, მეორე მხრივ, ეს არის, სავარაუდოდ და სამწუხაროდ, ლობირებული თემები. „ქართული ოცნების“ ირგვლივ მყოფ პოლიტიკურ ელიტას და ინტერესჯგუფებს, რომლებიც ძალიან დიდ ფულს ვერ შოულობენ, მაგრამ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში პატარ-პატარა დივიდენდებს იღებენ (მათ, მოგეხსენებათ, ფანტაზია, მაინცდამაინც, არ გააჩნიათ და ეს ჩვენ კარგად ვიცით, _ ზოგმა სასტუმრო ააშენა, ზოგმა მერიიდან რაღაც „იჩალიჩა“ იაფად და კორპუსის მშენებლობა დაიწყო), ახლა პრობლემები შეექმნათ. შესაბამისად, ისინი, ბუნებრივია, იმ ბიზნესებს ლობირებენ, რაც მათ პირად ინტერესშია. ამიტომ ისევ ამ ჩარჩოებში ვრჩებით. ბუნებრივია, ასეთი არაჯანსაღი და არასახელმწიფოებრივი მიდგომით პრობლემები კი არ გადაწყდება, არამედ კიდევ უფრო დამძიმდება. გახარია საკმაოდ საღად მოაზროვნე ადამიანია. არ მგონია, რომ ის ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ის არის თამაშში, რომელშიც არ იღებს გადაწყვეტილებებს. შეიძლება, მის კაბინეტზე აწერია პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ის არის ჩვეულებრივი ბაიკი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ წინ იაროს, ისიც ნაბიჯ-ნაბიჯ, შორს ვერ წავა და იძულებულია, ამ თამაშის წესებით ითამაშოს. ხელისუფლებას თავადაც ესმის, რომ სისტემატურად პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. დღეს ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, სიტუაციის ოქტომბრამდე როგორმე ისე მითრევა, რომ არჩევნები მოიგოს. მეტი ამოცანა მას დღეს არ გააჩნია და ყველა მათი ნაბიჯი აქეთკენ იქნება მიმართული.
_ თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ხელისუფლება უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე _ ოპოზიცია…
_ ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, ძირითადად, იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქცია სულაც არ არის ოპოზიციის კრიტიკა. მისი ფუნქციაა, რომ ხელისუფლება აბალანსოს. ეს ოპოზიცია იყო ხელისუფლებაში და მათ ვაკრიტიკებდით კიდეც. ჩვენ მთელი პოლიტიკური ელიტისა და მათი ხედვების პრობლემა გვაქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც არ აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების კლასი. მას პოლიტიკა ძიძგილაობა ჰგონია, თუ ვინ უფრო მაგარ რაღაცას იტყვის საპარლამენტო ტრიბუნიდან და ვინ უფრო მაგრად უკბენს თავის ოპონენტს. შესაბამისად, იქნება ბატალიები, სადაც ზოგჯერ მოიგებს ხელისუფლება და იზეიმებს. როგორც კორიდაზეა წითელი ნაჭერი, ისეთივე ნაჭერია კობახიძე, რომელიც გამოვა და ოპოზიციას გოიმებს დაუძახებს, ესენი კი საპასუხოდ ეტყვიან, _ გოიმი შენ თვითონ ხარო. ამ სისულელეში ვართ მაშინ, როდესაც ადამიანები სულ სხვა პრობლემებით არიან შეწუხებულები და უყურებენ ამ მართლაც ცირკს. ზოგჯერ ხელისუფლება მოიგებს და იტყვიან, რომ მაგრები არიან, ზოგჯერ კი მოიგებს ოპოზიცია, როგორც მოხდა პატიმრების თემის უცნაურ განვითარებასთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებამ თავზე დაიმხო ყველაფერი და ბოლოს თეთრი დროშები გამოფინა. სამწუხაროდ, ამ სისულელეში გვიწევს ცხოვრება.
_ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ივანიშვილის ტრიუკის ნაწილია?
_ ივანიშვილს საკმაოდ კარგად ვიცნობ. მან, უბრალოდ, პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რასაც მოყვა მისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი შედეგები. ივანიშვილი ფიქრობს, რომ მას ოპოზიციასთან პრობლემა ნაკლებად აქვს, უფრო მეტად დასავლეთში ექმნება პრობლემები. მათ ძალიან ბრიყვული გეგმა დაალაგეს, რომ უგულავა-ოქრუაშვილის განთავისუფლებაზე უარს იტყოდნენ, რის შემდეგაც ოპოზიცია ააყირავებდა მოლაპარაკების მაგიდას, ხელისუფლება კი ამას ოპოზიციას დააბრალებდა, დასავლეთიც „იბურტყუნებდა“, მაგრამ სერიოზული რეაქცია არ ექნებოდა და ამით გადააგორებდნენ ყველაფერს. მათი სამიზნე, რეალურად, კონსტიტუციური პროცესის ჩაშლა იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ _ ხელისუფლების გათვლა იყო ბრიყვული. საბოლოო ჯამში, ამან შეიძინა ძალიან მძიმე ფორმები. უპრეცედენტო რამ მოხდა: ძალიან სერიოზული, წონადი საერთაშორისო მოღვაწეები პირდაპირ პოლიტპატიმრებზე ალაპარაკდნენ. მსგავსი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ მახსოვს. შესაბამისად, ხელისუფლებამ ძალიან დიდი თვითდაზიანება მიიყენა თავისი სიბრიყვის გამო. შემდეგ გამოფინეს თეთრი დროშები, რადგან იმ ფასის გადამხდელები არ იყვნენ, რისი გადახდაც მოუწევდათ. მიხვდნენ, რომ ამის გამო კარგავდნენ თავის ძალიან ერთგულ ამომრჩეველს, რომელიც გაბრზდა უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე. მერე კი რურუაზე დაიწყეს ჯოხის გადატეხა, ანუ სულ რყევებში არიან, ყოველდღე ცვლიან გადაწყვეტილებებს. ის გეგმა, რაც ჰქონდათ, თავზე დაიმხეს, ახლა კი მხოლოდ ტაქტიკური მანევრირების რეჟიმში დგანან. მათი მთავარი იმედი, ისევ და ისევ, არის ოპოზიციის, აგრეთვე, არაადეკვატურობა.
_ ამასობაში, ამ ორმხრივ არაადეკვატურობაში, რა ბედი ეწევა 8 მარტის შეთანხმებას _ მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს?
_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია იმ დივიდენდების ზედმეტად ექსპლოატირებას ცდილობს, რაც ხელისუფლების შეცდომების გამო მიიღო. ოპოზიცია თეთრ ცხენზე მჯდომარე გრძნობს თავს, როდესაც ეს ცხენი არ არსებობს, მაქსიმუმ, საბავშვო ხის ცხენზე ისხდნენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ნამდვილი რაშია, რომელსაც გააჭენებენ და იგი სადღაც მიიყვანს. ეს მხოლოდ დასაქოქი, სათამაშო ცხენია, რომლის რესურსიც, პრაქტიკულად, ამოიწურა. ხელისუფლებაც ცდილობს, რომ, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს ელექტორატი და, მეორე მხრივ, დასავლეთმაც არ იაქტიუროს. ერთმანეთის მორიგ შეცდომებს ელოდებიან, რომ მერე ამაზე რაღაც ააგორონ. სამწუხაროდ, როგორც შეჩვეულები ვართ, ორივე მხრიდან წინა პლანზე წამოსულია პოლიტიკური ინტერესები, სახელმწიფო კი მეორე პლანზეა. ეს ყოველთვის ასე იყო ამ ქვეყანაში. საერთოდ, არც ერთ ხელისუფალს და არც ოპოზიციას არ ესმოდა, სად მთავრდება პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა რომ ავიღოთ, პოლიტიკაში გამოიყენება საკმაოდ არასასიამოვნო ტექნოლოგიები, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, _ პოლიტიკურმა ომმა არ უნდა დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი. ჩვენთან ეს საზღვარი გადაჯეგილია, პოლიტიკური ელიტის მოქმედებები, უხშირესად, სახელმწიფო ინტერესს აზიანებს. სამწუხაროდ, ასეთი უწესო თამაშის წესებია ქართულ პოლიტიკაში. მეჩვენება, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, მაინცდამაინც, არ აწყობს საკონსტიტუციო ცვლილებები.
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?
_ დიახ, წმინდა პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით, ისინი ამაში დიდ უბედურებას ვერ ხედავენ და ამიტომ შეუძლიათ, ამ უკომპრომისობაში ბოლომდე წავიდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ რესურსები მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს აქვს, თუ ქვყენაში არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა არჩევნები (სხვა პარტიები კი მესამე პოზიციაზე ცდილობენ დარჩენას, რადგან მათ რესურსები არ ექნებათ), ისევ ორპოლუსიანი სურათი დაჯდება. ეს, პრინციპში, ორივე პარტიას აწყობს. საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში კი შეიძლება ეს ფრონტის ხაზი გაიშალოს და, შესაბამისად, ორპოლუსიანობის მოშლით მხოლოდ ხელისუფლება კი არ დაზიანდება, არამედ მეორე პოლუსიც, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორ ხელში შუმერული თამაშის გაგრძელება, რომ ქმნიან განწყობას, თითქოს სამყაროში სხვა არაფერი არსებობს, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა ყველაფერი კი არაფერია. ამ მოტივაციიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ იქნება ტრაგედია, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ჩაიშალა, თუ ისინიც ამ ჩაშლაზე არ მუშაობენ. არ მგონია, რომ ასე იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თუ ჩაიშალა, ისინი თავიანთ შედეგს მაინც მიიღებენ.
_ ამ ყველაფრის ფონზე კი ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ. რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური ლოგიკით გახარიას თანამდებობიდან ჩამოშორება?
_ პოლიტიკური ლოგიკით გახარიას თანამდებობიდან ჩამოშორება აბსოლუტური აბსურდია. რაც შეეხება მის ოპოზიციაში გადასვლას, ესეც სრულიად აბსურდულია. ე. ი., პრაქტიკულად, საკუთარ თავთან უნდა წავიდეს ოპოზიციაში (იცინის). საარჩევნო ლოგიკითაც გაუგებარი იქნებოდა მისი თანამდებობიდან გადაყენება. საარჩევნო ლოგიკით საჭიროა ე. წ. ორთქლმავალი, სრულიად დისკრედიტებული „ქართული ოცნების“ ელიტის ფონზე, რომელიც შედეგს დადებს. ამ შედეგის დამდები „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ გახარიაა, სხვა არავინ ჰყავთ. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ გახარიას ჩამოშორება ქაოსს გამოიწვევს და იმის გარანტია იქმნება, რომ ხელისუფლება, შეიძლება, საერთოდ ჩამოიშალოს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ საღად მოაზროვნე ადამიანია, რატომ ან როგორ უნდა გაუშვას ამ სიტუაციაში მან გახარია, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.
_ არსებობს მოსაზრება, როგორც კი ივანიშვილი შეამჩნევს, რომ ვიღაც მასზე უფრო ძლიერია და საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით სარგებლობს, თავიდან იშორებს. ეს ლოგიკა რამდენად იმუშავებს?
_ ბიძინა ივანიშვილის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, გახარია დღეს ძალიან მყიფე პოზიციაშია. ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის ადამიანის რესურსების ბოლომდე გამოწურვა და ამ რესურსების გამოყენება, მაგრამ ამ ადამიანების პოპულარობა მას აღიზიანებს, აეჭვიანებს. შესაბამისად, დღეს გახარია, შეიძლება ითქვას, დანის პირზე დადის. ერთი მხრივ, მან არ უნდა დაუშვას ისეთი შეცდომები, რასაც შეიძლება გადაჰყვეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა გახდეს ზედმეტად პოპულარული, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე არ გადაჰყვეს ამ ყველაფერს. ვფიქრობ, ივანიშვილი, დიდი ალბათობით, მაინც შეინარჩუნებს არჩევნებამდე გახარიას. აფექტში შეიძლება სხვანაირად მოიქცეს და ასეთი შემოტევები მას აქვს ხოლმე, მაგრამ პრაგმატული, ძალაუფლების შენარჩუნების პოზიციიდან გამომდინარე გახარიას შეინარჩუნებს, თუმცა ერთი დათქმით ის შეეცდება, გახარია სტერილური დატოვოს. გახარიას ისედაც აქვს ეს პრობლემა, რომ მას საკუთარი თანამოაზრეები არ გააჩნია. ფაქტობრივად, ის მარტოა დარჩენილი. არც სიის ფორმირებაში ჩართავენ, მას მისცემენ წმინდა ტექნიკურ ფუნქციას და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ის დატოვონ სტერილური, საკუთარი სანდო გუნდისგან დაცლილი. შესაბამისად, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ამ ეჭვიანობის რეალიზება მოხდება პოსტსაარჩევნო პერიოდში, როდესაც ხელისუფლებას ძალაუფლება ექნება გარანტირებული, გახარიას რესურსიც იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, რის შემდეგაც მისგან, მხოლოდ ერთი კაცისგან განთავისუფლება, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გახარიას თამაშიდან გაყვანას უფრო პოსტსაარჩევნო პერიოდში ველოდები, ვიდრე _ მანამდე, თუმცა ქართული პოლიტიკა სავსეა მოულოდნელობებით. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ვერაფერს გამოვრიცხავთ. პოლიტიკური ლოგიკით მე უფრო ამ სცენარს ვხედავ.

ნენე ინჯგია