ახალგორში ქართველები იხოცებიან

ჟამიანმა ჟამმა ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონები სულ მიავიწყა, აფხაზეთისა და ცხინვალის ხსენებით არც აქამდე იკლავდნენ თავს, მაგრამ ახლა სულ დაივიწყეს. გასაგებია, რომ მართლა სერიოზულ პრობლემასთან უწევს ჩვენს ხელისუფლებას ბრძოლა, მაგრამ ახალგორში მძევლად აყვანილი ქართველებიც დიდი საფრთხის წინაშე დგანან – მათი ასე უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება.

ცხინვალელი სეპარატისტების კანტორის უფროსმა, ანატოლი ბიბილოვმა, გასული წლის აგვისტოში ახალგორი მთლიანად ჩაკეტა. ახალგორში მცხოვრებ ქართველებს მხოლოდ ერთხელ მიეცათ რამდენიმე დღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება. ბევრი უკან აღარ დაბრუნებულა, ვინც დაბრუნდა, ისინიც ნანობენ ამას.

„ქრონიკა+“ ადრეც წერდა, თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობდნენ აქაურები, ისინი ვერ ღებულობდნენ ნორმალურ სამედიცინო დახმარებას. ახალგორელები სამკურნალოდ თბილისში ჩამოდიოდნენ, ე. წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კი მათ ამის შანსი მოესპოთ და ამის გამო რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბიბილოვის კანტორა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ონკოპაციენტებსაც კი არ უშვებს, რომლებსაც ქიმიის კურსის ჩატარება უწევთ.

მაშინ, როცა ქართველებს თბილისში სამკურნალოდ არ უშვებენ, ქართველი ექიმების მომსახურებით მშვენივრად სარგებლობენ ოსები. ცოტა ხნის წინ თბილისში სამკურნალოდ ანატოლი ბიბილოვის დეიდაც კი იმყოფებოდა.

ახალგორში ახლა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ცოტა ხნის წინ აქ ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, ფაქტობრივად, სიკვდილს ებრძვის.

დაღუპულებიდან ერთ-ერთი ზაურ ჩიტიშვილია. 65 წლის მამაკაცი 2 კვირის წინ გახდა ცუდად. როგორც „ქრონიკა+“-სთან ახალგორელები ამბობენ,  ზაურ ჩიტიშვილს დიარეა ჰქონდა. ოჯახმა რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო. მათ ავადმყოფს მხოლოდ დიმედროლი და ანალგინი მისცეს. ჩიტიშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ბოლოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დამატებით ლევომიცეტინი დაუნიშნეს. არც ამან უიშველა. ავადმყოფი გაუწყლოებით და წნევის დავარდნით გარდაივალა. მას დიაგნოზში გულის მწვავე უკმარისობა ჩაუწერეს.

გულს დააბრალეს მეორე ადამიანის გარდაცვალებაც. როგორც ახალგორელები გვიყვებიან, ის პიროვნება ცხვრებს მწყემსავდა, რა დროსაც დაეცა და გონება დაკარგა. მეზობლებმა ის გონებადაკრგული და გადაციებული იპოვეს. საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად მას ვეღარ უშველეს.

ახლგორელები „ქრონიკა+“-სთან ამბობენ, რომ ამ დროისთვის ორი ადამიანის სიცოცხლე დგას საფრთხის ქვეშ.  ერთ მათგანს გულზე აქვს პრობლემები და მას სტენტირება სჭირდება, მეორეს კი ყელის სიმსივნე აქვს და სასწრაფო ოპერაციას  საჭიროებს. ცხინვალს მათთვის დახმარების აღმოჩენის საშუალება არ გააჩნია და ავადმყოფებს არც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უშვებს. ახალგორში ქართველების დაღუპვას, როგორც იქნა, გამოეხმაურა შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც, ტრადიციულად, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. სამწუხაროდ, ეს ფრაზები ადამიანებს ვერ შველის, თავხედ სეპარატისტებს კი კიდევ უფრო ათავხედებს.

შორენა მარსაგიშვილი