ირმა ინაშვილი: „სამველ პეტროსიანი ირაკლი კობახიძის პირადი პატიმარია“

საქართველოს პარლამენტის უცვლელი წევრი, ენზელ მკოიანი, უკვე დიდი ხანია, ფეოდალად იქცა. ის ჯავახეთში უამრავ ბიზნესს არის დაპატრონებული, მაგრამ არ ჰყოფნის და ცდილობს, კიდევ უფრო გააფართოოს თავისი ქონება და გავლენები. ამაში მას „ქართული ოცნებაც“ უწყობს ხელს. მის მიმართ, რატომღაც, ისეთი სიმპათიით არიან განწყობილი, რომ მკოიანის შეიარაღებული დაჯგუფების არსებობასაც არ იმჩნევენ. არადა, ეს დაჯგუფება რეგიონში ხშირად აწყობს სისხლიან გარჩევებს. ისიც უნდა ითქვას, რომ მკოიანი და მისი ბანდა ჯავახეთში ადრეც თავისუფლად დათარეშობდა. მას მფარველობდა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლება. სისხლიანი და შეიარაღებული გარჩევებისთვის მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

ერთ-ერთი ასეთი შეიარაღებული გარჩევა მკოიანის დაჯგუფებამ სამველ პეტროსიანს მოუწყო. პეტროსიანი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერ ირმა ინაშვილსა და მედიას ხმაური რომ არ აეტეხათ, ალბათ, ეს საქმეც ჩაიფარცხებოდა. საქმე ვერ ჩაფარცხეს, მაგრამ დამნაშავედ პეტროსიანი გამოაცხადეს, რომელსაც მკოიანის ბანდა სახლში მიუვარდა და სროლა აუტეხა. ეს რამდენიმე კამერით გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს. პეტროსიანის მორიგი სასამართლო 18 ივნისს გაიმართება. ირმა ინაშვილს იმედი აქვს, რომ განაჩენი სამართლიანი იქნება. ინაშვილი მიიჩნევს, რომ პეტროსიანი ირაკლი კობახიძის მითითებით დააპატიმრეს. 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინაშვილმა ინფორმაცია და ვიდეომტკიცებულებები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსაც მიაწოდა.

რა მოხდა 26 მარტს ახალქალაქში? რა მასალები გადასცეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს? ვინ დგას მკოიანის დაჯგუფების უკან? რატომ მოითხოვა ირაკლი კობახიძემ პეტროსიანის დაკავება? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ირმა ინაშვილი ესაუბრება:

_ 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ თქვენი პარტიის წევრი სამველ პეტროსიანი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტში ენზელ მკოიანიც თავის დაჯგუფებასთან ერთად მონაწილეობდა, მას პასუხიც კი არ მოსთხოვეს. ამას რით ხსნით?
_ სამველ პეტროსიანი არის ირაკლი კობახიძის პირადი პატიმარი. კობახიძემ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტი სამველ პეტროსიანმა დაიწყო, რაც ტყუილია. კობახიძემ უდანაშულო პეტროსიანი, რომლის შვილსაც თავს დაესხა ენზელ მკოიანის დაჯგუფება, დამნაშავედ გამოაცხადა, სასამართლოს გარეშე. ფაქტები და ვიდეომტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სწორედ მკოიანების დაჯგუფება დაესხა თავს პეტროსიანის შვილს და თავად პეტროსიანს.
ვიდეოკადრებში კარგად ჩანს მთავარი მომენტი _ სამველ პეტროსიანი პოლიციას ჰყავს გაკავებული, როცა თავდაცვის მიზნით ჰაერში ისვრის და ამ დროს ენზელ მკოიანი დამიზნებით რამდენჯერმე ესვრის გაკავებულ სამველ პეტროსიანს. პეტროსიანს ესვრის ასევე ენზელ მკოიანის ძმისშვილი. ეს ჯგუფური შეიარაღებული თავდასხმაა. და რა ხდება? _ დააკავეს დაზარალებული სამველ პეტროსიანი. დააკავეს მასზე თავდამსხმელი, მკოიანის 19 წლის ძმისშვილი. კობახიძე ლობირებს მკოიანს და სასამართლოზე იმოქმედა, რომელმაც პეტროსიანის ადვოკატების არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გააყალბეს მტკიცებულება. საქმეში ჩადეს სათამაშო პისტოლეტი. არადა, მკოიანის ძმისშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.
ენზელ მკოიანს ახალქალაქში შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს, რომელიც მოსახლეობას ატერორებს, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. ყველა ხელისუფლება იყენებდა ამ დაჯგუფებას და მე ამაში სერიოზულ საფრთხეს ვხედავ. მათ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არავინ ისჯება. ამიტომ ეს ბანდა უნდა დაიშალოს. ყველა საელჩოს გადავუგზავნე მასალები, ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის საელჩოს ვესაუბრე პირადად. ახლა ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც 18 ივნისს იგეგმება.
_ რა მასალები გაუგზავნეთ საელჩოებს?
_ მათ ვიდეომტკიცებულებები გავუგზავნე, რომლითაც მტკიცდება, რომ პეტროსიანი უდანაშაულოა. ბევრჯერ ვთქვი, რომ კობაძიძე ახალი ტიპის ადეიშვილად გადაიქცა. უკვე ისე გათავხედდა, რომ პირადი პატიმრები ჰყავს. ის აკონტროლებს სასამართლოს, ჰყავს მოკავშირეები პროკურატურასა და სხვა ძალოვან უწყებებში. როგორც წესი, ასეთი პერსონები ცუდად ამთავრებენ კარიერას. კობახიძესაც ეს ფინალი ელის.
_ ირმა, შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყვეთ, რა მოხდა 26 მარტს ახალქალაქში?
_ მოგიყვებით: რაც იქ მოხდა, ეს ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. 26 მარტს ენზელ მკოიანი და მისი შეიარაღებული დაჯგუფება თავს დაესხნენ ჩვენი პარტიის ახალქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელ სამველ პეტროსიანს და მის ვაჟ გიორგის. იმისთვის, რომ გამოირიცხოს სხვადასხვა სახის სპეკულაცია, ჩვენ დეტალურად გავშიფრეთ ვიდეომასალა, რომელიც საჯაროდ არის ინტერნეტში გამოქვეყნებული. ამ ვიდეოში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა მოხდა 26 მარტს ახალქალაქში.
იმ დღეს, ანუ 26 მარტს, ენზელ მკოიანის ძმისშვილმა, კარაპეტ მკოინამა, სამველ პეტროსიანის ვაჟ გიორგის ტყეში დაუნიშნა შეხვედრა. გიორგი ამ შეხვედრაზე არ წავიდა. იმავე დღეს, დაახლოებით, დღის სამ საათზე, კარაპეტ მკოიანმა და მისმა დეიდაშვილმა გოგი მხითარიშვილმა გიორგი პეტროსიანს უკვე მამამისის კუთვნილ კაფეში მიაკითხეს.
სამწუხაროდ, ამ ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა ჩვენ არ გაგვაჩნია. ასეთი ვიდეომასალა ვიცით, რომ არსებობდა, მაგრამ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ის „ოცნების“ დეპუტატმა მკოიანმა გააქრო.
ჩვენს ხელთ არსებული ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ 15 საათზე, 27 წუთსა და 58 წამზე სამველ პეტროსიანის კუთვნილი შენობის წინ დგას მისი ვაჟის, გიორგის ავტომანქანა. ამ მანქანაში სხედან გიორგი პეტროსიანი, ენზელ მკოიანის ძმისშვილი კარაპეტ მკოიანი. მანქანასთან დადის კარაპეტის დეიდაშვილი გოგი მხითარიშვილი. გოგი მხითარიშვილი ზუსტად ერთ წუთსა და 23 წამში თავადაც ჯდება გიორგი პეტროსიანის ავტომანქანაში.
ამავე 1 წუთსა და 23 წამში ნათლად ვხედავთ, რომ ქუჩის დიამეტრულად მოპირდაპირე მხარეს დგანან ენზელ მკოიანის კიდევ ერთი ძმისშვილი, 19 წლის არმენ მკოიანი და დეპუტატის დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი.
_ სულ რამდენი იყვნენ?
_ ჯამში, 12 ან 13 კაცია. გადის კიდევ ერთი წუთი და არმენ მკოიანი იწყებს მოძრაობას გიორგი პეტროსიანის ავტომობილისკენ. გიორგი პეტროსიანი და მის მანქანაში მსხდომი კარაპეტ მკოიანი და გოგი მხითარიშვილი გადმოდიან მანქანიდან. რამდენიმე წამში გიორგი პეტროსიანის მანქანასთან მიდის მკოიანის ძმისშვილი არმენი და დაჯგუფების სხვა წევრები. მთელი ჯგუფი მივიდა მანქანასთან. ამასობაში არმენი უკვე მისულია გიორგისთან.
კადრებში ჩანს, რომ არმენ მკოიანი ძალიან აგრესიულად იქცევა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის პირდაპირ აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა გიორგის. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ გიორგი პეტროსიანისთვის გოგი მხითარიშვილს ზურგზე ისე აქვს ხელი მიბჯენილი, რომ გვიჩნდება გონივრული ეჭვი, მან გიორგის იარაღი მიაბჯინა.
გიორგი პეტროსიანი, არამენ და კარაპეტ მკოიანები შედიან პეტროსიანების ეზოში. უფრო ზუსტად, გიორგი ძალით შეჰყავთ საკუთარ ეზოში. კარაპეტ მკოიანი გარეთ რჩება. ეს ყველაფერი, დაახლოებით, ნახევარ წუთში ხდება. შემდეგ კადრებში ჩანს, რომ არმენ მკოიანი ისევ ძალიან აგრესიულად იქცევა. ჩანს, რომ ისევ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს გიორგის. ძალიან მალე გიორგი პეტროსიანი და კარაპეტ მკოიანი ეზოდან გამოდიან.
ამ დროს მკოიანის დაჯგუფების 15 წევრი ხვდება მათ და ყველა ერთად ურტყამს გიორგის.
_ არავინ მიეხმარა პეტროსიანს?
_ კადრებიდან ჩანს, რომ ეზოდან ჯერ ორი კაცი გამორბის, შემდეგ _ კიდევ ორი. ისინი მოჩხუბრების გაშველებას ცდილობენ. რამდენიმე წამის შემდეგ კიდევ ორი კაცი გამოიქცა ეზოდან, მაგრამ 15 კაცი ყველას ჩხუბით მიათრევს პეტროსიანების კუთვნილ ეზოში. ჩხუბის ეპიცენტრი გადადის ჩვენი თანაპარტიელის კერძო საკუთრებაში.
ამასობაში მოდის ორი ქვეითი პოლიციელი. პოლიციელების მოახლოებასთან ერთად ეზოში ჩხუბი შენელდა. კადრებიდან ვხედავთ, რომ ეზოდან ყველა გამოვიდა გარეთ. ისინი ნელ-ნელა გამოდიან. მთელმა ამ პროცესმა ორ წუთზე ნაკლები დაიკავა. ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე უკვე ენზელ მკოიანიც გამოჩნდა. მისი გამოჩენა კადრებშიც ჩანს.
ვიდეოკადრებიდან ასევე კარგად ჩანს, რომ ის პეტროსიანების კუთვნილი კაფეს მიმართულებით მიემართება. მას მიჰყვებიან მისი დაჯგუფების წევრები. ყველა ერთად ჯგუფდება. საუბრობენ, რაღაცაზე მოილაპარაკეს და გზის დიამეტრულად მოპირდაპირე მხარეს დაბრუნდნენ.
მკოიანისა და მისი დაჯგუფების უკან დაბრუნების მომენტში ნათლად ჩანს, რომ არმენ მკოიანს ხელში უკავია პისტოლეტი, რომელსაც ის დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს გადასცემს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ არმენ მკოიანი იარაღით იყო მისული გიორგი პეტროსიანის ეზოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზუსტად ის იარაღია, რომლის ძალითაც გიორგი საკუთარ ეზოში შეიყვანეს.
როცა მკოიანის დაჯგუფება უკან დაბრუნდა, რამდენიმე წამში კადრში დავინახავთ სამველ პეტროსიანის ავტომობილს, რომელიც უხვევს ქუჩაზე და კაფესთან ჩერდება. ის მანქანიდან გადმოდის. მან მანქანა 15 საათზე, 32 წუთსა და 10 წამზე დატოვა. სამველ პეტროსიანმა კარგად დაინახა მკოიანი და მისი დაჯგუფება, მაგრამ რეაქცია არ აქვს და მიემართება შვილისკენ, რომელიც ეზოს წინ დგას.
ჩვენ წარმოვადგენთ 4 სხვადასხვა ვიდეოდან გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც წამების მიხედვითაა სინქრონიზებული. ამ კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანს გიორგი ეზოში მიჰყავს. მათთან არიან პოლიციელებიც.
ამ დროს ენზელ მკოიანის ძმა, მარტუმ მკოიანი, გამოეყო ძმის დაჯგუფებას და პეტროსიანების მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს მამა-შვილს. პეტროსიანების მიმართულებით დაიძრა ენზელ მკოიანი მთელი თავისი დაჯგუფებით. ამის შემდეგ ორმხრივი სიტყვიერი დაპირისპირება იწყება.
ამასობაში მეორე კამერა ცხადად გვიჩვენებს, რომ არმენ მკოიანი არეული, მრუდე ტრაექტორიით იწყებს სირბილს, რაც ცხადყოფს, რომ გაისმა სროლის ხმა.
_ ვინ ისროლა?
_ კადრებიდან ჩანს, რომ იმ წუთისთვის სამველ პეტროსიანს ჯერ იარაღი ამოღებულიც კი არ აქვს. არმენ მკოიანის სირბილის დაწყებიდან რამდენიმე წამში კადრებში ნათლად ჩანს, რომ ყველა იღებს იარაღს.
_ საიდან ჰქონდათ ამ ადამიანებს იარაღი?
_ სამველ პეტროსიანს, როგორც ყოფილ პოლიციელს, კანონიერად აქვს ეს იარაღი; ენზელ მკოიანს, როგორც პარლამენტის წევრს, ასევე კანონიერად აქვს იარაღი. ენზელ მკოიანის დაცვასაც, ალბათ, კანონიერად უკავია იარაღი. სამაგიეროდ, არ აქვს იარაღის ტარების უფლება არმენ მკოიანს. კადრებიდან კარგად ჩანს, თუ როდის და როგორ იღებს ის ხელში პისტოლეტს.
ახლავე გეტყვით, რომ ეს ის იარაღია, რომელიც, ჩვენი აზრით, აქამდე უკვე ვნახეთ, _ ეს იარაღი ჰქონდათ მიბჯენილი გიორგი პეტროსიანისთვის, როცა ის ძალის გამოყენებით საკუთარ ეზოში შეიყვანეს. ეს ის იარაღია, რომელიც ცოტა ხანში საქმიდან საერთოდ გაქრება.
_ რას ნიშნავს, გაქრება?
_ იარაღი, რომელიც კადრებში ჩანს, როგორც ნივთმტკიცება, საქმიდან გამქრალია. გამოძიება მუშაობს იარაღზე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიას საერთოდ არ განეკუთვნება.
მკოიანებმა სასამართლოს წარუდგინეს ე. წ. ხმოვანი, სპორტული პისტოლეტი, რომელიც არაა ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლომ და გამოძიებამ ეს იარაღი ჩაიბარეს, როგორც ნივთმტკიცება. მკოიანების ბინის დამატებითი ჩხრეკა საერთოდ არ ჩაუტარებიათ.
სამაგიეროდ, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებული სპორტული იარაღი დაზიანებულია და მისგან ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა გასროლა. იცით, რატომ არის საინტერესო ექსპერტიზის ეს დასკვნა, განსაკუთრებით, კი ეს ნაწილი? _ კადრებში ჩანს დენთის კვალი, როცა ჩვენ არმენ მკოიანის კადრებზე ვსაუბრობთ. ეს დენთის კვალი მეტყველებს იმაზე, რომ იარაღი, საიდანაც არმენმა ნამდვილად ისროლა, ცეცხლსასროლი იარაღია, ეს იარაღი საქმის მასალებიდან გამქრალია და მის ნაცვლად ხმოვანი იარაღია წარმოდგენილი, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გასროლა ვერ განხორციელდებოდა.
პეტროსიანის ადვოკატებმა მოითხოვეს კონფლიქტის დროს გამოყენებული იარაღის მოძებნა, მაგრამ არც ეს და არც სხვა შუამდგომლობები სასამართლომ არ გაითვალისწინა. ოფიციალური ვერსიით, გამოძიება სწავლობს ოთხ იარაღს, რომელთაგანაც არც ერთს არ ემთხვევა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი მასრები, რასაც ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს.
დავუბრუნდები ისევ ვიდეოკადრებს და იმ მომენტს, როცა ორივე მხარე იწყებს იარაღის ამოღებას. ამ კადრებში ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი გაკავებული ჰყავს პოლიციას, ენზელ მკოიანის დაჯგუფება კი თავისუფლად მოქმედებს. მათ ირგვლივ პოლიცია არ ჩანს. მხოლოდ ჩანს, რომ თითქოს სამველ პეტროსიანი რაღაც მომენტში იარაღს იშვერს მკოიანის დაჯგუფებისკენ, თუმცა არ ისვრის. შემდეგ ისვრის, ოღონდ ჰაერში. სწორედ ამ მიზეზით დააპატიმრა ის ბატონმა ირაკლი კობახიძემ.
_ რატომ გგონიათ, რომ მან დააპატიმრა?
_ მე გაგახსენებთ, თუ რას ამბობდა ამაზე ეს ბატონი: „კონფლიქტის ინიციატორი არის სამველ პეტროსიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო თანამდებობის პირს. შესაბამისად, აქ არის დანაშაულის ნიშნები“.
ახლა მინდა, გულწრფელად ვკითხო მკითხველს: თქვენს კუთვნილ ეზოში 15 კაცი რომ მოვიდეს და თქვენი შვილი იარაღის მუქარით შეიყვანოს ეზოში, შეურაცხყოფა მიაყენოს, სცემოს, მერე თქვენ და თქვენს შვილს შეიარაღებული ბანდა მოკვლით რომ დაგემუქროთ, თუნდაც მათი დაშინების მიზნით ჰაერში რომ ისროლოთ, ამის გამო თქვენ უნდა დაგაპატიმრონ? თქვენ უნდა წახვიდეთ ციხეში, რადგან საქმის მასალებიდან ის იარაღი გააქრეს, რომლითაც გესროლეს? თქვენ სიმართლეს ხომ ვერ ამტკიცებთ და ვერ ამტკიცებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის _ გამოვა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე და პირდაპირ ეთერში, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, დამნაშავედ გამოგაცხადებთ.
რაც შეეხება სასამართლოს, ის თქვენი ადვოკატების არც ერთ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. რა უნდა გააკეთოთ თქვენ? როგორ უნდა მოიქცეთ? სად უნდა დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ? აი, ასეთ ვითარებაში ჩააგდეს ენზელ მკოიანმა და ირაკლი კობახიძემ სამველ პეტროსიანი.
ისევ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებს დავუბრუნდები: ეს კადრები ნათლად გვაჩვენებს, რომ პეტროსიანი გაკავებული ჰყავთ პოლიციელებს, ხოლო ენზელ მკოიანი და მისი დაჯგუფება დამიზნებით ისვრიან მისი მიმართულებით.
სხვა კამერა გვიჩვენებს, რომ მკოიანის ძმისშვილი, არმენიც, პარალელურად, დამიზნებით ესვრის სამველ პეტროსიანს. ამის შემდეგ კიდევ ორი, სხვა კამერიდან გადაღებული კადრებიდან ვხედავთ, თუ როგორ მალავს იარაღს არმენ მკოიანი. ჩანს ისიც, რომ პოლიციელი, როგორც იქნა, იწყებს ენზელ მკოიანის გაჩერებას.
ვიდეოკადრებიდან ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ენზელ მკოიანის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ცხელ კვალზე ჰილზას იღებს იმ ადგილიდან, საიდანაც პარლამენტის წევრი ისროდა. ამ ამბიდან ზუსტად სამ წამში ვნახავთ, რომ მკოიანი ისევ ემუქრება სამველ პეტროსიანს და ისევ აგრესიულად საუბრობს, ხოლო კარაპეტ მკოიანი ხელს კრავს პოლიციელს და გზიდან იშორებს მას.
მომდევნო კადრებიდან ნათლად ვხედავთ კედლებზე ნატყვიარს. ეს პეტროსიანის კუთვნილი შენობაა. ტყვიის კვალი ეტყობა ამ შენობის წინ გაჩერებულ პეტროსიანების ავტომობილსაც.
ეს ყველაფერი საბოლოოდ იმას ამტკიცებს, რომ გასროლა მოხდა ენზელ მკოიანის მხრიდან, სამველ პეტროსიანის მიმართულებით, რაც კადრებიდან ისედაც ჩანს. ამ დროს გამოძიებამ ვერ მოძებნა ერთი ტყვიაც კი, რომელიც სამველ პეტროსიანმა თითქოსდა მკოიანის მიმართულებით გაისროლა.
სამაგიეროდ, ენზელ მკოიანი და ირაკლი კობახიძე პეტროსიანს, რომელიც თავს იცავდა, პარლამენტის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ და ცდილობენ, უდანაშაულო ადამიანი მრავალი წლით ციხეში ჩასვან.
სამველ პეტროსიანზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს თავად დაზარალებული. მასთან ერთად დააკავეს არმენ მკოიანიც. ირაკლი კობახიძემ და მისმა მოკავშირეებმა ძალოვან სტრუქტურებში გადაწყვიტეს ასე. არმენ მკოიანი ბალანსის დაცვის მიზნით დააკავეს. აქ რა შუაშია ბალანსი? უბრალოდ, ეს არის „ქართული ოცნების“ სტილი _ ისიც დავიჭირეთ და _ ჩვენიანიც.
ახალქალაქში ენზელ მკოიანის შეიარაღებული დაჯგუფება მრავალი წელია, რაც არსებობს. ის ატერორებს ადამიანებს, სცემს და იტაცებს მათ, ესვრის მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან. ეს ხალხი წლების მანძილზე მოქმედებს, მაგრამ განსაკუთრებით არჩევნების წინ და არჩევნების დროს აქტიურდება.
ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილი არმენი რამდენიმე თვის წინ ბიტით, ანუ ბეისბოლის ჯოხით სასტიკად გაუსწორდა ახალქალაქელ ახალგაზრდას. საქმე აღიძრა, მაგრამ თაროზეა შემოდებული. ასე იდება თაროზე საქმეები, როდესაც მკოიანის დაჯგუფების წევრები დანაშაულს სჩადიან. ამ დაჯგუფებას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ პასუხს არავინ სთხოვს. ეს დაჯგუფება ძალიან საშიში გახდა. მკოიანის ბანდა აუცილებლად უნდა დაიშალოს.

შორენა მარსაგიშვილი