კახა მიქაია: „საპატრიარქოს გაჯიუტებას გამართლება არ აქვს“

ხელისუფლებისა და ექიმების თხოვნა საპატრიარქომ ყურად არ იღო და იგი დათმობაზე არ მიდის. სასულიერო პირებმა გარკვევით განაცხადეს, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მაინც გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საპატრიარქო არასახელმწიფოებრივად იქცევა, ხელისუფლებას ჯიბრს უწევს და ამით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ.

რას უკავშირდება საპატრიარქოს გაჯიუტება? რატომ ვერ საუბრობენ ექიმები  ღიად მოსალოდნელ საფრთხეებზე? _ ამის შესახებ „ქრონიკა “-ს კახა მიქაია ესაუბრება:

_ ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო, ჩაიკეტა რამდენიმე დიდი ქალაქი. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ აღდგომის ღამეს ტაძრებში ხალხმრავლობა არ ყოფილიყო. საპატრიარქო კი აცხადებს, რომ აღდგომის ღამეს ლიტურგია მაინც გაიმართება.

_ სამწუხაროა, რომ საპატრიარქო ასეთ განცხადებებს აკეთებს. სასულიერო პირები ძალიან გაჯიუტდნენ და მე არ მესმის, რას უკავშირდება ეს გაჯიუტება. ყველანი ძალიან კარგად ვხვდებით, რომ რწმენის წინააღმდეგ არავინ მიდის, შეზღუდვების დაწესება კი მხოლოდ იმიტომ არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. არა მგონია, საპატრიარქოში ვერ აცნობიერებდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამდენი ადამიანის ერთად თავმოყრას, ამიტომ არ მესმის მათი გაჯიუტების. შეიძლება, გინდოდეს ხელისუფლებას რაღაც დაუმტკიცო, მაგრამ ეს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე არ უნდა გააკეთო. საპატრიარქოს გაჯიუტებას გამართლება არ აქვს.

_ აშკარაა, რომ საპატრიარქო ხელისუფლებას  რაღაცას უმტკიცებს. ამ სიჯიუტის მიზეზი ის განცხადებები ხომ არ არის, რომელიც გასულ წელს მეუფე იაკობმა გააკეთა?

_ მეუფე იაკობმა ყოვლად სამარცხვინო განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ის არ დაუშვებდა გახარიას გაპრემიერებას. შიძლება არ გინდა, რომ გახარია პრემიერი იყოს, მაგრამ მრევლსა და დანარჩენ მოსახლეობას რას ერჩი?

_ მეუფე იაკობის სხვა განცხადებაზე გეკითხებით: შარშან ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ გახარია მონაწილეობდა იმ მოლაპარაკებებში, სადაც პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი განიხილებოდა. ამიტომ ხომ არ სჯის საპატრიარქო ხელისუფლებას?

_ რას ჰქვია, ხელისუფლებას სჯის? თავიანთი სიჯიუტით საპატრიარქო ახლა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ. რამე დაპირისპირება თუ არის მათ შორის, სხვანაირად მოაგვარონ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ნუ შეუქმნიან. ამის უფლება არავის აქვს. ან რას ჰქვია, საპატრიარქო სჯის ხელისუფლებას?! საიდან იციან, რომ მართლაც მიდიოდა საუბარი პატრიარქის ჩანაცვლებაზე? ამაზე გამოძიება არ ჩატარებულა.

_ ხელისუფლებამ შეცდომა ხომ არ დაუშვა, როცა იაკობის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყო? ჩაეტარებინათ გამოძიება, დაეკითხათ ორივე მხარე და აღარ იქნებოდა ამდენი მითქმა-მოთქმა.

_ კარგი იქნებოდა, ამაზე გამოძიება ჩატარებულიყო. რაღაც გვეცოდინებოდა, მაგრამ ახლა არაა მთავარი, ვინ რა თქვა. ახლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ. ათასობით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს და ამას ჩვენი ჯანდაცის სისტემა ვერ გაუძლებს. იმ სურათს მივიღებთ, რაც დღეს ევროპაშია.

არანაირი გამართლება არ აქვს საპატრიარქოს ასეთ გაჯიუტებას. ახლა მეორეხარისხოვანია, ვინ რას საუბრობდა და ვინ რას აპირებდა. ასე თუ წავიდა საქმე, მაშინ იცით, რამდენი რამის თქმა შემიძლია საპატრიარქოზე, იგივე პატრიარქზე? მასზე ხომ ამბობენ, რომ მან სახელმწიფო გადატრიალება აკურთხა! ილია მეორე იყო ედუარდ შევარდნაძის მოძღვარი და ღიად უჭერდა მას მხარს. კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება სხვა სასულიერო პირებზეც.

_ ეგრე საერო პირებზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება. იგივე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის ჯალათის, გენერალ ლებედის დამფინანსებელი იყო.

_ კი ბატონო, საერო პირებზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ახლა მთელი კაცობრიობა და, მათ შორის, საქართველოც ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლაშია ჩართული. კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ჩემზე მეტად ისინი ბევრს არ უკრიტიკებია, მაგრამ ახლა დაპირისპირებისა და გაჯიუტების დრო არ არის. ხელისუფლება კარგად ართმევს თავს კორონასთან ბრძოლას და არაა საჭირო ზედმეტი პრობლემების შექმნა.

ახლა მთავარი ამ ვირუსის დამარცხებაა და ამიტომ არავისზე არაფერს ვამბობ. ერთს გეტყვით მხოლოდ: საპატრიარქოც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სამივე შევარდნაძის კლასტერია.

_ საპატრიარქო რომ ასეთი გაჯიუტებულია, ეს ექიმების ბრალიც ხომ არ არის? ისინი ღიად ვერ ბედავენ იმის თქმას, თუ რა საფრთხეები შიძლება მოჰყვეს ამდენი ადამიანის თავმოყრას.

_ მე არ ვიცი, ექიმები რატომ ვერ ბედავენ ბოლომდე სიმართლის თქმას. ბევრი პირდაპირ ამბობს, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. შედეგი კი შეიძლება ძალიან მძიმე იყოს.  ჩვენს საუბარს ზვიად გამსახურდიას სიტყვებით დავასრულებ. აი, რას ამბობს ის ეკლესიაზე: ,,ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს, თავისი გადაცმული მსტოვრები შეგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის… საჭიროა ქრისტიანული განმანათლებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს“.

შორენა მარსაგიშვილი