მირიან მირიანაშვილი: „საქართველოს გავლით ირანული ნავთობის კონტრაბანდას ლავროვი ახორციელებს“

დასავლეთი საქართველოს მიმართ ძალიან კრიტიკული გახდა. ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება იმ სენატორებისა და კონგრესმენების რიცხვი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უჭერენ მხარს. კრიტიკა არც პოლიტპატიმრების განთავისუფლების შემდეგ შეწყვეტილა. დასავლეთი კვლავ უკმაყოფილოა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, მირიან მირიანაშვილი, ამბობს, რომ ამერიკელები ასეთი ენით აფრიკელ და ლათინოამერიკელ დიქტატორებს ელაპარაკებიან. მისი თქმით, ვაშინგტონი ასეთ საუბარს მანამ გააგრძელებს, სანამ მიზანს არ მიაღწევს. მირიანაშვილს სჯერა, რომ რუსეთს ძალიან მალე მოუწევს საქართველოდან წასვლა, ჩვენი ქვეყანა კი ახალ ისტორიულ მისიას შეიძენს.

რა იწვევს დასავლეთის ასეთ გაღიზიანებას? რა კავშირი აქვს ივანიშვილს ირანელებთან? რა მაქინაციებს ატრიალებს სერგეი ლავროვი „ოცნების“ ლიდერის დახმარებით? ვინ და რისთვის გაწირა ჩვენი ეკლესია? რას აპირებს ამერიკა და როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში? _ ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთი ასეთი კრიტიკული არასდროს ყოფილა, როგორც ახლა არის. ეს რისი ბრალია?
_ დასავლეთი ასეთი კრიტიკული თითქმის არასდროს არის, არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებით, არამედ _ ზოგადად. ის ენა, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ახლა იყენებენ, საერთაშორისო დიპლომატიურ ეტიკეტს სცილდება.
_ ლექსიკაში რას გულისხმობთ?
_ იმ შეფასებას, რაც თებერვლიდან მოყოლებული დასავლეთში კეთდებოდა. ივანიშვილს ხან კადაფს ადარებდნენ და ხან კიდევ სხვა დიქტატორებს. იქ შემთხვევით არაფერს ამბობენ. ყველა ფრაზას დიდი მნიშვნელობა აქვს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასეთი განცხადებები ცალკეულ კონგრესმენებს არ გაუკეთებიათ. ამას რაღაც ფორმა ჰქონდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი, ვინც განცხადებებს აკეთებდნენ, ერთმანეთში იყვნენ შეჯერებულები. შეთანხმებული იყო სასაუბრო ლექსიკაც. თავიდან კონგრესმენები გააქტიურდნენ, ეს შემდეგ სენატორებსაც გადაედო. როგორც ერთმა წონიანმა ექსპერტმა მითხრა, ეს სერიოზული მესიჯია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ ქვეყნად ჩამოვყალიბდით, რომელსაც შეფასების კრიტერიუმები გაცნობიერებული არ აქვს. არადა, ეს შეფასებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ლაკმუსის ქაღალდია. ამას მთელი რიგი დარგები სწავლობენ. დიპლომატიისა და პოლიტიკური დეკლარაციის ენა ძალიან სერიოზული რამ გახლავთ.
ამ ენით, როგორითაც ახლა ჩვენ გველაპარაკებიან, ამერიკის პოლიტიკური ელიტა სამხრეთ ამერიკელ და აფრიკელ დიქტატორებს ელაპარაკება ხოლმე. ასეთ სლენგურ ლექსიკას ნორმალური ქვეყნების ხელისუფლების მიმართ არ იყენებენ ამერიკელები. ეს, ბუნებრივია, კარგად არ დამთავრდება.
ჩვენი პრობლემის არსი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგნენ და დგანან რესპუბლიკელი სენატორები ტედ კრუზი, მარკო რუბიო და სხვები. ეს ჯგუფი რესპუბლიკური პარტიის ელიტას წარმოადგენს. ეს არის ხალხი, რომლის მეშვეობითაც ტრამპი იმპიჩმენტს გადაურჩა. ეს არის ხალხი, რომელთან შეთანხმების გარეშეც ტრამპი საკადრო გადაწყვეტილებებს არ იღებს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრიც მათი პროტეჟეა და _ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. ამ ორ უწყებას ეხება სანქციების დაწესების ამბავი.
_ ერთ-ერთ წინა ინტერვიუში თქვენ მითხარით, რომ საქართველოდან „ფრონტერას“ გაძევების გამო ჩვენი ხელისუფლება სანქციებს მიიღებდა. ტედ კრუზის გვარი მაშინაც ახსენეთ.
_ ეს ტედ კრუზის გეგმა იყო. ახლა მარტო „ფრონტერაზე“ აღარ არის საუბარი. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის ქეისი გაცილებით მძიმე და სერიოზულია. პოლიტიკური კეკლუცობიდან გამომდინარე, ქართველები, რატომღაც, გავურბივართ იმაზე საუბარს, თუ როგორ არის ბიძინა ივანიშვილი დაკავშირებული რუსეთთან. ოპოზიციაც კი არ საუბრობს ამაზე. ისინი ხელისუფლებასთან შეთანხმებული არიან, რომ ივანიშვილის რუსულ იერარქიაში ყოფნა მსოფლიო დონეზე არ უნდა იყოს განხილული. ჩვენ შეიძლება, სირაქლემასავით თავი მიწაში ჩავრგოთ და არ შევიმჩნიოთ რაღაცები, მაგრამ აშშ-ის პოლიტიკური ელიტა „ოცნების“ ლიდერს, როგორც რუსული ოლიგარქატის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ისე უყურებს. ბიძინა ივანიშვილს ასევე ბრალდება საქართველოსა და მთლიანად რეგიონში ანტიამერიკული კამპანიის ორგანიზება.
_ ამერიკა ასეთ რამეს, თუ ეს მართლა ასეა, არავის აპატიებს.
_ არ აპატიებს. ვაშინგტონი არც იმას დაიჯერებს, რომ ყანდიაშვილი და მისი საძმო საკუთარი ფულით აწარმოებენ ანტიამერიკულ კამპანიას. ტროლების ფაბრიკის შენახვა მილიონები ჯდება. ივანიშვილს ედავებიან, რომ ანტიამერიკულ კამპანიას დასავლეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ მერე ამიხსნეს, თუ რა ხდება. საქართველოდან უამრავი ადამიანია წასული, მათი დიდი ნაწილი ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობს. ისინიც ხომ ტირაჟირებენ ტროლების ფაბრიკის მიერ გავრცელებულ ფეიკნიუსებს. ამერიკა ფიქრობს, რომ ივანიშვილი დასავლეთის ტერიტორიაზეც მუშაობს პროპაგანდისტულად.
გასული წლის შემოდგომაზე ფეისბუქმა გაანადგურა ტროლების ის ფაბრიკა, რომელიც რუსეთზე იყო მიბმული. მაშინ ბიძინას რუსული სერვერები არ ახსენეს. ახლა იგივე გააკეთეს, მაგრამ უკვე განმარტეს, რომ ეს სერვერებიც და მართვის ბლოკიც რუსეთიდან მოდის.
სერიოზული სკანდალია კონტრაბანდული ირანული ნავთობის თემა. წლები ვცხოვრობდი ირანში, სოლიდური კომპანია მებარა და შემიძლია ზედმიწევნით გიამბოთ, თუ როგორ ხორციელდება ირანული ნავთობის კონტრაბანდა. ირანულ ნავთობს 2016 წელს დაედო სანქციები. მას შემდეგ ყოველწლიურად მილიონი ან ორი მილიონი ტონა ირანული ნავთობი ამირაბადის პორტიდან ჩადის ბაქოში. ამაზე ახალი დოკუმენტაცია გამოიწერება, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ თითქოს ეს ნავთობი აზერბაიჯანულია. კონტრაბანდული ირანული ნავთობი აზერბაიჯანულის სახით გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე.
_ ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსშია?
_ რა თქმა უნდა. საქმის კურსში რომ არ იყვნენ, ეს კონტრაბანდა ვერ განხორციელდებოდა. აზერბაიჯანულ ნავთობს სულ სხვა შემცველობა აქვს, ირანულს _ სულ სხვა. ამის გაყალბება ძალიან რთულია. ყველამ იცის, რომ ირანული კონტრაბანდული ნავთობი სერგეი ლავროვის პირად ჯიბეში მიდის.
_ ლავროვი ზის ამ არხზე?
_ არხზე ზის კი არა, ის არის ამ ქსელის მეპატრონე. საქართველოს ტერიტორიაზე ირანული ნავთობის გადაზიდვას ის კურირებს. ამის შესახებ ტედ კრუზმა მაიკ პომპეოს მისწერა. ოღონდ იმ წერილში დელიკატურად არის საუბარი და ლავროვის გვარი ნახსენები არაა. ირანული ნავთობის კონტრაბანდა 2016 წლიდან მიმდინარეობს და არავინ დაიჯერებს მსოფლიოში, რომ საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
_ 2016 წლიდან თუ შემოდის აქ კონტრაბანდული ირანული საწვავი, ამერიკამ ახლა გაიგო ამის შესახებ?
_ ახლა არ გაიგო, დიდი ხანია იციან. ირანული კონტრაბანდული ნავთობი საქართველოში რომ შედის, ეს ამირაბადის პორტის მუშებმაც კი იციან. ამერიკას ამის გაგება არ გაუჭირდებოდა.
_ თუ დიდი ხანია იციან ამის შესახებ, ახლა რატომ ატეხეს ამაზე ამბავი? აქამდე რატომ არაფერი იღონეს?
_ ახლა დადგა ამის გაცხადების დრო. ბიძინა ივანიშვილი ვერ გამოასწორებს იმ პრეტენზიებს, რაც მის მიმართ დასავლეთს აქვს. პირველ რიგში, ვგულისხმობ ტროლების ფაბრიკას, რომელიც ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა. ეს ფაბრიკა, რეალურად, რუსეთიდან იმართება. ივანიშვილს რაც არ უნდა სანქციებით დაემუქრონ, ის ამას ხელს ვერ შეუშლის. „ქართული ოცნების“ ლიდერი ვერც კონტრაბანდული ნავთობის ტრანზიტს შეუჩერებს ლავროვს. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იციან, რომ ამ საქმეში ივანიშვილი ვერაფერს გახდება, მაგრამ მაინც მას სთხოვენ პასუხს.
_ თუ იციან, რომ ვერაფერს გახდება, მას რატომ სთხოვენ პასუხს?
_ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თბილისმა ან დასავლეთს დახმარება უნდა სთხოვოს, ან აღიაროს ივანიშვილმა, რომ ის აქ ფორმალურად ზის. სამწუხაროდ, საქართველო რუსეთის სპეცსამსახურების საქმიან ეზოდ იქცა. საბოლოო ჯამში, დასავლეთისთვის მოგვიწევს დახმარების თხოვნა. პოლიტიკურ ელიტას, უმრავლესობას თუ ოპოზიციას, ტყუილად ჰგონიათ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსხლტებიან. ახლა სულ სხვა დროა და სულ სხვა ხალხია საქმეში ჩართული. ამ სიტუაციის მთელი სიმწვავე ესაა.
რუსეთიც ძალიან გამომწვევად იქცევა. მოსკოვს სურს, ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, თუ რა უნდათ ამერიკელებს საქართველოში. თუ ნახავენ, რომ პრეტენზიების მთავარი ადრესატი ბიძინაა, ეს მათთვის მშვენიერი გამოსავალია. ამასთან, ისინი ეჭვობენ, რომ დასავლეთს პრეტენზიები არა ბიძინასთან, არამედ საქართველოში მათ ფარულ მმართველობასთან აქვს. არსებულ სიტუაციას სწორედ ეს ადრამატიზებს. სანამ მოსკოვისთვის ყველაფერი ნათელი არ გახდება, არ მოისვენებს. ივნისი დაიწყო და ჩვენ უკვე გაქანებულ წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა ვიყოთ. აქ კი ამ მხრივ სრული სიმშვიდეა. არადა, არჩევნები ოქტომბერში ტარდება.
_ ისე, მართლა გვიანდება საარჩევნო კამპანიის დაწყება. პოლიტიკურმა პარტიებმა ეს პანდემიას დააბრალეს.
_ მარტო ეს არ არაა მიზეზი. მათთვის საარჩევნო კამპანიის დაწყების ნება რუსეთს ჯერ არ მიუცია. კრემლს ვერ გაუგია, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს ამ არჩევნებში. ეს კრემლის მთავარი დილემაა. ამერიკა საქართველოს ამბებში ასე მწვავედ აქამდე არასდროს ჩარეულა. ადრე არც ასეთი მწვავე წერილები მოსულა ვაშინგტონიდან. არც ისაა შემთხვევითი, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მოლაპარაკებები აშშ-ის საელჩოში მიმდინარეობდა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლი დიპლომატიურ კორპუსს ეკისრა. ყველაზე აქტიური ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იყო. რუსეთს ამ გზითაც სურდა, ამერიკელების აზრი გაეგო.
_ რანაირად უნდა გაეგო, ვინ გამოუტანდა მათ ამბავს, თუ რას ფიქრობდნენ ამერიკელები?
_ ვის უნდა გამოეტანა და უმრავლესობა-ოპოზიციას. იმედი ჰქონდათ, რომ მოლაპარაკების პროცესში ამერიკული მხარე თავის პოზიციას ღიად დააფიქსირებდა. ამერიკა ზესახელმწიფო იმიტომ კი არ გახდა, რომ მიამიტები არიან. ეგღა აკლია, ვინმეს გული გადაუშალონ. თან მაგათაც ძალიან კარგად იციან, თუ რას საქმიანობს აქ რუსეთი და რისი გარკვევა სურს კრემლს. აუცილებლად უნდა ვთქვათ იმაზეც, რომ ქართველებს ამერიკელებთან მიმართებით ანეკდოტური აზრი ჩამოუყალიბდათ და ეს აზრი ბოლო 30 წელია, რაც ჩვენთან გაბატონდა. ჰგონიათ, რომ თავისი განდაგანით ამერიკის პოლიტიკურ ელიტას ატყუებენ. ერთხელ შეიძლება მოატყუო ამერიკა, მაგრამ 30 წელი მას ვერავინ მოატყუებს. შევარდნაძიდან დაწყებული, სააკაშვილით და ივანიშვილით გაგრძელებული, ყველას ეგონა, რომ ვაშინგტონი ტყუვდებოდა. ასე იმიტომ ეგონათ, რომ თეთრ სახლს მათი „ტინგიცი“ სულ არ აინტერესებდა. არაფერზე ახდენდნენ რეაგირებას. ამათ კიდევ დაიჯერეს, რომ ზესახელმწიფოს ატყუებდნენ. ეს ჩვენმა მოსახლეობამაც დაიჯერა.
_ ამბობთ, აქამდე ამათი „ტინგიცი“ არ აინტერესებდათო. ახლა რაკი ასე გააქტიურდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე აღარ არის?
_ ახლა მიიჩნიეს, რომ მოქმედების დროა და მაიმუნობა უნდა დასრულდეს. ეს გზაც მონახეს. ახლა რუსეთი ცდილობს გაარკვიოს ამერიკის მოქმედების საიდუმლო.
_ ამის ბრალი ხომ არ იყო ისიც, რომ ხელისუფლება 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე უარს აცხადებდა?
_ არც ესაა შემთხვევითი. მაშინ გამოჩნდა, თუ რა უგუნურია ჩვენი პოლიტიკური ელიტა. ამერიკასთან გამწავავებული ურთიერთობის ფონზე შიგნიდან დაქოქეს მოქალაქეები აშშ-ისა და მისი ელჩის წინააღმდეგ. აძახებინეს, რომ თითქოს ისინი „ნაცებს“ უჭერენ მხარს. ამტკიცებდნენ, ვაშინგტონს სურს, რომ ქვეყნის სათავეში ისევ ძველი ხელისუფლება დაბრუნდესო. გინება ვეღარ გაუბედეს, სამაგიეროდ, მომხრეები აყვირეს, რომ თურმე ამერიკის კოლონია ვყოფილვართ და თურმე რაში გვჭირდებოდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა და ა. შ.
ვაშინგტონს სააკაშვილის საქართველოში ან საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება რომ სდომოდა, ამას ძალიან მარტივად გააკეთებდა და ამაში ვერავინ შეუშლიდა ხელს. ვერც კი გაბედავდნენ ხელის შეშლას.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ შეუშლიდნენ ხელს?
_ ესენი შეუშლიდნენ ამერიკას ხელს? დარეკავდნენ ვაშინგტონიდან და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ნებისმიერ საკითხს წყვეტენ მსოფლიოში და საქართველოში მიშას ვერ დააბრუნებდნენ? ამისთვის პომპეოს ერთი ზარი საკმარისი იქნებოდა. დაურეკავდა ის სალომე ზურაბიშვილს და ეტყოდა, მიშაზე შეწყალება დაწერეო. და, რატომღაც, სალომეს, ბიძინას, მდინარაძესა და თალაკვაძეს რომ ამის შესრულებაზე უარი ეთქვათ. ან ენძელასთან და გუგულისთან ერთად შეჰკვდომოდნენ ვაშინგტონს. ან რომც შეკვდომოდნენ, რა გამოუვიდოდათ? სხვა ვარიანტიც შეიძლებოდა და სულ არ დარეკავდნენ ამერიკიდან საქართველოში. პომპეო დარეკავდა მიშასთან და ეტყოდა, რევოლუციაზე ყაბულს ვართ და წადი თბილისშიო. ის მაშინვე აეროპორტში გავარდებოდა.
_ აქ რომ დაიჭერდნენ? ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, როგორც კი სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, იმწუთსვე დავაკავებთო.
_ ამერიკა ამასაც მოაგვარებდა და მიშასთვის ხელის ხლებას ვერავინ გაბედავდა. ამერიკის პოლიტიკურ ელიტას თავი გავანებოთ და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გავიხსენოთ, სადაც ქალბატონი ნინო ანანიაშვილის ქმარი იყრიდა კენჭს. ბოლტონს რომ არ ჩაეშალა ყველაფერი, „ნაცები“ მოსულები იყვნენ უკვე ხელისუფლებაში. გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად რომ გასულიყო, მიშას შეიწყალებდა, ის საქართველოში ჩამოვიდოდა. დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და დამთავრდებოდა „ქართული ოცნება“. ვაშინგტონი „ნაციონალების დაბრუნებაზე“ არ მუშაობს და ამ ტყუილებს უნდა შეეშვას ხელისუფლება. სამწუხაროდ, ქართული ცნობიერების უღრან ტყეში შეყვანა გახდა ერთგვარი ნორმა.
_ რას გულისხმობთ?
_ თურმე, ამერიკას „ნაცების“ დაბრუნება უნდა, ამას პირდაპირ ვერ ბედავს და შემოვლით გზებს მიმართავს _ გამოჰყავთ ვიღაც კონგრესმენები, სენატორები და ილანძღებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ: ამერიკას აქ ძველი ხელისუფლების დაბრუნება რომ უნდოდეს, ერთი ზარით გადაწყვეტდა ყველაფერს. ტედ კრუზმა რომ დარეკოს, არ შეცვლიან სიტუაციას? აქაც არ დარეკავს. ლავროვს გადაურეკავს და ეტყვის, თბილისს გადაეციო. არ გადმოსცემს ლავროვი? აბა, გაბედოს.
უკვე ძალიან სასაცილოა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. საერთაშორისო ექსპერტები ამას რომ უყურებენ, ამბობენ, ქართველები რაღაც პარალელურ სამყაროში შევიდნენო. შემთხვევითი არც ეკლესიის გააქტიურება მგონია.
_ გააქტიურებაში რას გულისხმობთ? ანტიდასავლური განცხადებები რომ კეთდება ამბიონიდან ბოლო დროს?
_ ამასაც და სხვა რამესაც. დასავლეთზე შეტევის დასაწყებად ზუსტი დრო შეარჩიეს.
_ ეს უცნაურია. ცოტა ხნის წინ ეკლესიის წარმომადგენლები ვაშინგტონს სტუმრობდნენ და იქ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართეს.
_ ყველას ძალიან მოეწონა, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ვაშინგტონში წავიდნენ, მაგრამ ეს ახლა უკვე კითხვებს ბადებს.
_ რა კითხვებს?
_ თავის დროზე, ამერიკელებთან მოსალაპარაკებლად იმიტომ გაუშვეს, რომ იქიდან ინფორმაციები ჩამოეტანათ. ასეთი ჭორები ჩნდება. ბოლო დროს სასულიერო პირები ხშირად დადიოდნენ ვაშინგტონში. უნდოდათ, რომ ეკლესია ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო ყოფილიყო. ასე გაიწირა ჩვენი ეკლესია და მას ინფორმატორის როლის შესრულება დაავალეს. გასაგებია, რომ დღეს რუსეთს ძალიან უჭირს და მზადაა, ყველა გაწიროს, რომ რაღაც ინფორმაცია გაიგოს. ისინი გრძნობენ, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოდან წასვლა მოუწევთ. ამიტომაც მზად არიან, გაწირონ ყველა ის პლატფორმა, რასაც აქამდე ეყრდნობოდნენ ამ ქვეყანაში. მე იმათი მიკვირს, ვისაც რუსეთი ეყრდნობა. საერთოდ ვერ აზროვნებენ? ასე კომპრომატზე როგორ ზის მთელი ქვეყანა?!
ერთმა რაღაცამ გამაკვირვა _ დიდი თუ პატარა დაინტრიგებული და დაშინებულია. არადა, ქვეყანა უკეთეს ლოკაციაში გადადის და ეს სასიხარულო ამბავია. დასავლეთს რუსეთის დაპრესვა შემთხვევით არ დაუწყია. მოსკოვის მიმართულებით ყველა მხრიდან წავიდა შეტევა. რასაც ახლა მსოფლიო რუსეთს უკეთებს, წლების წინათ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. აშკარაა, რომ ამაზე ამერიკამ გასცა დირექტივა.
ამ ფონზე შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართაც. აქამდე დასავლეთი ჩუმად ადევნებდა თვალს აქ მიმდინარე პროცესებს. ახლა სიტუაცია 180 გრადუსით შეტრიალდა. ცალკე უნდა აღინიშნოს, თუ როგორი ფიგურები არიან დაინტერესებულები საქართველოთი. აქამდე მეთიუ ბრაიზას ვერ გავცდით. ახლა საქართველოზე ტედ კრუზი საუბრობს. ტედ კრუზი არის კაცი, რომელსაც ცოტა დააკლდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო. პრაიმერში თავიდან ის ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ტრამპმა გაიმარჯვა, რაც ტედ კრუზის როლს სულაც არ აკნინებს. და როცა ასეთი ფუგურა ბევრს საუბრობს საქართველოზე, ეს რაღაცას ნიშნავს და რაღაცას მოასწავებს.
დღეს მთელი მსოფლიო ჩვენზე ლაპარაკობს. ხელისუფლებისა და რუსეთის დაქოქილი ბოტები კი იმას გაიძახიან, ამერიკის კოლონია ვართო. კოლონია კი არა, დღეს საქართველოს შანსი ეძლევა, რეალურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა გახდეს. ამის გარდა, საქართველო ახალ ისტორიულ და ეპოქალურ როლს იძენს. ჩვენს ხელისუფლებასა და საზოგადოების ნაწილს კი ეს არ აინტერესებს. ამაზე დიდი სკანდალი რაღა გინდათ?! დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება.

შორენა მარსაგიშვილი