„უმაღლეს განათლებაში ცვლილებები უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე – ჯანდაცვის სფეროში“

საქართველოს ხელისუფლების დადგენილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. რამდენიმე კერძო და უმაღლესი განათლების დაწესებულებამ აქტიურად გააგრძელა დისტანციურ რეჟიმში სწავლება. რას გულისხმობს დისტანციური სწავლება და რა გამოწვევების წინაშე დგა უმაღლესი სასწავლებლები?

ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ფთიზიატრპულმონოლოგი, თსსუ-ს დოქტორანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი მღვდელაძე: 

_ გიორგი, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო განათლების სისტემა  ონლაინსწავლებაზე გადავიდა. საინტერესოა, რამდენად  მოზადებული აღმოჩნდა და რა პირობებში მიმდინარეობს ლექციები უმაღლეს სასწავლებლებში?

 _ ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განათლების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, განსაკუთრებით მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამები. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლები  დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. თავდაპირველად სკეპტიკურად ვუყურებდით მედიცინის სასწავლო კურსებს, რადგან განსაკუთრებით კლინიკური როტაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა დისტანციურად, კლინიკური სივრცის გარეშე, ვინაიდან მომავალი ექიმისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია და კლინიკური უნარ-ჩვევების ათვისება. პედაგოგოები მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ სწავლების მრავალფეროვანი მეთოდი, როგორიცაა PBL, CBL, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია და ა. შ., თუმცა როგორც ინფორმაცია მაქვს, რამდენიმე სასწავლო კურსი, რომელიც უშუალოდ კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას ითვალისწინებს,  შესაძლებელი იქნება, მომდევნო სასწავლო წელს აითვისონ სტუდენტებმა.

16 მარტიდან მეცადინეობებს ვატარებ სასწავლო პლატფორმების Microsoft teams-ისა და Zoom-ის მეშვეობით. ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც აღმოჩნდა, რომ სტუდენტების მაქსიმალური დასწრებაა, ასევე პედაგოგებისთვისაც ლოჯისტიკურად უფრო მოსახერხებელია. აქამდე   დისტანციურ სწავლებას მასობრივად არ ვიყენებდით, ერთეული შემთხვევების გარდა. ეს გამოცდილება, რაც ახლა მივიღეთ,  საქართველოს განათლების სისტემისთვის დიდი მონაპოვარი  იქნება და იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ დისტანციური სწავლების მეთოდებს, თუნდაც როგორც შესაძლებლობას უცხოეთიდან გარკვეული სალექციო კურსების განხორციელებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აწსუ-ში შუალედური გამოცდები დაიგეგმა ონლაინრეჟიმში ხოლო, რაც შეეხება დასკვნით გამოცდებს, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მოგვიანებით, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით.

_ ხშირად საუბრობენ  სამედიცინო განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე: საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე, მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და ა. . რამე ტიპის ცვლილებები ხომ არ იგეგმება?

_ დიპლომამდელ განათლებაში ბოლო რამდენიმე წელია, გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს, თუნდაც ის, რომ 2023 წლამდე საქართველოში მოქმედი ყველა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამამ  უნდა მოიპოვოს საერთაშორისო ევროპული აკრედიტაცია. რაც შეეხება დიპლომის შემდგომ განათლებას, კონკრეტულად ვგულისხმობ სარეზიდენტო კურსებს, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს. ჩემი აზრით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრომ ერთიანად უნდა იმუშაოს სარეზიდენტო პროგრამების მოდიფიცირებაზე და ალბათ ამის შემდეგ საერთაშრისო აკრედიტაციაზეც უნდა ვიფიქროთ.

_ საინტერესოა თქვენი მოსაზრება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. რამდენად ეფექტიანია ჯანდაცვის სისტემის მუშაობა პანდემიის პირობებში? 

_ რა ვითარებაც გვაქვს დღეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების  მხრივ, ეს ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურების დამსახურებაა: დროულად ამოქმედდა შეკავების მექანიზმები, ვგულისხმობ საზღვრების ჩაკეტვას, სასწავლო პროცესის შეჩერებას, კვებისა და სავაჭრო ობიექტების დახურვას და ა. შ.

ჩვენ  ავიცილეთ თავიდან ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა, რაც ლეტალობის მაჩვენებელს საკმაოდ გაზრდიდა.

_ სოციალურ  ქსელებში ვნახეთ დაპირისპირება მედიკოსებს შორის, ეს რამდენად ჯანსაღი პროცესია?

 _ საქართველოში არ არსებობს მძლავრი პროფესიული საზოგადოებები, სადაც ყველა სამედიცინო შეცდომა თუ წარმატება განიხილება. სწორედ ამიტომ გადაინაცვლა ამ პროცესმა სატელევიზიო და სოციალურ სივრცეში.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება კრიტიკის მიმართ რეზისტენტული აღმოჩნდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მაშინვე მტრად ვაცხადებთ! კრიტიკის გარეშე დემოკრატიული საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება.

_ კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად ჩართნენ ოჯახის ექიმები. რამდენად  მზად არიან ისინი, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე უკურნალონ პაციენტს? ექსპერტები საუბრობენ, რომ ისინი არ გაწვრთნილან. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?..

 _ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სისტემის საფუძველია. ძლიერი პირველადი ჯანდაცვის მქონე ქვეყნები მოსახლეობის ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლით ხასიათდებიან. სისტემის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია პირველად ჯანდაცვაში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. 

ქუთაისის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ  ქალაქში არსებული რამდენიმე „ცხელების ცენტრის“ გარდა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ტრენინგი არ ჩატარებიათ. ჩვენ ყველა პაციენტი უნდა განვიხილოთ შესაძლო შემთხვევად და, შესაბამისად,  ჯანდაცვის სერვისების მომწოდებელი ნებისმიერი დაწესებულება უნდა იყოს მზად ამისთვის.

_ რა ცვლილებებს ისურვებდით განათლების და   ჯანდაცვის მხრივ საქართველოში?

 _ დიდი ხანია, რაც ამ საკითხზე ვფიქრობ. ჩვენ  ძალიან გვჭირდება ისეთი დამოუკიდებელი, მძლავრი სტრუქტურული ორგანო, რომელიც განახორციელებს ჰოსპიტალების აკრედიტაციას, ხარისხის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას, პაციენტთა უსაფრთხოებასა და ა. შ., სადაც უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, უმაღლეს განათლებაში ცვლილებები  უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე – ჯანდაცვის სფეროში.

ლევან ქემოკლიძე