თევზი, რომელიც კუდიდან ლპება

საქართველოში  ყველას ხშირად გვიწევს ურთიერთობა ადამიანთა იმ კატეგორიასთან, რომელიც ყოველთვის, ყველაფერში და უპირობოდ ცდილობს საკუთარი ქვეყნისდა ერის  ნებისმიერ სიტუაციაში გამართლებას  – მათთვის წარმოუდგენელია, რომ ხალხი, ერი, როგორც სოციუმი, შესაძლოა, თუნდაც, ნაწილობრივ,  დამნაშავე იყოს იმ უკუღმართგარემოს შექმნაში, რომელშიც ცხოვრობს.

მათთვის ყოველთვის ვიღაც სხვაა დამნაშავე – ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის გასაჭირს ყურადღებას არ აქცევს, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც ადგილობრივი წარმოება გასაღების ბაზრის ხელში ჩასაგდებად მიზანდასახულად გაანადგურეს, ამერიკელები, ჩინელები, რუსები, სატანისტები, მასონები, ერთი სიტყვით, ყველა – საკუთარი თანამემამულის გარდა.

ურაპატრიოტთა წარმოსახვაში ერი შედგება პატარა და შეუგნებელი ბავშვებისგან, რომლებსაც თავად არაფერი შეუძლიათ და რომელთა მოტყუება ძალიან ადვილია. ერთია, რამდენად რეალურია ასეთი წარმოდგენა და მეორე – რამდენად შეურაცხმყოფელია ერის წარმოდგენა შტერი ბავშვის როლში, რომელსაც  მუდმივი მეურვეობა სჭირდება, თორემ თავის ჭკუაზე რომ იაროს, აუცილებლად სადმე კისერს მოიტეხს.

ეს მაშინ, როდესაც, რეალურად, ქვეყანაში არსებული ნებისმიერი პრობლემის გასაღები სწორედაც მისი მოქალაქეების ჯიბეში დევს  – ცუდი მთავრობა, ეკონომიკური კრიზისი, გაჭირვება – ერი, რომელსაც აქვს განათლება, ღირსება, შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა, ყველა ამ სირთულეს გადალახავს.

მუდმივი წარუმატებლობის გამართლებად შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი ფაქტორი ჩაითვალოს – ღია, შეიარაღებული, უცხოური ოკუპაცია, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის არც აზრს, არც ორგანიზებულობის დონეს, არც თვითშეგნებას და არც ნებისყოფას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ოღონდ ეს უნდა იყოს პირდაპირი, ღია სამხედრო შემოჭრა და არა „პრორუსული ძალები“, „კრემლის მიერ კონტროლირებადი“, „პუტინის მიერ ნაყიდი“ და ა. შ. 

„პუტინის მიერ ნაყიდიც“ ხომ ჩვენი თანამოქალაქეა და გამყიდველების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა არის ერის დეგრადირების ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი. ამ ქვეყნის „ირმა ინაშვილებიც“, საბოლოო ჯამში, ერის კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია.

ურაპატრიოტების დაცვის განსაკუთრებული ობიექტია  ქართული სოფელი. აქაც ანალოგიურ მიდგომას ვხედავთ  – სოფლის მოსახლეობის წარმოჩენას ალალ, კეთილ, შრომისმოყვარე ანგელოზებად, რომლებსაც, რატომღაც, ყველა ჩაგრავს.

„რით ვუშველოთ სოფელს და ვინაა დამნაშავე აგრარული სექტორის ჩამორჩენაში?“- პასუხები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა – ისევე, როგორც ყოველთვის, მთავრობა, რომელიც  სოფელს ყურადღებას არ აქცევს და არასაკმარისად აფინანსებს მას, ხოლო გლეხებს თავისით ცივილიზებული მეურნეობის აწყობა არ შეუძლიათ – ისინი ხომ შეუგნებელი, მიამიტი და გულწრფელი პატარა ბავშვები არიან.

ასევე, როგორც ყოველთვის, პასუხისმგებლობას კოლექტიური დასავლეთიც  ვერ გაექცევა,  რომელიც  სოფელს, როგორც ჭეშმარიტი ქართველობისა და მართლმადიდებლობის კერას, ებრძვის.

არც მაღალჩინოსნები ავიწყდებათ, რომლებიც იმპორტზე  მდიდრდებიან. გახსოვთ 90-ანი წლები: „შუქის მიწოდებას მაფია ბლოკავს იმისთვის, რომ ნავთი კარგად გაიყიდოს“?

რა თქმა უნდა, არც ცუდი მთავრობისა და არც ღორმუცელა მაღალჩინოსნების დეფიციტს საქართველო არასდროს განიცდიდა – თუმცა ესეც ხომ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია.  ეს მაღალჩინოსნებიც არ არიან არც დასავლეთიდან ჩამოსულები და არც მთვარიდან ჩამოფრენილები  – ისინიც ხომ აქ იზრდებოდნენ და სწორედ ტრადიციული საბჭოთა-ქართული მენტალიტეტის მატარებლები არიან.

სწორედ იმ საბჭოთა-ქართულის, რომელიც ურაპატრიოტების მიერ აღიქმება, როგორც „ჭეშმარიტი, მამაპაპური ქართველობა“.

თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. რეალურად, დღეს ქართული სოფელი დეგრადაციისა და თვითგანადგურების ბოლო სტადიაში იმყოფება და ამაში 99% სწორედ მოსახლეობის ბრალია.

ყველა, ვისაც აქვს საქმიანი შეხება სოფელთან – იქნება ეს ქართული მცირე ბიზნესი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები  – ერთხმად აღნიშნავს – ქართულ სოფელში არის ნორმალური კადრების უმწვავესი დეფიციტი. ქართველი გლეხების უმრავლესობას  მუშაობა არც შეუძლია და არც უნდა.

წაიკითხეთ ერთ-ერთი მეწარმე-ტელეწამყვანის პოსტი ფეისბუკში, სადაც ის წერს, რომ  ცდილობს ჯონჯოლის მოსავლის აღებას გურიაში, ადგილობრივებს  დღეში 30 ლარს უხდის, თუმცა მსურველები ვერ იპოვა. ეს ტიპური ისტორიაა და არა უსიამოვნო გამონაკლისი.

ცხოვრებამ ასევე ნათლად უარყო  ურაპარტიოტების ორი ძირითადი თეზისი   –  სოფლის ჩამორჩენის მთავარი მიზეზებია უფულობა და გასაღების ბაზრის არარსებობა.

მაგალითად, შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინმა“  ერთ-ერთ რეგიონში გლეხებს ყველა ეს პრობლემა გადაუწყვიტა – უყიდა პირუტყვი, აუშენა ფერმები, მათგან გარანტირებულად ყიდულობდა მიღებულ პროდუქტს. ერთი სიტყვით – ოღონდ იმუშავე, სხვა არაფერი  მოგეთხოვება.

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გლეხებმა პირწმინდად გაძარცვეს შვეიცარიელები და ეს პროექტი შეწყდა. სავარაუდოდ, დღეს ის გლეხები სოფლის ბირჟაზე  დგანან და ცუდ მთავრობას აგინებენ.

ურაპატრიოტების მთავარი ამოცანაა, ნებისმიერი გზით უარყონ რეალობა, რომელიც ის გახლავთ, რომ ქართული სოფელი კვდება, ეს პროცესი გარდაუვალია და აქ მთავრობაზე  მეტი წვლილი  სწორედ იქაურ მოსახლეობას მიუძღვის.

თუმცა დაცვის საგანი არა მხოლოდ სოფელია – მაგალითად, ურაპატრიოტები ასევე გულმოდგინედ იცავენ ბაზრებში მდგომებსა და გარემოვაჭრეებს. აქ მთავარი პოსტულატია: „გახსენით ქარხნები და იმუშავებენ“.

რეალობა, რომლის აღიარებაც მათ ჯიუტად არ სურთ, _ ვერც ერთი მოვაჭრე ვერასდროს ვერც ერთ ქარხანაში ვერ იმუშავებს – ამისთვის მათ არც უნარები, არც შრომის კულტურა და არც სურვილი არ გააჩნიათ. ისინი რომ ქარხანაში მიუშვა, ერთ კვირაში დალეწავენ და მოსპობენ ინვენტარს.

სიღარიბეც არაა ყველაფრის გამართლება – ჩვენ ირგვლივ ბევრია საქართველოზე არანაკლებ ღარიბი ქვეყანა, თუმცა ის ამაზრზენი უბედურება, რასაც წარმოადგენენ ქართული ბაზრები, იქ არ ხდება. ეს ხომ ელემენტარული ადამიანური კულტურისა და ჰიგიენის, და არა მაღალფარდოვანი ეკონომიკის საკითხია.

თქვენ წარმოიდგინეთ, უსარგებლო „კაი ბიჭებსაც“ კი იცავენ იგივე სიტყვებით: „მიეცით სამუშაო და არ იდგებიან ქუჩაში“… ადამიანმა ქართული ძველბიჭური ფსიქოლოგია საერთოდ არ უნდა იცოდეს, რომ ვერ მიხვდეს – არავითარ ქარხნებში ისინი არასდროს არ იმუშავებენ. სამი დღე ზედიზედ დილის 8 საათზეც ვერ ადგებიან და ვერც ერთ დღეს ვერ გაძლებენ ისე, რამე რომ არ მოიპარონ…

რამდენიც არ უნდა სცადონ ურაპარტიოტებმა ყველასა და ყველაფრის გამართლება, რეალობას მაინც ვერ გაექცევი – საქართველოში არსებული პრობლემების მთავარი წყარო თავად ქართველი ხალხია – თავისი უპასუხისმგებლობით, სიზარმაცით, შურით და სულსწრაფობით.

და არსებული წარმოდგენის საპირისპიროდ თევზი არა თავიდან, არამედ კუდიდან ლპება.

თენგიზ აბლოთია