სალომე სამადაშვილი: „ქართული ოცნება“ თოვლივით დადნება“

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოს ორჯერ ეწვია. პრემიერმა 27 მაისს დეპუტატებს კოვიდპანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ საკუთარი ინიციატივით წარუდგინა ანგარიში.
ბოიკოტის მიუხედავად, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“; 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის („სიტყვის შეწყვეტინება“, პარლამენტის დეპუტატის წერილობითი შეკითხვა მთავრობისადმი რაიმე საქმის ან ფაქტის თაობაზე, _ რედ.) წესით მივიდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის, პოლიტოლოგებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, ოპოზიცია მოუმზადებელი დახვდა პრემიერს. თავის მხრივ, უმრავლესობა ამტკიცებს, რომ პრემიერმა გახარიამ მასტერკლასი ჩაუტარა ოპოზიციას.
რას პასუხობს ოპოზიცია ამ შეფასებებს? რა პერსპექტივა აქვს 8 მარტის შეთანხმებას? რას შეცვლის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მესამე პრეზიდენტის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:

_ ქალბატონო სალომე, როგორ შეაფასებთ პანდემიის პერიოდში მთავრობის გადაწყვეტილებებს?
_ ალბათ, რთულია საბოლოო შეფასებების გაკეთება. ფაქტობრივად, არავის აქვს სრული აზრი იმაზე, პანდემიის მართვის თვალსაზრისით რომელი მიდგომა იყო სწორი და რომელი _ არა. ჯერ არ გვაქვს ლოგიკური ახსნა, რა მიზეზებით იყო ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მეტად გავრცელებული ვირუსი, ზოგიერთში კი _ ნაკლებად. ერთი რამ ნათელია: ეკონომიკის თვალსაზრისით ძალიან ძვირი დაგვიჯდა ეს რამდენიმეთვიანი ჩაკეტვა. ახლა ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, სჭირდება სამოქმედო გეგმა ეკონომიკის თვალსაზრისით. ეკონომიკაში 16%-იანი ვარდნა 2008 წლის ომის დროსაც კი არ გვქონია. დღეს მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის.
_ პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აკრძალვებს ხელისუფლება სათავისოდ იყენებდა, მათ შორის, ამ დროს, ირღვეოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც. თქვენ თუ დაინახეთ მსგავსი ნიშნები და ჩანს თუ არა იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ ეს აკრძალვა თუნდაც წინასაარჩევნოდ პროტესტის ჩასახშობად გამოიყენოს?
_ მსგავსი ტიპის აკრძალვები ხალხს ხელს არ უშლის, პროტესტი გამოხატოს. შესაბამისად, არ მგონია, ხელისუფლების ეს ტაქტიკა გაამართლებს, პირიქით, უკურეაქციას გამოიწვევს. ხელისუფლებაც ხვდება ამას. ჩვენ მოვახერხეთ, რომ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის უფლებები ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოქმედების შეზღუდული დრო ჰქონდეს. აღმასრულებელ ხელისუფლებას 15 ივლისამდე მიეცა აღნიშნული კანონის გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, ყველანაირი შეზღუდვები ექვემდებარებოდეს დემოკრატიული კონტროლის მექანიზმებს.
_ პანდემიის პერიოდში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის, ნეიტრალურ ამომრჩეველს, გაუჩნდა განცდა, რომ მთავრობა ეფექტიანად მუშაობდა. ახლა უკვე, როცა კორონავირუსის პირველი ტალღა დასრულებულია, ეს განწყობები შეიცვლება თუ არა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ?
_ ამ კუთხით საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა. პრაქტიკულად, სადაც კი ჩატარდა გამოკითხვები პანდემიის პერიოდში, აჩვენა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ გაზრდილია, რადგან პანდემიის დროს ადამიანები ხელისუფლების მხარდასაჭერად ირაზმებიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას და სიცოცხლის გადარჩენას. ასე რომ, ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ წარმატებაზე მეტყველებს. ჩვეულებრივი სოციალურ-პოლიტიკური ფენომენია, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში შეინიშნება. ამავე დროს, ეს არის დროებითი მოვლენა ნებისმიერი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის. მთავარი გამოწვევა კი არის პოსტპანდემიური ეკონომიკა. ამ თვალსაზრისით საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია _ ჩვენმა მოქალაქეებმა, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, პანდემიის პირობებში მთავრობისგან ვერ მიიღეს ადეკვატური დახმარება.
_ პრემიერ გახარიას ვიზიტის შეფასებისას საზოგადოების დიდი ნაწილი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ოპოზიცია არ იყო სათანადოდ მომზადებული და პრემიერს ვერ დახვდა კრიტიკული კითხვებით. ამ ბრალდებებს როგორ უპასუხებთ?
_ არ ვიცი, გახარიას რა მოლოდინი ჰქონდა პარლამენტში ვიზიტისგან. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებას შეკითხვებზე მიეღო პასუხები. საზოგადოებამ ამ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო ვერც პრემიერისგან და ვერც _ საქართველოს მთავრობისგან. ეს, ალბათ, ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია _ როდესაც ვერავინ გპასუხობს კითხვაზე, თუ რისი იმედი უნდა გქონდეს, როცა შემოსავლების, სამსახურის გარეშე რჩები და შენი ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა, პასუხი კი არავის აქვს, რას გთავაზობენ საშუალოვადიან პერსპექტივაში ან თუნდაც ხვალ, ეს, რა თქმა უნდა, ხალხისთვის ძალიან მძიმეა! შესაბამისად, გახარიას გამოსვლაც მოსახლეობისთვის მძიმე მოსასმენი იყო. გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა დღემდე შეფუთული სიცარიელეა. ასევე გამოჩნდა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება კორუფციის თემის მიმართ: კორუფცია მათთვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, იგი მისაღებია და აქ განსაკუთრებული არც არაფერია. ჩვენი სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო მომზადებული ხელისუფლება ჰყავდეს ქვეყანას იმ უმძიმესი კრიზისის დროს, რომელიც წინ გველის.
_ თქვენ აღნიშნეთ პრემიერ გახარიას დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან კორუფცია „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ გაამართლა. რაზე მეტყველებს მისი ეს განცხადება? მაგალითად, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გახარიას სიტყვა „გაეპარა“.
_ სიტყვის გაპარვას სხვა სახელი ჰქვია, უფრო ზუსტად კი ფსიქოანალიზის ენაზე ფროიდული შეცდომა ეწოდება. ეს არის შეცდომა, როდესაც ადამიანი თავისდაუნებურად სიმართლეს ამბობს. ვფიქრობ, გახარიას „წამოცდენა“ კორუფციის თემასთან დაკავშირებით იყო სწორედ ფსიქოანალიზში ცნობილი შეცდომა, როდესაც მან რეალურად აღიარა სიმართლე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს კორუფციის საკითხის მიმართ.
_ პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს. როგორ გამოეხმაურებით მის ამ განცხადებას?
_ რამდენიმე თვეში, ალბათ, შესაძლებლობა გვექნება ვნახოთ, თავად როგორი ოპოზიცია იქნება გახარია და „ქართული ოცნება“. საზოგადოებას თუ უკეთეს ალტერნატივას შესთავაზებენ ბატონი გახარია, კობახიძე და სხვები ოპოზიციის რანგში, ვფიქრობ, ქვეყნისთვის ცუდი არ იქნება. თუმცა, რატომღაც, მგონია, რომ „ქართული ოცნება“ თოვლივით დადნება იმ დროს, როდესაც ძალაუფლებას დაკარგავს, რადგან იგი, რეალურად, არ არის პოლიტიკური პარტია. ბატონ გახარიას მსურს, შევახსენო: მას საერთოდ არჩევნებშიც კი არ აქვს მონაწილეობა მიღებული, ისე გახდა პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ცოტა უხერხულია, როცა იგი პოლიტიკოსების ხარისხს აფასებს. სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო, _ ბატონ გახარიაზეა ნათქვამი. მე მას საერთოდ არ მივიჩნევ პოლიტიკოსად, რადგან პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელსაც არჩევნებში ერთხელ მაინც აქვს მონაწილეობა მიღებული.
_ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „კორონავირუსის კრიზისამდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამხელა არ ყოფილა“. რამდენად შეძლებს მმართველი გუნდი პანდემიის შედეგად მოპოვებული რეიტინგის შენარჩუნებას?
_ ცოტა სასაცილო სანახაობაა. პანდემიამდე „ქართული ოცნება“ ისეთ ვითარებაში იყო შესული, თავი არ გამოეყოფოდა, ახლა კი როგორც წყალწაღებული ეჭიდება ხავსს, ისე ეჭიდებიან ამ რეიტინგს და ფიქრობენ, რომ კორონა მათ გადასარჩენად მაშველი რგოლი აღმოჩნდა. რეალობა სულ სხვაა და ეს ყველას კარგად გვესმის. საბოლოო ჯამში, პანდემიის მართვის დინამიკაც გაუგებარია. რეალურად, არავინ ვიცით, წინ რა გველოდება, მაგრამ ვიცით ის, რომ ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და არ აქვს ადეკვატური რესურსები, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკური და სოციალური კუთხით გველოდება. ამ პირობებში კარგი იქნება, ის მაინც გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო არ გაიფუჭოს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც 8 მარტს აიღო.
_ ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის წარმომადგენლები და პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილი იმაზე ალაპარაკდა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ მოლაპარაკების ჩაშლა თქვენი პარტიის ინტერესშია, რას უპასუხებთ მათ?
_ ეს ხელისუფლების კიდევ ერთი ძალიან უგუნური არგუმენტია. ჩვენს საზოგადოებას შესანიშნავად ახსოვს, „ქართულმა ოცნებამ“ ნოემბერში როგორ მოატყუა ხალხი, _ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაჰპირდა საზოგადოებას, თუმცა შემდეგ პირობა არ შეასრულა. დღეს თუ ვინმე გეგმავს 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას, ეს, რა თქმა უნდა, არის ივანიშვილი, რომელმაც შეიძლება, გადაწყვიტა, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე არ აწყობს საკონსტიტუციო ცვლილება. ოპოზიციას არასდროს შეგვიცვლია პოზიცია. იგი საზოგადოებისთვის ყოველთვის ცნობილი იყო და ჩვენ თანმიმდევრულები გახლდით. თუ გიორგი რურუა გამოვა ციხიდან, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არაფერი ახალი ჩვენს პოზიციაში არ არის.
_ რა მოლოდინი გაქვთ გიორგი რურუას განთავისუფლების თაობაზე? ალბათობა იმისა, რომ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს გადადგამს, რამდენად დიდია?
_ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა. დღევანდელი მდგომარეობით ვიმედოვნებ, ერთხელ მაინც აღმოგვაჩნდება კეთილგონიერება, რომ პოლიტიკურ პროცესებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ამ ერთი ადამიანის ძალიან უსაფუძვლოდ და ბრუტალურად, სახელმწიფოს მიერ შეკრული ბედი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ გიორგი რურუას არ შეეხება, ეს ეხება იმასაც, თუ რა თამაშის წესებით ვაპირებთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას შემდეგ არჩევნებამდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გიორგი რურუას განთავისუფლება. აქედან გამომდინარე, ეს სცდება მის კონკრეტულ ბედს, თუმცა მისი კონკრეტული ბედიც ძალიან მნიშვნელოვანია.
_ რა დაინახეთ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების საკითხში, _ ეს იყო ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი თუ მორიგი ტრიუკი გაამზადა ბიძინა ივანიშვილმა?
_ მგონია, რომ ამაზე სპეკულაციის დრო ახლა არ არის. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენთვის გახლავთ ის, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. კარგია, რომ უგულავა-ოქრუაშვილი განთავისუფლდნენ და იმედი მაქვს, გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ, რათა შევძლოთ ჩვენი მოლაპარაკების შესრულების პროცესში წინსვლა და მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება.
_ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე: „აპირებს თუ არა საქართველოში მომავალ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას, მაშინ როცა ის ახლა უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას იკავებს“, პასუხად განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ნამდვილად არ აქვს დრო, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იზრუნოს. მისი აქტიურობის გარეშე რა პოლიტიკურ მოცემულობაში აღმოჩნდება „ნაციონალური მოძრაობა“?
_ მგონია, რომ განსაკუთრებული არაფერი იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალი წელიწადია, უკვე პოლიტიკური დევნილია და უშუალოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. მთავარია, ქართველ ხალხს შევთავაზოთ სწრაფი მოძრაობის გეგმა ამ ვითარებაში, როდესაც დღეს ისეთ გარემოში გვიწევს პოლიტიკური პროცესების წარმართვა, რომ პოლიტიკურ კამპანიაზე აღარ არის საუბარი. ჩვენს ხალხს გადარჩენის გეგმა სჭირდება და ვფიქრობ, ეს არის დღეს მთავარი, თუ რა შეთავაზება შეიძლება გაუკეთოს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენს თანამოქალაქეებს.
_ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში დღემდე არსებობს, სწორედ პიროვნულად მის იგვლივ ერთიანდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი. შესაბამისად, მისი აქტიურობის შეწყვეტა მისი მომხრეების „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მობილიზებას ხელს ხომ არ შეუშლის?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიაა, პარტიის მხარდამჭერები ასევე არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და, ამ თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის რამე შეიცვლება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოსახლეობას გადარჩენის გეგმა უნდა გაუწერონ. რას სთავაზობთ „ნაციონალური მოძრაობა“?
_ იცით, რომ წარდგენილი გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც იმ შემთხვევაში განვახორციელებდით, თუ დღეს ვიქნებოდით ხელისუფლებაში. ეს გეგმა შეეხება სოციალურ დახმარებებს _ ყოველგვარი პოპულისტური დაპირებების გარეშე. ეს არის საკმაოდ რაციონალური გათვლები, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს სჭირდება. რეალურად, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, შესაძლოა, მეტსაც, რადგან ეს კრიზისი, რაც ახლა დადგა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ძალიან ბევრ ადამიანს აზარალებს. ამიტომ ჩვენი სოციალური დახმარების პაკეტი ბევრად ყოვლისმომცველია. ვერც კი შეადარებთ ხელისუფლების პაკეტს. ჩვენს ვებგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებას, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ გადასახადები, რათა სტიმულირება გაუკეთდეს ბიზნესს. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 3-ჯერ გაუარესდა ქვეყნის კორუფციის ინდექსი, სწორედ კორუფციისადმი „ქართულ-ჯიგრული“ მიდგომის გამო, რაც პრემიერმა გამოაცხადა პარლამენტში. კორუფცია, პირველ რიგში, ეკონომიკური განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, ამიტომაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ ეს არის შესაცვლელი. „ქართული ოცნების“ პირობებში პუტოკრატიული (ქურდების მმართველობა, _ რედ.) პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა. პუტოკრატია, პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას აფერხებს, რადგან პოლიტიკა კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურება და არა _ ხალხისა და საზოგადოების სურვილებს.

ნენე ინჯგია