რატომ არ იწყალებს „ოცნება“ „ნაციონალების“ მიერ დევნილ ქორეოგრაფს?

ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე უკვე 15 წელია, სამშობლოში ვერ ბრუნდება. 2005 წელს მას საქართველოდან მოუწია გაქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა მისი ისტორია, 2012 წელს ის პოლიტდევნილთა სიაში ვერ მოხვდა. ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ თამაზ ვაშაკიძეს „ნაციონალებთან“ მას შემდეგ შეექმნა პრობლემები, რაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა დაეტოვებინა ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტი. ეს პოსტი წინა ხელისუფლებას საქართველოში ახლად დაბრუნებული პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილისთვის უნდოდა. ვაშაკიძე კულტურის მაშინდელმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა პირადად გააფრთხილა, რომ თუ თანამდებობას არ დატოვებდა, პრობლემები შეექმნებოდა. ამის შესახებ ვაშაკიძემ წლების წინათ, საქართველოდან გაქცევამდე ცოტა ხნით ადრე, საგანგებო ბრიფინგზეც ისაუბრა.

მისი ისტორია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ის დღემდე ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას. მასზე კვლავ ძებნაა გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იყო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა თავის მრჩევლად დანიშნა.

თამაზ ვაშაკიძემ არაერთხელ მიმართა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ მისი საქმე შეესწავლათ. მან მიმართვა გაუგზავნა ყველა მთავარ პროკურორს, რომელიც „ოცნებას“ აქამდე ჰყოლია, მაგრამ უშედეგოდ.

ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტს თამაზ ვაშაკიძის კოლეგებმა მიმართეს, რომლებიც წლების მანძილზე ძებნილ ქორეოგრაფთან ერთად მოღვაწეობდნენ.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ამ განცხადებას:

„ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, ვართ თამაზ ვაშაკიძის კოლეგები, ბალეტისა და დრამის მსახიობები, რომლებსაც უშუალო მრავალწლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა გვაკავშირებდა მასთან. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოწმენი ვიყავით მისი თავდაუზოგავი პატიოსანი შრომისა, როდესაც იგი ხელმძღვანელობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. ამდენად, დაუჯერებლად მიგვაჩნია თამაზ ვაშაკიძის დანაშაული. მსჯავრდადებული თამაზ ვაშაკიძე არის არა დამნაშავე, არამედ ქართული ბალეტისა და, ზოგადად, ქართული კულტურის ამაგდარი, რასაც მისი საქმიანობით ვადასტურებთ:

1979 წლიდან თამაზ ვაშაკიძე არის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წამყვანი სოლისტი;

საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი;

1993 წელს თბილისში თანამედროვე ცეკვის თეატრის „ახალი ქართული ბალეტის“ დამაარსებელი;

1993-2001 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი;

2001-2004 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი;

2001 წელს საქართველოს საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის „ჭაბუკიანი-ბალანჩინის“ დამფუძნებელი;

2001 წელს მას გადაეცა ბალანჩინის ოჯახის სპეციალური ჯილდო;

2002 წელს „ჭაბუკიანი-ბალანჩინის“ სახელობის ფონდის დამაარსებელი;

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით იდგმებოდა მის მიერ განხორციელებული სპექტაკლები: „მაკნატუნა“, „დიდი ვალსი“ და სხვ.; ასევე თანამედროვე ცეკვის მიმდინარეობის სპექტაკლები: „ანბანი“, „მატა ჰარი“ და სხვ. მისი შემოქმედებითი ნიჭი აღიარეს საფრანგეთში, ფინეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, რუსეთში, აშშ-ში, მაროკოში, მალტაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში;

2007 წელს თამაზ ვაშაკიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა „მრავალჟამიერმა“ მიიღო ივან კირლის სახელობის თეატრალური პრემია „გრან-პრი“;

რამდენიმე წლის მანძილზე იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის, კ. მარჯანიშვილის სახელობის, ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრებში ბალეტმაისტერი.

ამჟამად თამაზ ვაშაკიძე იმყოფება ძებნაში, აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი. მას შეეხო ამნისტია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, კერძოდ, გაუნახევრდა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მისჯილი 8 წელი ოთხ წლამდე, ხოლო 362-ე მუხლით მისჯილი 1 წელი – 3 თვემდე. მას მოსახდელი დარჩა – 4 წელი და 9 თვე. საქართველოში მისი ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააკავებენ და საპყრობილეში მოათავსებენ.

მიუხედავად დევნილობისა, იგი არის საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები არიან ასევე მისი მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი.

უმძიმეს 90-იან წლებში უხელფასობის, სიცივის, ბალეტის მოცეკვავეებისთვის გაუსაძლის პირობებში, უკიდურესად ავარიულ შენობაში, მან შეძლო, რომ უწყვეტად ემუშავა ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. იმ დროის მწირი ბიუჯეტის მიუხედავად სასწავლებელი ახერხებდა, ოპერისა და ბალეტის თეატრში სათანადო დონეზე ჩაეტარებინა გამოსაშვები საღამოები, გაემართა საკონცერტო წარმოდგენები.

მაშინ გაზრდილი მოსწავლეები დღეს ამშვენებენ მსოფლიოს საბალეტო დასებს და მადლიერებით იხსენებენ მის თავდაუზოგავ, შეიძლება ითქვას, ფანატიზმამდე მისულ საქმიანობას.

თუკი არამიზნობრივი ხარჯვა მართლაც დაფიქსირდა,  დარწმუნებული ვართ, რომ თანხა გადანაწილდა სასწავლებლის არსებობისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დაუჯერებლად მიგვაჩნია ის ბრალდება, რომელიც მას აქვს წაყენებული. ვფიქრობთ, სასამართლომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ მას მოეხსნას უსამართლო ბრალდება“.

იმედი ვიქონიოთ, ხელისუფლებაში მოსვლიდან მერვე წელს მაინც მოიცლის „ქართული ოცნება“ ამ ხმაურიანი საქმის გადასახედად.

შორენა მარსაგიშვილი