თალიბებმა სირია-ერაყში მებრძოლ ტერორისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

g1

მოძრაობა თალიბანის პაკისტანის ბიურომ, ერაყსა და სირიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციას ,,ისლამისტური სახელმწიფო“-ს მხარდაჭერა გამოუცხადა. სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თალიბები მზად არიან ,,კოლეგებს“ ხალიფატის შექმნაში დაეხმარონ. თალიბებმა აღნიშნული განცხადება ყურბან-ბაირამის დღესასწაულს დაამთხვიეს ,, მზად ვართ საერთო მტერის წინააღდეგ საბრძოლველად ჩვენ ძმებს დავეხმაროთ. კოალიცია, რომელსაც შტატები უდგას სათავეში ცდილობს ჩვენი კულტურა გაანადგუროს. მსოფლიო მუსულმანთა დიასპორა მზაობას გამოთქვამს, ერაყსა და სირიაში ცოცხალი ძალები გაგზავნოს“ – აცხადებენ პაკისტანელი ტერორისტები. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, ჯერჯერობით ორი დიდი დაჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობის ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ,,ისლამისტური სახელმსწიფოს“ მებრძოლები პაკისტანის ქალაქ პეშავარში, პროპაგანდისტულ ფურცლებს აქტიურად არიგებენ. კოალიციური ძალები ერაყის ტერიტორიის დაბომბვას მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან აქტიურად ახორციელებენ, სამხედრო საჰაერო ოპერაციებმა სირიის ტერიტორიაზეც გადაინაცვლა. ამერიკის მხარდამხარ ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღდეგ, ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია იბრძვის. რამოდენიმე დღის წინ ,სამხედრო ოპერაციაში მონაწილების გადაწყვეტილება თურქეთმაც მიიღო.