გიორგი ბოტკოველი: „კახეთში ბევრი გაჭირვებული ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა და სასურსათო კალათები შერჩევით დარიგდა“

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გუბერნატორის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა და სოციალურ პაკეტებში დახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტები მოითხოვა.

გიორგი ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტები შერჩევით დარიგდა.

ამასთან დაკავშირებით ბოტკოველი მიიჩნევს, რომ თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა და ბევრი გაჭირვებული ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა.

„მედიასთან ერთად მინდა მივმართო გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომ რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოციალურ პაკეტებზე გამოყოფილი და გახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტაცია გადმომცენ. ბევრი გაჭირვებული ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა და სასურსათო კალათები შერჩევით დარიგდა. ამიტომ გვაქვს შემდეგი კითხვები, რაზედაც ვითხოვ პასუხს:

1. რა თანხა დაიხარჯა რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით?

2. რანდენი ცალი ამანათი დარიგდა?

3. რა პროდუქტი და რა რაოდენობა შედიოდა არსებულ ამანათში?

4. რა პრინციპით და ვინ შეარჩია ბენეფიციარები?

5. წარმოგვიდგინონ ბენეფიციარ პირთა ვინაობა მისამართების მითითებით“,- განაცხადა ბოტკოველმა.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი განმარტეს, რომ გაეცნობიან განცხადებას და კანონთან შესაბამისობაში გასცემენ ინფორმაციას.

დღეს კახეთის გუბერნიის კანცელარია დაკეტილი იყო. გიორგი ბოტკოველის განცხადება გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძემ ჩაიბარა.

მაკა მოსიაშვილი