ჯელალ ქიქავა: „დღეს მთელი საქართველო მარნეულია“

წითელ ზონად გამოცხადებულ მარნეულში გამოსვლები დაიწყო. რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. მარნეულელი გლეხები ითხოვენ, რომ მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების უფლება მისცენ. ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ამ აქციის უკან „ნაციონალები“ დგანან, რადგანაც აქციის მონაწილეები „მიშა! მიშას!“ სკანდირებდნენ.

დგანან თუ არა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის აქციის უკან? რატომ გადაწყვიტა ზელენსკიმ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ესაუბრება:

_ ბატონო ჯელალ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად წარადგინეს. თქვენი აზრით, რატომ მიიღო ზელენსკიმ ასეთი გადაწყვეტილება?

_ მთელი უკრაინა ითხოვდა მიშას მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას. ზელენსკის ადრეც უნდოდა მისი დაწინაურება, მაგრამ თავს იკავებდა. მას ჩინოსნების ამბოხების ეშინოდა. უკრაინაში დღემდე საბჭოთა კავშირია და კორუფცია ყვავის. ადგილიბრივი ჩინოვნიკები კორუფციაში არიან ჩაფლული. მათ იციან, რომ მიშა კორუფციას ბრძოლას დაუწყებს და ამიტომ უშლიდნენ ხელს ზელენსკის მის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნაში. სამაგიეროდ, მოსახლეობა ითხოვდა მიშას დანიშვნას. ბოლოს ზელენსკიმ ხალხის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც მიშა ოფიციალურად შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, უკრაინაში ბევრი რამე შეიცვლება.

_ მაგალითად, რა შეიცვლება?

_ პირველ რიგში, კორუფციასთან დაიწყება ბრძოლა. უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი წინა პერეზიდენტიდან მოდის, მაგრამ ზელენსკიმ ხელი ვერ ახლო. მისი მოხსნის შეეშინდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ოლიგარქებს შეიძლებოდა, მისთვის მაიდანი მოეწყოთ. მიშას მერე ბევრი რამე შეიცვლება – ავაკოვიც დაკარგავს თავის გავლენებს.

_ თავად მიშასთვის რა შეიცვლება ან მისი პარტიისთვის? ქართველ „ნაციონალებს“ ძალიან გაგეხარდათ ლიდერის დაიწინაურება.

_ რა თქმა უნდა, გაგვეხარდა. მიშა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ძალიან მაგარია და რასაც ხელს კიდებს, ყველაფერს აკეთებს. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას  ვერავინ ახლებს ხელს.

_ უცხო ქვეყნის ვიცე-პრემიერს, ალბათ, ვერ დააპატიმრებენ.

_ აქამდეც ვერ დაიჭერდნენ.

_ აბა, რატომ არ ჩამოდიოდა?

_ იმიტიომ, რომ საჭიროდ არ მიიჩნია. მისი დაჭერა თუ გაბედეს, მთელი ხალხი გავა ქუჩაში. ისეთი ამბავი იქნება, მარნეული მონაგონია. მიშა დღესაც რომ ჩამოვიდეს, გარწმუნებთ, ხელის ხლებას ვერ გაუბედავენ. ხალხი ისეა გამწარებული ხელისუფლებაზე, რომ ძალიან დიდ აქციას მიიღებენ. დღეს მთელი საქართველო ისედაც მარნეულია.

_ მარნეული ვახსენეთ და რას იტყვით იქ გამართულ აქციაზე? ხელისუფლება ამბობს, რომ ის თქვენ, „ნაციონალებმა“ მოაწყვეთ.

_ მათი აზრი ნაკლებად მაინტერესებს. ეს ხალხი იმიტომ გამოვიდა ქუჩაში, რომ შიმშილით სიკვდილი ემუქრება. მათ პოლიტიკური მოთხოვნები არ ჰქონიათ. ისინი ითხოვენ, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების უფლება მისცენ.

_ აბა, მიშას სახელს რატომ სკანდირებდნენ?

_ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ახსოვთ. მიშას დროს უამრავი გაჭირვება ყოფილა, რუსეთთან გვქონდა ომი, მაგრამ გლეხს თავის საქმიანობაში ხელი არ შეშლია. ახლა კი ყველას ხელი ეშლება.

_ ირაკლი კობახიძემ რატომ მიმართა გიგა ბოკერიას, – ეგ ხალხი დაშალეთო?

_ ირაკლი კობახიძე ვინაა, საერთოდ?! ან ის „კობზონა“?! ვინ მისცა მაგათ ასე ლაპარაკის უფლება?! ეს კობახიძე აღარაფერს წარმოადგენს ოფიციალურად და რატომ არის ყველგან?! იმიტომ არის, რომ ისევ ეგაა პარლამენტის თავმჯდომარე. „კობზონას“ არაფერს ეკითხებიან და ამას ალაპარაკებს ბიძინა. კობახიძეს უფლება არ აქვს, მარნეულელი გლეხები ახსენოს. მისმა ხელისუფლებამ ეს ხალხი შიმშილისთვის გაწირა.

_ მესმის, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, მაგრამ ხომ შეიძლება, დაინფიცირდნენ? ასეთი ხალხმრავალი შეკრებები ძალიან საშიშია.

_ შეიძლება, მაგრამ სხვა გამოსავალი დაუტოვეს? გარდა იმისა, რომ შიმშილით სიკვდილი არ უნდათ. უსამართლობამაც გამოიყვანა ისინი ქუჩაში.

_ რა უსამართლობაზე საუბრობთ?

_ ეკლესაში ხომ მისცეს ხალხს შეკრების უფლება კომენდანტის საათის დროს? ახლა მარნეულელი გლეხი ვერ ხვდება, რატომ არ აქვს მას უფლება, სამუშაოდ წავიდეს მინდორში. ვერც იმას ხვდებიან, რატომ დადის ნახევარი საქართველო იქით-აქეთ თავისუფლად, ნახევარი კი გამოკეტილია. გლეხს მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევენ. ამ დროს „ოცნებასთან“ დაახლოებული ხალხი ყველაფრის გაკეთებას ახერხებს. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. მართალია, საგანგებო მდგომარეობაა, მაგრამ ხალხი ყველაფერს არ გაატარებს. ერთ დღესაც მთელი საქართველო დადგება ქუჩაში. ძალიან მეშინია სოციალური აფეთქების. მსგავსი სიტუაცია რამდენიმე წლის წინათ ვნახეთ ბათუმში. ეს იყო საშინელება და აღარ მინდა, რომ განმეორდეს. ასეთ დროს ხალხის გაჩერება შეუძლებელია – ის არავის დაუგდებს ყურს: არც – უმრავლესობას, არც – ოპოზიციას და არც – ბიძინას.

_ ბიძინა ვახსენეთ და რას გვეტყვით მის ბოლო ვიდეოზე, სადაც შვილთან ერთად კუნტრუშობს?

_ ამის სერიოზული შეფასება არ შეიძლება. ეს კაცი ადეკვატურად ვეღარ აფასებს მოვლენებს. მან ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და ამიტომაც არ ხარჯავს ფულს.

_ 100 მილიონი ხომ ჩარიცხა ფონდში?

_ ეს ზღაპარია. მან ფული გაათეთრა. არის ასეთი ფირმა, რომელიც სარკინიგზო გადაზიდვებს კურირებს. ეს ფირმა მიშას დროს კეზერაშვილს ეკუთვნოდა. კეზერაშვილმა ახლა ეს ფირმა ბიძინას გარემოცვას გადაულოცა, ამიტომაც მისცეს კეზერაშვილს ხელშეუხებლობის გარანტია. აი, ამ ფირმიდან ჩარიცხა ფული ბიძინამ ფონდში. თავისი ჯიბიდან არაფერი ამოუღია.

შორენა მარსაგიშვილი