სარიტუალო მომსახურება ონლაინ დაკრძალვებსა და ინდივიდუალურ ტრანსლირებებს იწყებს

სარიტუალო მომსახურება ონლაინ დაკრძალვებსა და ინდივიდუალურ  ტრანსლირებებს იწყებს

ჯერ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას გაგაცნობთ: 

„COVID-19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაიფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვაშესაკრავის საშუალებით ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებლობა; გვამის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან. გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იყოს შემდეგი წესები: გვამიდან ფრთხილად უნდა მოშორდეს კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი ამოღების ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება 1%-იანი ჰიპოქლორიტით; გვამიდან მოცილებული ბასრი საგნები (მაგ.: სისხლძარღვშიგა კათეტერები) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში; ბიოლოგიური სითხეების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით  უნდა დაიხშოს პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის ჩანთის გარე ზედაპირი უნდა დეზინფიცირდეს. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო, ანუ დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე“.

მაშ, ასე! აღნიშნული ბრძანება გამოცემულია და ხელმოწერილია ეკატერინე ტიკარაძის მიერ. როგორ ჩანს, ქალბატონი მინისტრი არ გასცნობია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელ  კრისტიან ლინდმაიერის ჟენევაში გამართულ ბრიფინგს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძულებული გახდა,  ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა მას მერე, რაც ევროპაში, კერძოდ, იტალიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრებთან დაკავშირებით ნამდვილი ისტერია ატყდა. გარდაცვლილებს „არნახულ“ დეზინფიცირებას უკეთებდნენ და მაშინვე წვავდნენ, ამიტომაც კრისტიან ლინდმაიერმა ღია ეთერით განაცხადა, რომ „არ არიან გარდაცვლილები საშიში!  ვირუსი არ გადადის ამ გზით – მხოლოდ აირწვეთოვანი  გზით“.

ზოგმა ყურად იღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  განცხადება, ზოგმა – არა! ან ვერა, უბრალოდ, იმიტომ, რომ არც მოუსმენიათ. იმედია, „ქრონიკა+“-ის წაკითხვის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურები საქმის კურსში ჩადგებიან – ელემენტარულად, „ჯანმოს“ ექსპერტებს მაინც შეეკითხებიან.

14 აპრილს, ავტორიტეტულ სასამართლო-სამედიცინო ჟურნალებში Journal of Forensic-სა და Legal Medicine-ში გამოქვეყნდა ტაილანდში მომხდარი ამბავი,  როდესაც მარტში კორონავირუსით გარდაიცვალა სასამართლო კრიმინალისტიკის ექსპერტი. იმ დროისთვის ტაილანდში შიდა გავრცელება საერთოდ არ აღინიშნებოდა, ძირითადად, შემოტანილი შემთხვევები ფიქსირდებოდა.  ამ ლოგიკით, სასამართლო ექსპერტს არ უნდა ჰქონოდა კონტაქტი დასნებოვნებულებთან. ჟურნალში, უბრალოდ, დაისვა კითხვა, – ხომ არ იყო შესაძლებელი, რომ ექსპერტი ცხედრებისგან დაინფიცირებულიყო? ეს ამბავი  მედიამ აიტაცა და  ზემოხსენებული ისტერიაც დაიწყო. „ჯანმომ“ სასწრაფოდ ჩაატარა შესაბამისი კვლევა, ჩართო ინფექციონისტები და დასკვნაც გამოაქვეყნა. დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ როგორც კი ავადმყოფი გარდაიცვლება, ვირუსი ანულირდება; რომ COVID-19-ის გამომწვევი  პათოგენი გადადის მხოლოდ აირწვეთოვანი გზით და არაფერი სხვით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის არც ეს ბრიფინგი აღმოჩნდა საკმარისი და კი „გამოაცხვეს“ ზემოხსენებული ბრძანება.

ყოველ შემთხვევაში, სარიტუალო  სამსახურებს მოუწევთ ამ ბრძანების დაცვა და კორონავირუსით გარდაცვლილების შესაბამის აღჭურვილობაში დაკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის გაგრძელების პირობებში ისინი დისტანციური მომსახურების რეჟიმში გადადიან. 

საკითხი დგას შემდეგნაირად: ტექნიკურად უზრუნველყოფილ იქნეს დაკრძალვაზე დასწრება იმ მსურველთათვის, რომელნიც  არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ მასზე დასწრებას. ტექნიკურ უზრუნველყოფაში შედის პირდაპირი ტრანსლირება დაკრძალვიდან. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 7-8 ადამიანზე მეტის დასწრება  არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, შესაძლებელი გახდება ონლაინ დასწრება

დასვლეთი უკვე ნერგავს მსგავს პრაქტიკას და მას „ონლაინ დამშვიდობება“ ჰქვია.  არ გეგონოთ, იმაზე იყოს საუბარი, რომ ჩართავ ინტერნეტს (ვაიბერს, ვოთსაფს, მესენჯერს და ა. შ.) და დაკრძალვას უყურებ. არა! აქ საუბარია სრულყოფილ პირდაპირ ტრანსლირებაზე რეალურ დროში თავისი კომენტარებით, რეგისტრაციის ბარათით (დასწრების მსურველთათვის) და მაღალი ხარისხით. დავაკონკრეტებთ – დაკრძალვაზე დასწრების მსურველი იღებს ე. წ. ინდივიდუალურ კარტას და ბმულს ტრანსლირებაზე.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიალზე სხვა წესები იმოქმედებს.  ის ჩაივლის დახურული კუბოთი, ხოლო სარიტუალო მომსახურების თანამშრომლები იმუშავებენ ნიღბებით და სპეციალურ კოსტიუმებში.

ონლაინ სარიტუალო მომსახურებაში შევა ასევე სასაფლაოების დალაგება, მეტალის ღობეების შეღებვა და ჯვრების დასმა. ასევე ინდივიდუალური კარტების გაცემა მათთვის, ვისაც სურს სასაფლაოზე მოსვლა – ჩაინიშნება დრო და ხანგრძლივობა.

თამარ როსტიაშვილი