ეპიდემია და კრიმინალი

კარანტინისა და კორონაკრიზისის ერთი, საკამათო თეორია დადასტურდა, რომელიც არც დღესაა სრული ჭეშმარიტება, თუმცა ამჟამად ის გუშინდელზე სარწმუნოა.
საქართველოში, ეკონომიკის თვალსაზრისით, ნამდვილი 90-იანი წლებია: გაჩერებული დარგები, დახურული ქარხნები, ნულამდე დასული ტურისტული სექტორი, ასობით ათასი უმუშევარი და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი მოქალაქეები.
ეს მხოლოდ დასაწყისია _ უახლოეს რამდენიმე თვეში სიტუაცია გაუარესდება.

ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დასაყრდენია სულ ორი დარგი _ ტურიზმი და მშენებლობა. სწორედ ამ სექტორებში იქმნება ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი (საჯარო სექტორის გარდა), მათზეა დამოკიდებული ასევე მომიჯნავე დარგები _ სარესტორნო ბიზნესი, სამშენებლო მასალების წარმოება და ა. შ.
ეს ორივე დარგი ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან _ ერთი თუ მოკვდება, საბოლოო ჯამში, მას მეორეც მიჰყვება. ტურიზმის ტოტალურმა (იმედია, დროებითმა) გაჩერებამ უკვე დღეს მიაყენა დიდი ზიანი სამშენებლო ინდუსტრიას.
თბილისში დეველოპერული პროექტების უმეტესობა გაჩერებულია, თუმცა გაცილებით უფრო მძიმეა ვითარება ტურისტული ობიექტების მშენებლობის სეგმენტში _ უკლებლივ ყველა მშენებარე სასტუმროს პროექტი გაყინულია.
სამშენებლო სექტორი თითქმის მთლიანად ბათუმშიც ჩაკვდა, სადაც ბინებს, ძირითადად, არა საცხოვრებლად, არამედ გასაქირავებლად ყიდულობდნენ.
თანაც საქართველოში აშენებული ბინების მყიდველების 10-15% უცხოელია _ დღეს არც ისინი არიან.
გახსნას ასევე მოუთმენლად ელოდება სარესტორნო ბიზნესიც, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მათ დიდად ვერ უშველის _ რესტორნების, ბარებისა და კაფეების ის რაოდენობა, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში გაიხსნა, ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდაც არ სჭირდება _ მათი დიდი ნაწილი უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, რომლებსაც, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ.
მოკლედ, სიტუაცია ახლოსაა კატასტროფულთან.
თუმცა ამის, და მრავალი პროგნოზისა და შიშის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს მთავარი განსხვავება 90-იან წლებთან შედარებით _ საყოველთაო კრიზისისა და ვარდნის პერიოდში საქართველოში კრიმინალი თითქმის არ გაზრდილა.
შესაძლოა, რაღაც სტატისტიკა არსებობს, რომელიც საწინააღმდეგო სურათს აჩვენებს, თუმცა სულ არაა საჭირო ოფიციალური ციფრები _ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი თვალით ხედავს, რომ დამნაშავეობის შესამჩნევი და ნახტომისებრი ზრდა არ გვქონია.
სწორედ ეს ფაქტია იმ ზემოხსენებული თეორიის დადასტურება: ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, ალბათ, პირველ რიგში, საქართველოში, კრიმინალს ცხოვრების დონესთან, სიღარიბესთან და გაჭირვებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„შიმშილის გამო ადამიანები დანაშაულზე წავლენ“, _ მსგავსი ფრაზა ყველას ძალიან ხშირად გვსმენია, თუმცა, შესაძლოა, ეს სადმე, რომელიმე ქვეყანაში სიმართლეც იყოს, ოღონდ არა _ საქართველოში.
ჩვენთან დანაშაული „ბავშვებს რა ვაჭამოდან“ არ გამომდინარეობს. არც იმისგან, რომ უფულობისგან ვიღაცა ფეხშიშველა დადის. და უმუშევრობაც არაფერ შუაშია.
საქართველოში კრიმინალი არის, მხოლოდ და მხოლოდ, თვითდამკვიდრების საშუალება და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ცხოვრების წესი.
არც ერთი კრიმინალი ან, თუნდაც, უბრალოდ, უსაქმური „ძველი ბიჭი“ სამუშაო რომც შესთავაზო, არაფერს გააკეთებს. მათ საამისოდ არც საჭირო უნარ-ჩვევები და, რაც მთავარია, არც სურვილი გააჩნიათ.
ხვალ საქართველო რომ აყვავდეს, ისინი მაინც უბანში „ჩაცუცქდებიან“ და, შესაძლებლობების ფარგლებში, რამეს მოიპარავენ. არა იმიტომ, რომ უჭირთ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი არსია.
90-იან წლებში ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ბანდები იყვნენ „კულინარები“ და „ვერის საძმო“. მათი ყველას იმიტომ ეშინოდა, რომ მათ ადამიანის მოკვლა ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეეძლოთ. და მათ წევრებს არ უჭირდათ. არც მათი შვილები შიმშილობდნენ.
ამ უსასტიკესი კრიმინალების მშობლები, ძირითადად, შეძლებული ადამიანები იყვნენ: ყოფილი პარტიული ჩინოვნიკები, „წითელი დირექტორები“, „ცეხავიკები“…
მათი კრიმინალური საქმიანობა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი _ დაავადებულ ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება, და მეტი არაფერი.
როგორც უკვე ითქვა, დღეს ეკონომიკური თვალსაზისით გარეთ იგივე 90-იანებია. მაშ, რატომ არ იზრდება კრიმინალი, ყოველ შემთხვევაში, შესამჩნევად?
მთავარი მიზეზია იმ ადამიანთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალისთვის დანის მუქარით ბნელ ქუჩაში საყურეების წართმევა დიდი ვაჟკაცობა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა.
ყველაზე დაუნდობლები და იდეურები, ჯერ კიდევ, 90-იანებში დაიხოცნენ, დარჩენილები -„პირსისხლიან რეჟიმს“ გადაჰყვნენ. ვინც ამ ორივე ტალღას გადაურჩა ან ქუჩაში ჯდომით შემოიფარგლება, ან ევროპაში იპარავს.
თუმცა, შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ეს ადასტურებს, რომ კრიმინალის მიმართ მიდგომა არათუ უნდა შერბილდეს, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არამედ მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს.
რადგან მათ გაუკუღმართებულ ცხოვრების წესს არავითარი ობიექტური გამართლება არ გააჩნია. ისინი ძარცვავენ, კლავენ, მოზარდებში „რაზბორკების“ კულტურას აღვივებენ და ამით ხელს უწყობენ ახალგაზრდებში მკვლელობების რაოდენობის ზრდას.
ისინი ამას ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ ეს მოსწონთ და არა იმიტომ, რომ მათი შვილები შიმშილობენ. ამიტომაც არც საზოგადოებისგან და არც სამართალდამცველებისგან არანაირ დანდობასა და ჰუმანურობას არ იმსახურებენ.

თენგიზ აბლოთია