კორონას გამონაყარიც ახასიათებს – „სასიკვდილო ვირუსის“ დღემდე უცნობი სიმპტომები

დაღლილობა, სურდო, თავის ტკივილი, ფაღარათი, გემოს, ყნოსვისა და წონის დაკარგვა, – ეს ის სიმპტომებია, რომელიც ცხელების, ხველისა და სუნთქვის გაძნელების პარალელურად, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებას ახლდეს. ზოგადად, რაც დრო გადის, 21-ე საუკუნის „ჭირის“ შესახებ ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი და ის მოსაზრებაც კი არსებობს, რომ კორონა მხოლოდ ფილტვებს, ანუ სასუნთქ გზებს კი არ აზიანებს, არამედ, შესაძლოა, მან სისხლშიც „მოიკიდოს ფეხი“. ყველაფერ ამის გარდა, ბოლო დროს ექიმები იმის თაობაზეც ალაპარაკდნენ, რომ კორონა გარკვეულ დერმატოლოგიურ ცვლილებებსაც იწვევს. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც იტალიასა და ტაილანდიდან მიღებული მონაცემები დაამუშავეს, სპეციალისტები მივიდნენ აზრამდე, რომ კანზე უეცრად გაჩენილი გამონაყარიც შესაძლოა, კორონას ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.

იმაზე, რომ გამონაყარი შესაძლოა, კორონავირუსის სიმპტომი იყოს, კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგი სარა იანგიც საუბრობს, რომელიც აცხადებს, რომ ამის შესახებ, დიდი ალბათობით, თავად ბევრმა დერმატოლოგმაც არ იცის, რადგან აღნიშნული სიმპტომის თაობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში მონაცემები ახლახან გაჩნდა.

სპეციალისტების განმარტებითვე, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა ნაწილს დერმატოლოგიური გამოვლინებები აღენიშნებათ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კანზე ნებისმიერი გამონაყარი მაინცდამაინც კოვიდინფექციის მაჩვენებელი იყოს, ანუ როგორც „კოვიდ19ინფო“ იუწყება, კორონათი დაინფიცირების შემთხვევაში ახალ კორონავირუსს სპეციფიკური გამონაყარი არ ახასიათებს და შესაბამისად, გამონაყარი მრავალფეროვანია.

„ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დერმატოლოგიური ნიშნები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 20%-ს ჰქონდა. დერმატოლოგებმა დროებით გვერდით გადადეს თავიანთი სხვა საქმიანობა და პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ. კერძოდ, ისინი კოვიდ-19-ის მქონე 148 პაციენტში დერმატოლოგიურ ცვლილებებს აკვირდებოდნენ, რათა წამლის მიმართ მწვავე რეაქცია შეცდომით ინფექციის დერმატოლოგიურ სიმპტომად არ ჩათვლილიყო. მათ კვლევიდან გამორიცხეს ის 60 პაციენტი, რომელმაც ბოლო 15 დღის განმავლობაში რაიმე წამლის მიღება დაიწყო.

დარჩენილი 88 პაციენტიდან კი დერმატოლოგიური გამოვლინებები 20.5%-თან (18 პაციენტი) დაფიქსირდა“, – იუწყება „კოვიდ19ინფო“.

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი დერმატოლოგების დაკვირვებას უფრო დეტალურად ჩავშლით, ასეთ სურათს მივიღებთ:

კორონავირუსით ინფიცირებული 18-დან 8 პაციენტს, ანუ 44%-ს, დერმატოლოგიური ნიშნები დაავადების დასაწყისში, კორონას სხვა სიმპტომებთან ერთად, გამოუვლინდა, დანარჩენს კი – ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.

ამასთან, 18 პაციენტიდან 14-ს, ანუ 78%-ს აღენიშნებოდა წითელი შეფერილობის გამონაყარი; სამს ფართოდ გავრცელებული ე. წ. ჭინჭრის ციება ჰქონდა, ერთს კი კანზე ჩუტყვავილას მსგავსი ბუშტუკები აღენიშნებოდა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ კოვიდინფიცირებულებში გამონაყარი უმეტესად ტანსა და გულ-მკერდის მიდამოში შეინიშნებოდა.

რაც შეეხება ქავილს, ირკვევა, რომ პაციენტებს ჰქონდათ  მსუბუქი ქავილი ან საერთოდ არ აღენიშნებოდათ იგი. დერმატოლოგიური დაზიანება კი კანიდან რამდენიმე დღეში ალაგდა.

სხვათა შორის, დერმატოლოგიური გართულებები მხოლოდ კორონას კი არა, სხვა ვირუსებსაც ახასიათებს.

ისე, მსოფლიოში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს კითხვა, თუ რატომ ვერ ადგენენ სპეციალისტები ახალი კორონავირუსის გამომწვევ ზუსტ მიზეზს, მით უმეტეს, რომ კაცობრიობა კორონავირუსებს აქამდეც იცნობდა? ზოგადად, როგორც ექიმები ამბობენ, კორონავირუსები გაცივების შემთხვევების 10-15%-ზეა პასუხისმგებელი, თუმცა კორონავირუსის ზოგიერთი შტამი, მაგალითად, ახალი კორონა, როგორც უკვე ვიცით, სერიოზულ პნევმონიას იწვევს. ასეთივე შედეგი ჰქონდა მწვავე რესპირატორულ სინდრომს, ანუ „სარსს“, რომელსაც „ატიპურ პნევმონიას“ უწოდებენ და რომელიც მსოფლიოში 2002-2003 წლებში მძვინვარებდა. მაშინაც, როგორც ახლა, დაავადებამ ჩინეთში იფეთქა და რამდენიმე ქვეყანას მოედო. მაშინ, მსიოფლიოს მასშტაბით, დაინფიცირებულთა თითქმის 10%-ი გარდაიცვალა.

რვა წლის წინ, ე. ი., 2012-ში კი მსოფლიოს  მორიგმა კორონავირუსმა გააცნო თავი, რომელიც პირველად საუდის არაბეთში გამოჩნდა და რომელიც მედიცინის ისტორიაში ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის, ანუ „მერსის“ სახელით შევიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაშინ ამ ვირუსს დაავადებული პაციენტების 35%-ი ემსხვერპლა. 

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ კორონავირუსები, როგორც წესი, ცხოველებისთვისაა დამახასიათებელი და ადამიანებში მათი მხოლოდ მცირე ნაწილია გავრცელებული. დანამდვილებით ჯერ არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანზე მაიმუნიდან გავრცელდა. აი, რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს, ერთმნიშვნელოვნად ცნობილია, რომ მისი გავრცელების წყარო ერთკუზიანი აქლემი იყო. 

და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს, ანუ როგორც სპეციალისტები ამბობენ, 80%-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ეჭვი, რომ შესაძლოა, კორონა სჭირდეს?

ამ კითხვაზე სპეციალისტების პასუხი ასეთია:

„თუ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ ინფიცირებულთან, მაშინ კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში ტესტი უნდა გაიკეთოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტიდან 14 დღეზე მეტია გასული, მაშინ უნდა ჩაიტაროს ანტისხეულების ტესტი.

ერთი სიტყვით, შეიძლება, კორონა ნელ-ნელა უკან იხევს, მაგრამ სანამ პანდემია ოფიციალურად არ გამოცხადდება დასრულებულად, ჯობია, მივყვეთ სპეციალისტების რეკომენდაციებს და პირველივე სიმპტომების დროს, თუნდაც ეს კანზე უეცარი გამონაყარი იყოს, მივმართოთ ექიმს!

გიორგი აბაშიძე