დიმიტრი ბიძინაშვილი: „ოცნებას“ აწყობს სახლში დიდი ხნით გამოკეტილი ოპოზიცია“

როგორ მდიდრდებიან „ოცნების“ წარმომადგენლები პანდემიის ხარჯზე? რაში არ გაუმართლა ოთარ ფარცხალაძეს? რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება:

_  თბილისის ქუჩებში თავისუფლად მონავარდე ოთარ ფარცხალაძე მართალია, რამდენიმე დღის წინ გამოიჭირეს, მაგრამ ეს საკითხი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. რატომ ჰქონდა ხალხს ასეთი მწვავე რეაქცია ამ ადამიანზე? სხვებიც ხომ გადაადგილდებოდნენ აკრძალვების დროს ავტომობილით?

_ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისგან კანონმორჩილებას მიჩვეულები არ ვართ და ოთარ ფარცხალაძე რატომ იქნებოდა გამონაკლისი? ამ ადამიანზე ასე იმიტომ გამახვილდა ყურადღება, რომ ის არაერთ სკანდალშია გახვეული. ბოლო სკანდალი ბიუჯეტიდან გამქრალ ასეულობით მილიონ ლარს ეხება. ამ სქემაში ფარცხალაძე იყო ჩართული. მას ამ საქმეზე დაკავებული 39 ადამიანიდან უმეტესობა მას ადებს ხელს. იმის ნაცვლად, რომ ციხეში გაეშვათ, საშვი მისცეს და ისიც ძვირადღირებული მანქანით დადის თბილისში. და ეს იმ დროს, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს ავტომიბილით გადაადგილების უფლება არ აქვს და ხშირად ისინი საავადმყოფოშიც კი ვერ მიდიან, რომ ექიმს გაესინჯონ.

_ ისე, ფარცხალაძეს ბედი არ ჰქონია, რაღა ხაბეიშვილს ჩაუქროლა ამხელა ქალაქში გვერდით, რომელმაც მისი ამბავი ქვეყანას მოსდო?

_ ამ ადამიანზე უიღბლოაო, ნუ ვიტყვით. კაცი ბოტასების ქურდობის გამო გამოაგდეს გერმანიიდან და აქ მთავარი პროკურორი გახდა. საგანგებო მდგომარეობისას კი ნამდვილად არ გაუმართლა, ხაბეიშვილს რომ გადააწყდა. სხვა რომ ყოფილიყო ლევანის ადგილზე, მას შეძლება, არ გადაეღო ეს კადრები და საზოგადოებას არ დაენახა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე.

მინდა იცოდეთ, რომ ფარცხალაძეს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობა არ დაურღვევია. მას მგზავრი ეჯდა წინ, რაც კანონდარღვევაა. მთავრობის ბრძანებით წინ დაჯდომის უფლება მხოლოდ მძღოლს აქვს.  ამის გარდა, ფარცხალაძის მანქანას აქვს დაბურული მინები, რაც კანონდარღვევაა. ადამიანს, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია, არ ეკუთვნის დაბურულშუშებიანი მანქანა. ამის გამოც აჯარიმებენ ხალხს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ არის კოლექტიური ფარცხალაძე. ყველას ექნება ნანახი ლაშა ნაცვლიშვილის „ქებაი და დიდებაი ბიძინა ივანიშვილისაი“.  საქებარ სიტყვაში ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ ყველა ადამიანში არის ბიძინა ჩასახლეუბული. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ფარცხალაძეშია ბიძინა ჩასახლებული.

_ ყველაში არის ბიძინა ჩასახლებული და თქვენშიც ხომ არ რის, თან გვარად ბიძინაშვილი ხართ?

_  არა, არა. საზოგადოებას თუ უნდა იმის გარკვევა, რას აკეთებს ივანიშვილი თავის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, შეხედოს ფარცხალაძეს.  ყურადღებას თუ დაძაბავს, ყველა დაინახავს, როგორი მოძველბიჭო ტიპები არიან ხელისუფლებაში, რომლებიც ასეულობით მილიონობით ლარს იპარავენ ბიუჯეტიდან. შემდეგ ასეთ ადამიანებს „ნარუშილოვკებს“ აძლევენ, რათა მოპარული ფულის ხარჯვაში ხელი არ შეეშალოთ. მაშინ, როცა ხალხი შიმშილობს, „ოცნების“ წევრები და მასთან დაახლოებული პირები ერთობიან და ხეებს თხრიან.

პანდემიის გამო მთელი მსოფლიო უმძიმეს მდგომარეობაშია. საქართველო კატასტროფის პირასაა.  ასეთ ვითარებაშიც კი არ ერიდებიან ფულის მოპარვას. მოგეხსენებათ პირბადეების ქეისის შესახებ.  საზოგადოების რეაქცია  მწვავე იყო და ყველამ აღნიშნა, რომ ეს პირბადეები არ შეესაბამებოდა იმ ფასს, რასაც სახელმწიფო იხდიდა მათ შეკერვაში. სკანდალის აგორებიდან მალევე დაიხიეს უკან. თავიდან 500.000 უნდა შეკერილიყო, მერე 100.000-ზე ჩამოიყვანეს. ეს ის რაოდენობაა, რომელიც უვე შეკერილი ჰქონდათ. ამაშიც რომ ფულს მოიპარავ, რაღა უნდა ვთქვა?  კარანტინში მყოფი ხალხისთვისაც არ ერიდებათ ფულის მოპარვა.

_ კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის ფულის მოპარვაში რას გულისხმობთ?

_ მარნეულიდან ადამიანებს ვერ გამოაქვთ გასაყიდად თავისი პროდუქცია.  იქ ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი კომპანია შედის და ის ყიდულობს გლეხებისგან ბოსტნეულს. ისინი ადგილზე კიტრს 50 თეთრად ყიდულობენ, თბილისში კი მას 4 ლარად ყიდიან. ასეთ დროსაც არ ერიდებიან ფულის შოვნას. პირადად ჩემთვის ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. ამათ ხოლოდ მოპარვა და ბიუჯეტის ფულის მითვისება  იციან.

ამ საგანგებო მდგომარეობასაც ეკონწიალებიან და ცდილობენ, სადამდეც შეძლებენ, იქამდე გააგრძელონ. მათ აწყობთ სახლში გამოკეტილი ოპოზიცია. სიამოვნებით გააგრძელებდნენ საგანგებოს არჩევნებამდე.

_ არჩევნები შემოდგომაზეა და შემოდგომამდე ვერ გააგრძელებენ.

_ სადამდეც გაქაჩავენ, გაწელავენ. ამასობაში საარჩევნო კამპანია დაიწყეს. გვეუბნებიან, მთელი მსოფლიო აღიარებს, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში ივანიშვილის 30-მა მილიონმა დოლარმა უშველაო. ამას ის მსოფლიო აღიარებს, თურმე, რომელმაც 3 მილიარდი გამოგვიყო. პირადად მე ისიც არ მჯერა, რომ ივანიშვილმა ეს თანხა გამოყო.

_ რატომ არ გჯერათ?

_ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არის. ალბათ გახსოვთ, 2012 წელს მას 80 მილიონი დაუყადაღეს. მან თქვა, ამ ფულს რომ დავიბრუნებ, კახელ გლეხებს დავეხმარებიო. იმ წელს კახეთი საშინლად დაისეტყვა. როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ეს ფული თავის ანგარიშზე დააბრუნა.  მისთვის არც 80 მილიონი ლარი და არც 30 მილიონი დოლარი არაფერია, მაგრამ ეს კაცი ფულს არ გაიღებს სხვის დასახმარებლად. ვერ ვნახე დოკუმენტი, საიდანაც გამოჩნდება, რომ მან ფული კორონასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.

ასევე სასაცილოა იმის მტკიცება, რომ, თურმე, ჩვენზე ეფექტიანად არავინ ებრძვის ეპიდემიას. თურმე, მსოფლიო აღიარებს ამას. მსოფლიო ამბობს, რომ კორონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა სწრაფი ტესტებია. ტესტებს საქართველოს მთავრობა არ აღიარებს. ტესტირებას თუ არ ჩაატარებენ, არც ინფიცირებულები გვეყოლება. გაჭირვებულებს თუ არ აღრიცხავ, არც ისინი გვეყოლება ქვეყანაში.

ასე რომ, ესენი პანდემიითაც ფულს აკეთებენ. მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ და იმასაც ან დაარიგებენ ან – არა. დახმარების დარიგება მაისის ბოლოდან დაიწყება. მანამდე ხალხს შიმშილობა მოუწევს. სამაგიეროდ, ხელისუფლება იშოვის ფულს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია რაც შეიძლება დიდი ხნით გამოკეტოს სახლში, რათა ფულის მოპარვაში ხელი არ შეეშალოთ.

შორენა მარსაგიშვილი