გაძვირდება თუ არა რესტორნების მომსახურება კარანტინის შემდეგ და რა ელით ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს?

კორონაკარანტინმა საქართველოში ყველაზე მეტად ორი სფერო – ტურიზმი და სარესტორნო ბიზნესი დააზიანა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან თუ ეკონომიკაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ზემოხსენებულ ბიზნესებზე იდგა. სხვათა შორის, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტურიზმზე, როგორც ეკონომიკის ხერხემალზე, აქცენტის გაკეთება იმთავითვე შეცდომა იყო, რადგან ბიზნესის ეს სახეობა ცვალებადია, ანუ მისი წარმატება და განვითარება ათას ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, საქართველოს საზღვრები ჩაიკეტა თუ არა, ტურიზმმაც „მიიძინა“ და, ავტომატურად, დააპაუზა სარესტორნო ბიზნესიც, ე. ი., – მომსახურების სფეროც. არადა, არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ბიზნესში იყო დასაქმებული.

მართალია, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ შეზღუდვების დაჩქარებული წესით მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, მაგალითად, ხვალიდან, 18 მაისიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები, მაგრამ ტურიზმი და მომსახურების სფერო ივნისის დასაწყისამდე ჩაკეტილი დარჩება. ამასთან, ცნობილია, რომ 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნება, პირველი ივლისიდან კი საქართველო  უკვე საერთაშორისო ტურისტებისთვისაც იქნება ღია. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა და ამ სფეროში დასაქმებულებს სხვადასხვა სახის შეღავათი თუ დახმარება შესთავაზა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტურიზმის ამოქოქვას, მინიმუმ, ორი წელი მაინც დასჭირდება, რაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე უარყოფითად იმოქმედებს: ისინი, მინიმუმ, იმ სტაბილურ შემოსავალს დაკარგავენ, რომელიც კორონაპანდემიამდე ჰქონდათ და იძულებული გახდებიან, ახალი სამუშაო მოძებნონ, ეს კი მარტივი არ გახლავთ.

რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს, ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონაპანდემიამ პატარა კი არა, უფრო დიდი ობიექტები დააზარალა.

„ქრონიკა+“, რა თქმა უნდა, დაინტერესდა, თუ რატომ მოხდა ასე, თუმცა ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, გთავაზობთ მინიინტერვიუს ახალგაზრდასთან, რომელმაც კულინარიის აკადემია დაამთავრა და სანამ კორონა შემოგვიტევდა, ნახევარფაბრიკატების ერთ-ერთ მცირე საწარმოში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა.

„როცა სკოლა დავამთავრე, ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომელიმე მოდური პროფესია ამერჩია და საერთაშორისო ურთიერთობებზე ან, მაგალითად, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, მაგრამ დედაჩემსა და მამაჩემს ვუთხარი, რომ სწავლის გაგრძელება კულინარიის აკადემიაში მსურდა. სიმართლე გითხრათ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ისიც კი არ ვიცოდი, კვერცხი როგორ უნდა შემეწვა, მაგრამ ამ აკადემიაში ჩემი სამეგობროდან ბევრი სწავლობდა და უმეტესობამ, როგორც კი დაამთავრა, კარგი სამსახურიც იშოვა, ზოგი უცხოეთში წავიდა და იქ დასაქმდა. ერთი სიტყვით, ჩემმა მშობლებმა წინააღმდეგობა არ გამიწიეს და მიუხედავად იმისა, რომ სწავლა, სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით, კულინარიის აკადემიაში გაცილებით ძვირი ღირს (თვეში 600 ლარამდეა გადასახდელი), მაინც დამთანხმდნენ.

კულინარიის აკადემიაში სწავლა ექვს თვეს გრძელდება და, თეორიულთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობებიც ტარდება. ამასთან, ყოველი თვის ბოლოს გამოცდა ტარდება და თუ რომელიმე საგანში შესაბამისი ქულა ვერ მიიღე, სერტიფიკატს არ გაძლევენ, ანუ ის საგანი ხელახლა უნდა გაიარო და ამაშიც დამატებითი თანხაა გადასახდელი. ერთი სიტყვით, ევროპული სამზარეულოს ხელახლა გავლა მომოწია, ანუ დამატებითი თანხა გადავიხადე და სერტიფიკატი რომ ავიღე, ნახევარფაბრიკატების საწარმოში მზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა – ზოგადად, ჩვენს სფეროში პრაქტიკასა და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობდი, ცოტა ხანს ვიმუშავებდი და მერე პოლონეთში წავიდოდი, სადაც ჩემს ახლობელს საკუთარი რესტორანი აქვს, მაგრამ ეს კორონობა დაიწყო და ჩვენი საწარმო დაიკეტა. მართალია, არავის დაუკეტავს, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ არ არის, თანამშრომლები ვეღარ მივდიოდით და ჩვენი უფროსი იძულებული გახდა, დაეხურა, თან რეალიზაციაც გვიჭირდა – საშვი არ მოგვცეს, რომ ნახევარფაბრიკატები მაღაზიებში მიგვეტანა.

22 მაისის მერე, როცა საგანგებო მოიხსნება, არ ვიცი, მუშაობას განვაახლებთ თუ არა. რომელიმე კაფეში ან რესტორანში მუშაობის დაწყებასაც ვერ შევძლებ, რადგან უმეტესობა დაიხურა და რომელიც არ დახურულა, ძველი კადრების შენარჩუნებას ცდილობს. უცხოეთშიც ვერ წავალ, რადგან ბევრ ქვეყნას საზღვრები არ გაუხსნია, ე. ი. ის სამი ათას ლარზე ცოტა მეტი, რაც 6 თვეში კულინარიის აკადემიაში გადავიხადე, წყალში გადავყარე. ალბათ, იძულებული გავხდები, რომ სხვა პროფესია შევიძინო“, – გვიყვება 22 წლის ნიკა, რომელიც ორი თვეა, შინ ზის და იძულებულია, მშობლების კმაყოფაზე იყოს.

ახლა, რაც შეეხება იმას, თუ რატომ დააზარალა კორონაპანდემიამ წვრილ სარესტორნო ობიექტებზე მეტად მსხვილი რესტორნები და კაფეები. როგორც ირკვევა, კორონაკრიზისმა უმეტესად იმ საზკვების ობიექტებს დაარტყა, რომლებიც „თეიქ აუთზე“ მუშაობდნენ.

„თეიქ აუთი“ მიტანის სერვისია და ამ სისტემაში მომუშავეებს გაუმართლათ. ამასთან, კვების დიდი ობიექტები ამ სისტემაზე ადვილად გადაერთვებიან, პატარებს კი, ბიუჯეტის სიმცირის გამო, გაუჭირდებათ, თუმცა არ მგონია, რომ სამსახური ბევრმა დაკარგოს, რადგან ყველა ობიექტი, რომელიც დაიხურა, ჩემი ინფორმაციით, გახსნას აპირებს და ამასთან, ისიც ვიცი, რომ ახალ კადრებს კი არ მოძებნიან, არამედ ძველებს დააბრუნებენ, თუმცა ეს სფერო წარმატებული აღარ იქნება – ყველაფრის დაწყება თავიდან მოგვიწევს. ზოგადად, კორონაკრიზისმა ის ობიექტები უფრო აზარალა, რომელთაც მარაგები წინასწარ ჰქონდათ, ანუ პროდუქცია იყიდეს და უდევთ. ამის მიუხედავად, გახსნის მერე რესტორნები მომსახურებას არ გააძვირებენ, რადგან კლიენტი არ დააფრთხონ, თუმცა ნელ-ნელა, ალბათ, გაძვირდება“, – ეუბნება „ქრონიკა+“-ს ერთ-ერთი სარესტორნე ქსელის მენეჯერი და იმასაც დასძენს, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან გაუშვეს, საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებენ.

„ანუ პანდემია ზოგისთვის, შესაძლოა, წარმატების საბაბი გახდეს და, რატომღაც, მგონია, რომ ამ სფეროში ბევრი პატარა ბიზნესი გაჩნდება“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მოკლედ, კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ჩვენთან ერთად, ბიზნესიც ისწავლის. ასე რომ, თუ კორონობის მეორე ტალღამ არ იფეთქა, შესაძლოა, ამ ორთვიანი შოკიდან გაცილებით ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობენ.

გიორგი აბაშიძე