პაატა დავითაია: „რელიგიური ჯგუფებისთვის გამონაკლისების დაშვებამ შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოიტანოს“

საპატრიარქოსთან ჭიდილში დამარცხებულმა ხელისუფლებამ  მოსახლეობაზე გადატეხა ჯოხი და რამდენიმე დღით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალა. რადგანაც ეს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. თუმცა მაინც გაჩნდა კითხვები. კითხვებს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაიაც სვამს.

რატომ აკრძალა ხელისუფლებამ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება და რა შედეგებს მოიტანს შერჩევითი სამართალი? _ ამის შესახებ პაატა დავითაია  „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ თქვენ უკმაყოფილება გამოთქვით იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აკრძალა. რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი?

_ მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვემორჩილები ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ხდება საგანგებო მდგომარეობის დროს, მაგრამ არის რაღაც გარემოებები და ზღვარი, რომელიც ლოგიკაში არ ჯდება. მაგალითისთვის მოვიყვან მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას. მსუბუქ მანქანებში ორ კაცზე მეტი არ იჯდა. მანქანაში მსხდომებს ეკეთათ პირბადეები. საქმეზე მიდიოდნენ და არავინ კატაობდა. მსუბუქ მანქანებში პირბადეებით მსხდომი ადამიანები არც დროის გასატარებლად იყვნენ იქ. ბევრი რაღაც არის მსუბუქ მანქანებზე მიბმული, იგივე პატარა ბიზნესები. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ მაღაზიის გამყიდველები, სხვადასხვა პერსონალი.  ახლა ეს ადამიანები როგორ ივლიან? ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდებს.

_ ეს აკრძალვა სულ რამდენიმე დღე იმოქმედებს. ამ ოთხ დღეში რა უნდა მოხდეს ისეთი?

_ ეკონომიკა ამ პერიოდშიც დაზარალდება. თან აქ მთავარი სხვა ფაქტორია – ხელისუფლებამ იმიტომ აკრძალა მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, რომ მას ღიად შეეშინდა იმ მკაცრი ზომების მიღება, რაც კომენდანტის საათისთვის არის დამახასიათებელი. საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიურ მრწამსს, ფინანსურ მდგომარეობასა და კანის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. კანონისა და კონსტიტუციის წინაშე საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარია.

დღეს სახელმწიფომ ვერ შეძლო რელიგიური მომენტების გაკონტროლება, არ გამოიჩინა სიმკაცრე ამ მიმართულებით. კომენდანტის საათის დროს კონკრეტული რელიგიური ჯგუფისთვის შეღავათების დაწესება მიუღებელია. ყველა ჩვენგანს აქვს ღმერთთან მისასვლელი გზა, ყველა ვლოცულობთ, რომ ეს ყველაფერი  მალე მორჩეს. ყველას გვაქვს ხატი და სანთელი ოჯახში და ძალიან ბევრი ვლოცულობთ სახლში.

_ თქვენ იმით ხართ უკმაყოფილო, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილზე არ ვრცელდება შეზღუდვები?

_ მეც და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილიც ზედმიწევნით ვასრულებთ იმ წესებს, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს შემოიღეს. ამ დროს ერთი რელიგიური ჯგუფი ამბობს, რომ ამას არ შეასრულებს და მათ  ხელისუფლებაც უთმობს. ეს არის შერჩევითი სამართალი. შერჩევითი სამართალი სახელმწიფოს აზიანებს. ამის გამო ხელისუფლების მიმართ დიდი ნეგატივი წავიდა და დროა, გონს მოეგონ. აქამდე რა პოზიტივიც დააგროვეს კორონავირუსთან ბრძოლაში, ახლა ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. მათზე იმ პირბადეებმაც იმოქმედა უარყოფითად, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოგვიდგინეს. ღმერთმა იცის, რა შეკერეს. ამას ეს შერჩევითი სამართალი დაუმატეს და უამრავ ადამიანს შეუშალეს ხელი.

ბევრი ადამიანია გამოსული რაღაცების საყიდლად, მაღაზიები სავსეა ხალხით, რაც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის. ასეთი სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის მტრობაა. რაღაც ზომებს რომ იღებ, მისი აღსრულების ზურგიც უნდა გქონდეს. ისე უნდა გააკეთო, კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს. გამონაკლისების დაშვებამ და შერჩევითმა სამართალმა შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოიტანოს, რაც ხელისუფლებას ძალიან ცუდად დაუბრუნდება უკან.

შორენა მარსაგიშვილი