კორონაპანდემიის გამო პანკისში მრევლი მეჩეთის ნაცვლად სახლში ილოცებს

პანკისში ცვლილება შეეხო მხოლოდ პარასკევის ლოცვის შესრულების წესს.

კერძოდ, რამადანის თვეს, თუ აქამდე საერთოდ არ ტარდებოდა ლოცვები, სრულიად რომ არ შეწყდეს ჯუმა და პარასკევის მიმართვა (ხუტბა), იგი ჩატარდება, ოღონდ შემდეგი წესით:

პარასკევის ლოცვას და მიმართვას (ხუტბა) დაესწრება 3-4 ადამიანი:

1. მუეძინ (ვინც ლოცვისკენ დღეში 5-ჯერ მოუწოდებს მრევლს);

2. ხუტბა (ვინც პარასკევ დღეს მეჩეთში მიმართვას აღავლენს);

3. სოფელში იმამის წარმომადგენელი;

4. მეოთხე ადამიანი კართან იდგება, რათა ჯუმაზე მომსვლელ მრევლს სიტუაცია აუხსნას, რომ შუადღის ლოცვა, ჩვეულებრივ, სახლში შეასრულონ.

სხვა ადამიანი, გარდა ამ ოთხი კაცისა, მეჩეთში წარმოდგენილი არ იქნება.

პარასკევის ხუტბა 15-20 წუთი გაგრძელდება.

პანკისის ხეობის იმამმა  მოსახლეობას მოუწოდა, რომ გაგებით მოეკიდოს და გაითვალისწინოს მიღებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება თარავის ლოცვებს, რომელიც რამადანის თვეს ყოველ ღამე სრულდებოდა მეჩეთებში:

ხეობის იმამის გადაწყვეტილებით, თარავის ლოცვები მეჩეთში არ შესრულდება და მრევლმა იგი სახლში უნდა შეასრულოს.

„კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხის გამო თარავის ლოცვებზე მეჩეთში არ შევიკრიბებით. როგორც ფარძ ნამაზებს, ანუ სავალდებულო ნამაზებს ვასრულებთ სახლში, ისე თარავის ნამაზებიც სახლში შესრულდება“, – განაცხადა იმამმა.

იმამმა პანკისის ხეობის მუსლიმ მრევლს მოუწოდა, რომ ყველამ გაითვალისწინოს არსებული საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობები. მისი თქმით, მართალია, კახეთში ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული შემთხვევა, მაგრამ მთლიანად საქართველოში, შიდა გავრცელებიდან გამომდირე, სიფრთხილე მაინც უნდა გამოვიჩინოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთში ლოცვები არ სრულდება, სახლში ლოცვა და თარავის შესრულება, ღვთის წყალობით, აუცილებლად დაგვიფასდება“, – ამბობს იმამი თავის მიმართვაში.

მაკა მოსიაშვილი